განათლება,მთავარი,სიახლეები

რას შეცვლის დაწყებითის მასწავლებლის გადამზადება სკოლებში – მანანა რატიანი ახალ პროექტზე

07.02.2022 • 8058
რას შეცვლის დაწყებითის მასწავლებლის გადამზადება სკოლებში – მანანა რატიანი ახალ პროექტზე

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ქართული უნივერსიტეტებისთვის შემუშავდა საბაზისო განათლების პროგრამა, რომლის მიზანი სკოლებში დაწყებითი საფეხურის მასწავლებლების პროფესიული განვითარებაა. რას შეცვლის პროგრამა დაწყებითი საფეხურის განათლების ხარისხში, ამ თემაზე „ბათუმელებს“ მანანა რატიანი ესაუბრა, რომელიც USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის მასწავლებლის მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების დირექტორია.

  • ქალბატონო მანანა, რა არის ამ პროგრამის მიზანი და რა შედეგს ელოდებით მისგან?

პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ და მისი განმახორციელებელია ამერიკული ორგანიზაცია ,,სამმხრივი მიმართულების კვლევითი ინსტიტუტი’“ (RTI International), რომელიც ცნობილი საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციაა და 70-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს.  აქვთ გამოკვეთილი სფეროები – ეს არის განათლება, ჯანდაცვა და ტექნოლოგიები.

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა, საქართველოში მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ინსტიტუციონალიზაციის მიზნით, აქტიურად მუშაობს დაწყებითი საფეხურის მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების განვითარებისა და ქართული უნივერსიტეტების ექსპერტული მხარდაჭერის მიმართულებით. პროგრამა ორი წელია დაინერგა საქართველოში და 8 ქართულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ჩვენთან საბაზისო განათლებას ნაკლები ყურადღება ექცევა და დაწყებითი საფეხური ერთ-ერთია, სადაც განათლების დაბალი ხარისხი გვაქვს. არადა, ეს ის საფეხურია, როცა მოსწავლეს უნდა გამოვუმუშაოთ ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი – წიგნიერება და რაოდენობრივი წიგნიერება, რაზეც შემდეგ უნდა მოხდეს ცოდნის დაშენება.

აკადემიურ წარმატებას ვერცერთ საგანში ვერ მივაღწევთ, თუ ეს საბაზისო ცოდნა და კომპეტენციები არ აქვს მოსწავლეს განვითარებული. აქედან გამომდინარე, პროგრამის მიზანია ამ საბაზისო უნარების გამომუშავებაში დავეხმაროთ დაწყებითის მასწავლებლებს.

მნიშვნელოვანია, რომ პროგრამას ახორციელებენ უნივერსიტეტები – საუნივერსიტეტო კომპონენტი ძლიერდება ამ პროგრამით, რადგან სწორედ უნივერსიტეტები გადიან შემდეგ სკოლებში და ისინი მუშაობენ როგორც სკოლის ლიდერ მასწავლებლებთან, ასევე ხვდებიან სკოლის დირექტორებს. ამ პროგრამაზე დაყრდნობით მიმდინარეობს მასწავლებლების პროფესიული ზრდა.

ეს ნაწილი იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ პროექტის დასრულების შემდეგ უნივერსიტეტები მზად იქნებიან ხარისხიანი პროგრამები მიაწოდონ სკოლებს და ის ჯაჭვი, რომელიც დღემდე გაწყვეტილი იყო უნივერსიტეტსა და სკოლას შორის, დაწყებითი განათლების საფეხურზე შეძლებს კავშირის აღდგენას: უნივერსიტეტი, საბოლოო ჯამში, მოამზადებს დაწყებითი განათლების პროფესიონალ მასწავლებლებს.

  • როცა ჩვენ ვსვამდით კითხვებს, თუ რატომ ვერ ამზადებდა უნივერსიტეტი პროფესიონალ კადრებს სკოლებისთვის, მიზეზად სწორედ იმას ასახელებდნენ, რომ უნივერსიტეტსა და სკოლას შორის კავშირი არ არსებობდა. როგორ ფიქრობთ, ეს პროგრამა დაძლევს ამ კრიზისს?

აქ მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის განხორციელებაში უნივერსიტეტები არიან ჩართული და თავად მუშაობენ სკოლების პედაგოგებთან. ტრადიციულ სწავლებასთან ერთად, ისინი პედაგოგებს მიაწვდიან ახალ ცოდნას, შეისწავლიან სკოლის საჭიროებებს და ეცოდინებათ, რა ტიპის მასწავლებელი სჭირდება სკოლას დაწყებითი განათლების საფეხურზე.

  • ახალი პროგრამა როგორ ინერგება უნივერსიტეტებში. მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამას დაემატება, თუ ინტეგრირებული, 300-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო პროგრამის კომპონენტი იქნება?  

ამ შემთხვევაში მასწავლებლის მომზადების ახალი პროგრამა შევა ინტეგრირებულ 300-კრედიტიან პროგრამაში, რომელიც დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს ამზადებს.

შევეხებით 60-კრედიტიან პროგრამასაც და შემოგვაქვს ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა რემედიაცია, განმავითარებელი შეფასება, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, სტრატეგიები და ასე შემდეგ. მთელი კრიტიკული ნაწილი, რაც ყველაზე სუსტი წერტილია დღევანდელ სკოლაში და ყველაზე მეტად უჭირთ მასწავლებლებს ამ მიმართულებით.

შესაბამისად, ამ კომპონენტებს ვაშენებთ პროგრამებში. ჩვენ ამ რესურსებს მთლიანად ვაძლევთ უნივერსიტეტებს, უნივერსიტეტებმა უნდა ასახონ თავიანთ პროგრამებში ჩვენი შექმნილი რესურსები და გააძლიერონ არსებული პროგრამები.

8 რეგიონული უნივერსიტეტია ჩვენი პარტნიორი, მათ შორისაა ბათუმის რუსთაველიც უნივერსიტეტიც. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ უნივერსიტეტებსა და სკოლას შორის კავშირი გაიზრდება, რადგან სწორედ ისინი აწვდიან კადრებს სკოლებს და უკეთ იციან რა მოთხოვნაა ბაზარზე.

ჩვენ წინასწარ ვიკვლევთ უნივერსიტეტების საჭიროებებს და მათთან სამუშაოდ ჩამოგვყავს საუკეთესო საერთაშორისო  ექსპერტები. ახლაც გადაგზავნილი გვაქვს კითხვარები უნივერსიტეტებთან – 21 თებერვალს ჩამოვა მათთან ძალიან ცნობილი პროფესორი განათლების მიმართულებით მაიკლ მილერი. მას ექნება როგორც ინდივიდუალური, ასევე საერთო შეხვედრები უნივერსიტეტებთან.

მთავარი მიზანი დაწყებითი საფეხურის პროგრამების გაძლიერებაა და პედაგოგების პროფესიული განვითარება.

  • თქვენ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდით „მასწავლებლის სახლში“, რომელიც ასევე ვალდებული იყო ეზრუნა პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე. როგორც ამბობდით, ბევრი რესურსი შემუშავდა მათი პროფესიული წინსვლისთვის, თუმცა ეს არ იყო მაინცადამაინც შედეგიანი. მასწავლებლების ნაწილი ამბობდა, რომ გადამზადების პროგრამები უხარისხო იყო. რატომ ვერ იქმნებოდა ხარისხიანი პროგრამები?

ჩვენც არაერთხელ ვცადეთ დაგვეძრა დეცენტრალიზაციის პროცესი პროფესიულ განვითარებაში, გვქონდა ხელმოწერილი დოკუმენტიც, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერ შევძელით ამ მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება.

  • რატომ?

იდეურად მომხრე ვიყავით იმის, რომ სხვადასხვა პროვაიდერი ორგანიზაცია ჩართულიყო მასწავლებლების გადამზადებაში, რადგან რაც უფრო მრავალფეროვანია შეთავაზება, მით მეტია არჩევანიც.

მასწავლებელი 60 ათასია, შენ კი 2-3 ტრენინგს როცა აკეთებ, ყველასთვის ვერ იქნება საინტერესო. ზოგი დამწყები მასწავლებელია, ზოგს მეტი გამოცდილება აქვს, აქედან გამომდინარე მათ სხვადასხვა საჭიროება აქვთ. როდესაც ცენტრალიზებულად ერთი ორგანიზაცია აკეთებს ტრენინგებს, ამ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ეს არის უკმაყოფილების საწყისიც.

ერთ-ორჯერ მოვახერხეთ და გამოვაცხადეთ საგრანტო პროგრამები პროვაიდერებისთვის, თუმცა ამას დასჭირდა თანხები, ტენდერები და არ აეწყო, ასე რომ ვთქვათ.

  • გარდა ხარისხისა, პედაგოგებს პრეტენზიები ჰქონდათ იმაზე, რომ მათ პროფესიულ ზრდაზე ის ადამიანები ელაპარაკებოდნენ, ვისაც საერთოდ არ ჰქონდათ მასწავლებლად მუშაობის პრაქტიკა და რეალურად ვერ გრძნობდნენ, რა ხდება კლასში.

სწორედ ამაზეა ახალი პროგრამა გათვლილი – ყველაფერი მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული რეალურ ცხოვრებას, რეალურ საკლასო ოთახს. პროგრამის ექსპერტებიც ის ადამიანები იქნებიან, ვინც კარგად იცნობენ სკოლას. გვინდა, რომ სკოლა და უნივერსიტეტი დავაახლოოთ ერთმანეთს, ამიტომ უნივერსიტეტის ლექტორები შევლენ სკოლის მასწავლებლებთან, ლიდერ მასწავლებლებთან ერთად იმუშავებენ. პროგრამა ითვალისწინებს გაკვეთილზე დაკვირვების კომპონენტს, რომ ვნახოთ რა ხდება რეალურად კლასებში, როგორ აისახა გადამზადება მასწავლებლებზე.

  • მასწავლებელი, რომელიც ამბობს, რომ კლასში არ აქვს ინტერნეტი, კომპიუტერი და სხვა საჭირო რესურსი, ხარისხიან გაკვეთილს ჩაატარებს?

როდესაც მასწავლებელი იწყებს მიზეზების ძებნას, თუ რატომ ვერ ატარებს ხარისხიან გაკვეთილს, ეს უკვე ცოდნის პრობლემაა და სინამდვილეში საკუთარ კომპეტენციებში ეპარება ეჭვი.

აქვე მინდა გამოვრიცხო პანდემიის პერიოდი და ეს ფაქტორი, რადგან დღეს მართლა რთულ მდგომარეობაში არიან პედაგოგები. მაგრამ, ჩვენ, ზოგადად, იმაზე ვსაუბრობთ, მასწავლებელს შეუძლია თუ არა საკუთარი ინსტრუქციების ცვლილებით, გაკვეთილის სწორად დაგეგმვით, ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით კარგი გაკვეთილის ჩატარება.

რა თქმა უნდა, კარგია, როცა ფიზიკური გარემო გიწყობს ხელს და კლასში ყველაფერი მოწესრიგებულია. კარგია ისიც, როცა სამასწავლებლოც მოწესრიგებულია და მასწავლებელს შეუძლია ამ გარემოში იმუშაოს და არ უწევდეს სახლში, საოჯახო საქმეების პარალელურად გაკვეთილების დაგეგმვა, მაგრამ ამ ყველაფრის გარეშეც შესაძლებელია კარგი გაკვეთილის ჩატარება. ნებისმიერი რესურსით შესაძლებელია კარგი გაკვეთილს ჩატარება.

როცა გეოგრაფიის მასწავლებელი ვიყავი, საერთოდ არაფერი მქონია კლასში… მაგრამ შეგიძლია ხელი მოკიდო ბავშვებს, ჩაიყვანო ეზოში და ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა განახორციელო. კარგი შემოქმედებითი მასწავლებელი არის ის, ვინც იცის, რა აინტერესებთ მოსწავლეებს. ჩვენ მოსწავლეებს კი აინტერესებთ რეალურ ცხოვრებასთან კავშირი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინცდამაინც ტექნოლოგიებზე ვიყოთ მიჯაჭვულები. კარგია, მაგრამ შესაძლებელია ამის გარეშეც კარგი გაკვეთილის ჩატარება.

  • როგორც მითხარით, რვა უნივერსიტეტია ჩართული პროგრამაში. ისინი ყველა სკოლაში შეძლებენ შესვლას?

აუცილებლად შედიან ყველა სკოლაში. ესენი რეგიონული უნივერსიტეტები არიან, განაწილებული აქვთ სკოლები და ფარავენ ყველა სკოლას. თითო სკოლიდან მათ აჰყავთ 2-3 ლიდერი მასწავლებელი დაწყებითი განათლების კათედრიდან, აქვთ შეხვედრები მცირე ჯგუფებშიც და ახალისებენ სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრამა ორი წელია დანერგილია არაქართულენოვან სკოლებშიც. სამწუხაროდ, ამ სკოლებში 1-2 წლის დაგვიანებით შედის ხოლმე ყველა სიახლე და ეს პროგრამა მნიშვნელოვნად დაეხმარება სკოლებსაც.

  • როდის შეფასდება პროგრამის შედეგი, როგორ არის გათვლილი დროში?

პროგრამის მონიტორინგი წელს დაიწყება და ვნახავთ იმის შედეგს, რაც აქამდე გაკეთდა. ეს შეფასება გამოგვადგება საბოლოო შეფასებისთვისაც. ამავდროულად, საგაკვეთილო პროცესებზე დაკვირვება საშუალებას მოგვცემს, შევიმუშაოთ ეფექტური ინსტრუმენტები, რომლითაც შემდეგში დააკვირდებიან მასწავლებლებს.

დაკვირვების კომპონენტი გათვალისწინებულია მხოლოდ დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე ხდება მათი შემუშავება და ეს არ არის ზოგადად მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმი.

პროგრამის შედეგებს შეაფასებს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შეამოწმებს რამდენად ეფექტური იქნება ამ პროგრამის შედეგები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: