მთავარი,სიახლეები

რას პასუხობს არჩილ ჩიქოვანი აუდიტს, რომელმაც მერიაში დარღვევები დააფიქსირა

31.01.2022 •
რას პასუხობს არჩილ ჩიქოვანი აუდიტს, რომელმაც მერიაში დარღვევები დააფიქსირა

ბათუმის მერია დღეს, 31 იანვარს, სახელმწიფოს აუდიტის დასკვნას წერილობით გამოეხმაურა. ვრცელი განცხადების მხოლოდ ბოლო ნაწილი ეხება უკანონო მშენებლობებს ქალაქში, რაზეც სახელმწიფო აუდიტმა დაწერა, რომ „ბათუმის მერია ისევ ვერ უზრუნველყოფს უნებართვო მშენებლობების ეფექტურ კონტროლს.“

სახელმწიფო აუდიტის დასკვნა ბათუმის საკრებულოს და მერიის 2019-2020 წლების საქმიანობას აფასებს. არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის მოვალეობას 2020 წლის ივლისიდან ასრულებს. 2021 წლის ნოემბრიდან ის უკვე ბათუმის არჩეული მერია.

„რაც შეეხება უნებართვო მშენებლობების კუთხით ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით გამოვლენილ ნაკლოვანებებს, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მუნიციპალური ინსპექციის მიერ გატარებულია და მიმდინარე ეტაპზეც ტარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები დაჯარიმების შესახებ დადგენილებების გამოტანის, შენობა-ნაგებობების მშენებლობის შეჩერების და დემონტაჟის განხორციელების შესახებ. ყველა ასეთ ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილია სააღსრულებო ფურცლები და გაგზავნილია აღსასრულებლად სააღსრულებო ბიუროში,“ – ვკითხულობთ ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმის მერი აქვე წერს, რომ, მაგალითად, გოგოლის ქუჩაზე, სადაც ბათუმის მერიამ უკანონო მშენებლობები ვერ შეაჩერა და უკანონოდ უკვე 9 კორპუსი შენდება, კომპანია 246 ათასი ლარით დააჯარიმეს, ასევე პროკურატურას გამოძიების დაწყება მოსთხოვეს.

„გოგოლის ქუჩაზე მეტრო ტერმინალის მიერ განხორციელებულ უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებით, როგორც მშენებლობის დაწყების მომენტში, ასევე, მშენებლობის მიმდინარეობისას მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოტანილია არაერთი დადგენილება. აუდიტის პერიოდში ჯარიმის ოდენობა იყო 180 000 ლარი, ხოლო დღეისათვის მუნიციპალური ინსპექციის მიერ სულ გამოტანილია 49 დადგენილება მეტრო ტერმინალის მიმართ დაჯარიმების [ჯამში 246 000 ლარი], უნებართვო მშენებლობის შეჩერების და დემონტაჟის განხორციელების თაობაზე. ასევე მუნიციპალური ინსპექციის მიერ შესაბამისი მოთხოვნა კომპანიის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე გაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში,“ – ვკითხულობთ ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია ისიც, რომ აუდიტის დასკვნა ბათუმის მერიის და საკრებულოს 2019-2020 წლების საქმიანობას ასახავს, ანუ ძირითადად იმ დროს, როცა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე იყო.

„დასკვნაში აღნიშნული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი შესრულებულია 2021 წლისთვის, ხოლო რეკომენდაციების ნაწილის შესრულება მიმდინარეობს დღეისთვისაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით,“ – წერს ბათუმის მერია.

ბათუმის მერია განმარტავს, რომ ნაკლოვანებების ნაწილი, რაც აუდიტმა დააფიქსირა, პანდემიის ბრალია.

„თანამშრომელთა სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის არარსებობა ტურნიკეტების გამოყენებით გამოწვეული იყო თანამშრომელთა დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადასვლით [გამოიყენებოდა კანონით დასაშვები ალტერნატიული მეთოდი], ინფრასტრუქტურული სამუშაოების სასესხო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი თანხების ბოლომდე ვერათვისება – პანდემიიდან გამომდინარე არსებული გარემოებებით, მიმწოდებელი კომპანიების მიერ სამუშაოების ბოლომდე ვერშესრულებით,“ – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, „სრულყოფილად ხდება, როგორც ავტოტრანსპორტის საშუალებების გადაადგილების, ისე საწვავის ხარჯის კონტროლი.“

აქვე, ბათუმის მერია დასძენს, რომ აუდიტის დასკვნა არ ეხებოდა, თუმცა 2021 წელს საწვავის ხარჯი 2015 წელთან შედარებით 60 პროცენტით არის შემცირებული.

ბათუმის მერია ასევე განმარტავს, რომ კანონი უშლის ხელს, როცა, მაგალითად, კონკრეტული მოიჯარეები მერიის წინაშე არ ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

„აღნიშნული ნაკლოვანება გამოწვეულია საკანონმდებლო რეგულაციებით, სამოქალაქო კოდექსით განხორციელებული ცვლილებების შედეგად მოხდა პოლიციის მეშვეობით საკუთრებიდან იძულებით გამოსახლების აკრძალვა. კონკრეტულ შემთხვევაშიც მუნიციპალიტეტის მერიას არ აქვს საშუალება სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მოახდინოს მერიის ქონებიდან ყოფილი მეიჯარეების იძულებით გამოსახლება“, – აღნიშნულია ბათუმის მერიის განცხადებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: