მთავარი,სიახლეები

რა ბედი ეწია „ყინულის სასახლის“ 20-მილიონიან პროექტს

12.05.2021 • 2471
რა ბედი ეწია „ყინულის სასახლის“ 20-მილიონიან პროექტს

ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობა ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, ყინულის ახალი არენითა და საცურაო აუზით 2019 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო, ხოლო არსებული მოქმედი სასახლე უნდა დაეშალათ. პროექტის ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია. მშენებლობის პროცესი ჯერ დროში გაიწელა, შემდეგ კი ტენდერში გამარჯვებულ მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეწყვიტეს.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეირჩევა ახალი კომპანია, რომელიც პროექტს დაასრულებს, თუმცა როდის, ჯერ არ ვიცით.

ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, N27-ში, ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზი კანადურ კომპანია Westincor Limited-ს უნდა აეშენებინა „აჭარის პროექტების მართვის კომპანიის“ დაკვეთით.  შემსრულებელმა კომპანიამ 2018 წელს დაკვეთა კონკურენციის პირობების გარეშე, პირდაპირი წესით მიიღო, თუმცა ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა.

თავის დროზე კანადურმა კომპანიამ ქვეკონტრაქტორად შპს „ანაგი“ დაიქირავა, რომელმაც ააშენა დარბაზი, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. ტერიტორიაზე კიდევ ერთი შენობაა, რომელიც „სპორტმშენსერვისმა“ განათლების სამინისტროს დაკვეთით ააშენა.

აქ გაეცანით, როგორ შეარჩიეს 2018 წელს კომპანია ბათუმში ყინულის სასახლის ასაშენებლად

ამ დრომდე მოქმედი შეთანხმებით, არსებული ყინულის სასახლის გარდა უნდა დაიშალოს იქვე მდებარე სატრანსფორმატორო ქვესადგურიც და აშენდეს ახალი.

ახალი ქვესადგურის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე შპს „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ [ყოფილი შპს „სტადიონი“] ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან  „ინლაით-გ“-სთან ხელშეკრულება 8 475 ლარზე გააფორმა. კომპანიამ დამკვეთს ხარჯთაღრიცხვა 2019 წლის იანვრის ბოლოს წარუდგინა.

„ინლაით-გ“-ს ინფორმაციით, სატრანსფორმატორო ქვესადგურის მშენებლობისთვის მთავრობა 243 845 ლარს დახარჯავს. „სტადიონს“ ახალი ქვესადგურის ასაშენებლად ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. შესაბამისად, მისი ფასი დიდი ალბათობით გაიზრდება. 

ქვესადგურის მშენებლობის შესყიდვის დაგვიანებას სამინისტროში იმით ხსნიდნენ, რომ ის მიბმულია პროექტზე და მასთან ერთად უნდა განხორციელდეს.

 

კანადურმა კომპანიამ ქვეკონტრაქტორად შპს „ანაგი“ დაიქირავა, რომელმაც ააშენა დარბაზი, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდა. ტერიტორიაზე კიდევ ერთი შენობაა, რომელიც „სპორტმშენსერვისმა“ განათლების სამინისტროს დაკვეთით ააშენა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: