მთავარი,სიახლეები

ბათუმში მოკლული კაცის საქმე – რა ირკვევა სასამართლო განხილვიდან

08.02.2022 • 3032
ბათუმში მოკლული კაცის საქმე – რა ირკვევა სასამართლო განხილვიდან

“მე მოვითხოვ სამართლიანობას,”- კატეგორიული ხმით მიმართა მოსამართლეს მოკლული კაცის მეუღლე ვარდო ბ.-მ, რომელმაც მოწმის სახით მისცა ჩვენება დღეს, 8 თებერვალს, “ბათუმის ბულვარში კერძო კაცის მკვლელობის საქმეზე”. ამ საქმეს მოსამართლე ლევან ყოლბაია განიხილავს.

ეს შემთხვევა გასული წლის 21 ივლისს მოხდა – ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ რესტორანში კერძო დაცვის თანამშრომელი ჯუმბერ ბ. მოკლეს, ის 57 წლის იყო.

საქმის მასალების მიხედვით, დაახლოებით საღამოს 10 საათზე რესტორნის კერძო დაცვის თანამშრომელმა ერთ-ერთ კლიენტს წელს ზევით სრულად გაშიშვლების გამო შენიშვნა მისცა. ეს კლიენტი 25 წლის დავით დ. იყო, რომელიც ამ დროს ცეკვავდა.

გამოძიების ვერსიით, დავით დ.-მ დაცვის თანამშრომელს არაერთი თვითმხილველის თვალწინ გულში დაარტყა დანა, რომელსაც თან ატარებდა. კაცს მხოლოდ ერთი ჭრილობა ჰქონდა. ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

“შენიშვნა მიუცია, ჩაიცვი მაისურიო, ხომ იცი, რესტორანში ქცევის წესიო, ჩემ ქმარს უთქვამს,” – თვითმხილველი არ იყო, მაგრამ რაც უთხრეს, ის ამბავი მოუყვა მოსამართლეს გარდაცვლილის მეუღლე ვარდო ბ.-მ. ის დაზარალებულის უფლებამონაცვლეა.

“მერე გარეთაც გაუყვანია ის ახალგაზრდა, ჩაიცვი ტანზე და ისე შემოდიო. ის მაინც შემოსულა და პირდაპირ დაურტყამს დანა ჩემი ქმრისთვის, საბედისწერო აღმოჩნდა…” – სიტყვა გაუწყდა ქალს და მერე მოსამართლეს ისიც უთხრა, რამდენიმე დღის წინ იტალიაში, ემიგრაციაში წასულმა ბრალდებულის დედამ ტელეფონზე როგორ დაურეკა.

“მითხრა, ყველაფერს ვიზამ, დაგეხმარებიო, შეხვედრა მინდაო, მე უარი ვუთხარი შეხვედრაზე. არ მინდა,” – დასძინა მოკლული კაცის ცოლმა.

“კამერის ჩანაწერში გამოჩნდა, როგორ გარბოდა ის თანმხლებ პირთან ერთად ამ შემთხვევის შემდეგ,” – უთხრა მოსამართლეს ინსპექტორ – გამომძიებელმა როსტომ ცინცაძემ, რომელსაც 21 ივლისის ღამეს გამოძიება დაუწყია და დღეს მოწმის სახით ჩვენება მისცა სასამართლოს.

გამომძიებლის თქმით, დავით დ. ჯერ თვითმხილველებმა ფოტოზე ამოიცნეს 22 ივლისს, ხოლო შემდეგ ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერიც ამოიღეს.

“ამ კამერის ჩანაწერებს ექსპერტიზა ჩაუტარეთ?” – ჰკითხა გამომძიებელს ადვოკატმა კახა ცნობილაძემ.

“არა. დასკვნა რა საჭირო იყო, მე უკვე პიროვნულად ვიცნობდი ამ ორ პიროვნებას (ბრალდებულს შემთხვევის ადგილზე მეგობარი ახლდა)… ეს ვიდეო ჩანაწერები დათვალიერდა 31 ივლისს,” – აღნიშნა გამომძიებელმა.

“არ მესმის ხმა,” – უთხრა მოსამართლეს ბრალდებულმა, რომელიც ისევე, როგორც ადვოკატები, დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად დაესწრნენ.

მოსამართლე ბრალდებულს მოუყვა, რაც მოწმე პოლიციელისგან მოუსმინა და მოწმეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ხმამაღლა ესაუბრათ.

“ჩემი დათვალიერება როცა მიმდინარეობდა დაზიანებებზე…,'”- მოწმე პოლიციელს მიმართა თავად ბრალდებულმა დისტანციური ჩართვის, თუმცა ის თავისივე ადვოკატმა გააჩერა.

“კითხვა თუ გაქვს, ის დაუსვი, ეგ მერე მოყევი,” – უთხრა ბრალდებულს ადვოკატმა, რის შემდეგაც დავით დ.-მ საუბარი შეწყვიტა.

დავით დ. პოლიციელებმა მკვლელობიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ის ამ დროს ბათუმში, ნაქირავებ ბინაში იყო და მეორე სართულიდან გადმოხტა.

“ბრალდებული ადასტურებს, რომ დაზიანებები მიიღო თვითონ, მაგრამ მას ჰქონდა დაზიანებები ყელის არეშიც, რაც მიაყენა მას დაცვის თანამშრომელმა, რომელიც გარდაიცვალა,” – ამბობს ადვოკატი კახა ცნობილაძე.

“ამიტომაც არ მოგიწერათ ოქმზე ხელი დაკავებულმა, რომ თქვენ ეს მონაცემი არ ჩაწერეთ ოქმში,” – მორიგ მოწმეს, პოლიციელ რომან სირაძეს მიმართა ამჯერად ადვოკატმა.

“არ ვადასტურებ, არ ყოფილა ასე,” – იუხერხულა ადვოკატის ნათქვამი პოლიციელმა და გაიმეორა, რომ ოქმში დაკავებულის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები სრულად ასახა.

“მკვლელობის მიზანი ბრალდებულს არ ჰქონია, მაშინ ერთხელ რატომ დაარტყამდა დანას?” – გვითხრა ადვოკატმა კახა ცნობილაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული აღიარებს დანაშაულის ჩადენას, მაგრამ საქმეს კვალიფიკაცია უნდა შეუცვალონ. დაცვის მხარის ვერსიით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებული დაცვის თანამშრომლისგან რეალურად თავს იცავდა, რომელიც მას ხელკეტს ურტყამდა და სცემა რესტორნის გარეთ.

“დააკვირდით, დანის დარტყმა მოხდა გარეთ, ბულვარში. გარეთ რა საქმე ჰქონდა დაცვის თანამშრომელს ბრალდებულთან? ის ხელკეტით ძალადობდა, ურტყამდა და ეს იგერიებდა, რეალურად ეს იყო… ეს იყო აუცილებელი მოგერიება გადამეტებით,” – გვითხრა კახა ცნობილაძემ.

ბრალდებული დავით დ. თბილისში ცხოვრობს. ის მეგობრებთან ერთად იყო ჩამოსული ბათუმში დასასვენებლად, როცა ბულვარში ეს ამბავი მოხდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: