მთავარი,სიახლეები

რას წერენ ბათუმის საკრებულოს წევრები, როცა საკრებულო არ მუშაობს

26.01.2022 • 1680
რას წერენ ბათუმის საკრებულოს წევრები, როცა საკრებულო არ მუშაობს

იმის მიუხედავად, რომ ბათუმელებს არაერთი პრობლემა აქვთ, ხოლო საკრებულო გაჩერებულია, ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ წევრების ფეისბუქგვერდებს თუ გადახედავთ, იფიქრებთ, რომ ბათუმში ადამიანებს არ აწუხებთ, მაგალითად, სოციალური პრობლემები, სიღარიბე, უკანონო მშენებლობები, მათ შორის, ბულვარში, გაუმართავი შუქნიშნები, ან ქალაქის უბნები, სადაც ამ დრომდე კანალიზაციის სისტემა არ აქვთ, ქუჩები, უკვე ყოველ სეზონზე ერთხელ რომ თხრიან.

ბათუმის საკრებულოს წევრებს აქვთ ფეისბუქპოსტები ბათუმზეც, თუმცა ეს ის შემთხვევებია, როცა მერია ამზადებს ინფორმაციას, როგორ დაასუფთავეს, მოაწესრიგეს, მაგალითად, ახალი ბულვარი შტორმის შემდეგ, ხოლო საკრებულოს წევრები ერთმანეთის მიყოლებით ამ ფოტო, ან ვიდეო კოლაჟს აზიარებენ.

უმეტეს შემთხვევაში დეპუტატებს ერთმანეთის მსგავსი პოსტები აქვთ, როცა საქმე მერის მხარდაჭერას ეხება. ტროლების ქარხანა შესაძლოა გაგახსენოთ მომენტმაც, როცა ერთი და იგივე შინაარსის, ან ზოგჯერ ფორმის პოსტები მმართველი პარტიის სახეების მხარდაჭერას ეხება.

მაგალითად, ბათუმის საკრებულოს წევრის, ნატალია ზოიძის ერთ-ერთი ბოლო ფეისბუქპოსტი ეხება იმას, რომ „ყრუ-მუნჯი არის დისკრიმინაციული ტერმინი და ის ხელს უწყობს სტიგმაზე დაფუძნებული ცრუ წარმოდგენების განვითარებას“. დეპუტატი აქვე გმობს ძალადობას, თუმცა ტერმინზე აქცენტირებით მან თითქოს გვერდი აუარა „პოლიციელებისგან შშმ მოზარდზე ძალადობის საქმეს“.

იგივე მოწოდება ჰქონდა საკრებულოს წევრ ზურაბ ნაკაიძესაც. მან ამ გზით სცადა პრობლემის არიდება და თითქოს მტკივნეულ თემას გამოეხმაურა კიდეც, რამაც საზოგადოების პროტესტი გამოიწვია და რაც ხელისუფლების უმოქმედობას ეხება, როცა სამართალდამცველი დაცვის ნაცვლად ადამიანებზე ძალადობს.

ადამიანებზე ძალადობა არ აღმოჩნდა საკრებულოს „ოცნების“ სხვა წევრებისთვის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორიც იყო თეა წულუკიანის და ელენე დარიანის წიგნის გამოცემის თემა. თეა წულუკიანის მხარდასაჭერად ერთდროულად რამდენიმე დეპუტატმა მოიცალა.

„კარგ მთქმელს კარგი მსმენელი ჭირდება!“ – დაწერა და თეა წულუკიანის ციტატები გამოაქვეყნა ნერიმან ცინცაძემ.

ნერიმან ცინცაძის ფესბუქპოსტი თეა წულუკიანის მხარდასაჭერად

სტატუსი არ დაწერა, მაგრამ „მარშალპრესის“ ნიუსი გააზიარა ფეიქბუქგვერდზე ზურაბ ნაკაიძემ. ნიუსის სათაური ესაა: „თეა წულუკიანის ღირსეული პასუხი მყვირალებს, წიკვინებს, ინტრიგანებს და საზოგადოებას.“ მედიის განვითარების ფონდის არაერთი კვლევის მიხედვით, „მარშალპრესი“ კრემლისტური მედიასაშუალებაა.

ზურაბ ნაკაიძის ფეისბუქპოსტი

თეა წულუკიანს პოსტიც კი მიუძღვნა ნატალია ზოიძემ. ის ყოველგვარი გამოძიების და სიმართლის დადასტურების გარეშე არც იმას მოერიდა, რომ „დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღებაზე“ ესაუბრა.
„როგორ არ დავეთანხმო მინისტრს,“ – წერს ფეისბუქსტატუსში ნატალია ზოიძე. – „რომ სახელმწიფო ორგანიზაციას ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია მკითხველს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია! ისედაც იმდენი გამომცემლობა გამოსცემს შეცდომებით დახუნძლულ ლიტერატურას, ვეღარ ვხვდებით მომავალ თაობას ამ წიგნების შინაარსზე ვესაუბროთ თუ დაშვებულ შეცდომებზე! თანაც შეცდომაცაა და შეცდომაც! თან როცა შეცდომა იმდენია, რომ ავტორს ურჩევნია ჩანართი ფურცლის დამატებას ახალი წიგნის გამოცემა, უკვე ეჭვი ჩნდება შეგნებულად დაშვებულ შეცდომაზე დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით! ასე იყვნენ ეტყობა საბიუჯეტო თანხებში ხელის ფათურს მიჩვეულნი და ვეღარ იშლიან! ნუ, ამას შეისწავლიან და საბოლოო მიზანიც გამოჩნდება, მაგრამ მე მივესალმები იმ ფაქტს, რომ ასეთ დამოკიდებულებებს წერტილი დაესვას და თითოეულ ადამიანს, მით უმეტეს სახელმწიფო უწყებებში მოეთხოვოს მეტი პასუხისმგებლობა! P.S. იმ მოქალაქეების თანხები რას მოხმარდება საინტერესოა, ვითომცდა წიგნის თავიდან გამოცემისთვის რომ შეგროვდა,“ – დაწერა ფეისბუქში ნატალია ზოიძემ.

ნატალია ზოიძის ფეისბუქპოსტი

თეა წულუკიანის მხარდაჭერა არ დაავიწყდა არც თენგიზ აფხაზავას. ის ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელია საკრებულოში, რომელიც ვერ შეიკრიბა და ვერ მუშაობს.

საკრებულოს „ოცნების“ ყველა წევრს აქვს გაზიარებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნების“თავმჯდომარე და ხუთი მოადგილე მზად არიან არათუ მოუსმინონ მოქალაქეებს, არამედ მუშაობენ „გამოკვეთილი პრობლემების მოგვარებაზე“. საკრებულოს წევრები არაფერს წერენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მოაგვაროს პრობლემა ამ ფორმატში საკრებულოს წევრმა, როცა საკრებულო ვერ ფუნქციონირებს და გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, პრობლემურ საკითხებზე კი, რაც რეალურად მოსახლეობას აწუხებს, საკრებულოში მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები საჯაროდ არაფერს ამბობენ.

ქართული ოცნების“ კვოტით შესული წევრები ამბობენ კიდეც, რომ არჩეული მერი მათივე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია და კონტროლის, კრიტიკული დამოკიდებულებების გარეშე აგვარებენ პრობლემებს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გაუგებარია თვითმმართველობის როლი, ანუ მოქალაქეების აქტიური ჩართულობის, ღიაობის გარეშე როგორ გვარდება პრობლემები?

ან რა პრობლემები მოგვარდა? – საკრებულოს წევრების ფეისბუქპოსტების მიხედვით, გვარდება ქალაქის, ან ბულვარის დასუფთავება შტორმის, თუ თოვის შემდეგ.

 

ზურაბ ნაკაიძის ფეისბუქპოსტი მერიის აქტიურობის შესახებ

დეპუტატებმა უპირობოდ გააზიარეს არჩეული მერის – არჩილ ჩიქოვანის სატელევიზიო ინტერვიუ ავარიული სახლების პროგრამაზე. საკრებულოს წევრებმა ალბათ ესეც მოქალაქეების ინფორმირებისთვის გააკეთეს. თუმცა არ ჩანს საკრებულოს წევრების ხედვა ამ პრობლემის მოგვარებაზე: ცნობილია, რომ, მაგალითად, 2025 წლამდე ავარიული სახლებისთვის ჯამში ბიუჯეტიდან 80 მილიონი ლარი დაიხარჯება, ეს თანხა აღრიცხული ავარიული სახლების მეოთხედის პრობლემასაც კი ვერ მოაგვარებს. ამ მოცემულობაში ბათუმის მერიას არ აქვს გეგმა, თუ როგორ უნდა  მოგვარდეს პრობლემა, როგორ ჩაერთვებიან ავარიული სახლების პრობლემის მოგვარების პროცესში, მაგალითად, ბიზნესმენები? რა უნდა იყოს მესაკუთრეების და ამხანაგობების პასუხისმგებლობა?
მაგალითად, ეს ნატალია ზოიძის ფეიქბუქპოსტია ავარიული სახლების პრობლემაზე, საიდანაც წერს, რომ პრობლემა „თანდათან, თანმიმდევრული პოლიტიკით“ მოგვარდება. თუმცა, არჩილ ჩიქოვანი ვერც ამ ინტერვიუში ამბობს და არც ნატალია ზოიძე განმარტავს, რა აგვარებს პრობლემას, როცა საკმარისი ფინანსური რესურსი არ არსებობს და არც მის მოგვარების გეგმა მოუფიქრებია ჯერ ვინმეს.
„ქალაქის მერი დეტალურად საუბრობს როგორ მოხდება თანდათან, თანამიმდევრული პოლიტიკით აღნიშნული გამოწვევის მოგვარება. 👌 სწორედ ასეთი და სხვა მსგავსი მწვავე საჭიროებების ამსახველ ბიუჯეტს (რომელიც 195 გვერდიანია 😘) დავუჭირეთ მხარი, რითაც არ მივეცით დესტრუქციულ ოპოზიციას საშუალება შეეჩერებინათ ქალაქის განვითარება! 👌 “ – ვკითხულობთ ნატალია ზოიძის ფეისბუქპოსტში, სადაც ის აღწერს არჩილ ჩიქოვანის სატელევიზიო ინტერვიუს ავარიულ სახლებთან დაკავშირებით. 

ნატალია ზოიძის ფეისბუქპოსტი

„…აი, ამიტომ დავუჭირეთ მხარი ბიუჯეტს,“ – დაუწერია ნერიმან ცინცაძეს. ისიც არჩილ ჩიქოვანის სატელევიზიო ინტერვიუს აზიარებს ავარიულ სახლებზე. ნერიმან ცინცაძე წინა მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო „ქართული ოცნებიდან“. ამ მოკლე პოსტით კი, ის კიდევ ერთხელ ცდილობს გამართლებას – რატომ შეიძლება იყოს სწორი, როცა ახალი საკრებულო ქალაქმა აირჩია, ახალ ბიუჯეტს კი 2017 წელს არჩეული ამტკიცებს.

2022 წლის ბათუმის ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა.

ბათუმის საკრებულოში, რომელიც ვერ მუშაობს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, თენგიზ აფხაზავას შრომის ანაზღაურება თვეში 2900 ლარია. ხელფასს იღებს თავმჯდომარის ხუთივე მოადგილეც. მათი ჯამაგირი თვეში 2-2 ათასი ლარია. საკრებულოს რიგითი წევრები კი, ამ ეტაპზე უფლებამოსილების ხარჯს – 600 ლარსაც ვერ იღებენ.

ბოლო დღეებში გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ განვითარებულ მოვლენებსაც ეხმაურებიან საკრებულოს წევრები. მაგალითად, რიჩარდ სირაბიძე ფოტომანიპულაციას აქვეყნებს აღწერით: „ამაღამ უნდა შემოვიდე შენში, ესეც ამათი ოფიციალური ალიანსი“.

რიჩარდ სირაბიძის ფეისბუქპოსტი

ანალოგიური ფოტომანიპულაცია იმავე დღეს გაზიარებული აქვს ასევე უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელს, გიორგი მანველიძეს.

რიჩარდ სიბარიძე რომ ბათუმის ნაცვლად უფრო ქვეყნის პოლიტიკური ამბებით არის დაინტერესებული, ჩანს ამ ფეისბუქპოსტიდანაც:

რიჩარდ სირაბიძის მიერ გაზიარებული ფეისბუქპოსტი აღწერით „მამუკა მევახშია“

თვითმმართველობის პოლიტიკა ჩანს კიდევ ერთ აქტუალურ საკითხშიც – „ქართული ოცნების“ ლიდერშიპის და ხელისუფლების ოფიციალური პოზიციის მსგავსად, ბათუმელი დეპუტატებიც დუმილს ამჯობინებენ უკრაინაზე, რომელიც ანალიტიკოსების აზრით, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობას.

გამონაკლისი რიჩარდ სირაბიძეა, რომელსაც უკრაინის შესახებ სახელისუფლებო პარტიის ლიდერების მსგავსად არაფერი დაუწერია, თუმცა ეს ფოტო გამოაქვეყნა:

 

რიჩარდ სირაბიძის ფეისბუქპოსტი

2021 წლის არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა, თუმცა საკრებულოს წევრი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“ დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა. მან თქვა, რომ ოპოზიციას მხარს არ დაუჭერს.

ენმ-ს მიერ 24 ნოემბერს გავრცელებული აუდიო ფაილის მიხედვით კი, „ქართული ოცნებიდან“ ნეიტრალობას სთხოვდნენ ნუგზარ ფუტკარაძეს 100 ათასი ამერიკული დოლარის სანაცვლოდ. ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ამ საქმეზე სამართალდამცველებს ჯერ არაფერი გამოუძიებიათ. ამ ეტაპზე ბათუმის საკრებულოში ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის ხმები ასე ნაწილდება: 17 : 17.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: