მთავარი,სიახლეები

რატომ დათმო უკრაინამ სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი 1994 წელს

24.03.2022 • 3914
რატომ დათმო უკრაინამ სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი 1994 წელს

1994 წელს, ბუდაპეშტის მემორანდუმით, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ უკრაინა მიუერთდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას. მემორანდუმის მხარეებმა – შეერთებულმა შტატებმა, რუსეთმა და ბრიტანეთმა, აიღეს ვალდებულება „პატივი სცენ უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და არსებულ საზღვრებს“ და „თავი შეიკავონ ქვეყნის წინააღმდეგ მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან“.

ამ გარანტიებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა უკრაინის მთავრობის დარწმუნებაში, დაეთმო მსოფლიოს სიდიდით მესამე ბირთვული არსენალი, რომელიც შედგებოდა დაახლოებით 1900 სტრატეგიული ბირთვული ქობინისგან.

2022 წლის 27 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მეოთხე დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან და გენშტაბის უფროსთან – ვალერი გერასიმოვთან შეხვედრისას, შეკავების ძალების სპეციალურ საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმზე გადასვლის შესახებ გასცა ბრძანება.

შესაბამისად, რუსეთი დანარჩენ მსოფლიოს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა.

ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, უკრაინა საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ მან ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ აღიარებისდამი მიძღვნილი მიმართვისას განაცხადა:

„უკვე გახმიანდა განცხადებები, რომ უკრაინა საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს. ეს ცარიელი ყოყოჩობა არ არის. უკრაინას მართლაც რომ აქვს ჯერ კიდევ საბჭოთა ბირთვული ტექნოლოგიები და მათი [მიზნამდე] მიტანის ინსტრუმენტები…

ამგვარად, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის შექმნა უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ზოგი სხვა ქვეყნისთვის… განსაკუთრებით, საზღვარგარეთიდან ტექნოლოგიური მხარდაჭერის შემთხვევაში, არც ეს უნდა გამოვრიცხოთ.

ჩვენ არ შეგვიძლია, ამ რეალურ საფრთხეზე რეაგირება არ მოვახდინოთ“.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინა  მოახდენს ბუდაპეშტის მემორანდუმის მონაწილე სახელმწიფოების კონსულტაციების ინიცირებას.

უკრაინის მაღალი თანამდებობის პირები მუდმივად აცხადებენ, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმმა ვერ უზრუნველყო მათი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა.

რუსეთმა ეს მემორანდუმი ჯერ კიდევ 2014 წელს დაარღვია ყირიმის ანექსიით.

ცნობისთვის, 2010 წელს, პრეზიდენტ იანუკოვიჩის დროს, უკრაინამ კანონმდებლობით განსაზღვრა უბლოკო სტატუსი. მიუხედავად ამისა, 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, მანამდე კი წინააღმდეგობა გაუწია უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. მაიდნის მოვლენების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2014 წლის დეკემბერში, უკრაინამ უბლოკო სტატუსზე უარი თქვა.

რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

___

მთავარი ფოტო: 1994 წლის 5 დეკემბერი. რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი [მარცხნივ], ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბილ კლინტონი, უკრაინის პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჯონ მეიჯორი ხელს აწერენ ბუდაპეშტის მემორანდუმს.

ფოტო: belfercenter.org

გადაბეჭდვის წესი


ასევე: