მე არ მჯერა მსოფლიოს, მას შემდეგ, რაც ვნახეთ რა ხდება უკრაინაში – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ სჯერა მსოფლიოსი და მხოლოდ განცხადებების, მას შემდეგ, რაც უკრაინაში ხდება.

„თქვენ დაკარგეთ წინაპრები ჰოლოკოსტის დროს. ყოველ წელს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მოსაგონებელ დღეს პოლიტიკოსები ამბობენ: „აღარასოდეს, აღარასოდეს“. როცა მსოფლიო ამბობს – აღარასოდეს“ – ნამდვილად ამას გულისხმობს?“ – ჰკითხა ჟურნალისტმა ჯეიკ ტაპერმა ზელენსკის.

„მე არ მჯერა მსოფლიოს. მას შემდეგ, რაც ჩვენ ვნახეთ რა ხდება უკრაინაში, არ მჯერა განცდის, რომ ჩვენ უნდა ვენდობოდეთ მათ – ზოგიერთ ქვეყანას თუ ლიდერს. ჩვენ არ გვჯერა სიტყვების. რუსეთის ესკალაციის შემდეგ, ჩვენ არ გვჯერა ჩვენი მეზობლების. არ გვჯერა ამ ყველაფრის“ – უპასუხა მას ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, რომ მას არ სჯერა დოკუმენტებით გარანტირებული უსაფრთხოებისაც. მან მაგალითად დაასახელა ბუდაპეშტის მემორანდუმი. „ეს მხოლოდ ქაღალდია და არაფრის ფასი არ აქვს“ – თქვა მან.

„თუ ჩვენი მეგობრები ან პარტნიორები ხართ, მოგვეცით იარაღი, გამოგვიწოდეთ ხელი, დაგვეხმარეთ, მოგვეცით ფული და გააჩერეთ რუსეთი. თქვენ შეგიძლიათ ამის გაკეთება, თუ მეგობარი ხართ.

ერთადერთი რწმენა არის საკუთარი თავის, ჩვენი ხალხის რწმენა, ჩვენი შეიარაღებული ძალების რწმენა და რწმენა იმისა, რომ ქვეყნები მხარს დაგვიჭერენ არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ თავიანთი ქმედებებით“ – თქვა ზელენსკიმ.

ჩვენ ვეძებთ რუს სამხედროებს უკრაინაში და ვადგენთ მათ სიას – ინტერვიუ

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჟურნალისტებზე „ნადირობაა“ გამოცხადებული – რუსი სამხედროები ჟურნალისტებს იტაცებენ, ემუქრებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. ომის გაშუქებისას დაიღუპა 20-მდე უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი.

საგრძნობლად გართულდა უკრაინული მედიასაშუალებების მუშაობაც – ისინი ფინანსური, ლოგისტიკური და სხვა პრობლემების წინაშე დგანან.

როგორ შეცვალა უკრაინული მედიის ყოველდღიურობა ომმა, როგორ უმკლავდებიან ისინი ემოციურ და ფსიქოლოგიურ სტრესს – „ბათუმელების“ ამ და სხვა კითხვებს „ბიჰუს ინფოს“ რედაქტორმა, მაქსიმ ოპანასენკომ უპასუხა.

  • მაქსიმ, თქვენ არაერთხელ დაწერეთ, რომ ძალიან ამაყობთ თქვენი გუნდით – „ზოგი ომშია, ზოგი საინფორმაციო ველზე იბრძვის. ყველა ყველაფერს აკეთებს, უჩვეულოს, განსხვავებულს, ახალს“ და წერდით, რომ ყველაფერს მომზადებული შეხვდით. გვითხარით თქვენი რედაქციის მუშაობაზე. როგორ მუშაობს „ბიჰუს ინფო“ მას შემდეგ, რაც რუსეთის ომი დაიწყო?

ჩვენ ანტიკორუფციულ სატელევიზიო გადაცემებს ვაკეთებთ 2013 წლიდან. ჩვენი თემატიკა ომი არ იყო, საომარი კორესპონდენტები არ გვყოლია. ისეთი ხალხი ვართ, თვეობით რომ შეიძლება მონაცემთა ბაზებში, სოციალურ ქსელებში და დოკუმენტებში ისხდნენ ანტიკორუფციული გამოძიებებისთვის. სწორედ ამას ვაკეთებდით 2022 წლის 24 თებერვლამდე.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, უარი ვთქვით ანტიკორუფციულ თემატიკაზე – ეს ალოგიკურია და ახლა არავის სჭირდება. ახლა რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ:

უპირველეს ყოვლისა, უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროების ძებნა და იდენტიფიკაცია. ეს მოიცავს მუშაობას მათ სოცქსელებთან, მონაცემთა ღია ბაზებთან, მუშაობას IT-სპეციალისტებთან ერთად, რომლებიც დიდად გვეხმარებიან ინფორმაციის მოპოვებაში სხვადასხვა რუსული ბაზიდან.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შევქმნათ ჩვენს ქვეყანაში ომით მოსული ხალხის სია, სასურველია სრული, თუმცა კი მესმის, რომ ეს რთულია. ისინი საზარელ რაღაცებს სჩადიან – ალბათ, კადრები ბუჩიდან, გოსტომელიდან და ირპენიდან ყველამ ნახა. იმედი მაქვს, ჩვენს მიერ მოგროვებული ინფორმაცია ოდესმე დიდი სამხედრო სასამართლოების ნაწილი გახდება, რათა ყოველი ოკუპანტი დაისაჯოს.

რაც შეეხება ჩვენს მომზადებას, ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან მზად ვიყავით, არც ვიცი, ომისთვის როგორ შეიძლება მოემზადო. ომამდე თვე-ნახევრით ადრე რედაქციაში დავიწყეთ გეგმების განხილვა, რადგან მაშინ, 2021 წლის დეკემბერში, მოდიოდა შეტყობინებები სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, მათ შორის დასავლელი პარტნიორებისგან.

მკაფიოდ ვიცოდით, გუნდის რომელი წევრი იქნებოდა მოხალისე, რომელი შეავსებდა შეიარაღებული ძალებისა და ტერიტორიული თავდაცვის რიგებს, რომელი განაგრძობდა ინფორმაციულ ფრონტზე ყოფნას, რომელი რას გააკეთებდა, სად იქნებოდა… განვიხილავდით მუშაობის გაგრძელების ტექნიკურ შესაძლებლობასაც.

რამდენადაც არსებულ ვითარებაში სასიამოვნო შეიძლება იყოს, თითქმის გამოვიცანით ყველაფერი, რაც ახლა ხდება: ქალაქები, რომლებზეც მასიური შეტევა მოდის, რუსული ჯარის შეჭრის ყველაზე აქტიური მიმართულებები. მიმდინარე მოვლენები ძალიან დიდი მოულოდნელობა არ გამოდგა.

  • რა იყო ის, რისთვის არ აღმოჩნდით ან ვერ იქნებოდით მზად?

ვერ ვიქნებოდით მზად იმისთვის, რომ „მეგობრული“ ბელარუსი შემოჭრის პლაცდარმი გახდებოდა და რომ შეშლილები რუსეთის ჯარიდან ჩერნობილის ზონიდან წამოვიდოდნენ. ამისთვის ვერ მოემზადებოდი, ვერც კი წარმოიდგენდი. იქ [ჩერნობილში] რადიაციაა, ეს თვითმკვლელობა და აბსურდია და არა სიმამაცე.

ვერ ვიქნებოდით მზად იმისთვის, რომ არ გვეყოფოდა ყველა აუცილებელი ტექნიკური საშუალება. ჩვენ სატელევიზიო გადაცემებს ვაკეთებთ. შესაბამისად, გვჭირდება დიდი სტაციონარული სტუდია, განათება, კამერები და ა.შ. სტუდია, რომელიც 24/7-ზე იარსებებს, ვერ შეიქმნება. ნაწილობრივ განვიხილავდით და სისრულეში მოვიყვანეთ მობილური სტუდიის იდეა, მაგრამ რთულია ამისთვის მომზადება.

ვერ ვიქნებოდით მზად იმისთვის, რის უფლებასაც აძლევენ თავს რუსები. მხედველობაში მაქვს ბუჩა, გოსტომელი, ბოროდიანკა, ხარკოვი. ეს საომარი დანაშაულებია. დიდი ქალაქების ხელთ არსებული ყველა საშუალებით დაბომბვისთვისაც ვერ მოვემზადებოდი.

  • თქვენ ახსენეთ, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი საომრად წავიდა. რამ განაპირობა მათი გადაწყვეტილება?

საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს ჩვენი მთავარი რედაქტორი დენის ბიჰუსი, რამდენიმე სხვა ჟურნალისტი და იურისტიც.

მათი გადაწყვეტილება პატრიოტიზმით და საკუთარ ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის გაგრძელების სურვილითაა განპირობებული.

არც კი მსურს დავუშვა რუსეთის მიერ მთლიანი [უკრაინის] ვარიანტი, მაგრამ რაც ხდება რუსეთში მედიისა და ჟურნალისტების ირგვლივ, კატასტროფაა. აქ ამას არასდროს დავუშვებთ.

  • მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა ბუჩა და ირპენი დატოვეს, თქვენ გამოაქვეყნეთ პოსტი ფეისბუკში, სადაც სთხოვდით მოქალაქეებს, მოეწოდებინათ თქვენთვის ყველა ინფორმაცია, ფოტო, ვიდეო, ამბავი, დოკუმენტი, რომელიც რუსეთის სამხედრო დანაშაულებს აღწერს და ადასტურებს. რა მოცულობის ინფორმაცია შეაგროვეთ ამ დროისთვის და თუ შეგიძლიათ უფრო მეტი გვითხრათ ამ სამუშაოს შესახებ?

ეს ჩვენი მუშაობის მეორე მიმართულება – რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებების შეგროვება და დაფიქსირება. აქ რამდენიმე ქვემიმართულება გვაქვს.

„ბიჰუს ინფო“ არაა ცენტრალიზებული ორგანიზაცია და კორესპონდენტთა საკმაოდ ბევრი პუნქტი გვყავს უკრაინაში, მათ შორის აქტიური საბრძოლო მოქმედებების ან დროებითი ოკუპაციის ზონებში. განვაახლეთ კავშირი ამ პუნქტებთან, რათა მათ შეძლებისდაგვარად გადაიღონ ფოტოები, გაესაუბრონ მოწმეებსა და დაშავებულებს, მოაგროვონ მტკიცებულებები.

ინფორმაციის ისეთი ნაკადია, რომ რაც დღეს ტრაგიკულად გვეჩვენება და გვგონია, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, ერთ კვირაში დაავიწყდებათ. ჩვენი მიზანია, შევაგროვოთ რაც შეიძლება მეტი ასეთი მონაცემი. პერიოდულად ვაქვეყნებთ ტექსტურ მასალებს რუსეთის ომის დანაშაულების შესახებ.

რაც შეეხება ჩემს მოწოდებაზე, ჩემთვის ინფორმაცია გამოეგზავნათ, საუბარი მიდიოდა [რუსი სამხედროების] დოკუმენტებზე – სამხედრო ბილეთები, პასპორტები, ქვედანაყოფის მეთაურთა შემადგენლობის სიები. გათავისუფლებული ქალაქები სავსეა ამ დოკუმენტებით. რაღაც განადგურებულ ბრონირებულ ტექნიკაში იყო, რაღაც დაღუპულთა ჯიბეებსა და ჩანთებში, რაღაცას უბრალოდ კარგავდნენ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია – ეს დოკუმენტები ამა თუ იმ ადამიანის კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში ადასტურებს.

„დანაშაულები ბუჩაში“ ძალიან ზოგადად ჟღერს. უნდა დავასახელოთ ისინი, ვინც ეს დანაშაულები ჩაიდინა. ამიტომაა ეს დოკუმენტები ჩემთვის მნიშვნელოვანი. ელფოსტა და მესენჯერები „მიფეთქდება“ გამოგზავნილი დოკუმენტებით.

  • ალბათ, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობა ძალიან რთულია თქვენი ჟურნალისტებისთვის… ვიცით, რომ ჟურნალისტებზე „ნადირობენ“ რუსები.

ეს ყველაფერი დეტექტიურ ისტორიებს მახსენებს. რუსები არ არიან შეჩვეული ჟურნალისტების მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებას. [რუსი სამხედროები ჟურნალისტებთან] სახლში მიდიან, ატარებენ „პროფილაქტიკურ საუბრებს“, რომლებიც თანამშრომლობისკენ გადახრით სრულდება – „მოდით, თქვენ ახლა დიდ პროპაგანდულ მანქანაზე იმუშავეთ. დიდება, ფული, ყველაფერი იქნება და თანაც, თქვენ და თქვენი ახლობლები იცოცხლებთ“…

75 წლის მამა წაიყვანეს, სვეტლანას სანაცვლოდ დავაბრუნებთო – რუსების ბრძოლა ჟურნალისტებთან

78 წლის უკრაინელი ჟურნალისტი რუსებმა აწამეს, ის გარდაიცვალა – მედია

უკვე ბევრი ჟურნალისტი დაიღუპა. ასამდე უკვე იყო ტყვეობაში. მუშაობა ნამდვილად რთულია. თუმცა, ყველას კარგად ესმოდა, რა არის რუსეთი, ოკუპაცია და რუსი სამხედროები. ამიტომ, ყველამ ასე თუ ისე მოიმზადა დამატებითი პლაცდარმები, რათა [რუს სამხედროებს] არ დაეკავებინათ და მუშაობის გაგრძელების საშუალება ყოფილიყო. როცა ეს სრულიად შეუძლებელი გახდება, ეს ხალხი შედარებით უსაფრთხო ტერიტორიაზე გადავა, მაგრამ ჯერჯერობით მათი ნაწილი იქ რჩება, ჩვენც კავშირზე ვართ.

  • როგორ ხედავთ, თქვენი, ჟურნალისტების და განსაკუთრებით გამომძიებელი ჟურნალისტების როლს არსებულ ვითარებაში – ომის დანაშაულების დოკუმენტირებაში?

ჩემთვის, როგორც გამომძიებელი ანტიკორუფციული ჟურნალისტისთვის, რომელიც წლები დასდევდა უშიშროებისა და პოლიციის ზედმეტად „გაბლატავებულ“ თანამშრომლებს, უჩვეულოა ამის თქმა, მაგრამ ახლა უკრაინული სპეცსამსახურები ძალიან კარგად მუშაობენ. ახლა მათ მადლობას ვეუბნები.

თუმცა, მუშაობა მათთვისაც რთულია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ —„ეს-ბე-უ“) მიერ რუსი სამხედროებისა და მათი ახლობლების საუბრების ჩანაწერების ჩაგდება, მათი [რუსი სამხედროების] ძებნა და იდენტიფიკაცია სოცქსელებში, მათი მისამართებისა და ტელეფონის ნომრების მოძიება ძალიან ბევრ რესურსს მოითხოვს. კარგად მესმის და ვიცი კიდეც, რომ მანქანა სრული დატვირთვით მუშაობს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და მათ დახმარება სჭირდებათ.

ჩვენი, ისევე როგორც ასობით მოხალისის როლი იმაში მდგომარეობს, რომ ოკუპანტთა დიდი სია შევქმნათ. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს ქვეყანას გამოვადგეთ. სხვა მოტივაცია არ გვაქვს.

  • ბუჩა და ირპენი კიდევ უფრო პირადია თქვენთვის, თუ სწორად ვიცით, ირპენში გაიზარდეთ, თქვენი ბებია და ბაბუა ბუჩიდან არიან. ალბათ, შეუძლებელია ნანახის სიტყვებით გადმოცემა, მაგრამ თქვენ ჟურნალისტი ხართ და ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან განსხვავებით, ამის გაკეთება გიწევთ, როგორ უმკლავდებით ამ მოვალეობას, ემოციურად, ფსიქოლოგიურად, პროფესიულად? 

დიახ, ბუჩაში დავიბადე და ირპენში გავიზარდე. ამ ორ ქალაქს შორის რამდენიმე კილომეტრია, ეს კიევის ქალაქგარეთა დასახლებაა, რომელიც რამდენიმე დასახლებულ პუნქტადაა დაყოფილი.

რაღაც სიურრეალიზმია, როცა უყურებ რუსული ტექნიკის კოლონების მოძრაობას იმ ქუჩებში, სადაც, პირობითად, ნაყინს ყიდულობდი, მაღაზიაში დადიოდა, სადაც პირველი კოცნა გქონდა. ეს ძალიან სიურრეალისტურად აღიქმება.

არჩევანია: მოხვდე ემოციურ ხვრელში და უბრალოდ ბოლომდე გადაიწვა, ან აბსტრაჰირება და რამე სასარგებლოს კეთება იმის ცოდნით, რომ თუ ყველა გადაიწვება, ომს წავაგებთ. მე მეორე ვარიანტს ვირჩევ. ასე აზროვნებენ ჩვენი გუნდის წევრებიც, ამიტომ არ გვაქვს ისეთ რამ, როგორც დასვენება ან არასამუშაო საათები. ყველა ცდილობს, მაქსიმალურად დაიტვირთოს, რათა საფიქრალად, გასახსენებლად და საყურებლად დრო აღარ იყოს.

  • თქვენ მუდმივად ეხმაურებით ჟურნალისტებთან დაკავშირებულ ამბებს სოციალურ ქსელში, წერდით მაქს ლევინზე, კონსტანტინ რიჟენკოს გაუჩინარებაზე, ალბათ, იცნობდით და ალბათ მეგობრობდით სხვებთანაც, ვინც მოკლეს, გაიტაცეს, დაჭრეს – მოგვიყევით თქვენს კოლეგებზე და იმაზე, თუ როგორ მუშაობს უკრაინული მედია.

უკრაინული მედია გმირულად მუშაობს. ისინი, ვინც აქამდე არასდროს ყოფილა საომარი კორესპონდენტები, მოულოდნელად ასეთები გახდნენ. სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის.

დანარჩენები რამდენიმესაათიან ინფორმაციულ მარათონს ატარებენ და ცდილობენ, ხალხთან კავშირზე დარჩნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არის რეგიონები და ქალაქები, სადაც საათობით გრძელდება საჰაერო განგაში. უამრავი ადამიანი მუდმივად სარდაფში ან თავშესაფარში რჩება ძალიან საბაზისო რაღაცებით – წყალი, ცოტაოდენი საჭმელი, სმარტფონი და ინტერნეტი, თუ მასზე წვდომა არის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათთან საუბარი. მნიშვნელოვანია, არ მოვატყუოთ და მხოლოდ კარგი არ ვაჩვენოთ. მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს კავშირი და მათ საბოლოოდ იმედგაცრუებისა და კატატონიურ სტუპორში ჩავარდნის საშუალება არ მივცეთ – მივუტანოთ ნამდვილი და სასარგებლო ინფორმაცია.

ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ყოველდღიური სტრიმებია [პირდაპირი ეთერი რომელიმე ინტერნეტ-პლატფორმაზე – რედ.]. ჩემი კოლეგა, დანია მოკრიკი დღეში რამდენიმე საათი ანალიზებს წინა საღამოს და ყოველი ახალი დილის მოვლენებს, აძლევს [მაყურებელს] ძალიან გამოსადეგ რჩევებს და აკეთებს განცხადებებს – მაგალითად, აქა და იქ საჭიროა სისხლის ჩაბარება, იქ – ჯავშანჟილეტები. ასე მუშაობენ სხვა კოლეგებიც. ეს რაღაც ახალი და განსხვავებულია. რთულია ასეთ ფორმატზე გადასვლა, მაგრამ რას იზამ?

რაც შეეხება კონსტანტინ რიჟენკოსა და მაქს ლევინს, საშინელი სიტუაციაა. მაქს ლევინი საერთოდ ლეგენდარული ჟურნალისტია. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მამაცი ფოტოკორესპონდენტი იყო. სადაც რა არ უნდა ხდებოდეს, ასე ვთქვათ კონტაქტური რამ – აქცია, მიტინგი, ომი – იგი ყოველთვის პირველი იყო, ვინც იქ მიდიოდა. რაც და როგორც მოხდა, ძალიან მტკივნეულია.

რუსეთის ომის მსხვერპლი ჟურნალისტები

მადლობა ღმერთს, კონსტანტინი კარგადაა, მან მოახერხა ამ ვითარებიდან გამოძრომა, მაგრამ მისი ახლობლები პოტენციური დარტყმის ქვეშ არიან, რადგან ოკუპანტებმა იციან, სად ცხოვრობენ ისინი, როგორ გამოიყურებიან და ვინ არიან.

გაუჩინარებული ხერსონელი ჟურნალისტის ძმა რუსებმა წაიყვანეს, მამა იმალება

„რუსი ჯარისკაცები დადიან და მეძებენ“ – როგორ ცხოვრობენ ოკუპირებულ ხერსონში

გვეშინია, მაგრამ ვერსად წავალთ, ეს ჩვენი მიწაა – სად პოულობენ უკრაინელები ძალას ბრძოლისთვის

  • ჟურნალისტებს დღეს რამდენიმე ფლანგზე გიწევთ ბრძოლა, მათ შორის ფართომასშტაბიან საინფორმაციო ომში – როგორ უყურებთ და აფასებთ იმ ინფორმაციას, რომელსაც მსოფლიო იღებს რუსეთის ომზე უკრაინაში?

სუბიექტურად, ძალიან კმაყოფილი ვარ უკრაინის ინფორმაციული სივრცის მუშაობით. გარდა შიდა აუდიტორიის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა, ძალიან ბევრმა დაიწყო ინგლისურენოვანი პროექტები რეალური მოვლენების დასავლეთ ევროპისა და მთელი მსოფლიოს ქვეყნებთან მისატანად.

პირველ რაუნდში უკრაინულმა ინფორმაციულმა სივრცემ დაამარცხა უამრავი „ბოტების ფერმისა“ და სხვა რაღაცების მქონე გოლიათი. თუმცა, ბოლო კვირებში სულ უფრო მატულობს რუსული ბოტების რაოდენობა. ისინი უკრაინული მედიის ყველა პოსტისა და ვიდეოს კომენტარებში არიან.

თუ შეურაცხმყოფელ კომენტარებს არ ჩავთვლით, აგდებენ საკმაოდ მკაფიო გზავნილებს და ნარატივებს, რომლებიც აწყობს კრემლს. ეს ძალიან ცუდია. ვეჭვობ, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგების კომენტარებშიც დაახლოებით იგივე ხდება. მნიშვნელოვანია ეს გვესმოდეს, ამაზე რეაგირება გვქონდეს და ცალკეული მასალები და გამოძიება გავაკეთოთ რუს პროპაგანდისტებზე და ფეიკებზე, რომლებიც „ფე-ეს-ბეს“ [რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური – ФСБ].

ბევრ რაღაცას ვგულისხმობ: ამბობენ ომი კი არა, სპეცოპერაციააო, რაც აბსურდია. არ საუბრობენ რუსეთის რეალურ დანაკარგებზე, თავიანთ ხალხზე. ყველაფერს ფუთავენ, როგორც გრანდიოზულ გამარჯვებას – „სპეცოპერაცია როგორც საჭიროა, ისე მიდის“. ამას უნდა დავუპირისპირდეთ.

  • ახლა კონკრეტულად რა დახმარება სჭირდება უკრაინულ მედიას და თქვენ?

ცენტრალური მედიები კიდევ ნორმალურად გრძნობენ თავს – დარჩა რაღაც ფინანსური ბალიშები, რეგიონებში კი დიდი გასაჭირია. მედია ვერ უძლებს ფინანსურ დატვირთვას. როცა მუშაობა და ფინანსური გეგმები ერთი პირობებისთვისაა გაწერილი, ომის პირობებში ყველაფერი თავდაყირა დგება.

ბევრი პროექტი დაიხურა, ბევრი ჟურნალისტი უმუშევარია. ბევრი ერთი რეგიონიდან მეორეში გადავიდა, რაც სირთულეებთანაა დაკავშირებული. ისინი სადღაც უნდა დასახლდნენ… ვიცნობ რამდენიმე კოლეგას, რომელიც აფეთქებისას მანქანაში ჩახტა და რაც თან ჰქონდა, იმით წავიდა – ტელეფონი, ძაღლი/კატა და მეუღლე და შვილები, სხვა არაფერი. მათ ტექნიკა არ აქვთ.

ახლა პირველმა შოკმა გაიარა, მაგრამ დაბრუნების და ტექნიკის წამოღების საშუალება არ არის. ალბათ, ტექნიკა აღარც არის – რუსი მაროდიორები თავს ბრწყინვალედ გრძნობენ.

მიზნობრივი ფინანსური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ რაც შეგვეხება, გვქონდა ფინანსური ბალიშები და ახლაც გვაქვს, მათ შორის სხვადასხვა პარტნიორების წყალობით, რომლებიც 24 თებერვლიდან დამატებით გვეხმარებიან. გამოჩნდნენ ახალი პარტნიორებიც, რომლებიც მიზნობრივი გრანტებით გვეხმარებიან ელემენტარულისთვის.

მნიშვნელოვანია ფინანსური დახმარება ლოგისტიკურ საკითხებშიც – ბევრს უთავდება ქირის ფული. მათ, ვინც ერთი რეგიონიდან მეორეში გადავიდა, არ აქვთ საშუალება, ბინა მუდმივად იქირავონ, მით უმეტეს, რომ ფასები ძალიან გაიზარდა, განსაკუთრებით დასავლეთში.

ბევრგან საწვავის დეფიციტია, გადასაღებად წასვლა კი მთელი თავგადასავალია.

საჭიროა ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები „პრესის“ წარწერით. სამხედრო ბრონირებული ჟილეტის ჩაცმა ჟურნალისტს არ შეუძლია – ეგრევე სამიზნე ხდება.

საჭიროა თანამგზავრზე მომუშავე ტელეფონები და რაციებიც. აი ასეთი პროფილური რაღაცები.

  • როგორც ვიცით, თქვენ და სხვა მედიებს ასევე გეხმარებათ „The Fix“…

დიახ. მგონი, ერთ-ერთმა პირველებმა მომწერეს და იკითხეს, რა გვჭირდებოდა. მაშინ პროფილური ტექნიკა გვჭირდებოდა, ბანალური რაღაცები. დაგვეხმარნენ სტრიმინგის და მონტაჟის საკითხების მოგვარებაში.

  • რამდენი ადამიანი მუშაობს თქვენს ორგანიზაციაში?

დაახლოებით 32-33 ადამიანი ჩვენთან და 10-12 რეგიონული პარტნიორი.

  • ბოლოსთვის, როგორია რიგითი მოქალაქეების დამოკიდებულება ჟურნალისტებისადმი?

უკრაინული აუდიტორია ერთიანია, როგორც აქამდე არასდროს. არავინ იყოფა პოლიტიკურ ბანაკებად, ყველას ესმის რა ხდება.

როცა რამის გადასაღებად არ მიდიხარ, ყველაფერი წესრიგშია. როცა გადიხარ, პრობლემები შეიძლება შეიქმნას – ყველა კამერიანი ადამიანი ჰგონიათ დივერსანტი ან მტრის მზვერავი, რომელმაც შეიძლება ზიანი მოიტანოს. ეს იმით აიხსნება, რომ ომის პირველ დღეებში, განსაკუთრებით კიევში, უამრავი დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი იყო, რომელიც აფიქსირებდა ტექნიკის გადაადგილებას, რაკეტულ დარტყმებს კორექტირებდნენ, ტოვებდნენ ნიშნებს ქუჩებში და კორპუსებზე, აფიქსირებდნენ შესაძლო დარტყმის მოსახერხებელ ლოკაციებს და ამას სმარტფონის კამერებით აკეთებდნენ.

ზოგს, განსაკუთრებით გათავისუფლებული დასახლებული პუნქტიდან, აქვთ გარკვეული შიშები კამერიანი ხალხის დანახვისას. როცა ხსნი და დოკუმენტებს აჩვენებ, ყველაფერი წესრიგშია. გრანდიოზული პრობლემები არის, მაგრამ ზოგჯერ ლოკალურ პრობლემებსაც აქვს ადგილი.

რა მოითხოვეს დღეს მთავრობისგან „ოცნების ქალაქში“ – აქცია

დღეს, 17 აპრილს, ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობისგან მოითხოვეს აქ მცხოვრები ოჯახების ადგილზე რეგისტრაცია – დამისამართება, „ოცნების ქალაქში“ ბინის მიმღებთა კრიტერიუმების შესახებ დოკუმენტური ინფორმაციის მიწოდება და უკვე აშენებული კორპუსების ექსპერტიზის დასკვნა უსაფრთხოებაზე.

„ვითხოვთ, ფრიდონ ხალვაშის გამზირის 188-ის მიმდებარედ, სადაც ახლა ჩაწერეს საარჩევნოდ [მოსახლეობა], 1740 ოჯახის იურიდიულ დამისამართებას; კატეგორიების, 18 კატეგორია რომ თქვეს, ხელმოწერილ დოკუმენტს და ექსპერტიზის დასკვნას, რომ [მოსახლეობა] ვინც შედის, უსაფრთხოდ შევიდეს ბინებში და ვიცოდეთ, რა ბედი ელოდებათ დანარჩენებს“, – უთხრა „ბათუმელებს“ მარინა ბერიძემ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მონაწილემ „ოცნების ქალაქიდან“.

მისი თქმით, ეს ერთგვარი გამაფრთხილებელი აქციაა და თუ კი ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ იქნება, შემდეგი აქცია, 30 აპრილს, უკვე აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართება.

„თუ არ მოიტანენ დოკუმენტებს, 30-ში მივდივართ მთავრობის სახლთან და ღამის თენებით ვაპირებთ აქციებს, იქაურობას აღარ მოვშორდებით“, – ამბობს მარინა ბერიძე.

აქცია ოცნების ქალაქში. 17 აპრილი, 2022 წ. ფოტო: „ბათუმელები“/როინ გუნდაძე
აქცია ოცნების ქალაქში. 17 აპრილი, 2022 წ. ფოტო: „ბათუმელები“/როინ გუნდაძე

„ოცნების ქალაქში“ ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე 338-მდე პირი ჩაწერეს ერთ მისამართზე – ფრიდონ ხალვაშის გამზირის 188-ის მიმდებარედ. 2 აპრილის არჩევნებზე, „ოცნების ქალაქში“ მდებარე ერთ საარჩევნო უბანზე 2015 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მაშინ როცა ერთ საარჩევნო უბანზე დაშვებულია არა უმეტეს 1500 ამომრჩევლისა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ კიდევ არჩევნებამდე აცხადებდნენ, რომ ეს მოწყვლადი ჯგუფის გამოყენებაა სასურველის მისაღებად და საქმე გვაქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, რამაც ამომრჩევლის თვალში სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ იმუშავა. 

ეს იყო აღნიშნული „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ანგარიშშიც. „ოცნების ქალაქში“ „მისამართის გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უმეტესი ნაწილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია ერთ დღეს [01.02.2022] რაც აჩენს ეჭვს პროცესის ორგანიზებულად განხორციელებასთან დაკავშირებით“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

მარინა ბერიძე, რომელიც „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს, ამბობს, რომ აჭარის მთავრობასთან არჩევნების შემდეგ აღარ ჰქონიათ კომუნიკაცია.

„თავის საქმეს იკეთებენ, ხალხის საქმე არაა გაკეთებული“ – გვითხრა მან.

რაც შეეხება „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა კიდევ ერთ მოთხოვნას ექსპერტიზის დასკვნაზე, ეს უკავშირდება „ოცნების ქალაქში“ მშენებარე 3 კორპუსს. გასული წლის თებერვალში აქ მშენებარე კორპუსის ერთი სართული ჩამოიშალა, ვიზუალური დათვალიერებისას კი ჩანდა გამრუდებული კედელი, რამაც გააჩინა კითხვები კორპუსის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუმცა, კომპანია, რომელიც „ოცნების ქალაქში“ კორპუსებს აშენებს, აცხადებს, რომ კორპუსი უსაფრთხოა.

„ბათუმელები“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა კითხვით, რა პასუხი აქვს აჭარის მთავრობას „ოცნების ქალაქის“ მოთხოვნებზე. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

რუსეთი აგრძელებს ოკუპირებულ დონბასში კაცების იძულებით მობილიზებას – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს, რომ რუსეთი დონბასში მცხოვრები კაცების იძულებით მობილიზაციას ახდენს. პოდოლიაკის თქმით, რუსები დონბასელებს წვრთნისა და აღჭურვილობის გარეშე უშვებენ საბრძოლველად და მათ საზარბაზნე ხორცად იყენებენ.

„რუსეთი აგრძელებს ოკუპირებულ დონბასში 18-დან 60 წლამდე ასაკის კაცების იძულებით მობილიზებას. “ადმინისტრაციასთან” განსაკუთრებული კავშირების ქონასაც კი არ შეუძლია გამოძახებისგან თავის არიდებაში დაეხმაროს ვინმეს, რადგან რუსი კურატორები გეგმის განხორციელებით უკმაყოფილონი არიან.

მობილიზებულნი საბრძოლველად ყოველგვარი წვრთნისა თუ აღჭურვილობის გარეშე მიდიან. რუსი ჯარისკაცები მათ „საზარბაზნე ხორცად“ იყენებენ – მათ წინ უშვებენ უკრაინის საცეცხლე პოზიციების ამოსაცნობად.

რუსეთი უკვე რვა წელია საუბრობს დონბასის გადარჩენაზე. ახლა ნიღბები მოხსნილია. მარიუპოლი მიწასთან გაასწორეს, კრამატორსკზე სარაკეტო შეტევები, იძულებითი მობილიზაცია. რუსეთთან დაკავშირებული ილუზიები ადგილობრივ მოსახლეობაშიც გაქრა. როდესაც უკრაინა გაათავისუფლებს დონბასს, იქ მშვიდობა დაბრუნდება“ – წერს პოდოლიაკი.

რომის პაპმა სააღდგომო მილოცვა უკრაინულ ენაზე წარმოთქვა

დღეს, 17 აპრილს, კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიები ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ.

სააღდგომო წირვის დროს რომის პაპმა, ფრანცისკემ დაგმო ომი უკრაინაში „სისასტიკისა და სიბნელის გამო“.

„ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის და თქვენთან ერთად“ – განაცხადა რომის პაპმა.

ქადაგების დასასრულს პაპმა ტრადიციული სააღდგომო მილოცვა – “ქრისტე აღდგა”, უკრაინულ ენაზე წარმოთქვა.

_________________

 

ბულგარეთმა პორტებში რუსული გემების შესვლა აკრძალა

ბულგარეთმა აუკრძალა რუსეთის დროშის ქვეშ რეგისტრირებულ ყველა გემს წვდომა ბულგარეთის პორტებზე.

ბულგარეთში პორტებით სარგებლობის უფლება აეკრძალათ ასევე გემებს, რომელთაც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ რეგისტრაცია რუსეთიდან სხვა სახელმწიფოზე გადაიტანეს.

ამის შესახებ ბულგარეთის საზღვაო ადმინისტრაციამ განაცხადა. ბრძანება ძალაში 16 აპრილს შევიდა.

აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ იმ გემებზე, რომლებიც მნიშვნელოვნადაა დაზიანებული და საჭიროებს საგანგებო დახმარებას ან/და საფრთხე ექმნება ადამიანების სიცოცხლეს.

_______________

ფოტო: EPA/KRASIMIR DELCHEV

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17 აპრილის 21 საათიდან 18 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი 
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი 

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, 19 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, მომდევნო 2 დღეს კი ზოგან დროგამოშვებით წვიმა.

უკრაინაში 202 ბავშვი დაიღუპა ომის დაწყებიდან დღემდე – უკრაინის პროკურატურა

უკრაინის პროკურატურის ცნობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 202 ბავშვი დაიღუპა და 561-ზე მეტი ბავშვი დაშავდა.

პროკურატურის ცნობით, ბავშვები ყველაზე მეტად დაშავდნენ დონეცკის ოლქში – 117, კიევის ოლქში – 106, ხარკოვის ოლქში – 89, ჩერნიგოვის ოლქში – 54 და ხერსონის ოლქში – 41.

უკრაინაში რუსეთის არმიის დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1018 სასწავლო დაწესებულება, აქედან 95 მთლიანად განადგურდა.

უკრაინის პროკურატურის ცნობით, ეს სტატისტიკა არ არის საბოლოო, რადგან საომარი მოქმედებები გრძელდება და რიგი ტერიტორიები ოკუპირებულია ან მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, რის გამოც ვერ ხდება მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება.

 

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 3 ახალი შემთხვევა

17 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, სულ ჩატარდა 8 018 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში კოვიდით გარდაიცვალა 3 ადამიანი.

აჭარაში გასულ დღე-ღამეში გამოვლინდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა.

დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია-1.23 პროცენტი.

 

 

მტირალაზე დაკარგული ჩეხი ტურისტი იპოვეს

მტირალას ეროვნულ პარკში რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს დაკარგული ჩეხი ტურისტი, 28 წლის კაცი.

„ღამის პირველ საათზე მივიღეთ შეტყობინება, რომ დაკარგული იყო ტურისტი. მთელი ღამე სამძებრო სამუშაოებს ვატარებდით.

გამთენიისას, დაახლოებით 6-ის წუთებზე ხმა მოგვაწვდინა და ვიპოვეთ“ – უთხრა „ბათუმელებს“ მტირალას ეროვნული პარკის დირექტორმა, გიორგი ქურიძემ.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყვნენ რეინჯერები და მაშველები.

_____________

ფოტოზე: მტირალას ეროვნული პარკი. ფოტო არქივიდან.

 

რუსეთი მარიუპოლის მცველებს დანებებისკენ მოუწოდებს

რუსეთმა უკრაინულ ჯარისკაცებს, რომლებიც მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანას იცავენ, დანებება შესთავაზა.

„ყველას, ვინც დადებს იარაღს, შეუნარჩუნდება სიცოცხლე“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის ეროვნული კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მიზინცევმა.

ქალაქი მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) დირექტორის, დევიდ ბიზლის განცხადებით, ქალაქში 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იტანჯება შიმშილით, წყლისა და სითბოს ნაკლებობით.

დღეს, 17 აპრილს, 53 დღეა მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით თავს დაესხა უკრაინის დამოუკიდებელ რესპუბლიკას.

ქალაქ მარიუპოლს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მისი აღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რუსეთის ფედერაცია სახმელეთო გზით დაუკავშირდეს ანექსირებული ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს.

_____________

ფოტოზე: დაბომბილი მარიუპოლი. ფოტო: აზოვის პოლკი

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 20 300 ადამიანი
  • ტანკი – 773 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 002 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 376 ერთეული
  • MLRS – 127 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 66 ერთეული
  • თვითმფრინავი – 165 ერთეული
  • ვერტმფრენი – 146 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 471 ერთეული
  • გემი/ნავი – 8 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 148
  • სპეციალური აღჭურვილობა – 27
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 17 აპრილამდე სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 134 თვითმფრინავი
  • 105 შვეულმფრენი
  • 460 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2 269 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 246 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 252 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 987 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 158 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

რუსეთმა უკრაინულ ჯარისკაცებს, რომლებიც მარიუპოლში აზოვსტალის ქარხანას იცავენ, დანებება შესთავაზა.

ამავე თემაზე:

გვჭირდება იარაღი, იარაღი და იარაღი – კულებას მიმართვა ნატოს

 

1 კვირა ოკუპანტების ტყვეობაში – როგორ გადავურჩი ФСБ-ს და კადიროველებს

ვიქტორია როშჩინა ციფრული ტელევიზიის – „ჰრომადსკეს“ ჟურნალისტია, რომელმაც რუსი სამხედროების ტყვეობაში ერთი კვირა გაატარა. ვიქტორია მაშინ დააკავეს, როდესაც ალყაში მოქცეულ მარიუპოლში შესვლას ცდილობდა. რეპორტაჟში, რომელიც ჟურნალისტმა გათავისუფლების შემდეგ გამოაქვეყნა, ის დეტალურად ჰყვება თავისი დაკავებისა და პატიმრობაში გატარებული დღეების შესახებ.

______________________

„12 მარტის დილას ზაპოროჟიეში ვიყავი. გადავწყვიტე, მარიუპოლამდე მიმეღწია და იქიდან რეპორტაჟი მომემზადებინა. მიმაჩნდა, რომ ალყაშემორტყმულ ქალაქზე სიმართლე უნდა მომეყოლა. ეს ჩემი ინიციატივა იყო.

გავიგე, რომ მარიუპოლისკენ ჰუმანიტარული ტვირთი მიჰქონდათ, თუმცა მათ შეკრების ადგილას ვეღარ მივუსწარი. სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციაში დავრეკე და ვიკითხე, შემეძლო თუ არა დავწეოდი კოლონას. მითხრეს, რომ ცდად ღირდა. კერძო მძღოლი ვერ ვიპოვე, ამიტომ სხვა კოლონას გავყევი. მარიუპოლში მიმავალ ტრანსპორტს ვასილიევკასთან დავეწიეთ და გადავჯექი.

ოკუპანტების პირველი საგუშაგო იქვე, ვასილიევკაში, დაგვხვდა. რუსმა სამხედროებმა მონდომებით შემამოწმეს. ქურთუკი გამახსნევინეს, ჩანთა გაჩხრიკეს, ფოტოაპარატი დაინახეს და მკითხეს, ჟურნალისტი ხომ არ ვიყავი. დავუდასტურე. მითხრეს, რომ მარიუპოლში არაფერი მესაქმებოდა და ზაპოროჟიეში უნდა დავბრუნებულიყავი. დაათვალიერეს ტელეფონი, ფოტოაპარატი. ვერაფერი იპოვეს. ვთხოვე, მოეცათ ნება, კოლონასთან ერთად გამეგრძელებინა გზა. გამიშვეს. ღამის გასათევად ბერდიანსკში შევჩერდით.

დილით გზა განვაგრძეთ, თუმცა ქალაქის გასასვლელში ისევ გაგვაჩერეს და გვითხრეს, ბრძანებას დავლოდებოდით. გზაჯვარედინზე, საიდანაც მანგუშისკენ, ენერგოდარისა და ვასილიევკისკენ მიდის გზები, ასე ორი-სამი საათი ვიდექით. ხმა გავრცელდა, რომ არ გაგვიშვებდნენ. გვერდით რამდენიმე მანქანამ ჩაგვიარა და ქალმა მარიუპოლიდან, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფებოდა, თქვა, რომ იპოვა ადგილობრივები, რომლებსაც შეეძლოთ მარიუპოლამდე ჩავეყვანეთ. თუმცა როდესაც დანიშნულების ადგილას მივედით, მანქანები აღარ დაგვხვდა. რუსი სამხედროები გამოგველაპარაკნენ და გვითხრეს, მოგვეცადა – თუ კიდევ გამოივლიდა ვინმე, გაგვაყოლებდნენ.

ცოტა მოშორებით გავედი. ის იყო დავაპირე კოლონასთან მიბრუნება, რომ რუსი სამხედრო მომიახლოვდა და ტელეფონი მომთხოვა. მითხრა, რომ ზემოდან ჩემი შემოწმების ბრძანება მიიღო. მკითხა, ჟურნალისტი ვიყავი თუ არა. ტყუილი არ მითქვამს, ვიფიქრე, ეს უარესი იქნებოდა. WhatsApp გამახსნევინა და დაინახა კონტაქტი „СБУ ზაპოროჟიე“. მესიჯი იყო თხოვნით, გამოგვექვეყნებინა უკრაინის მხარეს გადასული რუსი სამხედროს ვიდეო.

სხვა სამხედროებთან წამიყვანა. შემდეგ, დაელაპარაკნენ მიტროპოლიტ ლუკას, რომელიც სხვა სასულიერო პირებთან ერთად მიჰყვებოდა ჰუმანიტარულ ტვირთს. როდესაც დაბრუნდნენ, მითხრეს, რომ მათ უნდა გავყოლოდი. ჩამსვეს პატიმრების გადასაყვან მანქანაში და ოთხი „კადიროველის“ თანხლებით ბერდიანსკის რაიონულ ადმინისტრაციაში წამიყვანეს.

იქ დამხვდნენ კაცები მუქ სამოქალაქო ტანსაცმელში და შავ ნიღბებში. ძალიან ახალგაზრდები მეჩვენნენ – ასე 30 წლამდე. დამიწყეს დაკითხვა, მჩხრეკდნენ, ტელეფონსა და დოკუმენტებს მიმოწმებდნენ. მეუბნებოდნენ, რომ ჟურნალისტი კი არა პროპაგანდისტი და ჯაშუში ვარ. ცდილობდნენ, თანამშრომლობაზე დავეთანხმებინე – გადამეღო მასალები რუს სამხედროებზე და ჰუმანიტარულ საქმიანობაზე. უარი ვუთხარი. ეს დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. შემდეგ ერთმა თქვა, – „ყველაფერი გასაგებია“. როგორც მერე მივხვდი, რუსეთის ФСБ-დან [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური] იყო.

ნიღბიანმა კაცმა მეორე მოიყვანა – უფროსი. როდესაც ვკითხე, ვინ იყო, მიპასუხა: „მე კაცი ვარ. შენ კი ორი ვარიანტი გაქვს: ქალების ციხე, ან დაღესტნელების ბაზა“. ვკითხე, რას ნიშნავდა ეს, თუმცა არაფერი აუხსნია. ეს კაცი რომ წავიდა, ორი ახალგაზრდა მეცა, თვალებზე შარფი შემომახვია და გარეთ გამიყვანა. ვყვიროდი, რომ ჟურნალისტი ვარ, რომ ძებნას დამიწყებენ, რომ ასე არ შეიძლება, რომ ეს არ შერჩებათ.

უშიშროების სამსახურის შენობაში წამიყვანეს. ეს უკვე შემდეგ აღმოვაჩინე.

ჩეჩნები და დაღესტნელები დაგვხვდნენ. პატარა ოთახში მომათავსეს. ერთი მაგიდა იყო, სკამი და ფანჯარა, რომელიც დახურეს და მასთან მისვლა ამიკრძალეს. მომიტანეს პლედი, რომელიც მერე იატაკზე გავშალე, რომ დამეძინა. თბილოდა. მხოლოდ ტუალეტში გავყავდი. ყველა ნივთი ჩამომართვეს. როდესაც ვეკითხებოდი, როდის გამიშვებდნენ, მპასუხობდნენ, – „როდესაც კიევს ავიღებთ“ – და ამატებდნენ, – „იმ კოლონაში მთავარი ლუკა იყო და მან შენზე უარი თქვა“.

დროდადრო დასაკითხად შემოდიოდნენ.

„ჩვენ ნამუსი არ გვაქვს, ჩვენთვის კანონები არ არსებობს“, – აცხადებდნენ ФСБ -ს თანამშრომლები. „უკრაინა აღარ არსებობს“, – ყოველდღე მეუბნებოდნენ ამას.

„სადმე აქვე რომ დაგმარხოთ, ვერავინ ვერასდროს გაიგებს და ვერც ვერავინ ვერასდროს გიპოვის“, – რამდენჯერმე მითხრეს. შიში არ მიგრძვნია, მესმოდა, რომ ეს ზეწოლის ტიპური მეთოდები იყო. ვგრძნობდი სასოწარკვეთას გაურკვევლობის და იმის გამო, რომ დრო გადიოდა და ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებდი.

„***ზე გვკიდია, რომ ჟურნალისტი ხარ და გოგო ხარ“, – მიყვიროდნენ, თუმცა იმასაც ვხვდებოდი, რომ ეს ასე არ იყო. მათ მაინც აკავებდა ის, რომ ჟურნალისტი ვიყავი.

„ფე-ეს-ბეშნიკების“ ყოველდღიურ ფსიქოლოგიურ ზეწოლას „კადიროველები“ თავისას უმატებდნენ. მუდმივად მაკონტროლებდნენ და მარწმუნებდნენ, რომ თანამშრომლობაზე უნდა წავსულიყავი. „ესენი სერიოზული ხალხია და ასე უბრალოდ არ გაგიშვებენ. დათანხმდი მათ პირობებს, შენ ხომ ასეთი ახალგაზრდა ხარ, თორემ სამუდამოდ აქ მოგიწევს ჯდომა“, – და ამატებდნენ, – „აქ ჩვენ ვართ ძალა, ისინი კი – გონება“.

საჭმელი მოჰქონდათ, თუმცა უარს ვამბობდი. პირველ დღეებში, რაც ზაპოროჟიედან მქონდა წაღებული, ის ვჭამე. როცა გამითავდა, ტკბილ ჩაის ვსვამდი. ვგრძნობდი, როგორ მეცლებოდა ძალა. წამოდგომა მიჭირდა უკვე. ბოლოს რომ მოვიდნენ, უკვე ვეღარ ვდგებოდი ფეხზე და მაინც ჯიუტად ვითხოვდი გათავისუფლებას. როდესაც ხმამაღლა დავიყვირე, ერთ-ერთმა ჩეჩენმა დამარტყა, – „სახლში არ ხარ და ტონს დაუწიე“.

მათ შორის იყვნენ ისეთები, ვინც ცოტა ადამიანურად იქცეოდა. მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ, როგორ ვიყავი. მთავაზობდნენ, რამე მეჭამა და შიმშილით თავი არ მომეკლა.

ვითხოვდი, მოეცათ საშუალება, დამერეკა. უარს მეუბნებოდნენ.

ბოლოს, ჩინოვნიკებმა თქვეს, რომ ჩემთან „ნეიტრალურ ინტერვიუს“ ჩაწერდნენ და ამის მერე გამიშვებდნენ. მე ხაზი გავუსვი, რომ არაფრის მოგონებას არ დავიწყებდი, დამთანხმდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, მოვიდნენ კამერით, დაწერილი ტექსტი მომცეს და მომთხოვეს წამეკითხა. არ ვეთანხმებოდი ფორმულირებას „სიცოცხლის გადარჩენის მაღალი ალბათობა“, თუმცა ვიდეოს ჩაწერაზე დავთანხმდი. იქ უკვე აღარ იყო ის მოთხოვნები, რაც მანამდე წამომიყენეს – პირდაპირ რუსეთის მხარდაჭერა და უკრაინის დადანაშაულება.

როდესაც ვიდეოს ჩაწერას მოვრჩით, სხვა ადგილას გადამიყვანეს. გზაში გაჰყვიროდნენ, რომ ციხეში მივყავდი. ეს იყო ბერდიანსკის კოლონია. მხოლოდ დოკუმენტები მომცეს.

ტელეფონი და ფოტოაპარატი „პროპაგანდისტული საქმიანობის ინსტრუმენტებად“ გამოაცხადეს და მათ დაბრუნებაზე უარი თქვეს. ღამე რუსი სამხედროს ოთახში გავათენე. ვითომ, ჩემს დასაცავად იყო იქ. ღამით შუქი გამორთეს, ძალიან აცივდა, რადგან გამათბობელიც გამოირთო.

ჩართული ფანრით ვიწექი და დილამდე საათებს ვითვლიდი. იმ ჯარისკაცმა მითხრა, რომ ვინც მე მკითხავდა ФСБ -ს თანამშრომლები იყვნენ. ისიც მითხრა, რომ ეშინოდა, ღამე არ მომეკლა. მეკითხებოდა, – „ჩვენ ოკუპანტებად მიგაჩნივართ?“, – მერე უკრაინის გერბი და დროშა დამიწყო წინ, – „ეს იმისთვის, რომ მშვიდად იყო. ხომ ხედავ, არ დაგვიმტვრევია“.

დილით თვალები ისევ ამიხვიეს, კოლონიის ტერიტორიიდან გამიყვანეს და მიმანიშნეს მიმართულება, საით წავსულიყავი. უახლოეს გაჩერებამდე და საევაკუაციო ბაზამდე მივედი, მეორე დღეს კი საევაკუაციო კოლონასთან ერთად უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავედი.

მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ჩემ გამო ღელავდა და მეძებდა“.

____

თარგმნა თამარ რუხაძემ

მთავარ ფოტოზე: ვიქტორია როშჩინა

რატომ ებრძვის „ალტ-ინფოს“ ისტორიის მასწავლებელი გურიიდან

„იმედგაცრუებული ვარ ჩემი ბევრი კოლეგის გამო, რადგან პედაგოგები, სამოქალაქო აქტივიზმის თვალსაზრისით, ყველაზე ინერტული და მდუმარე ფენაა საქართველოში“- ამბობს ირმა გორდელაძე, ლიხაურისა და ბაილეთის საჯარო სკოლების ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელი და გარემოსდამცველი. ირმა აქტიურადაა ჩართული პრორუსული მოძრაობების წინააღმდეგ. ბოლო თვეა საზოგადოებამ იგი სწორედ ამ ბრძოლისას გაიცნო.

  • ქალბატონო ირმა, ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად ხართ ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში. რატომ გახდა ეს აუცილებელი?

დღეს ქართული საზოგადოება დაყოფილია პარტიული ნიშნით, რაც არასწორია, რადგან ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მივეკუთვნებით. ჩვენ, მოქალაქეებს, გვაქვს ჩვენი როლი და ფუნქცია და ეს ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ.

ის ადამიანები, ვინც ჩართული ვართ მოძრაობაში „თავისუფლებისთვის“, ჩვენს სამოქალაქო მნიშვნელობას კარგად ვაცნობიერებთ. განსაკუთრებით ახლა, როცა ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო  საკითხები წყდება.

მოქალაქეები უნდა გავერთიანდეთ და გამოვხატოთ ჩვენი სამოქალაქო პოზიცია.

ჩატეხილი ხიდის თემა ჩვენს საზოგადოებაში, დაპირისპირება, კარგს არაფერს მოგვიტანს და არც არასდროს მოუტანია, ამიტომ სტერეოტიპები ამასთან მიმართებაშიც უნდა დავამსხვრიოთ. სხვა გზა არ გვაქვს. თანაც, სამოქალაქო აქტივიზმი ყოველთვის აღწევს შედეგს და ყველაზე მეტი ნდობა აქვს მოსახლეობაში.

  • დღეს საკმაოდ დიდი ნიჰილიზმია ქვეყანაში, მათ შორის პოლიტიკური პროცესების მიმართ. თქვენ როგორ არწმუნებთ ადამიანებს, რომ დღეს, ახლა, აი, ამ მომენტშია მათი აქტიურობა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი? 

ბუნებრივია, დასაწყისში თანამოაზრეებს იკრებ და ძალიან მიხარია, რომ ჩემს ირგვლივ, ჩემს გუნდში, ძალიან ბევრი ენერგიით სავსე ახალგაზრდაა და ვცდილობთ სხვებსაც გადავცეთ ეს მუხტი. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოგვდის ეს.

ზოგადად, თბილი და იუმორით სავსე ადამიანი ვარ, მაგრამ როდესაც ვხედავ უსამართლობას და არასწორ პოზიციას, აი მაშინ ვფეთქდები.

  • რა არის არასწორი პოზიცია, თქვენი შეფასებით?

ჩემთვის არასწორია მოღალატეობრივი პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფიციალური დაფუძნება ქვეყანაში. მათ კიდევ უფრო მეტი დაპირისპირების გამოწვევა შეუძლიათ ისედაც დაპირისპირებულ და გათიშულ საზოგადოებაში.

ასევე, რუსეთისთვის პლაცდარმის კიდეც ერთხელ მომზადება და გამყარებაა არასწორი, „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელები ხომ ამას ქადაგებენ, რომ ჩვენ კი არ უნდა ვეომოთ რუსეთს, არამედ უნდა „დავალაგოთ“ თურმე ურთიერთობები, მივიღოთ ოკუპანტი, თურმე გარიგებები უნდა დავდოთ მასთან, რაც აბსურდია, რადგან რუსეთის იმპერიასთან არანაირი გარიგება და მოლაპარაკება არ ჭრის და ძალიან მწყდება გული, რომ დღეს ბევრ ქართველს დაავიწყდა, თუ რა დაგვმართა რუსეთმა და რასაც აკეთებს ახლა უკრაინაში.

როგორ შეიძლება ამ ხალხთან გარიგება? იმპერია უნდა დაიშალოს.

ჩვენი აქტიურობით ამ ძალების, მათი აგენტების ფეხის მოკიდებას ვეწინააღმდეგებით, პრორუსულ მოძრაობებს ვეწინააღმდეგებით და კიდევ ერთხელ ვიცავთ ქვეყნის თავისუფლებას, გვინდა ამისთვის დავრაზმოთ მოქალაქეები.

  • თქვენ ამბობთ, რომ ხშირად ავიწყდებათ ქართველებს ვინ არის რუსეთი. თქვენ პედაგოგი ხართ, როგორ ასწავლის დღეს სკოლა ისტორიას ახალგაზრდებს ვინ არის რუსეთი?

მე პირადად ისე ვასწავლი რუსეთზე, როგორც ყველა სხვა დამპყრობელზე, ვინც ცდილობდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაქრობას.

თურქ-სელჩუკების შემოსევაა, მონღოლების, ოსმალების თუ რუსეთის იმპერიის, ვინ რა გვავნო, ყველაფერი უნდა ვასწავლოთ სწორად.

რუსეთის იმპერია ჩვენი ბოლო დამპყრობელია. მან ყველაზე დიდი იმპერიული წნეხის ქვეშ მოგვაქცია და ყველაზე მეტად ჩაგვინერგა კოლონიური აზროვნება, რომ თითქოს ჩვენ რუსების გარეშე არ შეგვიძლია არსებობა. მითი რუსეთის უძლეველობაზე, ეს მენტალობა, ჯერ კიდევ შემორჩენილია ჩვენში.

მე ვასწავლი, რომ ოკუპანტს აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი, გავმთლიანდეთ სიყვარულით და ვიშრომოთ ჩვენი ქვეყნისთვის. სწორ ბანაკში უნდა შევიდეთ და ამის მაგალითებიც გვაქვს ისტორიაში, როცა საქართველო, ჩვენი მეფეები ახერხებდნენ სწორ ბანაკში ყოფნას და ამით გადავრჩით კიდეც ფიზიკურად.

  • როცა ამბობთ, რომ რუსებთან არანაირი გარიგების დადება და მათთან შეთანხმება არ შეიძლება, რა მაგალითებით ამყარებთ ამას?

დაწყებული გეორგიევსკის ტრაქტატიდან, ტოტლებენის შემოსვლით, ყველაფერი გააკეთა ცარისტულმა რუსეთმა იმისთვის, რომ დაგლახავებული ქართლ-კახეთი ჩაეგდო ხელში. გააუქმა ყველა სამეფო, სამთავრო და დაიპყრო საქართველო. ამას მოჰყვა დიდი მღელვარებები ჩვენგან, მაგრამ შემდეგ უკვე არისტოკრატია გადაიბირა, ჩინ-მედლები დაკიდა მათ და არისტოკრატიამაც ამ ჩინ-მედლებზე გაცვალა მაშინ საქართველო. ამიტომ დაიწყო თაობათა შორის ბრძოლა ორბელიანსა და ილიას შორის. ის ადამიანები, რომლებიც 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობდნენ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, შემდეგ რუსის გენერლები გახდნენ და საკუთარი ხალხის აჯანყებას ახშობდნენ.

ასე რომ, იცვლება საუკუნეები, მაგრამ არ იცვლებიან რუსები, იგივე ხერხს იყენებენ ახლაც. ზუსტად იგივე ქართველებზე, ანუ გაბატონებულ, ოლიგარქიულ ფენაზე დაყრდნობით ცდილობენ კვლავ მოიკიდონ ფეხი ჩვენს ქვეყანაში. ამის მაგალითი იყო ასი წლის წინ ბოლშევიკური პარტიისთვის ლეგალური არსებობის უფლების მიცემა, რასაც მოჰყვა წითელი დროში აფრიალება 1921 წლის თებერვალში და დავთმეთ თავისუფლება.

იგივე საშიშროების წინაშე ვდგავართ ახლაც.

  • როგორც კადრებში ვხედავთ ხოლმე, თქვენ ყოველთვის ცდილობთ მიხვიდეთ საპირისპირო მხარეს მდგომ ადამიანებთან, უშუალოდ ელაპარაკოთ მათ. რა აზრის ხართ მათზე, ვინ არიან ეს ადამიანები, ვისზეც ამბობთ, რომ რუსეთზე სურთ ჩვენი ქვეყნის გადაცემა? თქვენი აზრით, რამდენად გააზრებული აქვთ, რას უწყობენ ხელს?

ეს კატეგორია არის ეკლესიის მრევლი და „მამაოების“ მიერაა დამუნათებული. ვიცით, რომ რუსეთის აგენტურა ყველაზე მეტად მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშია ჩაბუდებული.

საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო სულიერი საყრდენი და ერის მთლიანობის ხელშემწყობი ქვეყანაში, სახელმწიფოებრივად მოქმედებდნენ და აზროვნებდნენ და გვაქვს ამის მაგალითები ისტორიაში, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, რუსეთის აგენტურას ძალიან აქვს ფეხი მოკიდებული ქართული ეკლესიის ნაწილში მაინც, ამიტომ ეს მღვდლები ამბიონიდან თავიანთ მრევლს ამუნათებენ, რომ არ გვინდა ევროკავშირი, იმიტომ რომ იქ ლგბტქ-ები არიან და ტყუვდება მრევლიც.

ჩვენ ამ ადამიანებს ვუხსნით და ვეუბნებით, რომ ევროპა არის სტაბილური პოლიტიკა, სტაბილური ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, ჩვენი მშვიდობა, დაქცეული ქვეყნის განვითარება, რომ ამ ბანაკში შესვლით იდენტობას და კულტურას კი არ ვკარგავთ, პირიქით, ქვეყანას გადავარჩენთ. 

ამ დროს პარალელს ვავლებთ რუსეთთან ან ვითომდა ,ერთმორწმუნესთან“, რომელმაც ეკლესიები დაგვინგრია, ტერიტორიები წაგვართვა, ჩვილ ბავშვებს აუპატიურებს, ჩვენთანაც ასე იქცეოდა, როგორც უკრაინაში დღეს და ათასი უბედურება გააკეთა. ამიტომ მასთან გარიგება და ურთიერთობა წარმოუდგენელია. ეს არის ბოლო იმპერია მსოფლიოში, რომელიც უნდა ჩამოიქცეს.

  • რას გპასუხობენ ისინი, როცა ამაზე ესაუბრებით?

მერე რა, რომ რუსეთი ოკუპანტიაო. ან გვეუბნებიან – „თქვენ ხართ „ნაცები“. რუსეთის მოწინააღმდეგე ყოფილა მარტო „ნაცი“. ჯერ ერთი არაფერია სამარცხვინო  იმაში, რომ ვიღაც არის „ნაციონალი“, მაგრამ ამით ისინი ჩვენი სამოქალაქო აქტივიზმის დისკრედიტაციას ცდილობენ.

ჩვენ იმიტომ ვასაჯაროებთ მათ სახეებს და მათ განცხადებებს, რომ ყველამ დაინახოს და გაიგოს, როგორ არასწორად აზროვნებენ ისინი.

ჩვენს აქციაზე შეიძლება „ნაციც“ იდგეს და სხვა პარტიის წარმომადგენელიც, ოღონდ როგორც მოქალაქე. გვინდა, რომ ამ სტერეოტიპის მსხვრევასაც შევუწყოთ ხელი, რადგან არის მომენტი, როდესაც აუცილებელია მოქალაქეების ერთობა რაღაც საკითხთან დაკავშირებით.

  • ფაქტობრივად დღეს გვიწევს რუსეთთან ჰიბრიდულ ომში ბრძოლა. როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ამ ომის მოსაგებად, რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი?

მე, როგორც მოქალაქე, მივიჩნევ, რომ პირველ რიგში აუცილებელია „ალტ-ინფოს“ მაუწყებლობის აკრძალვა და როგორც ვიცი, ამაზე რამდენიმე ოპოზიციური პარტია მუშაობს. საერთოდ უნდა აიკრძალოს პრორუსული პარტიების მოქმედება ქვეყანაში და რა თქმა უნდა, გასაძლიერებელია სამოქალაქო მოძრაობები ყველა რეგიონში.

საინფორმაციო ომი დაწყებული გვაქვს პრორუსი ძალების წინააღმდეგ და უნდა მოხდეს ამ ქსელის გაერთიანება და გაფართოება. რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა დაიდოს, მეტი ადამიანი უნდა გამოაშკარავდეს პრორუსი დაჯგუფებებიდან, რომ იცოდნენ ადამიანებმა, ვინ არის ეს ხალხი და ვინ მიათრევს ჩვენს ქვეყანას რუსეთში.

ჩვენი აქტიურობის შედეგად ბევრ ადამიანს მიეცა ამის შესაძლებლობა, ბევრს აეხილა თვალი და ვინც ყოყმანობდა და ნეიტრალური იყო, გადაიფიქრეს მათთან გაწევრიანება. მთავარია, ფეხი არ მოიკიდონ პრორუსულმა ძალებმა, რადგან მათი მიზანია, რომ მოვიდნენ მთავრობაში. „დავალაგებთ რუსეთთან და თქვენ ყველას დაგხოცავთ“- ასე გვეუბნებიან. აი, ასეთი ფაშისტური განცხადებები აქვთ და ეს საშიშროება რეალურია.

რაც შეიძლება მეტად უნდა გაშუქდეს ეს ინფორმაცია, რომ საზოგადოებამ გაიგოს რა საშიშროებასთან გვაქვს საქმე. აქ მარტო „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისებზე ხომ არ არის საქმე, სინამდვილეში, ბოლშევიკური პარტია ყალიბდება ქვეყანაში, რომელსაც უნდა მთავრობაში მოსვლა, რომ ქვეყანა გადასცეს რუსეთს. ეს საფრთხე არის რეალური და ამას მწვანეს უნთებს ხელისუფლება.

ჩვენ რუსეთზე გადასაცემი ქვეყანა არ გვაქვს.

  • თქვენი აზრით, რა არის საჭირო კოლონიური აზროვნების შესაცვლელად? როგორ უნდა იმუშაოს საზოგადოებამ ან რა ნაბიჯებია საჭირო, მათ შორის, ხელისუფლებისგან?

ხელისუფლება უნდა იდგეს სახელმწიფოებრივი ინტერესების მხარეს, მაგრამ ვინაა დღეს ხელისუფლება? თვითონ ხელისუფლების პოლიტიკაა რუსული. ამიტომ ხელისუფლება არანაირად არ შეუშლის ხელს ასეთი პარტიების ზრდას და მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ამაშია საქმე, რომ წყალი იმღვრევა ზევიდან.

ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვებრძვით ამ პატარა ოფისებს, ანუ მათ საცეცებს, მაგრამ მთავარი ცვლილება საჭიროა ზემოთ. ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ აკრძალოს მოღალატე პარტია და შეცვალოს ქვეყნის საზიანო პოლიტიკა.

 თავისუფლებაში დაბადებული, თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდების უმრავლესობა ჩვენს გვერდითაა, მათ იციან რა არის ევროპა, რა არის სტაბილურობა, რა არის ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, დასაქმება, მეორე მხარეს კი ვხედავთ საბჭოთა, კოლონიური მენტალობის ადამიანებს, რომლებიც იმ ეპოქაში არიან ჩარჩენილი.

კიდევ ის თემაა, რომ მთელი ათი წელია ქვეყანა დაიღალა „ნაცებსა“ და „ქოცებს“ შორის დავით და ბევრს ჰგონია, რომ გამოჩნდა მესამე ძალა. ესენიც მოსული არიან ჯვრებით, ეს ანაფორიანი მღვდლებიც ძალიან მოწადინებული დაჰყვებიან და შეცდნენ ადამიანები. 

ცოტაა რეალური ინფორმაცია ევროპაზე, ევროპულ ღირებულებებზე საზოგადოებაში და ვფიქრობ, ამ კუთხით კიდევ მეტია სამუშაო.

ნებისმიერი პროტესტი, ნებისმიერი მოძრაობა არის დღეს მნიშვნელოვანი. ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს და მიხვდეს, რომ ასე ადვილად ვერ გადააბარებს ვერავის ქვეყანას და რომ ვარსებობთ ქვეყანაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები.

ხელისუფლებაც ცდილობს დღეს გააშავოს სამოქალაქო აქტივიზმი და იძახის – „ეგენიც ნაცებია“. ისინი ყველანაირად შეეცდებიან საკუთარი სკამების, ქონების შენარჩუნებას.

ისტორიულადაც ხომ ასე იყო, ირანელი ან მონღოლი როცა შემოდიოდა, გარიგებას მდიდრებთან დებდა, თქვენ სტატუსებს, ქონებას შეგინარჩუნებთ და მოგვეცით ქვეყანაო. მიდგომა იგივეა ახლაც. ამ დროს რა უნდა გავაკეთოთ, თუ არა ის, რომ პროტესტი იყოს საყოველთაო, რომ არასწორი გზით არ წავიდეს ქვეყანა და მთავრობაც ვაიძულოთ სწორი ნაბიჯები გადადგას.

  • როგორც ვიცით, ორ მასწავლებელს იცნობთ, რომლებიც პრორუსულ მოძრაობაში არიან. რას ფიქრობთ მათზე, რას შეიძლება ასწავლიდნენ ისინი ბავშვებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაზე?

ეს ის ადამიანები არიან, 9 აპრილს სამშობლოს რომ იცავდნენ. ხვდებით ხომ როგორი დეგრადაცია გვაქვს ქვეყანაში?  ეს კითხვა დავუსვი მეც იმ მასწავლებლებს, აწი როგორ უნდა ასწავლოთ „ბედი ქართლისა“, ილია ან ჯავახიშვილი მოსწავლეებს-მეთქი.

  • რა თქვეს?

არაფერი. რას მეტყვიან…

ზოგადად, ჩემი კოლეგები, პედაგოგები ყველაზე მეტად მიცრუებენ იმედებს, რადგან სამოქალაქო აქტივიზმის თვალსაზრისით ყველაზე ინერტული ფენაა. ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვან დროს, სახელმწიფოებრივ საკითხებში ეს ფენა არის მდუმარე.

  • რატომ, როგორ ფიქრობთ?

ან დაშინებული არიან, ან არასწორად აზროვნებენ, ან გათვითცნობიერებული არ აქვთ თავიანთი როლი საზოგადოებაში.

წარმოიდგინეთ, 65 ათასი მასწავლებელია ქვეყანაში, 3-4 ადამიანი მაინც ჰყავთ ოჯახში, ხომ? მთელ მოძრაობას შექმნიან, რომ მოინდომონ, მაგრამ არ შვრებიან. მარტო ფეისბუკზე რაღაცების დალაიქება არ არის საკმარისი. ოთხი მასწავლებელი ვიყავით აქციაზე ოზურგეთში.

  • რა არის ის მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიოს სამოქალაქო მოძრაობამ „თავისუფლებისთვის“?

ჩვენ ვეცდებით, რომ ალტ-ინფოს პარტიის ოფისები ავკრძალოთ, თუნდაც ჩვენთან, გურიაში, გავაგრძელოთ საინფორმაციო ბრძოლა და სამოქალაქო მოძრაობა კიდევ უფრო გავაღვივოთ რეგიონებში. აუცილებლად უნდა დავუკავშირდეთ სხვა აქტივისტებსაც და ვეცდებით, რომ ჩვენი როლი და ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიციები გავზარდოთ. და დავასრულოთ ადამიანების პარტიული ნიშნით დაყოფაც, რადგან ეს ღუპავს ქვეყანას.

დღეს კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში – ნადირაძე

დღეს, 16 აპრილს, უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. პირველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ ერთ-ერთმა ქართველმა მებრძოლმა ვანო ნადირაძემ ინფორმაცია 15:29 საათზე გაავრცელა, მოგვიანებით კი, დაახლოებით 17:30 წუთზე, მან ფეისბუკზე კიდევ ორი მებრძოლის შესახებ დაწერა.

პირველად არკადი კასრაძის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, მოგვიანებით კი ზაზა ბიწაძესა და ალიკა ცაავაზე.

ვანო ნადირაძის ინფორმაციით, მძიმედაა დაჭრილი კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი.

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში სულ 9 მებრძოლია დაღუპული.

მთავარი ფოტო: უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები.

______________

ამ თემაზე:

„უკრაინაში 2 მებრძოლი დაგვეღუპა“ – ირაკლი ოქრუაშვილი

 

 

დემოკრატია ვერ გაიმარჯვებს ამ თამაშით. უკრაინას სჭირდება იარაღი. ახლა. – პოდილიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე უკრაინისთვის კვლავ მძიმე იარაღის მიწოდების საჭიროებაზე წერს.

„უკრაინა ევროპას სთხოვს იარაღს. ევროპელები მხარს უჭერენ მათი მთავრობებისთვის მიმართვას. ევროკავშირი უკრაინას აწვდის იარაღს, არა იმას, რომელიც ჩვენ ვითხოვეთ. შეიარაღების ჩამოსვლას ძალიან დიდი დრო მიაქვს. დემოკრატია ვერ გაიმარჯვებს ამ თამაშით. უკრაინას სჭირდება იარაღი. არა ერთ თვეში. ახლა“ – წერს პოდოლიაკი ტვიტერზე.

უკრაინა რუსეთის თავდასხმიდან დღემდე ითხოვს პატრნიორებისგან იარაღის, მათ შორის, მძიმე იარაღის მიწოდებას რუსეთის ოკუპაციის შესაჩერებლად.

ამავე თემაზე: 

გვჭირდება იარაღი, იარაღი და იარაღი – კულებას მიმართვა ნატოს

რა სამუშაოს სთავაზობენ სოციალურად დაუცველებს და რამდენი ვაკანსიაა აჭარაში

აჭარაში, სოციალურად დაუცველი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სურთ დასაქმება, 15 აპრილის მონაცემებით, 2 600-მდე ვაკანსიაა. ამ დროისთვის კი, სულ გაფორმებულია 480-მდე სოციალური ხელშეკრულება.

„ვაკანსიები ძირითადად არის დასუფთავების, მეეზოვის, საბავშვო ბაღში ძიძის დამხმარის, დარაჯის, დამხმარე პერსონალის, კურიერის და გამწვანების თანამშრომლის პოზიციაზე.

რაც შეეხება ანაზღაურების ნაწილს, საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულებისთვის გაიცემა სოციალური გასაცემელი, თვეში არაუმეტეს 300 ლარისა, რომელიც არ იბეგრება და ირიცხება იმავე საბანკო ანგარიშზე, სადაც ირიცხება მიზნობრივი სოციალური შემწეობა“ – მოგვწერეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან.

სააგენტოს ინფორმაციით, „აჭარის რეგიონში ვაკანსიები ძირითადად წარმოდგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებიდან. ასევე, ვაკანსიები აქვს წარმოდგენილი აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს, ჯამში წარმოდგენილია 2 600-მდე ვაკანსია.

კერძოდ:

  • ბათუმის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილია 1200-მდე ვაკანსია;
  • ქედის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე – 110-მდე ვაკანსია;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტში – 350-მდე ვაკანსია;
  • შუახევის მუნიციპალიტეტში – 300-მდე ვაკანსია;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 100-მდე ვაკანსია;
  • ხულოს მუნიციპალიტეტში – 500-მდე ვაკანსია.

ამავე სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით:

აჭარის რეგიონში ამ დროისთვის ჯამში გაფორმებულია 480-მდე სოციალური ხელშეკრულება.

აჭარაში საზოგადოებრივი სამუშაოების მომწოდებლები, ვინც უკვე გაუფორმა სოციალური ხელშეკრულება პროგრამის მოსარგებლე პირებს ძირითადად არიან:

  • ბაღების გაერთიანებები,
  • შუახევის მუნიციპალიტეტი,
  • ა[ა]იპ ხულოს მუნიციპალური სერვისი;
  • შპს ,,სანდასუფთავება“,
  • ა[ა]იპ ხელვაჩაურის სასაფლაოები,
  • შპს „ხელვაჩაურის წყალკანალი“,
  • ა[ა]იპ – „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“,
  • მუნიციპალური სერვისების სააგენტო და სხვა.“

დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა. 4 აპრილს კი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 20 000 საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსია იყო დარეგისტრირებული.

ინფორმაცია, თუ რომელი მუნიციპალიტეტის/უწყების/ორგანიზაციის მიერ და რამდენი ვაკანსიაა იყო გამოცხადებული და რა სამუშაოებზე, „ბათუმელებმა“ იმავე დღეს გამოითხოვა დასაქმების სააგენტოდან.

სააგენტომ პასუხი 15 აპრილს მოგვწერა, თუმცა დეტალური ინფორმაცია ვერ მივიღეთ [მეტ-ნაკლებად დეტალური ინფორმაცია მხოლოდ აჭარასთან მიმართებაში მოგვაწოდეს].

„მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში ვაკანსიების უმეტესობა წარმოდგენილი აქვს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და ადგილობრივ თვითმმართველობებს“ – მოგვწერეს სააგენტოდან.

დასაქმების პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებს.

[toggle title=”ვრცლად სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით:

  • „პროგრამის ბენეფიციარები, 18 წლის და უფროსი ასაკის, შრომისუნარიანი პირები არიან, ვისი ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს და იღებენ მიზნობრივ სოციალურ დახმარებას.
  • დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.
  • საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და 300 ლარს შეადგენს. საზოგადოებრივი სამუშაოს შესრულებისთვის გაცემული თანხა წარმოადგენს სოციალურ გასაცემელს, რომელიც არ იბეგრება.
  • საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. სამუშაოს მომწოდებლები კი სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობები არიან.
  • საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში ახალი ვაკანსიების რეგისტრაცია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
  • დასაქმების პროგრამაში ჩასართავად, ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვის ცენტრებს
  • თუ სოციალურად დაუცველ პირს დასაქმება არ სურს, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სტატუსის განსაზღვრა ყოველწლიური გადამოწმების შედეგების საფუძველზე მოხდება. თუმცა, მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ნებისმიერ დროს შეეძლება.
  • პროგრამაში ჩართვის მსურველებს, დამატებითი ინფორმაციისთვის, სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 05 დაკავშირება შეუძლიათ.“

[/toggle]

ამავე თემაზე:

ვინ ისარგებლებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამით – მთავრობის ახალი დადგენილება

რუბეჟნოიში კიდევ 1 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 1 კი დაიჭრა – ნადირაძე

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის ინფორმაციით, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში მიმდინარე ომში.

„ქართველ პარტიზანებს და ჩვენ საძმოს მძიმე დღე გვაქვს, დაგვეღუპა არკადი კასრაძე და მძიმედ დაგვეჭრა ზურა მუშუქია“, – წერს ვანო ნადირაძე.

მისი ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი რუბეჟნოიში გაწმენდის დროს დაიღუპა.

არკადი კასრაძის დაღუპვამდე, რუსეთ-უკრაინის ომში 6 ქართველი მებრძოლი იყო სულ დაღუპული. სამი მებრძოლი ირპინთან ბრძოლებში დაიღუპა, ერთი მარიუპოლში, ორი მებრძოლი კი იზუმთან დაიღუპა.

_________________

ამავე თემაზე:

„უკრაინაში 2 მებრძოლი დაგვეღუპა“ – ირაკლი ოქრუაშვილი

რაც მევალებოდა, ყველაფერი გავაკეთე – ღარიბაშვილი უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე

დღეს, 16 აპრილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ მიდიან ხელისუფლების წარმომადგენლები უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების სამძიმარზე, განაცხადა, რომ ის ყველაფერს აკეთებს, როგორც ხელისუფალი და სხვა ყველაფერი სპეკულაციაა.

„მე კიდევ ერთხელ გირჩევთ…. დაღუპული მეომრების სახელით სპეკულირება არის უზნეო საქციელი.

რაც მევალებოდა მე, როგორც ხელისუფალს და მთავრობას, ყველაფერი გავაკეთე. დაწყებული მათი გადმოსვენებიდან, მათი ღირსეული სამხედრო წესით და პატივით დაკრძალვით [დასრულებული].

დანარჩენი  ყველაფერი უბრალოდ არის სპეკულაციები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“ – თქვა ღარიბაშვილმა.

მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, საბრძოლო მოქმედებებს უკვე ექვსი ქართველი მებრძოლი შეეწირა.

22 მილიონი ლარი ფრიდონ ხალვაშის გამზირის სარეაბილიტაციოდ – ტენდერი გამოცხადებულია

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის სარეაბილიტაციოდ საქართველოს ბიუჯეტიდან 22 206 512 ლარია გამოყოფილი. რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის დაახლოებით 4,1 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთს – ანგისიდან [აეროპორტის გზატკეცილიდან] დაბა ხელვაჩაურამდე.

სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2022 წლის 12 მაისს დაიწყება და ხუთ დღეში, 17 მაისს დასრულდება.

პირობის მიხედვით, „მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 7 თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებამდე. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში, ტექნოლოგიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა შესაძლო სამშენებლო მოედნის ორგანიზებით.“

ამასთან, „სამუშაოების წარმოებისას გზაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრანსპორტის მოძრაობა, რის გამოც სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად, ჯერ გზის ერთ ნახევარზე, მეორე ნახევარზე ტრანსპორტის მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი პირიქით [გარდა ხიდური გადასასვლელების მოწყობისა].

პროექტში აღნიშნულია, რომ გზის სარეაბილიტაციო მონაკვეზე არის ორი ხიდური გადასასვლელი და საჭიროა ორივე მათგანის დემონტაჟი და ახლის მოწყობა, რადგან ისინი არ შეესაბამება საპროექტო გზის პარამეტრებს [ერთი ხიდია ხევზე-ბატალიისწყალი, მეორე კი მდინარე მეჯინისწყალზე].

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით:

  • გზის სავალი ნაწილის სიგანე მუდმივია და შეადგენს 13.5 მეტრს;
  • ტროტუარები დაპროექტებულია არსებული სიტუაციის ოპტიმალურად გამოყენების პრინციპით;
  • ტროტუარებზე ასასვლელებში შშმ პირთათვის მოეწყობა პანდუსები;
  • დამონტაჟდება 6 შუქნიშანი [მესხეთის, ხახულის, ბეთლემის, პკ.18+20 საქვეითო, მაჭახელას და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მიერთებასთან];
  • მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები;
  • ნაგვის ურნების დასადგმელად გათვალისწინებულია სათანადო ჯიბეების მოწყობა სავალი ნაწილის გარეთ;
  • სანიაღვრე ქსელი საჭიროებს ხელახლა მოწყობას, გასაზრდელია სანიაღვრე ჭების საერთო რაოდენობა, მოსაწყობია ახალი სანიაღვრე მილები სათანადო დიამეტრებით;
  • სავალი ნაწილი დაიფარება ასფალტბეტონის რამოდენიმე ფენით.

[toggle title=”გზის არსებული მდგომარეობის სანახავად დააწკაპუნეთ აქ”]

„საპროექტო ქუჩის დღევანდელი ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. აქ არსებული ასფალტბეტონის საფარი ძლიერ დაზიანებულია, შეიმჩნევა დაუშვებელი ზომის ორმოები, სავალი ნაწილი დეფორმირებულია, ინტენსიურადაა წარმოქმნილი გრძივი და განივი ბზარები, ხოლო გახშირებული ბადისებური ბზარების გამო საფარის გარკვეული ნაწილი დაშლის პროცესშია. ამავდროულად დარღვეულია განივი ქანობი, ბორდიურები და ტროტუარები ამორტიზებულია, მოშლილია სანიაღვრე სისტემა.

ყოველივე ამის გამო წვიმიან ამინდებში მუდმივად ხდება წყლების დაგროვება სავალ ნაწილზე, რომლის გაშრობის ბუნებრივი პროცესი დიდხანს გრძელდება.

გარდა ამისა არსებული საკომუნიკაციო ჭების თავსახურების უმრავლესობა არ დგას სათანადო ნიშნულზე (ჩავარდნილია ან ამოწეულია), აგრეთვე ჩაძირულია/არ არსებობს ბორდიურები.

ზემოთხსენებული დეფექტებიდან გამომდიარე მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილება წარმოებს გარკვეული შეფერხებებით. მოძრაობის პროცესი განსაკუთრებით რთულდება წვიმიან ამინდებში, რა დროსაც ადგილი აქვს ინტენსიური საცობების წარმოქმნას. ყოველივე ეს კიდევ უფრო ამძიმებს ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას.

ადგილობრივ მაცხოვრებლებს მუდმივად ხმაურში და დაბინძურებულ გარემოში უწევთ ყოფა-ცხოვრება, ხოლო ქვეითად მოსიარულეები განიცდიან მუდმივ დისკომფორტს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დღის წესრიგში დადგა მოცემული მონაკვეთის კაპიტალური შეკეთების სამუშაოების განხორციელების აუცილებლობა,
რადგანაც იგი უნდა დაუკავშირდეს ამჟამად მშენებარე ბათუმის შემოვლით გზას და გახდეს ცენტრალური ქუჩა ქალაქ ბათუმში შესასვლელად.“

წყარო: სატენდერო დოკუმენტები

[/toggle]

 

„ბათუმელები“ ფრიდონ ხალვაშის გამზირის რეაბილიტაციის საკითხით ერთი წლის წინაც დაინტერესდა, თუმცა, მაშინ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში სამუშაოების დაწყების თარიღი ვერ დაგვისახელეს.

„გამზირის რეაბილიტაცია დამთავრდება ბათუმის შემოვლითი გზის დასრულების პერიოდში.“ – გვითხრეს მაშინ დეპარტამენტში.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა კი, დეპარტამენტის ინფორმაციით, 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე:

ქუჩების მონაკვეთები ბათუმში, სადაც ბეტონს დააგებენ – ბიუჯეტიდან 1 მილიონია გამოყოფილი

„ტელეგრამის“ მფლობელმა „ფორბს“ სთხოვა, აღარ უწოდონ რუსი მილიარდერი

„ტელეგრამის“ მფლობელმა პაველ დუროვმა „ფორბს“ სთხოვა, აღარ მოიხსენიონ, როგორც რუსი მილიარდერი. ინფორმაციას ამის შესახებ „ფორბსი“ ავრცელებს.

„პაველმა მრავალი წლის წინ დატოვა რუსეთი და არ აპირებს დაბრუნებას“, – განუცხადა Forbes-ს მისმა წარმომადგენელმა.

დუროვი Vkontakte–სა და Telegram-ის შემქმნელია. 2014 წელს მან დატოვა რუსეთი და დუბაიში გადავიდა საცხოვრებლად. 2021 წელს დუროვმა საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. „ფორბსის“ 2021 წლის მონაცემებით, მისი ქონება 17,2 მილიარდი დოლარია.

„ფორბსი“ წერს, რომ დუროვი არ არის ერთადერთი, რომელსაც არ სურს რუსი მილიარდერების სიაში ყოფნა.

იგივე თხოვნა მიიღო გამოცემამ იგორ ბუხმანისგან. ის და მისი ძმა, დიმიტრი, რუსეთიდან არიან, მობილური თამაშების კომპანია Playrix მათ რუსეთში დააარსეს, 2013 წელს ბიზნესი ირლანდიაში გადაიტანეს, თუმცა ჯერ კიდევ რუსეთში ჰყავთ ათასობით თანამშრომელი. ძმები ახლა ლონდონში ცხოვრობენ. მათ Forbes-ს სთხოვეს, დაესახელებინათ ისრაელის მოქალაქეების სიაში, სადაც ისინი ემიგრაციაში წავიდნენ 2016 წელს.

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – ახალი მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • პერსონალი – დაახლოებით 20 100 ადამიანი
  • ტანკი – 762 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 1 982 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 371 ერთეული
  • MLRS – 125 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 66 ერთეული
  • თვითმფრინავი – 163 ერთეული
  • ვერტმფრენი – 145 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 458 ერთეული
  • გემი/ნავი – 8 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 138
  • სპეციალური აღჭურვილობა – 26
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 16 აპრილამდე სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 133 თვითმფრინავი
  • 105 შვეულმფრენი
  • 458 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2 246 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 246 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 252 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 981 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 146 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ ქვეყნის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ 2 500-დან 3 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. მონაცემი ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუს დროს წარმოადგინა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თანახმად, დედაქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში აფეთქებები მოხდა, ლვოვის გუბერნატორი კი საჰაერო თავდასხმის შესახებ იუწყება. აღნიშნული ცნობები ოფიციალურმა პირებმა 16 აპრილის დილას გაავრცელეს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]პუტინი სულით კგბ-ს აგენტია, მისი ქონება კი 200 მილიარდს აღემატება – ბრაუდერი[/yellow_box]

ამავე თემაზე:

„დაწყებულია ბრძოლის ველის საცეცხლე მომზადება“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

ხვალ მართლმადიდებლები ბზობას აღნიშნავენ, მკაცრდება კონტროლი ბზის უკანონო მოპოვებაზე

ხვალ, 17 აპრილს, მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც იესო ქრისტეს დიდებით შესვლას უკავშირდება იერუსალიმში. ამავე დღეს, კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიები ქრისტეს აღდგომის დღეს ზეიმობენ.

სააღდგომო მზადება ბათუმში.

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად მკაცრდება კონტროლი ბზის უკანონო მოპოვებაზე. აკრძალულია ბზის მოჭრა, ამოძირკვა, ტოტების დაზიანება.

კანონმდებლობით, ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

17 აპრილს ბზობა აღინიშნება

კანონდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სანქციის ოდენობა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს, ხოლო თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი  1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

დადასტურდა კოვიდის 222 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 1 პაციენტი – 16 აპრილი

16 აპრილის დილის მონაცემებით საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 222 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 222 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 119 შემთხვევა, აჭარა – 5, იმერეთი – 27, ქვემო ქართლი -13, შიდა ქართლი – 15, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 8, კახეთი – 14, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 16 აპრილის დილის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 652 929 , ბოლო 24 საათში – 222
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1 633 684 , ბოლო 24 საათში – 346
  • მათ შორის გარდაცვლილი – 16 789 , ბოლო 24 საათში – 1
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 22 703, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 791, PCR ტესტით – 1 912
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 0,98%, ბოლო 14 დღის – 1,5%, ბოლო 7 დღის – 1,25%
  • სულ აცრილია – 2 872 301, დღიურად აცრილია – 1 004
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 342

სომეხი ბიჭი, რომელიც მარნეულში ბავშვების გუნდს წვრთნის

„ჩემს სოფელში ფეხბურთის მწვრთნელად დავბრუნდი. ფეხბურთში ვავარჯიშებ როგორც ბიჭებს, ასევე გოგოებს. მარნეულის მუნიციპალიტეტშია ჩემი სოფელი, წითელსოფელი ჰქვია. ძირითადად სომხურენოვანი მოსახლეობაა, თუმცა გვერდითაა აზერბაიჯანულენოვანი და ქართული სოფლებიც.

ამ სხვადასხვანაირი სოფლების მცხოვრებლები სულ ერთად თამაშობდით ბავშვობაში ფეხბურთს. სპორტი უნიკალური რამ არის – ადამიანების გაერთიანება და ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლია. ჩემი მიზანია უფრო აქტიურები გახდნენ საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდები, მინდა ჩვენი თემის ცხოვრების წესის, პრობლემების და ყოველდღიურობის შესახებ სხვებმაც იცოდნენ. მინდა ქართული საზოგადოების შენებაში უფრო აქტიურად ჩართული სომეხი ახალგაზრდები ვნახო“, – გვეუბნება არამ აკოპიანი.

არამი ამბობს, რომ წითელსოფელს სპორტის მრავალწლიანი ტრადიცია აქვს, აქ არამ აკოპიანის საფეხბურთო წრის გარდა კრივის წრეც ფუნქციონირებს და ბავშვებს მწვრთნელი ავარჯიშებს.

არამ აკოპიანი ფეხბურთის პირველი მწვრთნელია, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში გოგოების საფეხბურთო გუნდს წვრთნის.

არამ აკოპიანი

28 წლის არამი წითელსოფლის ახალგაზრდული, სათემო ცენტრის დამფუძნებელიცაა, არის ასევე პლატფორმა „განძის“ წევრი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტი.

არამი ძალიან კარგად საუბრობს ქართულად, რაც მისი თქმით იმის დამსახურებაა, რომ ბავშვობიდანვე უწევდა ახლომახლო სოფლებში მცხოვრებ ქართულენოვან მოსახლეობასთან კონტაქტი, მათ შორის აჭარიდან მარნეულში გადასახლებულ ეკომიგრანტებთან.

„ჯარიც ძალიან კარგი პრაქტიკა იყო. აქ იყვნენ ქართველებიც, სომხებიც, აზერბაიჯანელებიც და უპრობლემოდ შემეძლო ჯარის შემდეგ საუბარი.

ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი სკოლის დროსაც. დავდიოდი ფეხბურთზე, ცეკვაზე, კრივზე, სხვადასხვა წრეზე და ამ წრეებზეც მესმოდა ქართული ხშირად, ვისწავლე ცოტა აზერბაიჯანულიც.

ტრანსპორტი ჩვენს სოფელში არც ჩემს ბავშვობაში დადიოდა და არც ახლა არ დადის: დაშტაფა, წითელსოფელი და მარადისია გვერდიგვერდ. ფეხით დავდივართ ერთმანეთთან.

როცა სპორტზე დავდიოდი ბავშვობაში, სოფლიდან მარნეულამდე გავდიოდი თორმეტ კილომეტრს.

დღემდე, უნივერსიტეტში რომ დავდივარ სოფლიდან 2 კილომეტრი უნდა ვიარო და სადახლო-თბილისის ტრასამდე უნდა მივიდე, გამვლელი ტრანსპორტი ან ტაქსი უნდა გავაჩერო, ჩავიდე მარნეულამდე და მერე თბილისამდე“, – ამბობს არამ აკოპიანი.

გოგოების საფეხბურთო გუნდი წითელსოფლიდან
გოგოებისგან შემდგარი საფეხბურთო გუნდი, რომელსაც არამ აკოპიანი წვრთნის

არამი 1+4 პროგრამით ჩაირიცხა ქართულ უნივერსიტეტში. მიაჩნია, რომ უნივერსიტეტში ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამა მისთვის ძალიან მარტივი იყო და ვერ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რაც მას ჰქონდა:

„წარმოიდგინეთ, გვასწავლიან ქართული ენის მოსამზადებელ, პირველ წელს უნივერსიტეტში „თხამ შეჭამა ვენახის“ და იმ ტექსტებს, რასაც ქართულ სკოლებში დამამთავრებელ კლასებში სწავლობენ. მე კი ამ ტექტსებიდან მერე პირდაპირ იურიდიულო ლიტერატურაზე გადავედი და ცოტა არალოგიკურად ებმოდა ქართულის თემები ჩემს მომავალ პროფესიას“, – ამბობს არამი.

გვიყვება წითელსოფლის სკოლაზეც. გვეუბნება, რომ საკლასო ოთახების რაოდენობა ბავშვებს არ ჰყოფნით და ამიტომ ორ ცვლად უწევთ სწავლა.

„ჩემს დროს ქართულს სომხურენოვან სკოლაში ვსწავლობდით „თავთავით“, მგონი ახლაც ამ სახელმძღვანელოთი ასწავლიან და მოძველდა ეს პროგრამა. ვფიქრობ, უნდა შეიცვალოს და გართულდეს, რომ შეძლონ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა დაეწიონ ქართული სკოლების მოსწავლეებს.

სამწუხაროდ, ჩემი მშობლები კარგად ვერ საუბრობენ ქართულად, მამას ესმის ქართული და ცოტას ლაპარაკობს, დედა საერთოდ ვერ საუბრობს, ჩემმა და ძალიან კარგად იცის ენა, ახლა პოლონეთში ცხოვრობს და ამასობაში შვიდი ენა ისწავლა“, – გვიყვება არამ აკოპიანი.

„დაწყებულია ბრძოლის ველის საცეცხლე მომზადება“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ახლა საუბარია არა მასობრივად ქალაქებში შესვლაზე, არამედ ძლიერად ფორტიფიცირებულ უკრაინულ გამაგრებაზე შეტევა, ეს სხვა ტაქტიკას და კონცენტრაციას მოითხოვს, როგორც საცეცხლე შესაძლებლობების, ისე ჯარების,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც მუდმივად აკვირდება რუსეთის ომს უკრაინაში და მიიჩნევს, რომ ყოველდღე შესაძლოა გააქტიურდეს ომის ახალი ეტაპი.

„დაწყებულია ბრძოლის ველის საცეცხლე მომზადება“, – დასძინა მან ინტერვიუს დროს.

თუმცა ბოლო დღეებში ომზე დაკვირვებამ სამხედრო სპეციალისტს გაუჩინა ვარაუდიც, რომ რუსეთმა თავდასხმის ახალი მიმართულება კი არ განსაზღვრა და განაგრძობს ტერიტორიის მიტაცებას, არამედ ოკუპირებულ ადგილზე დარჩეს. 

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ვახტანგ კაპანაძე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო.

  • ბატონო ვახტანგ, ჯერ ის მოგვიყევით, როგორ მოხერხდა სამხედრო ხომალდ „მასკვას“ ჩაძირვა და რა არის ეს „ნეპტუნი,“ ანუ იგივე R – 360? 

ერთ-ერთი ვერსიით, ეს ხომალდი ჩაძირეს „ბაირახტარების“ გამოყენებით, რადარების ყურადღება იქნა გადატანილი და შემდეგ უკვე „ნეპტუნით“ ჩაძირეს. მეორე ვერსიაა რუსული ვარიანტი, რომ მოწყვეტილ, მცურავ ნაღმზე აფეთქდა ხომალდი და შემდეგ მოხდა დეტონაცია. იყო ვერსიაც, რომ დაუდევრობის გამო მოხდა ხომალდზე აფეთქება და შემდეგ შტორმის დროს ჩაიძირა. მესმის, რომ უკრაინელების მიერ რუსული ხომალდის ჩაძირვა ძალიან მტკივნეულია და არაპრესტიჟული, მაგრამ ეს ვერსია, რომ ვიღაც მთვრალი მატროსი სიგარეტს ეწეოდა საიარაღო ოთახში და ასე შემდეგ, ეს უფრო სირცხვილია, მგონი.

მე უკრაინელების ვერსიის მჯერა, რადგან „მასკვა“ თავის კლასში იყო ერთადერთი ხომალდი, რომელსაც ჰქონდა მოდერნიზებული რადიო-ლოკაციური სისტემა, შეეძლო დაბალ სიმაღლეზე მფრენი რაკეტების აღმოჩენა. ხოლო „ნეპტუნი“ წარმოადგენს  ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტას, ე.წ. ფრთოსანი რაკეტაა, რომელიც შემუშავებულია უკრაინელების მიერ. მას საფუძვლად ჰქონდა საბჭოთა რაკეტა X-35, მაგრამ ამისგან განსხვავებით „ნეპტუნი“ უფრო დიდი ზომისაა და შორ მანძილზეა გათვლილი. ეს არის შემუშავებული 2014 წელს, შეიარაღებაში კი, 2020 წელს მიიღეს.

თვითონ ტაქტიკური მახასიათებლები ამ რაკეტის ასეთია: მანძილი – 280 კმ-მდე, საბრძოლო ნაწილის მასა შეადგენს 150 კილოგრამს.

„მასკვა“ კი, წარმოადგენდა რუსეთის გვარდიის სარაკეტო კრეისერს, ეს იყო პროექტი „11 – 64“, ანუ ე.წ. ატლანტი, ხომალდი შედიოდა შავი ზღვის ფლოტის ზედაპირული ხომალდების 30-ე დივიზიაში. ბევრი ამბობს, რომ ეს იყო თანამედროვე ხომალდი, მაგრამ ის საკმაოდ ძველი ხომალდი იყო – 1979 წელს შევიდა ექსპლუატაციაში.

„მასკვა“ 1991 წელს გახდა შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი. ბოლოს გაიარა კაპიტალური რემონტი 2021 წელს, მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის ომშიც, ასევე სირიაში 2015 წელს და რაც მთავარია, ეს იყო ხომალდი, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, კუნძული ზმეინიდან გაუშვეს შორ მისამართზე.

ეს ხომალდი მონაწილეობდა ასევე უკრაინის საზღვაო ბლოკადაში და შეეძლო 30 დღე-ღამე დამოუკიდებელი, ავტონომიური ცურვა, ეკიპაჟი იყო 510 კაცი, გააჩნდა 16 ხომალდასაწინააღმდეგო რაკეტა, რაც 500 კილომეტრზე შეეძლო გამოეყენებინა, ასევე 64 ერთეული S – 300 საზღვაო ბაზირების ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების ვარიანტი. ასე რომ, რომ ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები.

  • კონკრეტულად გვითხარით, რამდენად შეიცვალა სამხედრო მოცემულობა „მასკვას“ ჩაძირვით, პოლიტიკური და სიმბოლური დატვირთვის გარდა? 

რა თქმა უნდა, ცვლის ეს სამხედრო მოცემულობას, რადგან მარტო 64 ერთეული S – 300 ჰქონდა ამ ხომალდს. მნიშვნელოვანი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის შესაძლებლობა გააჩნდა და ეს დესანტის გადასხმის პერიოდში უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ დროს უნდა შეძლო და მოიპოვო ჰაერში უპირატესობა, არ უნდა დაუშვა მოწინააღმდეგის უპირატესობა.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ ხომალდს ჰქონდა 533 მილიმეტრიანი სატორპედო ორი აპარატი და თითოეულს 5-მილიანი ტორპედოს გაშვება შეეძლო. მის შეიარაღებაში ასევე შედიოდა ერთი ვერტმფრენი „ka – 27“, თუმცა მთავარი მაინც რუსეთის პრესტიჟზე დარტყმა იყო.

სიმართლე გითხრათ, დიდად არც გამკვირვებია ამ ხომალდის ჩაძირვა, რადგან რუსეთის საზღვაო ძალების ბრწყინვალე ოპერაციები არ მახსენდება. რუსების ყველაზე დიდი საბრძოლო გამარჯვება ზღვაზე იყო 1823 წელს ნახიმოვის მეთაურობით, როდესაც თურქეთის ფლოტი ყურეში გამოიმწყვდია და გაანადგურა. იმის შემდეგ თანაბარ მოწინააღმდეგესთან რუსებს ზღვაზე არ გაუმარჯვიათ. მეორე მსოფლიო ომშიც დიდად არ გამოუჩენია თავი საბჭოთა კავშირის საზღვაო ფლოტს. ქერჩის დესანტის გადასხმაც წარმატებულად ვერ ჩაითვლება მსხვერპლის რაოდენობის გამო.

  • ახლა რა ეტაპზე ვართ? წინა კვირას გვითხარით, რომ რუსული არმიის თავდასხმის მორიგი ობიექტი დონბასია და დაიწყო რუსეთმა მობილიზება. რუსეთის გეგმაშია მასიური სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების ერთობლიობა, თუმცა ზოგიერთი სამხედრო სპეციალისტის აზრით, ამას მნიშვნელოვანი მობილიზება დასჭირდება. იგივე მარიუპოლის დაცვა აკავებს რუსული ჯარების და აღჭურვილობის მნიშვნელოვან რაოდენობას.  

ამ ეტაპზე რუსები აქტიურად ცდილობენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ მისცენ დონბასის მიმართულებით გაძლიერების შესაძლებლობა. ფაქტია, რომ რუსებმა ვერ მიაღწიეს ამ მიმართულებით ტაქტიკურ და ოპერატიულ მოულოდნელობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაკლია მათი ოპერაციისთვის, რუსები ნამდვილად ცვლიან საკუთარ ტაქტიკას და უბრუნდებიან კლასიკურ მიდგომას, როცა საჭიროა ძირითადი ძალების თავმოყრა, ძალისხმევის თავმოყრა და ასე შემდეგ.

რაც ჩემთვის არის ცნობილი, რუსეთმა თავი მოუყარა უკვე 65 საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფს, ეს არის დაახლოებით 45 ათასი სამხედრო მოსამსახურე, ასევე ცდილობენ დამატებით გაძლიერებას. ამავდროულად, თუ შეძლეს საბოლოოდ მარიუპოლის დაკავება, ანუ უკრაინული დანაყოფების დამარცხება, მაშინ კიდევ დაახლოებით 10 ათასი კაცი გამოუთავისუფლდებათ. ფაქტია ისიც, რომ რუსებს არ ელით მარტივი ოპერაცია.

რუსები აპირებენ მოკლე ვექტორებით ალყის შემორტყმას იზიუმისა და გულიაპოლის მიმართულებით ორივე მხრიდან. ეს არის დაახლოებით 180 კილომეტრი. თუ უფრო მეტად წავლენ სიღრმეში, რათა უფრო ღრმა შემოვლა განახორციელონ, მაშინ ის თითქმის 250 კილომეტრს მიაღწევს. რამდენად მოახერხებენ ამას რუსები, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მცირე პროცენტით, მაგრამ მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა საერთოდ უარი თქვან ალყის განხორციელებაზე და ისევ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე იზრუნონ. ამ ეტაპზე ჩანს, რომ ისინი ცდილობენ ლოკალურ, მცირემასშტაბიან შეტევებს. ფაქტობრივად, ახლა ხორციელდება დაზვერვა ბრძოლით, თუმცა ძირითადი დარტყმა არ განხორციელებულა, მოკლე შეტაკებები და პოზიციების გაუმჯობესების მცდელობებია.

ახლა უკრაინელებისთვის ყველაზე მთავარია სლავიანსკოე და კრამატოვსკის გამაგრება, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ის არის უკრაინული დაჯგუფების ზურგი. ამ მიმართულებაზე ცდილობენ გასვლას ახლა რუსები. ეს თუ აიღეს, გამაგრებული თავდაცვის კვანძი, ფაქტობრივად, ალყაში ეყოლებათ დონბასის დაჯგუფება. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დონბასის დაჯგუფების ალყაში მოქცევა არ ნიშნავს ამ დაჯგუფების განადგურებას – გაიხსენეთ მარიუპოლი, სადაც 30-ე დღეა ალყაში მოქცეული იბრძვიან უკრაინელი მებრძოლები.

  • ნახავდით The Times – ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ „რუსეთი ცდილობს, უკრაინის სამხრეთ ნაწილში უკრაინელებზე 5-ჯერ მეტი რაოდენობის ძალები შეკრიბოს“. რა სამხედრო უპირატესობა აქვთ ამ დროისთვის მხარეებს, თქვენი ინფორმაციით? 

ზოგადად, დონბასის რაიონი არის ერთ-ერთი ყველაზე ურბანიზებულია მთელს უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ იქ დიდი ქალაქები არის ცოტა, სოფლებია ძალიან ბევრი და თან, ერთმანეთში გადადის ეს სოფლები. ეს გარკვეულწილად ხელს უწყობს თავდაცვის და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის უზრუნველყოფას, ტანკსაწინააღმდეგო მოქმედებებს აადვილებს, მაგრამ შეტევისთვის აადვილებს ფარულად მიახლოების შესაძლებლობას.

აქ არის ხევები, არის კონუსურად აღმართული სიმაღლეები, ბუნებრივი სიმაღლეებიც, მაგალითად, მთა კარაჩუმი 200 მეტრზეა აღმართულია და თვალთვალის და ცეცხლის კორექტირების საშუალებას იძლევა. ამავე დროს ამ რაიონში, ვინაიდან იქ არის განვითარებული ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვება, არის ბევრი მიწის ნაყარი კოლტები, რაც გარკვეული უპირატესობაა თვალთვალისა და ცეცხლის წარმოების გათვალისწინებით. დონბასი მარტივი სტეპი არ არის. ასე რომ, ორივე მხარეს აქვს პლუსები და მინუსები, როგორც შემტევ, ისე დაცვით მხარეს.

  • უკრაინა ღიად ამბობს, რომ ომის მოსაგებად მას საჭირო შეიარაღება არ აქვს. რა ნაწილი მიაწოდეს მას სამხედრო აღჭურვილობის და რატომ ვერ აწვდიან სამხედრო ტექნიკას, რასაც დაჰპირდნენ? 13 აპრილს ზელენსკიმ გააკეთა კონკრეტული ჩამონათვალია, რა სჭირდება უკრაინას. 

უკრაინას ახლა ყველაფერი სჭირდება, მთავარია, რამდენად გამოიყენებს და სწრაფად აითვისებს ამ შეიარაღებას, მაგალითად, 155 მილიმეტრიანი სისტემების მიცემას თავისთავად სჭირდება შესაბამისი უზრუნველყოფა, თავისი ჭურვებით უზრუნველყოფა, როგორც ვიცი, ამერიკელები აპირებენ ამის მიცემას უკრაინისთვის, ასევე აძლევენ ჯავშანტრასპორტიორს – 113-ს, ეს მუხლუხებიანია, რომელიც ტალახსა და რბილ მიწაზე უკეთესად დადის, 11 ერთეული „მიგ – 17“, რომელიც არის იგივე „მირ – 8“, ოღონდ გათანამედროვებული. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 300 დრონი-„კამიკაძე“ და 500 ჯაველინი. ამის გარდა, უკრაინას აძლევს ტანკებს გერმანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთიც. ახლა ამ ტექნიკას უნდა ათვისება.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ცეცხლის მართვის საბჭოთა სტანდარტი განსხვავდება ნატოს სტანდარტისგან… უკრაინას გამარჯვებისთვის ნამდვილად სჭირდება შეტევითი, დარტყმითი საშუალებები. ეს არის ტანკები, ჯავშანტექნიკა და საჰაერო შესაძლებლობები, თვითმფრინავები. ეს საჭიროა იმისთვის, რომ უკრაინამ განახორციელოს მსხვილმასშტაბიანი, ოპერატიული დონის შეტევა. ყველა ვხედავთ, რომ რაც დრო გადის, იზრდება იმ სამხედრო ტექნიკის ჩამონათვალი, რასაც უკრაინას აწვდიან. მას გადაეცემა ლეტალური და თანამედროვე შეიარაღება.

  • როგორ ახდენს რუსეთი ადამიანური რესურსების მობილიზებას? – მოლდოვამ რუსეთის არმია დაადანაშაულა მოლდოვის მოქალაქეების რეკრუტირების მცდელობაში. მანამდე ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ მოსკოვი ცდილობს შეავსოს უკრაინაში თავისი ძალები სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში რეკრუტირების გზით.

რატომ არ შეუძლია ეს გააკეთოს რუსეთს, როცა იგივე გააკეთა აფხაზეთსა და ოსეთშიც კი? რა შეუშლიდა ხელს? რუსეთი აქტიურად ახდენს ადამიანური რესურსების მობილიზებას, სამხედრო სასწავლებლებიდან კურსანტებსაც რუსეთში ნაადრევად აძლევენ დიპლომებს და უშვებენ პირდაპირ ომში, ასევე წვევამდელებს, ვინც სავალდებულო ჯარი უმთავრდება, აწერინებენ ხელს კონტრაქტებზე. რუსეთი გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად გააძლიეროს თავისი მიმართულება.

რუსეთი აპირებს ორი მიმართულებით ალყის გაკეთებას. მესამე კი, საჭიროა ალყაში მოქცეული დანაყოფის შუაში გახლეჩის მიმართულება. ახლა ტაქტიკა სხვა ექნება რუსულ არმიას – უკვე განსაზღვრულია ძირითადი მიმართულება და ახლა საუბარია არა მასობრივად ქალაქებში შესვლაზე, არამედ ძლიერად ფორტიფიცირებული უკრაინულ გამაგრებაზე შეტევა, ეს სხვა ტაქტიკას და კონცენტრაციას მოითხოვს, როგორც საცეცხლე შესაძლებლობების, ისე ჯარების.

ჩვენ უკვე ყოველდღე შესაძლოა ამის დაწყება. დაზვერვა ინდიკატორებს უფრო ადრე შეამჩნევს და უკეთესად დაინახავს ამას, თუმცა ფაქტობრივად დაწყებულია ბრძოლის ველის საცეცხლე მომზადება.

რამდენად იზრდება ქიმიური იარაღის გამოყენების რისკი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ რუსულ შეიარაღებულ ძალებს ახლა უკრაინის ტერიტორიაზე დვორნიკოვი ხელმძღვანელობს – ის სირიის ომშიც მონაწილეობდა, სადაც ქიმიური იარაღი გამოიყენეს. 

ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, ტერიტორიაზე, სად აპირებ ამის გამოყენებას, როგორია ქარის მიმართულება, რამდენად სჭირდება და ასე შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად უღირს ამის გამოყენება. როგორც ცნობილია, ამ დრომდე ვერ დაიდო ვერაფერი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. გამოიყენა ქიმიური იარაღი იმიტომ, რომ 4 კაცი მოეწამლა, მე, პირადად, ცოტა არასერიოზული მგონია. შესაძლოა, ისინი მოიწამლნენ ფოსფორის ბომბის გამონაბოლქვისგან, რომელიც შესაძლოა დაგროვებული იყო შენობა-ნაგებობებში.

  • ბოლოს მინდა გკითხოთ სამხედრო დანაშაულის მტკიცებაზე – რამდენად გამოსვლადია ომის დროს მტკიცებულებების დამალვა, ან გაქრობა? არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს მტკიცებულებების გაქრობას.

რა თქმა უნდა, ამას აქტიურად ცდილობს ახლა რუსეთი. რომ არ შესულიყვნენ უკრაინელები ბუჩაში, ვერც ნახავდნენ ამ სამხედრო დანაშაულს, რაც ვნახეთ… მარიუპოლს რუსები პირწმინდად ასუფთავებენ, რომ არათუ კვალი არ დატოვონო, არამედ პირიქით, აქეთ დააბრალონ უკრაინელებს რაღაცები.

რა მინდა გითხრათ: დანაშაულს განსაზღვრავს გამარჯვებული. დამარცხებული არასდროს იგებს ხოლმე სასამართლოს. შესაბამისად, ახლაც სასამართლოს გამარჯვებული მოიგებს. გამარჯვებული განსაზღვრავს დანაშაულის დონეზე. ამიტომაც არის ახლა მნიშვნელოვანი უკრაინის გამარჯვება, რომ რუსეთი შესაბამისად დაისაჯოს.

ფინეთი, დიდი ალბათობით, გაწევრიანდება ნატოში – ფინეთის მთავრობა

ფინეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა, ტუტი ტუპურაინენმა ბრიტანულ Sky News-თან განაცხადა, რომ ფინეთი, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში გახდება ნატოს წევრი.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და საკითხი პარლამენტმა უნდა განიხილოს, თუმცა ფინეთის მოსახლეობის უმრავლესობა ნატოში გაწევრიანების მომხრეა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე ბევრს აუხილა თვალი.

ტუტი ტუპურაინენმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებაზე იმის შესახებ, რომ ფინეთის და შვედეთის ნატოში შესვლას მოჰყვება უარყოფითი შედეგები ჩრდილოეთ ევროპისთვის.

„რაც არ უნდა თქვას რუსეთმა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისმენთ ამას, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე“ – თქვა მან.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა შვედეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ფინეთი ნატოში შესვლის შესახებ უახლოეს კვირებში მიიღებს.

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილის შესახებ განცხადება უკრაინაში საომარი ვითარების დაწყების შემდეგ გააკეთეს.

„როიტერსის“ ცნობით, ფინეთის კერძო მაუწყებლის, MTV-ის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ფინეთში გამოკითხულთა 68% მხარს უჭერს გაწევრიანებას, წინააღმდეგი კი მხოლოდ 12% იყო.

რუსეთი ომის დაწყებამდე დასავლეთს სთხოვდა, რომ ნატო აღარ უნდა გაფართოებულიყო.

____________

ფოტოზე: ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი და ევროპის საქმეთა მინისტრი ტუტი ტუპურაინენი.

დარჩიაშვილმა დამარწმუნა, რომ საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას -კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება წერს, რომ ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს ესაუბრა. კულებას თქმით, დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის რაიმე სახის გვერდის ავლას.

„რუსეთის მიმდინარე შემოჭრასა და უკრაინის გმირული თავდაცვის შესახებ ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს ვესაუბრე. მან დამარწმუნა, რომ საქართველო აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. მისი მადლიერი ვარ, რადგან განმეორებით დაადასტურა, რომ საქართველო არ უშვებს და არ დაუშვებს რუსეთის მიერ სანქციებისთვის რაიმე სახის გვერდის ავლას,“ – წერს კულება.

დღეს უკრაინაში გაემგზავრა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც.

__

მთავარი ფოტო: ილია დარჩიაშვილი და დმიტრო კულება

შუახევში სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედები თვეში 100 ლარს მიიღებენ

2022 წლის პირველი მაისიდან შუახევის მუნიციპალიტეტში ამოქმედდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შუახევის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებენ.

აქამდე მსგავსი პროგრამა შუახევის მუნიციპალიტეტში არ ყოფილა.

შუახევის მერის მოადგილის, რუსუდან შავაძის თქმით, პროგრამაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მარტოხელა მშობლების განცხადებები მიიღეს, ფინანსური მხარდაჭერის თხოვნით.

მისივე თქმით, შუახევში მარტოხელა მშობლის სტატუსი რვა ადამიანს აქვს, ყველა მათგანი ქალია. როგორც რუსუდან შავაძე ამბობს, ამ რვა მშობლისგან პროგრამით გათვალისწინებულ ყოველთვიურ 100-ლარიან დახმარებას მხოლოდ 4 მიიღებს.

„რვავე მშობლის იურიდიული მისამართი შუახევია, მაგრამ მათგან მხოლოდ ოთხია შუახევის სოციალურ ბაზაში რეგისტრირებული და ამ ეტაპზე პროგრამა მხოლოდ მათთვის ამოქმედდება“ – ამბობს რუსუდან შავაძე.

მისივე თქმით, იგეგმება დამატებითი პროგრამის შემუშავებაც:

„ვგეგმავთ დამატებით პროგრამას იმ 4 მშობლისთვის, რომელიც ახლა ვერ აიღებს დახმარებას. ჩვენ ამ დედების საკონტაქტოები გვაქვს, შემდეგისთვის მათთან ერთად გავივლით კონსულტაციებს. ჩვენ მათთვის შეთავაზებები გვექნება, მოვისმენთ მათ წინადადებებსაც და ამის შემდეგ გვინდა, რომ რვავე ბენეფიციარის ყოველთვიური დახმარება აისახოს შუახევის მერიის ბიუჯეტში“, – ამბობს რუსუდან შავაძე.

მარტოხელა მშობლებისთვის პროგრამა შუახევის მერიის ბიუჯეტში ბიუჯეტის კორექტირებისას დამტკიცდა. რუსუდან შავაძის თქმით, მუშაობენ, რომ პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური მხარდაჭერა მარტოხელა მშობლებისთვის სამომავლოდ გაიზარდოს.

ამ დრომდე მოქმედი კანონმდებლობით მარტოხელა მშობელი არის მარტოხელა დედა/მამა, რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის/დედის მონაცემები.

ამავე თემაზე:

სარფის საბაჟოზე ტრაილერების 25 კილომეტრიანი რიგი დგას – თურქული მედია

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან თურქეთის მხრიდან სატვირთო ავტომობილების 25 კილომეტრიანი რიგი დგას, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ წერს, რომ სატვირთოების რიგი სარფიდან ქალაქ არჰავამდე აღწევს, რომელიც საზღვრიდან 40 წუთის სავალზეა.

თურქული მედია საზღვართან გაჭიმულ უზარმაზარ რიგს, უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირებს. თურქეთიდან რუსეთსა და წინა აზიაში – ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი მიმავალი სატრანზიტო ორი მარშრუტი არსებობს. ერთი უკრაინის გავლით და მეორე საქართველოს. ომის დაწყების შემდეგ გადამზიდავებმა, უკრაინის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვეს. შესაბამისად, ტვირთების გადაზიდვის ალტერნატივად საქართველო დარჩა. ტვირთის გატარებაზე გაზრდილ მოთხოვნას კი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი ვერ აკმაყოფილებს.

ქართველი გადამზიდავები სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან არსებულ სიტუაციას „კოლაფსს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი, მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია და არა ძირითადი.

ქართული გადამზიდი კომპანია „ჯორჯიან ტრანსის“ დირექტორი, ირაკლი ნემსაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საზღვარზე  პრობლემა არის როგორც ქართულ, ისე თურქულ მხარეს.

„ორთვე-ნახევარია სარფის გამშვებ პუნქტზე არის რთული მდგომარეობა.

საქართველოდან გამსვლელ ავტომანქანებს უწევთ სადღაც ორ-სამ დღიანი მოცდის პერიოდი. მაგრამ ეს შედარებით ცივილური ფორმით ხდება. დამგროვებელი პარკებია, სადაც ავტომობილები შედიან, ელოდებიან თავის რიგს და გადიან. ორი-სამი დღე უწევთ რიგში დგომა.

მიზეზი როცა მოვიკითხეთ, სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ – საბაჟო გამშვები პუნქტის არაეფექტური და გულგრილი დამოკიდებულება. მძღოლების გადმოცემით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ნელა მუშაობენ. არ არის სრული დატვირთვით ამუშავებული ყველა ის ფანჯარა, რომელიც აყოვნებს სატვირთო ავტომანქანებს. არ ვიცი კადრების სიმცირის გამოა, თუ რის გამოა, მაგრამ არის სამი ფანჯარა, სადაც შეიძლება იჯდეს ოპერატორი, ზის ერთი. შესაბამისად, მისი გამტარუნარიანობა არის ნაკლები. საქართველოდან თურქეთის მიმართულებით რომ გადაკვეთოს საზღვარი მანქანამ, სამი დღე-ღამე სჭირდება ლოდინი,“ – ამბობს ირაკლი ნემსაძე.

მისივე თქმით, გაცილებით უფრო რთულადაა თურქეთიდან საქართველოში მომავალი სატვირთო ავტომობილების საკითხი, რადგან თურქეთის მხარეს მოსაცდელი პარკი არაა და ტრაილერები საავტომობილო გზაზე იცდიან. გადამზიდი კომპანიის მენეჯერის თქმით, უკრაინის ომის გამო შეცვლილი სატრანსპორტო მარშრუტის გარდა, საბაჟოზე რიგების წარმოქმნას ხელს უწყობს ცვლილება, რომელიც თურქულმა მხარემ დააწესა ქართველი გადამზიდავებისთვის.

„თურქეთის რესპუბლიკამ ბოლო 4 წლის განმავლობაში თურქეთის ტერიტორიაზე დარღვეული საგზაო მოძრაობის წესების გამო დაკისრებული ვიდეო ჯარიმები და გზით სარგებლობის გადასახდელების გადახდა ერთად მოგვთხოვა გადამზიდავებს. ავტომობილი როდესაც მოადგება საფრის საბაჟო გამშვებ პუნქტს, ეუბნებიან მაგალითად, 15 ათასი ლირა გაქვს გადასახდელი. როცა მძღოლი სვამს კითხვას, ეუბნებიან, რომ ჯარიმები აქვთ თურქეთში გადასახდელი. რომელი ჯარიმები? რომელ პერიოდში? სად? გზის რომელ მონაკვეთში? რა დარღვევისთვის? და ა.შ. არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ მოიპოვება. ერთადერთი განმარტება არის, რომ ადრე ბაზაში არ გვქონდა დარეგისტრირებული, ახლა შევიყვანეთ ერთიან ბაზაში და უნდა გადაიხადოთ. ბევრი ამას ვერ იხდის, ცდილობს გარკვევას, დააქვს ეს საბუთები ზემოთ-ქვემოთ. ამ გარკვევაში ავტომობილი იქ დგას და გამტარუნარიანობა საზღვრის კიდევ უფრო მცირდება. ამან შექმნა სწორედ იქ კოლაფსი და რიგები. მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის მთავრობას, თურქეთის საკონსულოს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს. ჯერჯერობით უშედეგოდ,“ – ამბობს ირაკლი ნემსაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს შემოსავლების სამსახურის პრესცენტრს. პრესსამსახურში ზეპირსიტყვიერად განგვიმარტეს, რომ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეფერხება გამოწვეულია თურქული მხარის მიერ წარმოებული ტექნიკური სამუშაოებით. რაც შეეხება ქართულ მხარეს, ექვსი ოპერატორი მუშაობს და ქართული მხრიდან შეფერხება არაა.

პრესსამსახურში დაგვპირდნენ, რომ ოფიციალურ კომენტარს წერილობით მოგვაწვდიდნენ. არაერთი ზარის და შეტყობინების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურს წერილობითი განმარტება არ მოუწოდებია.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა თურქეთის საკონსულოს ბათუმში, ვინაიდან ქართველი გადამზიდავი კომპანიების მიმართვის ადრესატები ისინიც იყვნენ. საკონსულოში საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ.

მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ფოტო: ჰურიეთი. ტრაილერების რიგი სარფში

შავ ზღვაში აღმოჩენილი ბაქტერიები ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია – რას ამბობენ მკვლევრები

ევროკავშირის მიერ შავ ზღვაში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევის – EMBLAS-Plus-ის შედეგების მიხედვით, შავ ზღვაში აღმოჩენილი ბაქტერიები ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია. კვლევაში წერია, რომ შავ ზღვაში ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის დაფიქსირება შემაშფოთებელია. 

საქმე ის არის, რომ ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობა გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ეს არის პროცესი, როცა  ბაქტერია იძენს მდგრადობას ანტიბიოტიკის მიმართ, რომლის მიმართაც თავდაპირველად მგრძნობიარე იყო. ანტიბიოტიკები ჩვეულებრივ შეუცვლელ როლს ასრულებენ ინფექციური დაავადებების მკურნალობაში და ისინი გამოიყენება არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ ვეტერინარულ პრაქტიკაში, მეცხოველეობაში, სოფლის მეურნეობასა და აკვაკულტურაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, წამლისადმი რეზისტენტობის შედეგად, ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული მედიკამენტები ხდება არაეფექტური და ინფექციების მკურნალობა უფრო რთული ან სულაც შეუძლებელი ხდება.

კვლევაში წერია, რომ ფეკალური დაბინძურება ა-რეზისტენტობის გენების  გავრცელების კიდევ ერთი ფაქტორია. „მიზეზი შეძლება იყოს ცუდად დამუშავებული ან დაუმუშავებელი საკანალიზაციო წყლების ჩადინება, რომლებიც შეიცავენ ფეკალურ ბაქტერიებს, განსაკუთრებით – დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში“.

კვლევის ავტორების განმარტებით, ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობაზე პასუხისმგებელია ანტიბიოტიკორეზისტენტობის გენები. ამ გენებს შეუძლიათ გავრცელება ბაქტერიულ პოპულაციაში, რაც ანტიბიოტიკს არაეფექტურს ხდის.

დღეს ა-რეზისტენტობის გენები განიხილებიან, როგორც დამაბინძურებლები, რადგან ისინი დიდი ხანია გასცდნენ კლინიკურ გარემოს და გვხვდებიან ყველგან. სხვა დამაბინძურებლებისგან განსხვავებით, ა-რეზისტენტობის გენებს შეუძლიათ „გამრავლება“ და გავრცელება ბაქტერიების პოპულაციებში, მათი თავდაპირველი წარმოშობის ადგილებიდან მოშორებით.

ჯანმოს განმარტებით, ა-რეზისტენტული ორგანიზმები გვხვდება ადამიანებში, ცხოველებში, საკვებში, მცენარეებსა და გარემოში (წყალში, ნიადაგში და ჰაერში). ისინი შეიძლება გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე ან ადამიანებსა და ცხოველებს შორის, მათ შორის ცხოველური წარმოშობის საკვებიდან.

კვლევის ფარგლებში, შავი ზღვის წყლის ნიმუშებში, მთელი [შავი ზღვის] რეგიონის მასშტაბით, შელფური და აკვატორიული არეების ჩათვლით, გამოიკვლიეს ანტიბიოტიკორეზისტენტობის გენების განაწილება. მკვლევრებმა წყლის სინჯი აიღეს ჩრდილო-დასავლეთ შელფიდან (დუნაის დელტასთან) აღმოსავლეთ შელფამდე (საქართველოს სანაპირო) ხაზზე/გაყოლებაზე. 

მკვლევრებმა შეისწავლეს ა-რეზისტენტობის გენები, რომლებიც ემუქრება ანტიბიოტიკების ფართო სპექტრს (ბეტა-ლაქტამები, მაკროლიდები, გლიკოპეპტიდები, კოლისტინი), მათ შორის არის როგორც პირველი რიგის, ასევე ბოლო თაობის ანტიბიოტიკები.

გამოკვლეული ა-რეზისტენტობის ყველა გენი გამოვლინდა ყველა შესწავლილ ნიმუშში. მათ შორის ყველაზე ბევრი იყო ა-რეზისტენტობის გენები, რომლებიც ახდენენ ბეტა-ლაქტამებისა და ვანკომიცინის ინაქტივაციას. ეს გენები შავი ზღვის რეგიონში ჩატარებულ წინა კვლევებშიც ფიქსირდებოდა, თუმცა ამჯერად მათი რაოდენობა უფრო მაღალი იყო.

მეცნიერები ამბობენ, რომ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ქოლისტინის მიმართ რეზისტენტული mcr-1 გენის მომატებული რაოდენობა, რადგან ეს გენი პირველად დაფიქსირდა შავი ზღვის მიკრობულ თემებში.

ა-რეზისტენტობის გენების რაოდენობა, ღია წყლებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი იყო შელფის ზონებში, რაც მიუთითებს წყლის ეკოსისტემაზე ანთროპოგენურ ანუ ადამიანის ზემოქმედებაზე.

შავ ზღვაში ანტიბიოტიკების კონცენტრაციასთან დაკავშირებით, კვლევაში განმარტებულია, რომ არც ერთმა შემოწმებულმა ანტიბიოტიკმა არ გადააჭარბა სკრინინგის გამოვლენის ლიმიტს (1,25 ნგ/ლ), შესაძლოა, ზღვის წყალში ანალიზების მაღალი განზავების გამო.

ბეტა-ლაქტამების, ვანკომიცინისა და ბოლო თაობის ანტიბიოტიკი კოლისტინის მიმართ ა-რეზისტენტობის გენები ყველაზე გავრცელებული იყო  ჩრდილო-დასავლეთის შელფზე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სანაპირო ზოლის ქვეყნებში ანტიბიოტიკების მოხმარების დაბალი კონტროლით.

მკვლვარების განმარტებით ა-რეზისტენტობის გენების პოტენციური წყაროები შავ ზღვაში არის მდინარის და კანალიზაციის შემოდინება, შედარებით მცირე წილით – ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება.

ა-რეზისტენტობის გენების გავრცელება ბუნებრივ გარემოში პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ამ გენების და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ბაქტერიების საკვებთან ან უშუალო კონტაქტით მიღების შესაძლებლობის გამო.

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ საჭიროა ა-რეზისტენტობის გენების რეგულარული მონიტორინგი შავი ზღვისა და მასში ძირითადად შემოდინებულ მდინარეებში.

ჩინეთის, ჰეპინგის ოლქის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის 2020 წლის კვლევაში ვკითხულობთ, რომ ა-რეზისტენტობის გენები მიიჩნევა გარემოში არსებულ შემაშფოთებელ დამაბინძურებლებად, მათ მნიშვნელოვანი როლი აქვთო ანტიმიკრობული რეზისტენტობის გავრცელებაში.
მათი ტრანსპორტირება და განაწილება მწვავე საკითხია გარემოსდაცვით მეცნიერებაში.

მაგალითად, სასუქების გამოყენება სასოფლო-სამეურნეო მიწაზე არის პოტენციური გზა ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების გადაცემისთვის პირუტყვიდან ნათესებზე, ცხოველებზე და ადამიანებზე. იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც გავლენას ახდენენ ა-რეზისტენტობის გენების ტრანსპორტირებასა და განაწილებას, წყალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ამავე თემაზე:

მოსალოდნელზე მეტად დაბინძურებული შავი ზღვა

ფიჯიზე დააპატიმრეს რუსი ოლიგარქის იახტა, რომლის ფასი 325 მლნ დოლარია

კუნძულ ფიჯიზე რუსი ოლიგარქის, სულეიმან კერიმოვის ძვირადღირებული იახტა დააპატიმრეს.

კერიმოვის სუპერიახტის, Amadea-ს ღირებულება 325 მილიონი დოლარია.

მედიის ცნობით, იახტა გამოძიების ფარგლებში დააპატიმრეს და გაჩხრიკეს. ასევე, დააკავეს იახტის კაპიტანი და ეკიპაჟი.

გემს ფიჯის დატოვების უფლება ექნება გამოძიების დასრულების შემდეგ.

კერიმოვი, რომელიც  რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირად მიიჩნევა, არის რამდენიმე რუს ოლიგარქს შორის, რომლებსაც აშშ-ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში სანქციები დაუწესეს რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გამო.

Forbes-ის ბოლო მონაცემებით, კერიმოვი სიმდიდრის მიხედვით მეათე ადამიანია რუსეთში, მისი ქონება 15 მილიარდ ევროს აღემატება.

___________

ფოტოზე: იახტა „ამადეა“. ფოტო: yachtharbour.com

„მოსკვას“ ჩაძირვა აიძულებს რუსეთს, შავ ზღვაში პოზიციებს გადახედოს – დიდი ბრიტანეთი

სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვას ტვიტერზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა.

„ეს ინციდენტი ნიშნავს, რომ რუსეთმა სერიოზული ზიანი მიიღო. „მოსკვა“ მეორე სამხედრო ხომალდია, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოვიდა მწყობრიდან. 24 მარტს ბერდიანსკის პორტში ჩაიძირა სადესანტო ხომალდი „სარატოვი“. ასეთი დანაკარგები აიძულებს რუსეთს, გადახედოს თავის პოზიციებს შავ ზღვაში“, – წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება.

კრეისერის ჩაძირვა დღეს ოფიციალურად დაადასტურა რუსეთმა. უკრაინის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 13 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს სამხედრო ხომალდზე. რუსეთის ფედერაციამ თავდაპირველად უარყო ცნობა კრეისერის დაზიანებაზე, თუმცა შემდეგ აღიარა, „რომ ხომალდზე ხანძარი საბრძოლო მასალების აფეთქებამ გამოიწვია“. რუსეთის ხელისუფლებას არ დაუზუსტებია, რამ გამოიწვია საბრძოლო მასალების აფეთქება. 14 აპრილის საღამოს „მოსკვა“ ჩაიძირა, როდესაც ბუქსირით მის პორტში გადაყვანას ცდილობდნენ.

ამ დრომდე უცნობია, რა ბედი ეწია ხომალდის ეკიპაჟს. რუსეთს მსხვერპლზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია. თუმცა „ნექსტა“ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველზე, ანტონ გერაშენკოზე დაყრდნობით წერს, რომ კრეისერზე აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაიღუპა ანტონ კუპრინი, სამხედრო ხომალდის მეთაური.

___

საბჭოთა წარმოების სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ ზღვაში პირველად 1979 წელს გავიდა, 2021 წელს კი მას მასშტაბური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. სწორედ „მოსკვა“ უზრუნველყოფდა შავ ზღვაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ანტისაჰაერო თავდაცვას.

„მოსკვა“, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი იყო, კუნძულ ზმეინის დაკავებაშიც მონაწილეობდა. სწორედ მის ეკიპაჟს მიემართებოდა უკრაინელი მესაზღვრეების უკვე ცნობილი ფრაზა „რუსეთის სამხედრო ხომალდო, იდი ნა ხ….“.

ანტონ კუპრინი, სამხედრო ხომალდ „მასკვას“ მეთაური. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხომალდზე ეკიპაჟის 500-მდე წევრი იმყოფებოდა.

___

მთავარი ფოტო: ცეცხლმოკიდებული „სარატოვი“

„ზუსტად უნდა გავიგოთ, ვინ რა მიზნებით მოდის ჩვენთან“ – მედვედევი მიგრანტებზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთმა ახალ ზომებს უნდა მიმართოს ქვეყანაში შესული მიგრანტების შესასწავლად. მისი თქმით, ამისათვის გამოყენებული უნდა იქნას თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებიც.

რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს, „ტასის“ ცნობით, მედვედევმა სახელმწიფო მიგრაციის პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხებზე უშიშროების საბჭოს უწყებათაშორის კომისიის სხდომაზე ისაუბრა დღეს, 15 აპრილს.

მედვედევის თქმით, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, „განსაკუთრებით შექმნილ ვითარებაში“, აუცილებელია მიგრანტების ბიოგრაფიული და პირადი ინფორმაციის შესწავლა.

„ზუსტად უნდა გავიგოთ, ვინ და რა მიზნებით მოდის ჩვენთან“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

მედვედევმა ასევე თქვა, რომ არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა ასევე არის ბრძოლა ექსტრემიზმისა და დანაშაულის გავრცელების წინააღმდეგ.

 

პუტინი სულით კგბ-ს აგენტია, მისი ქონება კი 200 მილიარდს აღემატება – ბრაუდერი

ფინანსისტი და ინვესტორი ბილ ბრაუდერი წლების განმავლობაში ითხოვდა კრემლისთვის მკაცრ სანქციებს და „მაგნიტსკის აქტის“ მიღებას. კონსტანტინ ეგგერტთან ინტერვიუში ის ჰყვება, თუ როგორ გახდა პუტინი უდიდესი ოლიგარქი. ინტერვიუ „დოიჩე ველემ“ გამოაქვეყნა.

საინვესტიციო ფონდის, Hermitage Capital-ის თანადამფუძნებელსა და დირექტორს, ბილ ბრაუდერს, რუსეთში შესვლა 2005 წლიდან აკრძალული აქვს. 1995 წლიდან 2006 წლამდე, დახურვამდე, Hermitage Capital-ი რუსეთში უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი უმსხვილესი ფონდი იყო. 2010 წლიდან ბრაუდერმა ფართო კამპანია წამოიწყო – ის ფონდის მიერ რუსეთის ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების მითვისებას იძიებს და ფონდის იურისტის, სერგეი მაგნიტსკის დაღუპვის საქმეში დამნაშავეებს ეძებს. სწორედ მისი ინიციატივით მიიღო კონგრესმა „მაგნიტსკის აქტი“, რომელიც რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს.

  • ბატონო ბრაუდერ, თქვენ უკვე 10 წელია ცდილობთ, მიაღწიოთ მკაცრ სანქციებს რუსული რეჟიმისთვის. დღეს თუ გრძნობთ თავს გამარჯვებულად?

მე ვიტყოდი, რომ წავაგე, როგორც მთელმა მსოფლიომ და განსაკუთრებით უკრაინელმა ხალხმა. დასავლეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები ბევრად ადრე და მტკიცედ რომ აღსდგომოდნენ წინ ვლადიმერ პუტინს, როდესაც ის ისეთ დანაშაულებს სჩადიოდა, როგორებიცაა ყირიმის ანექსია, საქართველოში შეჭრა, სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა, რუსეთის პრეზიდენტს შესაძლოა, ცოტა სხვა დასკვნები გამოეტანა და უკრაინას არ დასხმოდა თავს.

  • როგორ აფასებთ ახლანდელ სანქციებს, საკმარისად მკაცრია?

სანქციების ახლანდელი პაკეტი გაცილებით მკაცრია, ვიდრე ოდესმე, რომელიმე ქვეყნისთვის დაუწესებიათ. თუმცა ჩვენ საქმე გვაქვს სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზარმაზარ საფრთხესთან და რუსეთი აბსოლუტურ ეკონომიკურ წნეხში უნდა მოვაქციოთ. ყველაზე მოულოდნელი მაინც იყო დასავლეთის სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ. ბანკს 640 მილიარდი დოლარი ჰქონდა სხვადასხვა ვალუტაში და აქედან 350 მილიარდი დასავლეთმა გაყინა. ამას არავინ ელოდება, მით უმეტეს ვლადიმერ პუტინი. ვფიქრობ, რომ ამან მთლიანად ხაზი გადაუსვა მის ყველა ეკონომიკურ გათვლას.

მოულოდნელი იყო პუტინის ოფშორული აქტივების წინააღმდეგ მიღებული სანქციებიც. ის ძალიან, ძალიან მდიდარი ადამიანია. ჩემი შეფასებით, მისი ქონება 200 მილიარდ დოლარს აღემატება და ეს ფული მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ოლიგარქებს აბარიათ სამართავად. ახლა, დასავლეთში, ჩვენ პირველად დავიწყეთ ამ ოლიგარქების აქტივების გაყინვა. ამ მომენტისთვის სანქციები დაუწესდა დაახლოებით 12 მათგანს. Forbes-ის სიაში 188 რუსი მილიარდერი ოლიგარქია. ვფიქრობ, 110-ს მაინც უნდა შეეხოს სანქციები, თუკი ნამდვილად გვინდა, რომ ამ ომის საწარმოებლად პუტინს ეკონომიკური რესურსი აღარ დარჩეს.

  • და ეს 118 ადამიანი, ისინი ყველანი დამნაშავენი არიან იმაში, რასაც პუტინის რეჟიმი აკეთებს, ყველანი აგებენ პასუხს პუტინის გამო?

ვვარაუდობ, რომ 118 ოლიგარქიდან 110 ნამდვილად პასუხისმგებელია. შესაძლოა, 8 მათგანი არ იყოს კრემლთან დაკავშირებული. თუმცა იდეაში, იმისთვის, რომ ოლიგარქი გახდე, იმისთვის, რომ რუსეთში გამდიდრდე, ფაქტობრივად, ეშმაკს უნდა გაურიგდე.

ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, ოდესღაც, როგორც კარგი ადამიანი, ისე იწყებდა საქმეს, მაგრამ ყველამ, ვინც ასე გამდიდრდა, ეს პუტინის სურვილითა და ნებართვით შეძლო. და მათ ამის სანაცვლოდ მისი ფული უნდა შეინახონ.

კიდევ ერთი, რაც მათ უნდა გააკეთონ, ესაა ამ დანაშაულებრივი რეჟიმის  ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა სახის მხარდაჭერა. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, თავად სურდათ გამხდარიყვნენ პუტინის დანაშაულის მონაწილეები თუ აიძულეს, ამ ადამიანებმა, რაღაც მომენტში მიიღეს გადაწყვეტილება, მისი პარტნიორები გამხდარიყვნენ. ამით, მათ საკუთარი ქონებაც რისკის ქვეშ დააყენეს.

  • როგორ შეიძლება იმის დამტკიცება, რომ რომელიმე ოლიგარქი ვლადიმერ პუტინის აქტივებს აკონტროლებს?

ვლადიმერ პუტინი სულით კგბ-ს აგენტია. მას ესმის, რომ თუ ვინმეს ექნება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ის მილიარდობით დოლარს ან ამხელა ქონებას ფლობს, იმ ადამიანს შანტაჟის შანსი გაუჩნდება. საიდან იცის? იქიდან, რომ მთელი თავისი კარიერის განმავლობაში სხვებს აშანტაჟებდა. მას უნდა ეპოვა ადამიანები, რომლებსაც საკუთარ ფულს ანდობდა.

ვის შეიძლება ენდობოდეს? ალბათ, თავის მებაღეს, მაგრამ მებაღე ვერ მიადგება Goldman Sachs-ს 2 მილიარდი დოლარით, ისე, რომ ბანკს ეჭვები არ გაუჩნდეს. ამიტომაც სჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც მდიდრებიც არიან და ისიც ენდობა. ეს ფული ხვდება ოლიგარქების ხელში და უამრავი შესაძლებლობაა ამის დამტკიცების. მაგალითად, ცნობილი ვიოლონჩელისტი სერგეი როლდუგინი. „პანამის დოკუმენტებმა“ აჩვენა, რომ მისი ქონება 2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. საიდან აქვს ვიოლონჩელისტს ამხელა ფული? პირველ რიგში, ის შემთხვევითი ვიოლონჩელისტი არაა. ბავშვობიდან პუტინის ახლო მეგობარია, მისი ქალიშვილის ნათლია. სწორედ მან გააცნო პუტინი და მისი მომავალი ცოლი ერთმანეთს.

შეიძლება, ვერავინ ვერასდროს აჩვენოს ბანკის ამონაწერი, რომ პუტინმა ოლიგარქებს ფული მისცა, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში გამოჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნამდვილად შესაძლებელია სრულიად სანდო შთაბეჭდილების შექმნა იმაზე, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა.

  • ოლიგარქებისთვის დაწესებულ სანქციებში არის გამონაკლისები. მაგალითად, ეს ეხება ალექსეი მორდაშოვს, ალიშერ უსმანოვს. მათი ქონების რაღაც ნაწილი დაყადაღებულია, მაგრამ მათი კომპანიები განაგრძობენ მუშაობას და ბიზნესს აშშ-ში, რადგან მთელი მათი აქტივები რომ გაყინონ, ეს ძლიერად დაარტყამს გლობალურ ეკონომიკას, მათ შორის, ამერიკისას. ეს შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდან სწორი პოლიტიკაა?

ყველა ხელისუფლებამ უნდა აწონ-დაწონოს, როგორი იქნება სანქციების ფასი. მიზანი ცხადია – ჩვენ გვინდა, რომ პუტინს აღარ ჰქონდეს ომის დაფინანსების შესაძლებლობა. ამის ფასი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს მინიმალური. თუ თქვენ იახტას ან თვითმფრინავს ჩამოართმევთ ოლიგარქს, ეს მხოლოდ მასზე იმოქმედებს. თუ თქვენ მის პირად ან საინვესტიციო ფონდის ანგარიშს გაყინავთ, არც ეს მოახდენს რაიმე გავლენას დანარჩენ სამყაროზე. მაგრამ ალუმინის ან რკინაშენადნობ კომპანიებში ათასობით ადამიანი მუშაობს მთელ მსოფლიოში, ადამიანები იყენებენ ალუმინსა და რკინას. ასეთ სანქციებს შეიძლება ძალიანაც დრამატული ეფექტი ჰქონდეს მეორე, მესამე ან მეოთხე ეტაპზე.

ამ ყველაფრის მიზანი არაა კომპანიების დანგრევა ან ეკონომიკის განადგურება, არამედ ის, რომ ოლიგარქების აქტივების გაყინვით, პუტინს აღარ მიუწვდებოდეს ხელი ფულზე. თუკი პუტინი მთელ თავის ჯარს გამოიყვანს, უკრაინას რეპარაციას გადაუხდის და გაეროს ტრიბუნალის წინაშე წარდგება, ამ შემთხვევაში, ოლიგარქები შეძლებენ საკუთარი ფული დაიბრუნონ.

  • ამავე დროს, გერმანია განაგრძობს რუსული გაზის შესყიდვას. ყოველდღიურად ასობით მილიონი ევრო მიდის კრემლის ანგარიშებზე. გაზზე უარის თქმა ძალიან დაარტყამდა გერმანიის ეკონომიკას. და მაინც, როგორ მიგაჩნიათ, უნდა მიიღოს ბერლინმა ასეთი გადაწყვეტილება?

დღესდღეობით, ევროპა რუსეთს დღეში დაახლოებით 500 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარს უხდის. ერთი მხრივ, ევროკავშირი ცდილობს გაყინოს ანგარიშები, რომ რუსეთს აღარ ჰქონდა ფინანსები ომისთვის, ხოლო მეორე მხრივ, დღეში ნახევარი მილიონიდან მილიარდ დოლარამდე ფულს უგზავნის რუსეთსა და პუტინს, რომ ამ ფულით ბომბები, ტანკები იყიდონ და უდანაშაულო ადამიანებს ესროლონ უკრაინაში. ეს სრულიად მიუღებელი ფარისევლობაა. და როდესაც ადამიანები ლაპარაკობენ გერმანიის ეკონომიკის დანაკარგებზე ან სხვა ეკონომიკის ზიანზე, მე შემიძლია ვუთხრა მათ, რომ გერმანიის ეკონომიკისთვის ზიანი იქნება გაცილებით დიდი, თუკი ჩვენ როდისმე რუსეთთან სრულმასშტაბიან სამხედრო კონფრონტაციაში აღმოვჩნდებით.

  • Wall Street Journal-თან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ პუტინის აგრესია უკრაინაში ჩავარდა იმიტომ, რომ ომისთვის გამოყოფილი ფულის 80 პროცენტი, ფაქტობრივად, მოიპარეს. შეიძლება ითქვას, რომ პუტინი, ერთი მხრივ, მართავს რუსეთს კორუფციის დახმარებით, ხოლო მეორე მხრივ, მისი ცხოვრების მთავარ პროექტს საფრთხე დაემუქრა სწორედ იმ კორუფციის გამო, რომელიც მისი სისტემის ნაწილია. პარადოქსია?

ვფიქრობ, კორუფცია რუსეთში იმდენად გავრცელებულია, რომ იქ, ფაქტობრივად, აღარაფერი მუშაობს. სახელმწიფოსთან დაკავშირებული ნამდვილად არაფერი მუშაობს. საავადმყოფოებში პაციენტებს ვერ მკურნალობენ, რადგან ფულს იპარავენ. სკოლებში ბავშვებს ვერ ასწავლიან, რადგან წიგნებს იპარავენ. გზებს ვერ აგებენ, მაგრამ მთავარი – მათ არ შეუძლიათ ამ ომის წარმოება. ფულის 80 პროცენტი, რაც ამ ომზე უნდა წასულიყო, ისიც მოპარულია და ეს ძალიან კარგია. სინამდვილეში, ეს შესანიშნავია, რადგან ეს ნიშნავს, რომ უკრაინელებს შეუძლიათ ღირსეული პასუხი გასცენ რუსეთს.

და ყველაზე მთავარი, ეს ხომ დამამცირებელია. ვლადიმირ პუტინი მკერდში მჯიღს იცემდა, ამბობდა, რომ ორ დღეში კიევს აიღებდა და უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნებში შევიდოდა, მაგრამ მალევე ცხადი გახდა, რომ ამ განცხადებების უკან არაფერიც არ დგას. მან ვერ შეძლო უკრაინის დაპყრობა ექვს კვირაშიც კი. შესაძლოა, ის ვერც ვერასოდეს აიღებს უკრაინას. მე ვფიქრობ, რომ ეს, გარკვეული თვალსაზრისით, პუტინის დასასრულის დასაწყისია, რადგან თუკი ის ვერ შეძლებს ძალის დემონსტრირებას, რაღაც მომენტში, გამოჩნდება ვიღაც სხვა, ვინც იტყვის, რომ მას შეუძლია.

  • თავის დროზე თქვენ მხარს უჭერდით პუტინს. მახსოვს, ამბობდით, რომ ის სწორად იქცევა, როდესაც 90-იანების ოლიგარქიისგან წმენდს ქვეყანას. მეტიც, მგონი, მიხაილ ხოდორკოვსკის დაკავებაც კი მოიწონეთ. დღეს თქვენ პუტინის მთავარი მტრების სამეულში ხართ. შესაძლოა, ნავალნისთან და იმავე ხოდორკოვსკისთან ერთად. როგორ მოხდა თქვენი ეს ტრანსფორმაცია. როგორც ვხვდები, ამაზე მთავარი გავლენა სერგეი მაგნიტსკის სიკვდილმა იქონია, თუმცა ძალიან ადამიანური თვალსაზრისით, ალბათ, ეს თქვენთვის სერიოზული გამოცდა იყო.

მე რუსეთში პირველად 1996 წელს ჩავედი. ქაოსი დამხვდა. თავიდან მომეჩვენა, რომ ეს კარგიც იყო. ახალგაზრდა ადამიანი შეიძლებოდა გამოჩენილიყო არსაიდან, ხელი მოეკიდა ნებისმიერი საქმისთვის და წარმატებისთვის მიეღწია. როცა რუსეთში დავრჩი, დავინახე, რომ რაც იქ ხდება, ეს ძალიან ცუდია. დავინახე რას განიცდიდნენ რუსეთის მოქალაქეები – მედდები იძულებულნი გახდნენ სექსმუშაკებად ქცეულიყვნენ, პროფესორები – ტაქსისტებად. სამხატვრო მუზეუმები კედლებიდან ხსნიდნენ ტილოებს და ჰყიდდნენ. რატომ? იმიტომ, რომ 22-მა ოლიგარქმა ჩაიგდო ხელში მთელი ქვეყნის რესურსები.

ბილ ბრაუდერი

როდესაც პუტინი მოვიდა, მეც და სხვებსაც გაგვიხარდა, როცა თქვა, – „ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ქაოსს. ჩვენ შევაჩერებთ ოლიგარქებს. ჩვენ რუსეთს ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნებთ“. დროის რაღაც მონაკვეთში, მას ეს გამოუვიდა. შემდეგ მან დააკავა და სასამართლო მოუწყო რუსეთის ყველაზე მდიდარ კაცს, მიხაილ ხოდორკოვსკის, დანარჩენი ოლიგარქები შიშით უყურებდნენ ამას. წავიდნენ ისინი პუტინთან და უთხრეს – „რა უნდა გავაკეთოთ, რომ ხოდორკოვსკივით ციხეში არ მოვხვდეთ“ და პუტინმა უპასუხა – 50 პროცენტი. იმის ნაცვლად, რომ ოლიგარქები ჩამოეშორებინა, ის თავად გახდა ყველაზე დიდი ოლიგარქი. არის ასეთი გამოთქმა, რომ „ძალაუფლება რყვნის,  აბსოლუტური ძალაუფლება კი რყვნის აბსოლუტურად“. და ეს შესანიშნავად აღწერს ვლადიმერ პუტინს.

______________

თარგმნა თამარ რუხაძემ

პოდოლიაკი: ახლა ევროპის ჯერია მოსკოვი გაუშვას ეკონომიკურ ფსკერზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ევროპას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დააწესოს სრული ემბარგო რუსულ ნავთობსა და გაზზე და „მოსკოვი გაუშვას ეკონომიკური და ფინანსური ფსკერისკენ“.

„უკრაინამ რუსული კრეისერი „მოსკოვი“ უკვე გაუშვა ფსკერზე. ახლა ევროპის ჯერია ნამდვილი მოსკოვი გაგზავნოს ფინანსური და ეკონომიკური ფსკერისკენ. ის, რაც ამისთვისაა საჭირო, არის სრული ემბარგო რუსულ ნავთობსა და გაზზე.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, პრეზიდენტი და მისი გუნდი, ევროპას მოუწოდებენ რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგო დააწესოს. 14 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, BBC-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგოს ევროკავშირის ქვეყნებს შორის გერმანია და ბულგარეთი ბლოკავენ“.

Exit mobile version