მთავარი,სიახლეები

ნალების მჭედელი ხულოდან და მისი 2 მეგობარი 

08.02.2022 • 2376
ნალების მჭედელი ხულოდან და მისი 2 მეგობარი 

ემზარ პაპიძე უკვე 25 წელია, რაც რკინისგან ხელსაწყოებს ამზადებს, ხისგან კი სხვადასხვა ნივთს. ემზარი ამზადებს ისეთ ნივთებსაც, რაც პრაქტიკულად აღარ მზადდება ხულოში, მაგალითად ნალებს. ის 38 წლისაა და სოფელ დანისპარაულში ცხოვრობს.

ემზარმა მეტალის დამუშავება ბაბუისა და მამისგან ისწავლა. ამბობს, რომ 5 წლის ასაკიდან საათობით უყურებდა ბაბუასა და მამას, თუ როგორ აკეთებდნენ ნალებსა და სხვა ნივთებს, როგორ დუღდებოდა მეტალი და რა გზას გადიოდა საბოლოო ფორმის მიღებამდე.

ემზარის აზრით, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა პროფესიის ხარ. მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქმე, რომელსაც აკეთებ, უნდა გიყვარდეს. სწორედ ამ დამოკიდებულების გამო აკეთებს დღემდე ნალებს და სხვა სამეურნეო ხელსაწყოებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ყველაზე უკეთ იცის – ეს საქმე სრულიად მივიწყებადია.

„ეს ხელობა ძირითადად ბაბუისგან ვისწავლე, შემდეგ უკვე ნელა-ნელა თვითონ ვიწვრთნებოდი. სხვადასხვა მეტალზე ვმუშაობ, კეთების პროცესში ბევრი ჩემეული მეთოდი გამოვიგონე და დავხვეწე. 16-17 წლის ვიყავი, როცა აქტიურად მივყავი ხელი ამ საქმეს, არ გამომდიოდა, მაგრამ მცდელობას არ ვაკლებდი, მაინტერესებდა, ძალიან მინდოდა, რომ მესწავლა.

როცა ახალგაზრდა ხარ, მნიშვნელოვანია, რომ საყვარელი საქმე გქონდეს. შეიძლება ითქვას ამ საქმით ვერთობოდი კიდეც ბავშვობაში. ხულოში დიდი ზამთარი იცის, რაღაც უნდა აკეთო, რომ დრო გავიდეს და ამასობაში სუფთად და ხარისხიანად ვისწავლე ჩემი საქმის კეთება“.

ემზარი გვიხსნის, რომ ნალს მის ხეობაში ძირითადად ხარებისთვის იყენებენ. ნალი დამცავი საშუალებაა ხარისთვის, რომელიც ფლოქვზე მჭიდროდ ეკვრის, რათა ტვირთის გადატანის დროს, შორ მანძილზე გადარეკვისას ფლოქვები არ დაუზიანდეთ.

ნალი და ლურსმნები, რომლებიც ნალის მისამაგრებლად გამოიყენება, ხარის ფლოქვებზე სპეციალური ყალიბების მიხედვით მუშავდება. ნალის ზომა 3 მილიმეტრი უნდა იყოს, ხოლო ლურსმნის სიგრძე 6 მილიმეტრი.

ნალისა და ლურსმნების დამზადებისას მნიშვნელოვანია ზომების სიზუსტე იყოს დაცული, რომ არ დაზიანდეს ხარის ფლოქვები.

„ხარსა და ცხენს ნალი სხვადასხვაგვარად ემაგრება. ხარის ფლოქვებზე ნალის დამაგრების პროცესს ჩვენთან ხარების დაჭედვას ვეძახით.

დაჭედვისას ხარს ვაწვენთ, თითქმის ზურგზე ამოვაბრუნებთ, ფლოქვს საგულდაგულოდ ვუწმენდთ და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება ნალის მორგების პროცესი. ნალის ზომას წინასწარ ვსაზღვრავ, ხარის ფლოქვის ზომის მიხედვით. როცა ერთხელ, ორჯერ აკეთებ ნალს, ლურსმნებს შემდეგ უკვე თვალის ზომითაც მარტივად შეგიძლია საჭირო ზომა განსაზღვრო და რთული აღარ არის ზომის დამთხვევა.

ნალის გამოცვლა ხარისთვის ყოველ ერთ თვეშია საჭირო. ეს იმაზეცაა დამოკიდებული, თუ რამდენად დატვირთულია ხარი, შორ გზაზე ხშირად დადის თუ არა და ა.შ.

ხარს ნალს მხოლოდ ერთი ან ორი კაცი ვერ დაამაგრებს. როცა ხარებს ვჭედავთ, რამდენიმე ოჯახიდან ვიკრიბებით კაცები, ეს ძალიან საფრთხილო საქმეა, არაფერი უნდა ატკინო ხარს და თან სწრაფად უნდა გააკეთო საქმე. ხარის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ნალი ფლოქვზე მხოლოდ იმან მიამაგროს, ვისაც ეს საქმე კარგად გამოსდის, დანარჩენები კი იმაზე ზრუნავენ,  ხარმა არ იმოძრაოს“, – ამბობს ემზარ პაპიძე.

ემზარი იხსენებს იმ დროს, როცა თავად დაიწყო მუშაობა – „1600 ხარის ნალს ვამზადებდი წელიწადში, ახლა მაქსიმუმ 20-30 ცალ ნალს ვამზადებო“:

„თუ იცნობ რკინას, გაქვს მასთან შეხება და გრძნობ მას, ხვდები მისგან რისი გაკეთება შეგიძლია, სურვილი გიჩნდება დროულად მისცე მას ფორმა და იქამდე ვერ ისვენებ, სანამ ხელში უკვე მზა ნივთს არ დაიჭერ.

ვიცი, რომ ჩემ ხელობაზე მოთხოვნა აღარ არის. 20 წლის წინ ხულოს მოსახლეობისთვის  ერთადერთი გამწევი ძალა ხარი იყო, ახლა უკვე მანქანები მომრავლდა, მიწას ტრაქტორებით ამუშავებენ და ყველაფერი შეიცვალა.

ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ მთელ მუნიციპალიტეტში ჯამში 120 ხარი თუ იქნება, მეტი – არა. ხარებს აღარ ინახავს ხალხი, რადგან ამის საჭიროება აღარ არის. ხარზე იყო დამოკიდებული ადრე შეშის მომარაგება, მიწის დამუშავება“.

თავად იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვინც ხარზე უარს ყველაფრის მიუხედავად ვერ თქვა. გვიყვება თავისი ორი უერთგულესი მეგობრის – ჟორასა და ვასკას შესახებ, რომლებიც, როგორც  თვითონ ამბობს, განიცდიან, თანაგრძნობასა და მხარდაჭერას გამოხატავენ და ერთადერთი, რაც არ შეუძლიათ, საუბარია.

ემზარი, „ვასკა“ და „ჟორა“

„მე მყავს ხარები, მოვლა არ არის რთული, მაგრამ ბევრი საკვები სჭირდებათ, ყველაფერი გაძვირდა – თივა, ქატო.

როცა ხარებთან ყოველდღიურად გაქვს შეხება, ხვდები, რამდენად შეუძლიათ მეგობრულები იყვნენ. მათ რაც არ შეუძლიათ საუბარია, თორემ შესანიშნავად გრძნობენ, ესმით და გამოხატავენ თანაგრძნობას.

მე, ჟორა და ვასკა კარგი მეგობრები ვართ. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა მე ვმუშაობ და ხარებს საძოვარზე თავისუფლად ვუშვებ, მაგრამ ისინი არ მტოვებენ და ჩემს გარშემო ტრიალებენ.

ძალიან ერთგულები არიან. მინდა, რომ დიდხანს მყავდნენ, მაგრამ 5-6 ათასი ლარი მაინც სჭირდება მათ გამოსაზამთრებლად, ამ რესურსის მოპოვება კი რთულია ჩემთვის. სწორედ ამიტომ მინდოდა გამეყიდა, მაგრამ ცოცხლად, ცოცხალი კი ისინი აღარავის სჭირდება“, – ამბობს ემზარი.

ემზარის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წელს ხულოში თოვლის საფარი გასულ წლებთან შედარებით საგრძნობლად მაღალია და ახლაც მისი სიმაღლე 3 მეტრს აღწევს, მნიშვნელობა არ აქვს მალე გაშრება თუ არა თოვლი, რადგან სიცივე რამდენიმე თვეს გრძელდება და პირუტყვს საძოვრებზე მაინც კიდევ დიდხანს ვერ გაუშვებენ.

შესაბამისად, დანისპარაულში საქონლის გამოსაზამთრებლად საკვები მარაგი პირველ მაისამდე სჭირდებათ. აქაურები, ისე როგორც ემზარი, საჭირო თივის მარაგის ადგილზე აგროვებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ამიტომ პირუტყვის საკვებს საკმაოდ ძვირად ყიდულობენ.

როგორც ხელოსანი გვიყვება, ძირითადად მარტო მუშაობს, მაგრამ ზოგიერთი სამეურნეო ნივთის დამზადებისას დამხმარეც სჭირდება. ადრე ასეთ დროს მამასთან ერთად მუშაობდა, ახლა კი ყველას იხმარებს, ვინც მისთვის დრო გამონახავს ან სახელოსნოში მოსანახულებლად შეუვლის. ემზარი მცდელობას არ აკლებს, რომ ადამიანებს მისი საქმის მიმართ ინტერესი გაუჩნდეთ.

ემზარს მოსწავლე არასდროს ჰყოლია, ხელოსნობის მიმართ ნაკლები ინტერესი აქვთ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებსო.

უნდა, რომ მეტალისა და ხის დამუშავება თავის შვილებსა და ძმის შვილებს მაინც ასწავლოს. დასძენს, რომ შესაძლოა ამ საქმის ცოდნა ვერც ვერაფერში გამოიყენონ მისმა მოსწავლეებმა, თუმცა ცოდნა არ ავნებთ.

ემზარი იხსენებს, რომ ბაბუის ნაქონ სახელოსნოს ძალიან კარგად უვლიდა, მაგრამ დაძველდა და სახურავმა თოვლის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო. ამიტომ ხის 15 კვადრატიანი სახელოსნო სახლთან ახლოს, ეზოში, თვითონ ააშენა და ახლაც მოუთმენლად ელოდება დათბობას, სახელოსნოში მუშაობა ძველებურად რომ შეძლოს.

სოფელი დანისპარაული კურორტ „გოდერძის“ გვერდით მდებარეობს. ამ სოფელში აშკარად შეინიშნება უკუმიგრაცია მას შემდეგ, რაც გოდერძიზე სამთო-სათხილამურო კურორტი ამუშავდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: