მთავარი,სიახლეები

რას ნიშნავს, როცა აშშ-ის ელჩი ამბობს – „რუსეთს სურს შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს“

08.02.2022 • 1546
რას ნიშნავს, როცა აშშ-ის ელჩი ამბობს – „რუსეთს სურს შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს“

რატომ გადაწყვიტა აშშ-ის ელჩმა საქართველოში შავ ზღვაზე ყურადღების გამახვილება ახლა? – საქართველოს აშშ-ში ყოფილი ელჩი და პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერი, ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ შავი ზღვის გეოპოლიტიკური კონტექსტი, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, იზრდება. „თუ საქართველო და უკრაინა ხდება ნატო-ს წევრი, მაშინ შავი ზღვა ხდება ნატო-ს ზღვა, რადგან დასავლური სამყაროს დომინირება იზრდება, რაც ავტომატურად გულისხმობს სტაბილურ და მშვიდობიან შავ ზღვას,“ – გვითხრა მან.

„რუსეთს სურს შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს,“ – თქვა 5 თებერვალს კელი დეგნანმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში.

ბათუ ქუთელია ასევე მიიჩნევს, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩს ჰქონდა გზავნილი საზოგადოებისთვისაც, როცა ის „უკანა ეზოდ“ გადაქცევის საფრთხეზე საუბრობდა.

  • ბატონო ბათუ, თქვენი დაკვირვებით, ახლა რატომ მიიჩნია საჭიროდ კელი დეგნანმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში ეთქვა: „რუსეთს სურს შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს“? 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, განსაკუთრებით კი, ჩვენი რეგიონისთვის. პირველ რიგში, შავი ზღვა გახდა მთავარი კომპონენტი ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების. ეს პროცესი დაიწყო 2016 წელს, როცა ნატო-ს ვარშავის სამიტზე კომუნიკეში ნატო-მ პირველად პარტნიორობიდან რუსეთი შეცვალა და მოიხსენიებს უკვე მას, როგორც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და საფრთხედ.

ამავე კომუნიკეში 5 სხვადასხვა მუხლში 12-ჯერ გვხდება ჩანაწერი „შავი ზღვა“, ბუნებრივია, სხვადასხვა კონტექსტის გათვალისწინებით. ამ პერიოდიდან იწყება შავი ზღვის მნიშვნელობის გაზრდა. პარალელს თუ გავაკეთებთ, დღევანდელი გადმოსახედიდან შავი ზღვის როლი ევროპული უსაფრთხოებისთვის დაახლოებით იგივეა, რაც თავის დროზე იყო ბალტიის ზღვის უსაფრთხოება ევროპისთვის, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ამ გეოპოლიტიკურმა ინტერესებმა ჩამოიწია ახლა სამხრეთით. ეს არის სწორედ გეოპოლიტიკური ფანჯარა, რომელიც საქართველოსთვის იხსნება.

ბათუ ქუთელია

  • როდიდან გააქტიურდა შავი ზღვის საკითხი დასავლეთში და რამ შეუწყო ამას ხელი? 

2016 წლიდან დაიწყო ყურადღების მიქცევა შავი ზღვის განსაკუთრებულ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე. ეს იყო ყირიმის ანექსიის შემდეგ.

დღეს, როდესაც უკრაინაში რუსეთს აქვს განმეორებითი და შემდგომი აგრესიისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, კიდევ უფრო მწვავედ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში.

ნელ-ნელა ეს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა მეტ კონტექსტს იძენს. ამ გეოპოლიტიკურმა მნიშვნელობამ რომ ჩვენს ყურამდე მოაღწია ასე გვიან, ეს პრობლემაა ასევე ჩვენი ხელისუფლების, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში არაფერს აკეთებს ამისათვის. პირიქით, ხელისუფლებამ ჩაშალა ანაკლიის პორტის პროექტი, მოშალა ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა. ჩვენ უფრო რუსეთზე ვართ ორიენტირებული ეკონომიკურად, ვიდრე დასავლეთზე.

შესაძლოა კელი დეგნანმა პირველად ახსენა, თუმცა ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკოსებს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ აქვთ ნათქვამი შავი ზღვის შესახებ. განსაკუთრებით „ყირიმის ანექსიის“ შემდეგ გაიზარდა ნატო-ს ყოფნა შავ ზღვაზე, იგივე როტაციული ნატო-ს ჯარების და ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ყოფნა პორტებში. საუბარია ასევე უფრო ღრმა ინტეგრაციაზე რეგიონის ქვეყნების როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით.

  • ეკონომიკურ პოტენციალს გაუსვა ხაზი ასევე კელი დეგნანმა შავ ზღვაზე საუბრის დროს და თქვა, რომ ის არის „დამაკავშირებელი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის“ კომერციული ტვირთის ცენტრალური აზიიდან ევროპაში გადასაზიდად. 

კი, გეოპოლიტიკური უსაფრთხოება არის არამხოლოდ უსაფრთხოება, არამედ მართლაც შავი ზღვის დანახვა, როგორც ხიდის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია: კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ საქართველოს გავლით შავ ზღვაზე გადის ალტერნატიული სავაჭრო და ენერგეტიკული დერეფანი, რომელზეც არ აქვს წვდომა რუსეთს.

  • აშშ-ის ელჩმა ისაუბრა ანაკლიის პორტზეც და განაცხადა, რომ „ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა“. რას აჩვენებს ელჩის მხრიდან ამ თემაზე აქცენტის გაკეთება? 

ბუნებრივია, ეს გზავნილი მიემართებოდა, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებას, რადგან ანაკლია საქართველოს ტერიტორიაა. სამწუხაროდ, ეს გზავნილი კიდევ უფრო მაღალ დონეზე პომპეომ გააჟღერა. მაშინაც ეს უყურადღებოდ დატოვა საქართველოს ხელისუფლებამ.

  • ამ შემთხვევაში, საჯარო განცხადების ამოცანა არის ის, რომ მხოლოდ ამ ქვეყნის მთავრობამ კი არა, მოსახლეობამაც უნდა გაიგოს, რატომ არის დაინტერესებული ამერიკის შეერთებული შტატები იმით, რომ საქართველო იყოს შემდგარი დემოკრატია. ეს უნდა ვიცოდეთ, რომ  არის ამერიკის ინტერესიც – ჩვენ ვიყოთ შემდგარი დემოკრატია.

ამას ემატება ისიც, რომ ამ ინტერესების საპირწონედ, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა შევძლოთ და ყურადღება გავამახვილოთ ასეთ სტრატეგიულ, ისტორიულ ფანჯარაზე, რომელიც იხსნება. ანაკლიის პორტი ერთ-ერთი გამოვლინება არის ამის, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ესეც გზავნილი იყო.

  • აღნიშნეთ, რომ საჯარო განცხადების მიზანია მოსახლეობისთვის იყოს გასაგები, რა იცვლება ჩვენ გარშემო და მათ შორის, რუსეთისა და აშშ-ის ურთიერთობებს შორის. ელჩის განცხადებებიდან რა იკვეთება? 

იმისთვის, რომ შავი ზღვა გადაიქცეს მართლაც რუსეთის უკანა ეზოდ, რუსეთს ამისთვის აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული სტრატეგია. ეს იყო, პირველ რიგში, საქართველოს ოკუპაცია 2008 წელს. შემდეგი ეტაპი იყო ყირიმის ანექსია. ამის შემდეგ ეტაპად განიხილება აზოვის ზღვის მონაკვეთზე კონტროლის აღდგენა. რუსეთი ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს, რომ თავისი გავლენა შავ ზღვაზე გაზარდოს, რომ აკონტროლოს, როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკური აქტიურობა, რადგან შავ ზღვაზე არის ნატო-ს წევრი ქვეყნები: ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი და არსებობენ ნატო-ს ასპირანტი ქვეყნები: უკრაინა, საქართველო.

თუ საქართველო და უკრაინა ხდება ნატო-ს წევრი, მაშინ შავი ზღვა ხდება ნატო-ს ზღვა, რადგან დასავლური სამყაროს დომინირება იზრდება, რაც ავტომატურად გულისხმობს სტაბილურ და მშვიდობიან შავ ზღვას. 

რუსეთის ამოცანაა, რომ საქართველო და უკრაინა ჩამოაშოროს ნატო-ს და გაზარდოს თავისი გავლენა. ამ შემთხვევაში მართლა გადაიქცევა შავი ზღვა და საქართველოც რუსეთის „უკანა ეზოდ“. სწორედ ამიტომ წამოაყენა პუტინმა მოთხოვნად, რომ საქართველო და უკრაინა არ გაწევრიანდეს ნატო-ში, რაზეც ძალიან მტკიცე უარი მიიღო, მაგრამ ეს ადასტურებს სწორედ რუსეთის სტრატეგიულ ხედვას.

ამავდროულად, აშშ-მ ძალიან მკაფიო უარი განუცხადა რუსეთს გეოპოლიტიკურ გადანაწილებაზე, ევროპის დაყოფაზე გავლენის ზონებად. აშშ-მ მოკავშირეებთან ერთად უთხრა რუსეთს, რომ რუსეთის გადასაწყვეტი არაა, როდის გახდება, მაგალითად, ნატო-ს წევრი საქართველო და უკრაინა.

ეს არის სწორედ ის ახალი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ ამერიკა მხოლოდ პრევენციული დიპლომატიით არ შემოიფარგლება, არამედ პრევენციულად შეაიარაღებს, თავდაცვისთვის მოამზადებს ქვეყნებს, მათ შორის, უკრაინას და საქართველოს, თუ ჩვენ ინტერესს გამოვიჩენთ, შეაკავონ რუსეთის აგრესია და უკეთ მოვემზადოთ ნატო-ში გაწევრიანებისთვის სხვა დანარჩენი კომპონენტებით. ასე რომ, კელი დეგნანის ეს განცხადება არის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის საქართველოს კუთხიდან ინტერპრეტირება, რაც გზავნილი იყო სწორედ ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, მაშინ, როდესაც 30 წელი გავიდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის და ამ პერიოდში აშშ-მ განსაკუთრებით ბევრი გააკეთა საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის.

  • ელი დეგნანმა რამდენიმე დღის წინ ასევე თქვა, რომ რუსეთი ცდილობს „დაბნეულობის გაღვივებას“ და „განხეთქილებას“. არსებობს რესურსი, რომ რუსულმა პროპაგანდამ უკრაინის მოვლენების შემდეგაც რუსეთის სასარგებლოდ იმუშაოს? 

დაბნეულობის და ეჭვის გაჩენა არის რუსეთის არამხოლოდ პროპაგანდის, არამედ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი. ამ გზით ცდილობს რუსეთი გააძლიერო თავისი გეოპოლიტიკური გავლენა. ეს ეხება ბევრ ქვეყანას, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სადაც მუშაობს რუსული პროპაგანდა.

ამაზე საუბრობდა ტონი ბლინკენი, რომ საქართველო ამ შემთხვევაში არის ერთი მთავარი სამიზნე. კელი დეგნანის განცხადება კი ადასტურებს, რომ ეს ასეა, საქართველო არის რუსეთისთვის მთავარი სამიზნე და რუსეთმა სწორედ საქართველოდან დაიწყო აგრესიული რევიზიონიზმი 2008 წელს, რის შესახებაც 2007 წელს განაცხადა მიუნხენის კონფერენციაზე. კელი დეგნანის ეს განცხადებები რომ შევაკოწიწოთ, მთლიანობაში კარგად აჩვენებს საქართველოს მნიშვნელობას ამ დაპირისპირებაში დასავლურ სამყაროსა და პუტინის ავტორიტარიზმს შორის.

რუსული სქემა  პრინციპში ახლა გაშიფრულია. რუსეთი, სხვათა შორის, აღარ მალავს ბოლო პერიოდში, რომ მთავარი ამოცანა არის ბზარების გაჩენა ტრანსატლანტიკურ ალიანსში, ამერიკასა და ევროპელებს შორის, ასევე ბზარის გაჩენა ევროპულ ქვეყნებს შორის, მაგალითად, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის და კიდევ უფრო მიკროდონეზე დემოკრატიულ ქვეყნებში შიგნითაც მოახდინოს პოლარიზაცია. რაც უფრო მეტი გამყოფი ხაზებია, მით უფრო უადვილდება რუსეთს თავისი სტრატეგიული ამოცანების მიღწევა. ჯერჯერობით მან ეს ვერ მოახერხა და პირიქით, საკმაოდ დიდი რესურსით უპირისპირდება დასავლეთი, ნატო და ტრანსატლანტიკური ალიანსი ერთიანია. ევროპის პასუხიც რუსულ აგრესიაზე ერთიანი იყო, თუმცა აქ გარკვეული რისკები ისევ არსებობს. მაგალითად, ცალკეული ორმხრივი ურთიერთობები და მოლაპარაკებები რუსეთთან, რასაც, მაგალითად, ახლა მაკრონი განახორციელებს, მანამდე კი, გერმანიის კანცლერმა განახორციელა. ეს მაინცდამაინც ხელს არ უწყობს ამ ერთიანობის შენარჩუნებას, რადგან სწორედ ამ ორმხრივ ფორმატს იყენებს ხოლმე რუსეთი გარკვეული ბზარის და უნდობლობის გასაჩენად. იმედი მაქვს, რომ ეს ამჯერად ვერ გამოუვა, რადგან ხელის გულზე დევს პრაქტიკულად ის ტაქტიკური მეთოდები, რასაც დღეს რუსეთი იყენებს.

  • რა ჩანს საქართველოს ხელისუფლების რეაქციიდან იგივე აშშ-ის ელჩის ამ განცხადებებზე? 

საქართველოს ხელისუფლება უკვე დიდი ხანია აღარ რეაგირებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების რჩევებზე. სახეზე გვაქვს მიტაცებული სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება და აქედან გამომდინარე, რუსეთთან მაამებლური პოლიტიკა უფრო არის მათთვის მნიშვნელოვანი, ვიდრე დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში.

რაც შეეხება რუსეთის რეაგირებას, ჩემი აზრით, დასავლური ერთიანობა, რომელშიც ბზარი ვერ გააჩინა რუსეთმა, ასევე წერილობითი პასუხი, რაც მიიღო, ადასტურებს იმას, რომ ამან გარკვეულწილად შეამცირა იმის ალბათობა, რომ რუსეთმა მორიგი სამხედრო ავანტიურა დაიწყოს, თუმცა ჯერ კიდევ საფრთხე დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. შემდეგი ერთი-ორი კვირა იქნება ყველაზე უფრო ინტენსიური ამ გზავნილების ზუსტად გადათარგმნისთვის პუტინისთვის, თუ რას გამოიწვევს ეს რუსეთისთვის, რადგან შემდეგი ავანტიურა უკრაინაში უკვე შესაძლოა თავად რუსეთის სახელმწიფოს დაშლით დამთავრდეს.

  • რამდენად შესაძლებელია ამ სიტუაციაში უკრაინასთან ერთად საქართველოს უსაფრთხოებაც უფრო მეტი ყურადღების საგანი გახდეს? 

საქართველოსთვის ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომელსაც ამ ხელისუფლების პირობებში სამწუხაროდ ვერ ვიყენებთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად მივიღოთ დამატებით უსაფრთხოების გარანტიები და მაქსიმალურად მოვახდინოთ ჩვენი ინტეგრირება დასავლურ, ცივილიზებულ სამყაროსთან.

უკრაინის კრიზისის შემდეგ დაიწყება უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის მშენებლობა ევროპაში. თუ ჩვენ არ გვექნება მკაფიოდ გამოხატული პოზიცია იმაზე, თუ სად ვდგავართ, აქ უკვე ვეღარ იარსებებს შუალედური ზონა: ან ხარ ისტორიის ნათელ მხარეს, ან ხარ ავტორიტარ პუტინთან ერთად. თუ ჩვენ არ გვექნება მკაფიო პოზიცია, ეს დიდი ხნის განმავლობაში ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ამის რისკი კი დიდია, რადგან ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ეშინია პოზიციის დაფიქსირების, არ აქვს ხედვა იმაზე, საერთოდ რა ხდება. ის მარტო საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებითაა დაკავებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: