ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, ხელვაჩაურის მერიამ ორ სოფელში გემურაულსა და განახლებაში ჭაბურღილის მოწყობისთვის, წყლის რესურსის განსაზღვრის მიზნით გეოლოგიური კვლევისათვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 45 000 ლარი გადაიხადა. ხოლო სოფელ განახლებაში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებზე 134 829 დახარჯა. თუმცა, სოფელს წყალი არ მიეწოდება.
„მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული გამოწვეულია წყლის მარაგის დაწევით, თუმცა შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთება ვერ იქნა წარმოდგენილი. ამასთან, ანალოგიური მიზეზის გამო არ გამოიყენება მეორე სოფელში მოწყობილი ჭაბურღილიც.
აღნიშნული გარემოებით დასტურდება, რომ მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ გეოლოგიური კვლევისა და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის და მიღება-ჩაბარების ეტაპზე არ განხორციელდა სათანადო ღონისძიებები, არ გაითვალისწინეს წყლის მიუწოდებლობის შესაძლო რისკები. შედეგად, მოსახლეობისთვის წყლის ფაქტობრივი მიუწოდებლობის პირობებში, მერიამ ჩაიბარა სამუშაოები და ბიუჯეტიდან ჯამში გახარჯულია 179 829 ლარი,“ – ნათქვამია დასკვნაში, რომელსაც აუდიტის სახელმწიფო სამსახური აქვეყნებს.
აუდიტის კიდევ ერთი მიგნება შპს „ხელვაჩაურის წყალკანალს“ ეხება.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, მუნიციპალიტეტში არსებული 66 ერთეული წყალსადენის რეზერვუარის მოვლა-ექსპლუატაციისთვის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალში“ დასაქმებულია 81 შტატგარეშე თანამშრომელი, რომლებზეც ორი წლის განმავლობაში გაიცა ხელფასი 431 000 ლარის ოდენობით.
„დასაქმებულ პირებს უნდა განეხორციელებინათ წყლის და შენობა-ნაგებობის რეცხვა-გასუფთავება, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ვალდებულების ჯეროვნად შესრულება წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება. ამასთან, ვერ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული რწმუნება შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობის განსაზღვრის თაობაზე,“ – ნათქვამია დასკვნაში.
აუდიტის დასკვნაში ასევე წერია, რომ შპს „ხელვაჩაურის წყალკანალმა“, 2019-2020 წლებში სათავე ნაგებობების გაწმენდისთვის, 195 შემთხვევაში 19 ფიზიკურ პირთან ყოველთვიურად გააფორმა ერთჯერადი ხელშეკრულებები და ბიუჯეტიდან დამატებით გადაიხადა 369 985 ლარი. თუმცა წარმოდგენილი დოკუმენტებით მათ მიერ სამუშაოების ფაქტობრივად განხორციელება ვერ იქნა დადასტურებული.
შესაბამისად, 2019-2020 წლებში, მუნიციპალიტეტმა, შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ მეშვეობით, წყალსადენის სათავე ნაგებობების და რეზერვუარის მოვლა-ექსპლუატაციისათვის დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე შრომის ანაზღაურებისათვის ჯამში 800 985 ლარი დახარჯა.
„ვერ დგინდება შესრულებული სამუშაოების მოცულობა, პერიოდულობა, შემსრულებელ პირთა ვინაობა და სამუშაოების განხორციელების ადგილმდებარეობა. აქვე საყურადღებოა, რომ შპს „ხელვაჩაურის წყალკანალს“ 2019 წლის 1 ივნისამდე აღნიშნული საქმიანობისათვის დამატებითი ხარჯები არ გაუწევია და სამუშაოები თავად განახორციელა, ხოლო აუდიტის პერიოდში მოპოვებული ინფორმაციით, 31 სათავე ნაგებობების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ შტატგარეშედ დასაქმებული ოპერატორ-დეზინფექტორები,“ – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
აუდიტმა ხელვაჩაურის მერიას მისცა რეკომენდაცია, რომ დანერგოს ისეთი კონტროლის სისტემა, რომელიც დროულად გამოავლენს ხარვეზით შესრულებულ სამუშაოებს, განახორციელებს სათანადო რეაგირებას და უზრუნველყოფს შესრულებაში ნაჩვენები სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენას.
ამასთან, მუნიციპალიტეტმა იმსჯელოს წყალსადენის სათავე ნაგებობების მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების მიზანშეწონილობის შესახებ, დაადგინოს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების დადასტურების გარეშე და წყლის სისტემის გაუმართაობის პირობებში, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გამომწვევი მიზეზები და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.