მთავარი,სიახლეები

„მოსკვას“ ჩაძირვა აიძულებს რუსეთს, შავ ზღვაში პოზიციებს გადახედოს – დიდი ბრიტანეთი

15.04.2022 • 2102
„მოსკვას“ ჩაძირვა აიძულებს რუსეთს, შავ ზღვაში პოზიციებს გადახედოს – დიდი ბრიტანეთი

სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვას ტვიტერზე დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა.

„ეს ინციდენტი ნიშნავს, რომ რუსეთმა სერიოზული ზიანი მიიღო. „მოსკვა“ მეორე სამხედრო ხომალდია, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გამოვიდა მწყობრიდან. 24 მარტს ბერდიანსკის პორტში ჩაიძირა სადესანტო ხომალდი „სარატოვი“. ასეთი დანაკარგები აიძულებს რუსეთს, გადახედოს თავის პოზიციებს შავ ზღვაში“, – წერს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება.

კრეისერის ჩაძირვა დღეს ოფიციალურად დაადასტურა რუსეთმა. უკრაინის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 13 აპრილს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს სამხედრო ხომალდზე. რუსეთის ფედერაციამ თავდაპირველად უარყო ცნობა კრეისერის დაზიანებაზე, თუმცა შემდეგ აღიარა, „რომ ხომალდზე ხანძარი საბრძოლო მასალების აფეთქებამ გამოიწვია“. რუსეთის ხელისუფლებას არ დაუზუსტებია, რამ გამოიწვია საბრძოლო მასალების აფეთქება. 14 აპრილის საღამოს „მოსკვა“ ჩაიძირა, როდესაც ბუქსირით მის პორტში გადაყვანას ცდილობდნენ.

ამ დრომდე უცნობია, რა ბედი ეწია ხომალდის ეკიპაჟს. რუსეთს მსხვერპლზე ინფორმაცია არ გაუვრცელებია. თუმცა „ნექსტა“ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველზე, ანტონ გერაშენკოზე დაყრდნობით წერს, რომ კრეისერზე აფეთქებისა და ხანძრის შედეგად დაიღუპა ანტონ კუპრინი, სამხედრო ხომალდის მეთაური.

___

საბჭოთა წარმოების სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ ზღვაში პირველად 1979 წელს გავიდა, 2021 წელს კი მას მასშტაბური რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. სწორედ „მოსკვა“ უზრუნველყოფდა შავ ზღვაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ანტისაჰაერო თავდაცვას.

„მოსკვა“, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი იყო, კუნძულ ზმეინის დაკავებაშიც მონაწილეობდა. სწორედ მის ეკიპაჟს მიემართებოდა უკრაინელი მესაზღვრეების უკვე ცნობილი ფრაზა „რუსეთის სამხედრო ხომალდო, იდი ნა ხ….“.

ანტონ კუპრინი, სამხედრო ხომალდ „მასკვას“ მეთაური. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხომალდზე ეკიპაჟის 500-მდე წევრი იმყოფებოდა.

___

მთავარი ფოტო: ცეცხლმოკიდებული „სარატოვი“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: