მთავარი,სიახლეები

„ზედმეტად არის გადახდილი 194 586 ლარი“ – აუდიტი ხელვაჩაურის მერიაში დარღვევებზე 

01.02.2022 • 1401
„ზედმეტად არის გადახდილი 194 586 ლარი“ – აუდიტი ხელვაჩაურის მერიაში დარღვევებზე 

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ეკომიგრანტი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ისეთ იურიდიულ პირს დაუკვეთა, რომელსაც მსგავსი სამუშაოს ჩატარების გამოცდილება არ ჰქონდა. ბიუჯეტიდან ამ მიზნით 2 884 841 ლარი გაიცა.

აუდიტმა გამოარკვია, რომ კომპანიამ, რომელმაც ტენდერი მოიგო, სამუშაოების შესასრულებლად სხვა პირები დაიქირავა.

საცხოვრებელი სახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი ხელვაჩაურის მერიამ 2019 წელს გამოაცხადა. ტენდერში  ამხანაგობა „მშენებლებმა“ გაიმარჯვა, რომელიც ორი იურიდიული პირის მიერ იყო დაფუძნებული 2019 წლის 18 იანვარს.

ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მიზნით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოემზადებინა შპს „მშენებელთა ჯგუფი“, ხოლო სამშენებლო სამუშაოები უნდა შეესრულებინა „ახალ სტილს“.

სახელმწიფო აუდიტმა გამოარკვია, რომ პროექტის და ხარჯთაღრიცხვის მიმწოდებელს, შპს „მშენებელთა ჯგუფს“ საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის შესაბამისი გამოცდილება არ გააჩნდა და ფაქტობრივადაც ეს სამუშაო მას არ შეუსრულებია. სამუშაოები მესამე მხარემ შეასრულა.

„სატენდერო კომისიის ოქმებით ირკვევა, რომ სამშენებლო სამუშაოების შესრულებისათვის შესაბამისი გამოცდილება წარმოდგენილი აქვს ამხანაგობის დამფუძნებელს, შპს „ახალ სტილს“ და მისი ვალდებულებაა სამშენებლო სამუშაოების წარმოება, თუმცა როგორც პროექტირების შემთხვევაში, ანალოგიურად, სამშენებლო საქმიანობა ფაქტობრივად მას არ განუხორციელებია და გაფორმებულია დამატებითი ხელშეკრულება შპს „მშენებელი 2020“-თან, რომელიც დაფუძნებულია 2019 წლის 11 ივნისს.

აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს არ გააჩნდა სამშენებლო საქმიანობის გამოცდილება. აღნიშნულთან დაკავშირებით მერიამ არ გაატარა შესაბამისი ღონისძიება. შედეგად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განახორციელა გამოცდილების არმქონე შპს-მ, ამასთანავე, სამუშაოების მიღება-ჩაბარების ეტაპზე ინსპექტირება ჩატარდა მხოლოდ შესრულებული სამუშაოების, შესრულების აქტში ასახულ სამუშაოებთან შესაბამისობაზე, რაც წარმოშობს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის რისკს,“ – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენისას და შემდეგ მშენებლობისას, დაშვებულია გარკვეული სახის ხარვეზები. კერძოდ, კონტრაქტით უნდა აეშენებინათ 2 805 კვ.მეტრი ფართი, თუმცა ააშენეს 61 კვ.მ-ით ნაკლები – 2 744 კვ.მეტრი საცხოვრებელი ფართობი.

„აღნიშნული მიუთითებს, რომ არ მიმდინარეობდა სათანადო ზედამხედველობა, მერიამ მიიღო სატენდერო წინადადებასთან შეუსაბამოდ შედგენილი პროექტი, არ გამოიყენა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და შეუსრულებელი სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გადახდილია არანაკლებ 45 760 ლარით მეტი,“ – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ეს არ არის ერთადერთი არამიზნობრივი ხარჯი, რომელიც მუნიციპალიტეტს აქვს გაღებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის. მერიამ კომპანიას აუნაზღაურა სატრანსპორტო ხარჯი, მასზე დარიცხული ზედნადები ხარჯებისა და მოგების ჩათვლით, ჯამში 45 064 ლარი.

„ეკომიგრანტი ოჯახებისათვის 2 884 841 ლარის ღირებულების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განხორციელდა გამოცდილების არმქონე იურიდიული პირის მიერ, სადაც საბაზრო ფასთან შედარებით, ზედმეტად არის გადახდილი 194 586 ლარი, ხოლო სატრანსპორტო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ანაზღაურებულია 45 064 ლარი. აღნიშნული გარემოებები წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვის და არამართლზომიერი ქმედების რისკებს,“ – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტმა რეკომენდაცია გასცა, რომ მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს დამატებითი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე ეფექტიან ზედამხედველობას, კვალიფიციური ქვეკონტრაქტორის შერჩევას, ხარვეზების დროულად გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას. ამასთან, დაადგინოს მიმწოდებლის მიერ შეუსრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების პირობებში სამუშაოს ჩაბარების გამომწვევი მიზეზები და გაატაროს სამართლებრივი ღონისძიებები.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: