ბათუმის ცენტრალური, ქვაფენილიანი ქუჩები ბევრ ადგილზე დაზიანებულია. მემედ აბაშიძის, ვაჟა-ფშაველას, გამსახურდია, ფარნავაზ მეფის და კიდევ ბევრ სხვა ქუჩაზე, ქვაფენილი თვეობით ამოყრილია. ამოყრილი ქვების ადგილი წვიმის დროს წყლით ივსება, რაც დამატებით დისკომფორტს ქმნის, როგორც ავტომობილებით გადაადგილებისას, ასევე ქვეითებისთვის.
ბათუმის მერიის წარმომადგენლები პერიოდულად ჩნდებიან ხოლმე ქუჩებში და ამოყრილ ქვაფენილს ასწორებენ, თუმცა როგორც თავად გვეუბნებიან, ისინი მხოლოდ ზედაპირულ მოსწორებას აკეთებენ და გრძელვადიან შედეგზე პასუხისმგებლობას არ იღებენ.
ამ სამუშაოებს მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დაკვეთით შპს „ბიელი“ ასრულებს. კომპანიასთან ხელშეკრულება 2022 წლის 26 დეკემბრამდეა გაფორმებული. ერთ-ერთი ასეთი სამუშაოების შესრულების დროს „ბათუმელები“ ამ სამსახურის სპეციალისტ მიშა ძორელაშვილს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ქვაფენილების დაზიანებას და ამოყრას, სანიაღვრე სისტემების უქონლობა იწვევს.
„ჩვენ ვერ შევაკეთებთ ამ ქუჩებს კაპიტალურად, მხოლოდ დაზიანებული მონაკვეთების ჩალაგება და მოხრეშვა კეთდება. სულ სამი 4-4 კაციანი ჯგუფი გვყავს, ისინი ქალაქის მასშტაბით მოძრაობენ და დაზიანებულ ქვაფენილებს ასწორებს.
მთელი წლის მანძილზე 340 ათასი ლარი გვაქვს ამისთვის ბიუჯეტში გამოყოფილი, ეს ძალიან მცირე თანხაა, რადგან ამ თანხით არა მარტო ქვაფენილები უნდა გავასწოროთ, არამედ ფილების, ბოწკინტების და ბორდიურების მოწესრიგებაც შედის.
გარდა ამისა, ამ ქუჩებზე, სადაც დაზიანებულია ქვაფენილები, არ არის სანიაღვრე სისტემა და ძლიერი წვიმის დროს დაგუბებული წყალი აზიანებს“, – გვეუბნება მიშა ძორელიშვილი.
ხშირ შემთხვევაში ე.წ. შერემონტების დროს, ქვებით შექმნილი დეკორაციების სიმეტრია და ორნამენტები დარღვეულია. ზოგან ადგილზეა მიმოყრილი, მორჩენილი ქვები.
ძორელიშვილი ამბობს, რომ მუშები მაქსიმალურად ცდილობენ ვიზუალის დაცვას, თუმცა ყოველთვის არ გამოსდით. „როგორც ვხედავთ, ეს ორნამენტები ზოგად რკალისებურია, ზოგან ბაქლავისებური, ვცდილობთ, რომ დავიცვათ სიზუსტე. 4-4 კაცითაა სამი ჯგუფი დაკომპლექტებული და ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რასაც ვწვდებით ეს არის“, – ამბობს ძორელიშვილი.
მისი თქმით, ჯგუფები თითქმის ყოველდღე გადაადგილდებიან ქალაქის ტერიტორიაზე და ცდილობენ დაზიანებული ადგილების მოსწორებას.
„თუ სად არის დაზიანება, ამის შესახებ ჩვენი მონიტორინგის ჯგუფი გვაწვდის ინფორმაციას და იმის მიხედვით გავდივართ. სადაც ყველაზე დიდი დაზიანებაა, ჯერ იქ გავდივართ, შემდეგ მცირე დაზიანებებსაც ვასწორებთ. სიტუაციას ართულებს ვიწრო ქუჩები, სადაც დღის საათებში ინტენსიური მოძრაობაა და ვერ ვახერხებთ სამუშაოების დასრულებას“, – ამბობს ძორელიშვილი.
ამ დროისთვის ჯერ კიდევ ბევრი ლოკაციაა ქალაქში, სადაც ქვაფენილები ამოყრილი და დაზიანებულია.
ბათუმის მერია გეგმავს, რომ მომავალი წლისთვის ქვაფენილი აყაროს ფარნავაზ მეფის, ვახტანგ გორგასლის ქუჩებზე, ასევე, ბარათაშვილის ქუჩიდან გრიბოედოვამდე მონაკვეთში, ამ ქუჩების დაერთებებზე გორგილაძის ქუჩამდე, რადგან მერიის განცხადებით, ინტენსიური მოძრაობის გამო, ვერ უზრუნველყოფენ ქვაფენილიანი საფარის შენარჩუნებას.
___________________
მსგავს თემაზე:
ფარნავაზ მეფისა და გორგასლის ქუჩებზე ქვაფენილს აყრიან – წელს დაიხარჯება 4,5 მილიონი