მთავარი,სიახლეები

ბათუმის საკრებულოს თანამშრომლებზე დასაბუთების გარეშე 107 051 ლარი გასცეს – აუდიტი

29.01.2022 • 2128
ბათუმის საკრებულოს თანამშრომლებზე დასაბუთების გარეშე 107 051 ლარი გასცეს – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური წერს, რომ ბათუმის მერიაში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა. გარდა ამისა, მერიას შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული ჰყავს პირები მუდმივი ამოცანების შესასრულებლად, მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება კი დოკუმენტურად არ დასტურდება.

„აღნიშნული გარემოება შრომის ანაზღაურების სახით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებით, არსებული კონტროლის მექანიზმების არსებით სისუსტეზე მიუთითებს და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურად ხარჯვის რისკებს შეიცავს“, – ნათქვამია ანგარიშში. 

აუდიტორი ასევე წერს, რომ 2019-2020 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების
გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით 107 051 ლარია გაცემული.

აუდიტის ინფორმაციით, 2019-2020 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბათუმის მერიისა და საკრებულოს  დაფინანსებამ 35 მილიონ 508 466 ლარი შეადგინა.

ადგილობრივი ბიუჯეტების შესაბამისად, 2019-2020 წლებში, წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების შრომის ანაზღაურების ფონდი 9 მილიონ 169 700 ლარით განისაზღვრა. ამავე პერიოდში შრომის ანაზღაურების სახით გახარჯულია 8 მილიონ 416 110 ლარი, რაც საბიუჯეტო გეგმის 91,8%-ია.

აუდიტი წერს, რომ მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა მიერ მიღებული თანამდებობრივი სარგოს და ფაქტობრივად ნამუშევარი დროის შესაბამისობის დადგენის მიზნით დანერგილი კონტროლის მექანიზმები არ ფუნქციონირებს.

კერძოდ, მერიის სამივე ადმინისტრაციულ შენობაში დამონტაჟებულია ტურნიკეტები, თუმცა მათი გაუმართაობის გამო, თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადება და მიმოსვლა არ აღირიცხება. შესაბამისი პასუხისმგებელი პირების განმარტებით, ტურნიკეტების სისტემის აღდგენა იგეგმებოდა ადამიანური რესურსების მართვის პროგრამის მონაცემთა ბაზასთან კავშირის უზრუნველყოფით, რაც პანდემიასთან დაკავშირებით, თანამშრომელთა უფლებამოსილების დისტანციურად განხორციელების გამო ვერ მოხერხდა.

ანგარიშის მიხედვით, ბათუმის მერიაში ხელფასების დარიცხვისას გამოიყენება სტრუქტურული ერთეულების მიერ შედგენილი ყოველთვიური სახელფასო ტაბელები, თუმცა აუდიტის პერიოდში მათი შედგენის დოკუმენტურად დადასტურებული საფუძვლები მერიამ აუდიტს ვერ წარუდგინა.

აუდიტის პერიოდში [2019-2020], ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე შრომის ანაზღაურების სახით გაცემულია სულ 1 მილიონ 474 674 ლარი, მათ შორის, თანამდებობრივი სარგო − 1 426 468 ლარი, პრემია/ჯილდო − 46 806 ლარი და დანამატი − 1 400 ლარი.  პრემია და დანამატი გაცემულია 2019 წელს, თუმცა ფაქტობრივად ვერ ხერხდება დოკუმენტური მტკიცებულებების მოპოვება ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების შესახებ.

გარდა ამისა, მერიაში აუდიტის ჯგუფს ვერ წარუდგინეს დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულებას.

საკრებულოში შტატგარეშედ დასაქმებული პირების დანიშვნასთან დაკავშირებით გამოცემული ბრძანებები არ მოიცავდა დანიშნული
პირების მიერ შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობებს და დავალებებს, მიეთითებოდა მხოლოდ ზოგადი უფლება-მოვალეობები. რიგ შემთხვევებში კი, სახელშეკრულებო სამუშაო აღწერილობების ნაწილი მოიცავდა შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დანიშნული პირების მიერ შესასრულებელ ფუნქცია-მოვალეობებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: