მთავარი,სიახლეები

ქუთაისის ოპერის თეატრი დირექტორმა დატოვა – წულუკიანმა მას გადადგომისკენ აპრილში მოუწოდა

08.02.2022
ქუთაისის ოპერის თეატრი დირექტორმა დატოვა – წულუკიანმა მას გადადგომისკენ აპრილში მოუწოდა

ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორმა, თორნიკე მარჯანიშვილმა პოსტი დატოვა. ყოფილი დირექტორის თქმით, სამსახურიდან ნებაყოფლობით გათავისუფლების შესახებ განცხადება ახალ წლამდე დაწერა.

საპარლამენტო არჩევნებში თორნიკე მარჯანიშვილი ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს პარტიიდან – “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი”. ამ პარტიაში „ქართული ოცნებისგან“ გამოყოფილი დეპუტატები წევრიანდებოდნენ.

საარჩევნო კამპანიის დროს მარჯანიშვილი ოპერის დირექტორად მუშაობდა.

გასული წლის აპრილში ერთ-ერთ შეხვედრაზე კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა  კოლეგების თანდასწრებით თორნიკე მარჯანიშვილი გააკრიტიკა და უთხრა, რომ მის ადგილას ახლავე დატოვებდა თეატრის დირექტორის პოსტს.

უკავშირდება თუ არა ცხრა თვის წინანდელ ამბავს თორნიკე მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლა? ამ კითხვაზე თეატრის ყოფილი დირექტორი გვპასუხობს, რომ შეხვედრა კულტურის მინისტრთან დიდი ხნის წინ იყო და „ძველ“ ამბებზე კომენტარის გაკეთება არ ღირს.

„ხომ შეიძლება დავივიწყოთ ძველი ამბები“ – ამბობს თორნიკე მარჯანიშვილი.

ის გვიდასტურებს, რომ მუშაობა ქუთაისის მერიას დაქვემდებარებულ კულტურის აიპების გაერთიანებაში დაიწყო მრჩევლად. მისი განმარტებით, აქ ახალგაზრდებთან ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა აქვს და თავს უკეთ გრძნობს.

„არავის არაფერი დაუძალები, თავად დავწერე განცხადება და წამოვედი, ეს უფრო შესაფერისი სამსახურია ჩემთვის“ – ამბობს თორნიკე მარჯანიშვილი.

ის ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორი 2014 წლიდან იყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: