მთავარი,სიახლეები

ჩვენ ვეძებთ რუს სამხედროებს უკრაინაში და ვადგენთ მათ სიას – ინტერვიუ

17.04.2022 •
ჩვენ ვეძებთ რუს სამხედროებს უკრაინაში და ვადგენთ მათ სიას – ინტერვიუ

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჟურნალისტებზე „ნადირობაა“ გამოცხადებული – რუსი სამხედროები ჟურნალისტებს იტაცებენ, ემუქრებიან და ფიზიკურად უსწორდებიან. ომის გაშუქებისას დაიღუპა 20-მდე უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტი.

საგრძნობლად გართულდა უკრაინული მედიასაშუალებების მუშაობაც – ისინი ფინანსური, ლოგისტიკური და სხვა პრობლემების წინაშე დგანან.

როგორ შეცვალა უკრაინული მედიის ყოველდღიურობა ომმა, როგორ უმკლავდებიან ისინი ემოციურ და ფსიქოლოგიურ სტრესს – „ბათუმელების“ ამ და სხვა კითხვებს „ბიჰუს ინფოს“ რედაქტორმა, მაქსიმ ოპანასენკომ უპასუხა.

  • მაქსიმ, თქვენ არაერთხელ დაწერეთ, რომ ძალიან ამაყობთ თქვენი გუნდით – „ზოგი ომშია, ზოგი საინფორმაციო ველზე იბრძვის. ყველა ყველაფერს აკეთებს, უჩვეულოს, განსხვავებულს, ახალს“ და წერდით, რომ ყველაფერს მომზადებული შეხვდით. გვითხარით თქვენი რედაქციის მუშაობაზე. როგორ მუშაობს „ბიჰუს ინფო“ მას შემდეგ, რაც რუსეთის ომი დაიწყო?

ჩვენ ანტიკორუფციულ სატელევიზიო გადაცემებს ვაკეთებთ 2013 წლიდან. ჩვენი თემატიკა ომი არ იყო, საომარი კორესპონდენტები არ გვყოლია. ისეთი ხალხი ვართ, თვეობით რომ შეიძლება მონაცემთა ბაზებში, სოციალურ ქსელებში და დოკუმენტებში ისხდნენ ანტიკორუფციული გამოძიებებისთვის. სწორედ ამას ვაკეთებდით 2022 წლის 24 თებერვლამდე.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, უარი ვთქვით ანტიკორუფციულ თემატიკაზე – ეს ალოგიკურია და ახლა არავის სჭირდება. ახლა რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ:

უპირველეს ყოვლისა, უკრაინაში მებრძოლი რუსი სამხედროების ძებნა და იდენტიფიკაცია. ეს მოიცავს მუშაობას მათ სოცქსელებთან, მონაცემთა ღია ბაზებთან, მუშაობას IT-სპეციალისტებთან ერთად, რომლებიც დიდად გვეხმარებიან ინფორმაციის მოპოვებაში სხვადასხვა რუსული ბაზიდან.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შევქმნათ ჩვენს ქვეყანაში ომით მოსული ხალხის სია, სასურველია სრული, თუმცა კი მესმის, რომ ეს რთულია. ისინი საზარელ რაღაცებს სჩადიან – ალბათ, კადრები ბუჩიდან, გოსტომელიდან და ირპენიდან ყველამ ნახა. იმედი მაქვს, ჩვენს მიერ მოგროვებული ინფორმაცია ოდესმე დიდი სამხედრო სასამართლოების ნაწილი გახდება, რათა ყოველი ოკუპანტი დაისაჯოს.

რაც შეეხება ჩვენს მომზადებას, ვერ ვიტყოდი, რომ ძალიან მზად ვიყავით, არც ვიცი, ომისთვის როგორ შეიძლება მოემზადო. ომამდე თვე-ნახევრით ადრე რედაქციაში დავიწყეთ გეგმების განხილვა, რადგან მაშინ, 2021 წლის დეკემბერში, მოდიოდა შეტყობინებები სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ, მათ შორის დასავლელი პარტნიორებისგან.

მკაფიოდ ვიცოდით, გუნდის რომელი წევრი იქნებოდა მოხალისე, რომელი შეავსებდა შეიარაღებული ძალებისა და ტერიტორიული თავდაცვის რიგებს, რომელი განაგრძობდა ინფორმაციულ ფრონტზე ყოფნას, რომელი რას გააკეთებდა, სად იქნებოდა… განვიხილავდით მუშაობის გაგრძელების ტექნიკურ შესაძლებლობასაც.

რამდენადაც არსებულ ვითარებაში სასიამოვნო შეიძლება იყოს, თითქმის გამოვიცანით ყველაფერი, რაც ახლა ხდება: ქალაქები, რომლებზეც მასიური შეტევა მოდის, რუსული ჯარის შეჭრის ყველაზე აქტიური მიმართულებები. მიმდინარე მოვლენები ძალიან დიდი მოულოდნელობა არ გამოდგა.

  • რა იყო ის, რისთვის არ აღმოჩნდით ან ვერ იქნებოდით მზად?

ვერ ვიქნებოდით მზად იმისთვის, რომ „მეგობრული“ ბელარუსი შემოჭრის პლაცდარმი გახდებოდა და რომ შეშლილები რუსეთის ჯარიდან ჩერნობილის ზონიდან წამოვიდოდნენ. ამისთვის ვერ მოემზადებოდი, ვერც კი წარმოიდგენდი. იქ [ჩერნობილში] რადიაციაა, ეს თვითმკვლელობა და აბსურდია და არა სიმამაცე.

ვერ ვიქნებოდით მზად იმისთვის, რომ არ გვეყოფოდა ყველა აუცილებელი ტექნიკური საშუალება. ჩვენ სატელევიზიო გადაცემებს ვაკეთებთ. შესაბამისად, გვჭირდება დიდი სტაციონარული სტუდია, განათება, კამერები და ა.შ. სტუდია, რომელიც 24/7-ზე იარსებებს, ვერ შეიქმნება. ნაწილობრივ განვიხილავდით და სისრულეში მოვიყვანეთ მობილური სტუდიის იდეა, მაგრამ რთულია ამისთვის მომზადება.

ვერ ვიქნებოდით მზად იმისთვის, რის უფლებასაც აძლევენ თავს რუსები. მხედველობაში მაქვს ბუჩა, გოსტომელი, ბოროდიანკა, ხარკოვი. ეს საომარი დანაშაულებია. დიდი ქალაქების ხელთ არსებული ყველა საშუალებით დაბომბვისთვისაც ვერ მოვემზადებოდი.

  • თქვენ ახსენეთ, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი საომრად წავიდა. რამ განაპირობა მათი გადაწყვეტილება?

საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს ჩვენი მთავარი რედაქტორი დენის ბიჰუსი, რამდენიმე სხვა ჟურნალისტი და იურისტიც.

მათი გადაწყვეტილება პატრიოტიზმით და საკუთარ ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის გაგრძელების სურვილითაა განპირობებული.

არც კი მსურს დავუშვა რუსეთის მიერ მთლიანი [უკრაინის] ვარიანტი, მაგრამ რაც ხდება რუსეთში მედიისა და ჟურნალისტების ირგვლივ, კატასტროფაა. აქ ამას არასდროს დავუშვებთ.

  • მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა ბუჩა და ირპენი დატოვეს, თქვენ გამოაქვეყნეთ პოსტი ფეისბუკში, სადაც სთხოვდით მოქალაქეებს, მოეწოდებინათ თქვენთვის ყველა ინფორმაცია, ფოტო, ვიდეო, ამბავი, დოკუმენტი, რომელიც რუსეთის სამხედრო დანაშაულებს აღწერს და ადასტურებს. რა მოცულობის ინფორმაცია შეაგროვეთ ამ დროისთვის და თუ შეგიძლიათ უფრო მეტი გვითხრათ ამ სამუშაოს შესახებ?

ეს ჩვენი მუშაობის მეორე მიმართულება – რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ მტკიცებულებების შეგროვება და დაფიქსირება. აქ რამდენიმე ქვემიმართულება გვაქვს.

„ბიჰუს ინფო“ არაა ცენტრალიზებული ორგანიზაცია და კორესპონდენტთა საკმაოდ ბევრი პუნქტი გვყავს უკრაინაში, მათ შორის აქტიური საბრძოლო მოქმედებების ან დროებითი ოკუპაციის ზონებში. განვაახლეთ კავშირი ამ პუნქტებთან, რათა მათ შეძლებისდაგვარად გადაიღონ ფოტოები, გაესაუბრონ მოწმეებსა და დაშავებულებს, მოაგროვონ მტკიცებულებები.

ინფორმაციის ისეთი ნაკადია, რომ რაც დღეს ტრაგიკულად გვეჩვენება და გვგონია, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს, ერთ კვირაში დაავიწყდებათ. ჩვენი მიზანია, შევაგროვოთ რაც შეიძლება მეტი ასეთი მონაცემი. პერიოდულად ვაქვეყნებთ ტექსტურ მასალებს რუსეთის ომის დანაშაულების შესახებ.

რაც შეეხება ჩემს მოწოდებაზე, ჩემთვის ინფორმაცია გამოეგზავნათ, საუბარი მიდიოდა [რუსი სამხედროების] დოკუმენტებზე – სამხედრო ბილეთები, პასპორტები, ქვედანაყოფის მეთაურთა შემადგენლობის სიები. გათავისუფლებული ქალაქები სავსეა ამ დოკუმენტებით. რაღაც განადგურებულ ბრონირებულ ტექნიკაში იყო, რაღაც დაღუპულთა ჯიბეებსა და ჩანთებში, რაღაცას უბრალოდ კარგავდნენ. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია – ეს დოკუმენტები ამა თუ იმ ადამიანის კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში ადასტურებს.

„დანაშაულები ბუჩაში“ ძალიან ზოგადად ჟღერს. უნდა დავასახელოთ ისინი, ვინც ეს დანაშაულები ჩაიდინა. ამიტომაა ეს დოკუმენტები ჩემთვის მნიშვნელოვანი. ელფოსტა და მესენჯერები „მიფეთქდება“ გამოგზავნილი დოკუმენტებით.

  • ალბათ, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუშაობა ძალიან რთულია თქვენი ჟურნალისტებისთვის… ვიცით, რომ ჟურნალისტებზე „ნადირობენ“ რუსები.

ეს ყველაფერი დეტექტიურ ისტორიებს მახსენებს. რუსები არ არიან შეჩვეული ჟურნალისტების მიმართ ნორმალურ დამოკიდებულებას. [რუსი სამხედროები ჟურნალისტებთან] სახლში მიდიან, ატარებენ „პროფილაქტიკურ საუბრებს“, რომლებიც თანამშრომლობისკენ გადახრით სრულდება – „მოდით, თქვენ ახლა დიდ პროპაგანდულ მანქანაზე იმუშავეთ. დიდება, ფული, ყველაფერი იქნება და თანაც, თქვენ და თქვენი ახლობლები იცოცხლებთ“…

75 წლის მამა წაიყვანეს, სვეტლანას სანაცვლოდ დავაბრუნებთო – რუსების ბრძოლა ჟურნალისტებთან

78 წლის უკრაინელი ჟურნალისტი რუსებმა აწამეს, ის გარდაიცვალა – მედია

უკვე ბევრი ჟურნალისტი დაიღუპა. ასამდე უკვე იყო ტყვეობაში. მუშაობა ნამდვილად რთულია. თუმცა, ყველას კარგად ესმოდა, რა არის რუსეთი, ოკუპაცია და რუსი სამხედროები. ამიტომ, ყველამ ასე თუ ისე მოიმზადა დამატებითი პლაცდარმები, რათა [რუს სამხედროებს] არ დაეკავებინათ და მუშაობის გაგრძელების საშუალება ყოფილიყო. როცა ეს სრულიად შეუძლებელი გახდება, ეს ხალხი შედარებით უსაფრთხო ტერიტორიაზე გადავა, მაგრამ ჯერჯერობით მათი ნაწილი იქ რჩება, ჩვენც კავშირზე ვართ.

  • როგორ ხედავთ, თქვენი, ჟურნალისტების და განსაკუთრებით გამომძიებელი ჟურნალისტების როლს არსებულ ვითარებაში – ომის დანაშაულების დოკუმენტირებაში?

ჩემთვის, როგორც გამომძიებელი ანტიკორუფციული ჟურნალისტისთვის, რომელიც წლები დასდევდა უშიშროებისა და პოლიციის ზედმეტად „გაბლატავებულ“ თანამშრომლებს, უჩვეულოა ამის თქმა, მაგრამ ახლა უკრაინული სპეცსამსახურები ძალიან კარგად მუშაობენ. ახლა მათ მადლობას ვეუბნები.

თუმცა, მუშაობა მათთვისაც რთულია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ —„ეს-ბე-უ“) მიერ რუსი სამხედროებისა და მათი ახლობლების საუბრების ჩანაწერების ჩაგდება, მათი [რუსი სამხედროების] ძებნა და იდენტიფიკაცია სოცქსელებში, მათი მისამართებისა და ტელეფონის ნომრების მოძიება ძალიან ბევრ რესურსს მოითხოვს. კარგად მესმის და ვიცი კიდეც, რომ მანქანა სრული დატვირთვით მუშაობს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის და მათ დახმარება სჭირდებათ.

ჩვენი, ისევე როგორც ასობით მოხალისის როლი იმაში მდგომარეობს, რომ ოკუპანტთა დიდი სია შევქმნათ. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს ქვეყანას გამოვადგეთ. სხვა მოტივაცია არ გვაქვს.

  • ბუჩა და ირპენი კიდევ უფრო პირადია თქვენთვის, თუ სწორად ვიცით, ირპენში გაიზარდეთ, თქვენი ბებია და ბაბუა ბუჩიდან არიან. ალბათ, შეუძლებელია ნანახის სიტყვებით გადმოცემა, მაგრამ თქვენ ჟურნალისტი ხართ და ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან განსხვავებით, ამის გაკეთება გიწევთ, როგორ უმკლავდებით ამ მოვალეობას, ემოციურად, ფსიქოლოგიურად, პროფესიულად? 

დიახ, ბუჩაში დავიბადე და ირპენში გავიზარდე. ამ ორ ქალაქს შორის რამდენიმე კილომეტრია, ეს კიევის ქალაქგარეთა დასახლებაა, რომელიც რამდენიმე დასახლებულ პუნქტადაა დაყოფილი.

რაღაც სიურრეალიზმია, როცა უყურებ რუსული ტექნიკის კოლონების მოძრაობას იმ ქუჩებში, სადაც, პირობითად, ნაყინს ყიდულობდი, მაღაზიაში დადიოდა, სადაც პირველი კოცნა გქონდა. ეს ძალიან სიურრეალისტურად აღიქმება.

არჩევანია: მოხვდე ემოციურ ხვრელში და უბრალოდ ბოლომდე გადაიწვა, ან აბსტრაჰირება და რამე სასარგებლოს კეთება იმის ცოდნით, რომ თუ ყველა გადაიწვება, ომს წავაგებთ. მე მეორე ვარიანტს ვირჩევ. ასე აზროვნებენ ჩვენი გუნდის წევრებიც, ამიტომ არ გვაქვს ისეთ რამ, როგორც დასვენება ან არასამუშაო საათები. ყველა ცდილობს, მაქსიმალურად დაიტვირთოს, რათა საფიქრალად, გასახსენებლად და საყურებლად დრო აღარ იყოს.

  • თქვენ მუდმივად ეხმაურებით ჟურნალისტებთან დაკავშირებულ ამბებს სოციალურ ქსელში, წერდით მაქს ლევინზე, კონსტანტინ რიჟენკოს გაუჩინარებაზე, ალბათ, იცნობდით და ალბათ მეგობრობდით სხვებთანაც, ვინც მოკლეს, გაიტაცეს, დაჭრეს – მოგვიყევით თქვენს კოლეგებზე და იმაზე, თუ როგორ მუშაობს უკრაინული მედია.

უკრაინული მედია გმირულად მუშაობს. ისინი, ვინც აქამდე არასდროს ყოფილა საომარი კორესპონდენტები, მოულოდნელად ასეთები გახდნენ. სხვანაირად უბრალოდ არ გამოდის.

დანარჩენები რამდენიმესაათიან ინფორმაციულ მარათონს ატარებენ და ცდილობენ, ხალხთან კავშირზე დარჩნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არის რეგიონები და ქალაქები, სადაც საათობით გრძელდება საჰაერო განგაში. უამრავი ადამიანი მუდმივად სარდაფში ან თავშესაფარში რჩება ძალიან საბაზისო რაღაცებით – წყალი, ცოტაოდენი საჭმელი, სმარტფონი და ინტერნეტი, თუ მასზე წვდომა არის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათთან საუბარი. მნიშვნელოვანია, არ მოვატყუოთ და მხოლოდ კარგი არ ვაჩვენოთ. მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს კავშირი და მათ საბოლოოდ იმედგაცრუებისა და კატატონიურ სტუპორში ჩავარდნის საშუალება არ მივცეთ – მივუტანოთ ნამდვილი და სასარგებლო ინფორმაცია.

ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება ყოველდღიური სტრიმებია [პირდაპირი ეთერი რომელიმე ინტერნეტ-პლატფორმაზე – რედ.]. ჩემი კოლეგა, დანია მოკრიკი დღეში რამდენიმე საათი ანალიზებს წინა საღამოს და ყოველი ახალი დილის მოვლენებს, აძლევს [მაყურებელს] ძალიან გამოსადეგ რჩევებს და აკეთებს განცხადებებს – მაგალითად, აქა და იქ საჭიროა სისხლის ჩაბარება, იქ – ჯავშანჟილეტები. ასე მუშაობენ სხვა კოლეგებიც. ეს რაღაც ახალი და განსხვავებულია. რთულია ასეთ ფორმატზე გადასვლა, მაგრამ რას იზამ?

რაც შეეხება კონსტანტინ რიჟენკოსა და მაქს ლევინს, საშინელი სიტუაციაა. მაქს ლევინი საერთოდ ლეგენდარული ჟურნალისტია. ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მამაცი ფოტოკორესპონდენტი იყო. სადაც რა არ უნდა ხდებოდეს, ასე ვთქვათ კონტაქტური რამ – აქცია, მიტინგი, ომი – იგი ყოველთვის პირველი იყო, ვინც იქ მიდიოდა. რაც და როგორც მოხდა, ძალიან მტკივნეულია.

რუსეთის ომის მსხვერპლი ჟურნალისტები

მადლობა ღმერთს, კონსტანტინი კარგადაა, მან მოახერხა ამ ვითარებიდან გამოძრომა, მაგრამ მისი ახლობლები პოტენციური დარტყმის ქვეშ არიან, რადგან ოკუპანტებმა იციან, სად ცხოვრობენ ისინი, როგორ გამოიყურებიან და ვინ არიან.

გაუჩინარებული ხერსონელი ჟურნალისტის ძმა რუსებმა წაიყვანეს, მამა იმალება

„რუსი ჯარისკაცები დადიან და მეძებენ“ – როგორ ცხოვრობენ ოკუპირებულ ხერსონში

გვეშინია, მაგრამ ვერსად წავალთ, ეს ჩვენი მიწაა – სად პოულობენ უკრაინელები ძალას ბრძოლისთვის

  • ჟურნალისტებს დღეს რამდენიმე ფლანგზე გიწევთ ბრძოლა, მათ შორის ფართომასშტაბიან საინფორმაციო ომში – როგორ უყურებთ და აფასებთ იმ ინფორმაციას, რომელსაც მსოფლიო იღებს რუსეთის ომზე უკრაინაში?

სუბიექტურად, ძალიან კმაყოფილი ვარ უკრაინის ინფორმაციული სივრცის მუშაობით. გარდა შიდა აუდიტორიის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა, ძალიან ბევრმა დაიწყო ინგლისურენოვანი პროექტები რეალური მოვლენების დასავლეთ ევროპისა და მთელი მსოფლიოს ქვეყნებთან მისატანად.

პირველ რაუნდში უკრაინულმა ინფორმაციულმა სივრცემ დაამარცხა უამრავი „ბოტების ფერმისა“ და სხვა რაღაცების მქონე გოლიათი. თუმცა, ბოლო კვირებში სულ უფრო მატულობს რუსული ბოტების რაოდენობა. ისინი უკრაინული მედიის ყველა პოსტისა და ვიდეოს კომენტარებში არიან.

თუ შეურაცხმყოფელ კომენტარებს არ ჩავთვლით, აგდებენ საკმაოდ მკაფიო გზავნილებს და ნარატივებს, რომლებიც აწყობს კრემლს. ეს ძალიან ცუდია. ვეჭვობ, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგების კომენტარებშიც დაახლოებით იგივე ხდება. მნიშვნელოვანია ეს გვესმოდეს, ამაზე რეაგირება გვქონდეს და ცალკეული მასალები და გამოძიება გავაკეთოთ რუს პროპაგანდისტებზე და ფეიკებზე, რომლებიც „ფე-ეს-ბეს“ [რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური – ФСБ].

ბევრ რაღაცას ვგულისხმობ: ამბობენ ომი კი არა, სპეცოპერაციააო, რაც აბსურდია. არ საუბრობენ რუსეთის რეალურ დანაკარგებზე, თავიანთ ხალხზე. ყველაფერს ფუთავენ, როგორც გრანდიოზულ გამარჯვებას – „სპეცოპერაცია როგორც საჭიროა, ისე მიდის“. ამას უნდა დავუპირისპირდეთ.

  • ახლა კონკრეტულად რა დახმარება სჭირდება უკრაინულ მედიას და თქვენ?

ცენტრალური მედიები კიდევ ნორმალურად გრძნობენ თავს – დარჩა რაღაც ფინანსური ბალიშები, რეგიონებში კი დიდი გასაჭირია. მედია ვერ უძლებს ფინანსურ დატვირთვას. როცა მუშაობა და ფინანსური გეგმები ერთი პირობებისთვისაა გაწერილი, ომის პირობებში ყველაფერი თავდაყირა დგება.

ბევრი პროექტი დაიხურა, ბევრი ჟურნალისტი უმუშევარია. ბევრი ერთი რეგიონიდან მეორეში გადავიდა, რაც სირთულეებთანაა დაკავშირებული. ისინი სადღაც უნდა დასახლდნენ… ვიცნობ რამდენიმე კოლეგას, რომელიც აფეთქებისას მანქანაში ჩახტა და რაც თან ჰქონდა, იმით წავიდა – ტელეფონი, ძაღლი/კატა და მეუღლე და შვილები, სხვა არაფერი. მათ ტექნიკა არ აქვთ.

ახლა პირველმა შოკმა გაიარა, მაგრამ დაბრუნების და ტექნიკის წამოღების საშუალება არ არის. ალბათ, ტექნიკა აღარც არის – რუსი მაროდიორები თავს ბრწყინვალედ გრძნობენ.

მიზნობრივი ფინანსური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩვენ რაც შეგვეხება, გვქონდა ფინანსური ბალიშები და ახლაც გვაქვს, მათ შორის სხვადასხვა პარტნიორების წყალობით, რომლებიც 24 თებერვლიდან დამატებით გვეხმარებიან. გამოჩნდნენ ახალი პარტნიორებიც, რომლებიც მიზნობრივი გრანტებით გვეხმარებიან ელემენტარულისთვის.

მნიშვნელოვანია ფინანსური დახმარება ლოგისტიკურ საკითხებშიც – ბევრს უთავდება ქირის ფული. მათ, ვინც ერთი რეგიონიდან მეორეში გადავიდა, არ აქვთ საშუალება, ბინა მუდმივად იქირავონ, მით უმეტეს, რომ ფასები ძალიან გაიზარდა, განსაკუთრებით დასავლეთში.

ბევრგან საწვავის დეფიციტია, გადასაღებად წასვლა კი მთელი თავგადასავალია.

საჭიროა ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტები „პრესის“ წარწერით. სამხედრო ბრონირებული ჟილეტის ჩაცმა ჟურნალისტს არ შეუძლია – ეგრევე სამიზნე ხდება.

საჭიროა თანამგზავრზე მომუშავე ტელეფონები და რაციებიც. აი ასეთი პროფილური რაღაცები.

  • როგორც ვიცით, თქვენ და სხვა მედიებს ასევე გეხმარებათ „The Fix“…

დიახ. მგონი, ერთ-ერთმა პირველებმა მომწერეს და იკითხეს, რა გვჭირდებოდა. მაშინ პროფილური ტექნიკა გვჭირდებოდა, ბანალური რაღაცები. დაგვეხმარნენ სტრიმინგის და მონტაჟის საკითხების მოგვარებაში.

  • რამდენი ადამიანი მუშაობს თქვენს ორგანიზაციაში?

დაახლოებით 32-33 ადამიანი ჩვენთან და 10-12 რეგიონული პარტნიორი.

  • ბოლოსთვის, როგორია რიგითი მოქალაქეების დამოკიდებულება ჟურნალისტებისადმი?

უკრაინული აუდიტორია ერთიანია, როგორც აქამდე არასდროს. არავინ იყოფა პოლიტიკურ ბანაკებად, ყველას ესმის რა ხდება.

როცა რამის გადასაღებად არ მიდიხარ, ყველაფერი წესრიგშია. როცა გადიხარ, პრობლემები შეიძლება შეიქმნას – ყველა კამერიანი ადამიანი ჰგონიათ დივერსანტი ან მტრის მზვერავი, რომელმაც შეიძლება ზიანი მოიტანოს. ეს იმით აიხსნება, რომ ომის პირველ დღეებში, განსაკუთრებით კიევში, უამრავი დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი იყო, რომელიც აფიქსირებდა ტექნიკის გადაადგილებას, რაკეტულ დარტყმებს კორექტირებდნენ, ტოვებდნენ ნიშნებს ქუჩებში და კორპუსებზე, აფიქსირებდნენ შესაძლო დარტყმის მოსახერხებელ ლოკაციებს და ამას სმარტფონის კამერებით აკეთებდნენ.

ზოგს, განსაკუთრებით გათავისუფლებული დასახლებული პუნქტიდან, აქვთ გარკვეული შიშები კამერიანი ხალხის დანახვისას. როცა ხსნი და დოკუმენტებს აჩვენებ, ყველაფერი წესრიგშია. გრანდიოზული პრობლემები არის, მაგრამ ზოგჯერ ლოკალურ პრობლემებსაც აქვს ადგილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: