მთავარი,სიახლეები

როგორ მუშაობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო – აუდიტის შეფასება

16.04.2021 •
როგორ მუშაობს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო –  აუდიტის შეფასება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე სახელმწიფო აუდიტის კრიტიკული შეფასების გამო ბულვარის დირექტორის სამსახურიდან დათხოვნას ამართლებს და ამავდროულად სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე აკეთებს აქცენტებს. „ბათუმელები“ დაინტერესდა,  რას წერს და როგორ აფასებს აუდიტის სამსახური თავად ჯაბა ფუტკარაძის უწყების მუშაობს.

სახელმწიფო აუდიტი წერს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ქონებას არაეფექტურად განკარგავს, ზოგ შემთხვევაში უარგუმენტოდ ამცირებს ქონების საპრივატიზებო საფასურს, ზოგ შემთხვევაში კი ზრდის მას. ფიქსირდება არაერთგვაროვანი მიდგომის მაგალითებიც. აუდიტი ამის საილუსტრაციო მაგალითებსაც აქვეყნებს.

გარდა ამისა, აუდიტის ინფორმაციით, სამინისტრო სრულყოფილად ვერ ახერხებს კომპანიებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების კონტროლს, ასევე შეუსრულებელი ვალდებულებებისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოების აღრიცხვას.

ფასის შემცირება  შპს „ალიანსისთვის“ – არაერთგვაროვანი მიდგომა

 

აუდიტის თანახმად, ქობულეთში, ზღვასთან ახლოს, დავით აღმაშენებლის გამზირზე # 291-ში მდებარე 26 213 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენის სურვილი შპს „რანჩომ“ ოფიციალურად დააფიქსირა. კომპანიამ მიწის ნაკვეთი ნორმატიული ღირებულებით 1 კვ.მ − 55 ლარად 2017 წელს მოითხოვა. აჭარის  ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტრომ კომპანიის წინადადება არ მიიღო.

იგივე ნაკვეთის შეძენის სურვილი შპს „ალიანსმა“ გამოთქვა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2018 წლის 13 თებერვლის ბრძანებით, აუდიტორის მიერ 1 მილიონ 790 760 ლარად შეფასებული ქონების ფასი, 367 260 ლარით შეამცირეს. შესაბამისად, დაადგინეს ახალი ფასი – 1 423 500 ლარი [1 კვ.მ − 54,3 ლარი].

დოკუმენტების შემოწმებით გაირკვა, რომ აუქციონის პირობები შპს „ალიანსის“ მიერ წარმოდგენილი წინადადების ანალოგიურია და ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში, არანაკლებ 200-ნომრიანი სასტუმროს, სპა ცენტრის, ბავშვთა გასართობი სივრცის, ღია სპორტული მოედნის და კვების ობიექტების მშენებლობას და ექსპლუატაციაში გაშვებას ითვალისწინებს. ამასთან, აღნიშნულ პროექტში უნდა განხორციელდეს არანაკლებ 25 000 000 ლარის ინვესტიცია.

2018 წლის 12 მარტს ჩატარებული აუქციონი უკონკურენტო გარემოში წარიმართა და ერთადერთი პრეტენდენტის, შპს „ალიანსის“ გამარჯვებით დასრულდა.  აუქციონი ამავე კომპანიის  შეთავაზებული წინადადების ანალოგიური პირობებით გამოაცხადეს, რის გამოც აუდიტორი ვარაუდობს, რომ შესაძლოა შეიზღუდა კონკურენცია.

ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვის შემდეგ კი, 2018 წლის 12 აპრილს, კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მოტივით, მოითხოვა ამ ქონების საკადასტრო ერთეულებად დაყოფა და გაყიდვის უფლება. მას ამაზე უარი უთხრეს.

მწვანე კონცხზე ფასდაკლებით გაყიდული ქონება

 

აჭარის მთავრობამ მწვანე კონცხის დასახლებაში, ერთმანეთის მომიჯნავედ  5 საკადასტრო ერთეულზე 7 944 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე დამაგრებული 424,3 კვ.მეტრი ორი შენობა, პირდაპირი წესით, 686 382 ლარად გაიყიდა.

2017 წლის 3 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველს დაევალა კვების ობიექტების, ღია ტიპის საცურაო აუზისა და საზოგადოებრივი დანიშნულების საბაგირო სადგურის მშენებლობა.

ამ ნაკვეთებიდან ყველაზე დიდი [6003 კვ.მ.], სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2017 წლის 29 სექტემბრის დასკვნით, 240 120 ლარად აქვს შეფასებული – ანუ 1 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულება 40 ლარად შეფასდა.

აუდიტორმა გამოარკვია, რომ მითითებული მისამართის მომიჯნავედ არსებული 11 898 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ერთეული ფართობის ღირებულება, იმავე  სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, 2017 წლის იანვარში 109 ლარად არის შეფასებული. ამ შეუსაბამობის მიუხედავად, სამინისტროს არ მოუთხოვია ქონების შეფასების დოკუმენტის გადამოწმება. შედეგად სამინისტრომ ქონება საბაზრო ფასთან მიმართებით, სავარაუდოდ 414 207 ლარით ნაკლებად გაყიდა.

სამინისტროს ბუღალტრულად აღრიცხული არ აქვს პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხა

 

აუდიტორმა გამოარკვია, რომ აუდიტის ჩატარების პერიოდში [2017-2018 წლები] პირგასამტეხლოს სახით დარიცხვას და შესაბამის ბუღალტრულ აღრიცხვას ექვემდებარებოდა  59 მილიონ 059 908 ლარი და 39 მილიონ 852 795 აშშ დოლარი.

საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის მოტივით, აჭარის  მთავრობის განკარგულებების შესაბამისად, ქონების მყიდველები/მოიჯარეები 48 შემთხვევაში გათავისუფლდნენ ნასყიდობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დარიცხული 22 მილიონ 644,236 ლარისა და 12 მილიონ 792,338 აშშ დოლარის საჯარიმო სანქციისგან იმ პირობით, თუ სრულად შესრულდება ხელშეკრულების პირობები.

ჩატარებული აუდიტის შედეგად დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში დარიცხული საჯარიმო სანქციის აღდგენის ნაცვლად, 2018 წელს ხელახლა ჩამოწერეს პირგასამტეხლოს სახით დარიცხული 3 234 766 ლარი და 1 098 241 აშშ დოლარი.

კიდევ ერთი დეტალი

 

სამინისტროს შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულების პირობების შესრულების სათანადო მონიტორინგს, რაც სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე არადროული და არასათანადო კონტროლის დაწესებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ აუდიტორულ დასკვნებში ფაქტობრივი მონაცემების დაფიქსირებაში გამოიხატება. შედეგად, ვერ ხერხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტების სრული და დროული გამოვლენა და სამართლებრივი რეაგირება.

სამინისტროში დანერგილი კონტროლის მექანიზმი, დამოუკიდებელი აუდიტორების ჩართულობას ითვალისწინებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგშიც, რომელიც სპეციალურ ცოდნას არ მოითხოვს და შესაძლებელია სამინისტროს წარმომადგენლებმა განახორციელონ.

___

ჯაბა ფუტკარაძის კომენტარი ბათუმის ბულვარის დირექტორის გათავისუფლების შემდეგ. ის საუბრობს, რომ ირაკლი ჯინჭარაძე აუდიტის დასკვნის საფუძველზე გაათავისუფლეს და არა იმის გამო, რომ ჯინჭარაძემ ხელისუფლების პოლიტიკა საჯაროდ გააკრიტიკა ბულვარში პლაჟების გასხვისების გამო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: