ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმის მერია 5.4 ტონა სასმელ წყალს ყიდულობს საკრებულოსთვის, რომელიც არ იკრიბება

08.02.2022 • 2998
ბათუმის მერია 5.4 ტონა სასმელ წყალს ყიდულობს საკრებულოსთვის, რომელიც არ იკრიბება

ბათუმის მერიამ საკრებულოსთვის, სასმელი და მინერალური წყლების შესაძენად ორი ტენდერი გამოაცხადა, ჯამში 5 499 ლარით. ამ ტენდერებით ქალაქის საკრებულოსთვის, რომელიც არ იკრიბება, 5 492 ლიტრ წყალს შეისყიდიან.

დისპენსერზე დასადგმელი 150 ცალი [19-ლიტრიანი რეზერვუარით] სასმელი წყლის საკრებულოსთვის შესაძენად მერიას 1 500 ლარი აქვს გათვალისწინებული.

სასმელი წყალი უნდა იყოს ჰიდროკარბონატული-კალციუმიანი, არაგაზირებული; უნდა აკმაყოფილებდეს „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით“ დადგენილ ხარისხის მაჩვენებლებს, ნორმატიულ სიდიდეებს და სანიტარულ მოთხოვნებს; შენახვის ვადა კი, ჩამოსხმის თარიღიდან მინიმუმ 3 თვე;

მერიას ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული საკრებულოსთვის 1 900 ბოთლი გაზირებული მინერალური წყლისა და 3 684 ბოთლი არაგაზირებული მინერალური წყლის შესაძენად [ორთავე სახის წყალი უნდა იყოს 0,5-ლიტრიან პლასტმასის ბოთლებში]. ამ შემთხვევაში სატენდერო თანხა 3 999 ლარია და წყალი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს.

მერიის პირობის მიხედვით:

  • „საკრებულოსთვის შესაძენი გაზირებული მინერალური წყლის მინერალიზაცია უნდა იყოს 3-8 გ/ლ;
  • არაგაზირებული სასმელი წყალი უნდა იყოს ჰერმეტიული თავსახურით, ბრენდული ეტიკეტით, შესაბამისი თანდატანილი მონაცემებით (შემადგენლობა, მახასიათებლები).
  • წარმოება სერტიფიცირებული უნდა იყოს ISO სტანდარტების შესაბამისად.
  • შემოტანის დროს საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს არანაკლებ მისი ვარგისიანობის მთლიანი ვადის 70%-ისა.“

მერიას ტენდერები უკვე გამოცხადებული აქვს და საკრებულოსთვის ასევე შეისყიდის:

  • საკანცელარიო საქონელს –  რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 1 499 ლარი;
  • ბაინდერებს, საქაღალდეებს, ფაილებს – ტენდერი გამოცხადებულია 1 496 ლარით;
  • საკრებულოს საოფისე აპარატურის მიმდინარე რემონტზე ტენდერი გამოცხადებულია პრეისკურანტით – პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაა 21 420 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 3 ათასი ლარი.
  • საკრებულოს ავტომობილებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთებასა და ტექნიკურ მომსახურებაზეც ტენდერი პრეისკურანტითაა გამოცხადებული –  ამ შემთხვევაში პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებაა 115 886 ლარი, ხოლო სახელშეკრულებო ღირებულება 30 ათასი ლარი.

ბათუმის მერიისა და საკრებულოს ვებგვერდებისა და მეილიების ჰოსტინგის მომსახურებაზე კი მერიას ხელშეკრულება უკვე გაფორმებული აქვს  შპს „პროსერვისისთან“ 6 480 ლარზე. კომპანიამ მომსახურება უნდა განახორციელოს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

  • ბათუმის საკრებულოსთვის ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში მთლიანობაში 2 149 600 ლარია გამოყოფილი [აქედან ნახევარზე მეტი – 1 213 100 ლარი, უშუალოდ ხელფასებისთვის].

ბათუმის საკრებულო ამ დრომდე არ იკრიბება. ახალარჩეული საკრებულო პირველად 2021 წლის 3 დეკემბერს შეიკრიბა, თუმცა, სხდომა ისე ჩაიშალა, რომ თავმჯდომარე ვერ აირჩია. საკრებულოს თავმჯდომარე დღემდე არ ჰყავს.

2022 წლის 2 აპრილს კი, ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი წევრის არჩევნები გაიმართება. ადლიის საარჩევნო ოლქში ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნუგზარ ფუტკარაძე იყო. იგი 2021 წლის ნოემბერში, ახალი საკრებულოს შეკრებამდე გარდაიცვალა.

მაჟორიტარი დეპუტატის არჩევა ბათუმის საკრებულოში გადაწყვეტს პოლიტიკურ ძალთა ბალანსს. იმ შემთხვევაში, თუ კი ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატად ოპოზიციის წარმომადგენელს აირჩევენ, საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას ექნება, „ოცნების“ წარმომადგენლის შემთხვევაში კი – მმართველ პარტიას.

35 წევრისგან შემდგარ ბათუმის საკრებულოში ამჟამად „ქართული ოცნებას“ 16 წევრი ჰყავს, ოპოზიციას – 17 [მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 14 წევრი, „გახარია – საქართველოსთვის“ – 2, „ლელო“ -1], ხოლო 1 წევრი დამოუკიდებელი – გახარიას პარტიის ყოფილი წევრი, რომელმაც ღიაც განაცხადა, რომ ენმ-თან თანამშრომლობა მისთვის მიუღებელია.

დღეს ბათუმის საკრებულო მედიის ყურადღების ცენტრში იმით ხვდება, რომ საკრებულოს ოპოზიციას ბათუმის არჩეული მერთან, არჩილ ჩიქოვანთან სურს შეხვედრა. მერი მათ არ ხვდება, მის სამუშაო ოთხის კარებთან მობილიზებულია დაცვის პოლიცია:

დაცვა კაბინეტის კართან და კითხვები, რომლებზე პასუხსაც ოპოზიცია ბათუმის მერს სთხოვს

მთავარი ფოტო: ბათუმის საკრებულოს პირველი სხდომა ჩაიშალა. 03/12/2021

გადაბეჭდვის წესი


ასევე: