ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რა სამუშაოს სთავაზობენ სოციალურად დაუცველებს და რამდენი ვაკანსიაა აჭარაში

16.04.2022
რა სამუშაოს სთავაზობენ სოციალურად დაუცველებს და რამდენი ვაკანსიაა აჭარაში

აჭარაში, სოციალურად დაუცველი იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სურთ დასაქმება, 15 აპრილის მონაცემებით, 2 600-მდე ვაკანსიაა. ამ დროისთვის კი, სულ გაფორმებულია 480-მდე სოციალური ხელშეკრულება.

„ვაკანსიები ძირითადად არის დასუფთავების, მეეზოვის, საბავშვო ბაღში ძიძის დამხმარის, დარაჯის, დამხმარე პერსონალის, კურიერის და გამწვანების თანამშრომლის პოზიციაზე.

რაც შეეხება ანაზღაურების ნაწილს, საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულებისთვის გაიცემა სოციალური გასაცემელი, თვეში არაუმეტეს 300 ლარისა, რომელიც არ იბეგრება და ირიცხება იმავე საბანკო ანგარიშზე, სადაც ირიცხება მიზნობრივი სოციალური შემწეობა“ – მოგვწერეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან.

სააგენტოს ინფორმაციით, „აჭარის რეგიონში ვაკანსიები ძირითადად წარმოდგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებიდან. ასევე, ვაკანსიები აქვს წარმოდგენილი აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ სამსახურებს, ჯამში წარმოდგენილია 2 600-მდე ვაკანსია.

კერძოდ:

  • ბათუმის მუნიციპალიტეტში წარმოდგენილია 1200-მდე ვაკანსია;
  • ქედის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე – 110-მდე ვაკანსია;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტში – 350-მდე ვაკანსია;
  • შუახევის მუნიციპალიტეტში – 300-მდე ვაკანსია;
  • ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – 100-მდე ვაკანსია;
  • ხულოს მუნიციპალიტეტში – 500-მდე ვაკანსია.

ამავე სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით:

აჭარის რეგიონში ამ დროისთვის ჯამში გაფორმებულია 480-მდე სოციალური ხელშეკრულება.

აჭარაში საზოგადოებრივი სამუშაოების მომწოდებლები, ვინც უკვე გაუფორმა სოციალური ხელშეკრულება პროგრამის მოსარგებლე პირებს ძირითადად არიან:

  • ბაღების გაერთიანებები,
  • შუახევის მუნიციპალიტეტი,
  • ა[ა]იპ ხულოს მუნიციპალური სერვისი;
  • შპს ,,სანდასუფთავება“,
  • ა[ა]იპ ხელვაჩაურის სასაფლაოები,
  • შპს „ხელვაჩაურის წყალკანალი“,
  • ა[ა]იპ – „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“,
  • მუნიციპალური სერვისების სააგენტო და სხვა.“

დასაქმების სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდა. 4 აპრილს კი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით 20 000 საზოგადოებრივი სამუშაო ვაკანსია იყო დარეგისტრირებული.

ინფორმაცია, თუ რომელი მუნიციპალიტეტის/უწყების/ორგანიზაციის მიერ და რამდენი ვაკანსიაა იყო გამოცხადებული და რა სამუშაოებზე, „ბათუმელებმა“ იმავე დღეს გამოითხოვა დასაქმების სააგენტოდან.

სააგენტომ პასუხი 15 აპრილს მოგვწერა, თუმცა დეტალური ინფორმაცია ვერ მივიღეთ [მეტ-ნაკლებად დეტალური ინფორმაცია მხოლოდ აჭარასთან მიმართებაში მოგვაწოდეს].

„მთელი ქვეყნის მასშტაბით სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში ვაკანსიების უმეტესობა წარმოდგენილი აქვს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და ადგილობრივ თვითმმართველობებს“ – მოგვწერეს სააგენტოდან.

დასაქმების პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციარებს შეუძლიათ მიმართონ სოციალური მომსახურების ან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სერვისცენტრებს.

ამავე თემაზე:

ვინ ისარგებლებს დასაქმების სახელმწიფო პროგრამით – მთავრობის ახალი დადგენილება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: