მთავარი,სიახლეები

78 წლის უკრაინელი ჟურნალისტი რუსებმა აწამეს, ის გარდაიცვალა – მედია

14.04.2022 • 1784
78 წლის უკრაინელი ჟურნალისტი რუსებმა აწამეს, ის გარდაიცვალა – მედია

მარიუპოლთან რუსი ოკუპანტები სამი დღის განმავლობაში აწამებდნენ და სცემდნენ 78 წლის ჟურნალისტსა და მწერალს, ევგენი ბალს, იტყობინება უკრაინული გამოცემა „ტე-ეს-ენი“.

უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის ცნობით, ბალი წამების შედეგად გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის მწერალთა ეროვნული კავშირის წარმომადგენელი პაველ კუშიც.

ცნობილია, რომ 78 წლის ბალი რუსმა ჯარისკაცებმა მარიუპოლთან, მელეკინოში დააკავეს. უკანონო დაკავების მიზეზი უკრაინელ ჯარისკაცებთან გადაღებული „მაკომპრომატებელი“ ფოტოები გახდა. ოკუპანტებმა მისი სახლი გაჩხრიკეს, თავად ბალი კი „სარდაფ-ციხეში“ წაიყვანეს.

„ოკუპანტებმა მთელი სახლი გადაატრიალეს, თავად კი „სარდაფში“ წაიყვანეს. სამი დღის შემდეგ სასტიკად ნაცემი გამოუშვეს“, – ამბობს უკრაინის ჟურნალისტთა ეროვნული კავშირის პირველი მდივანი ლინა კუში.

პაველ კუშმა, თავის მხრივ, დაამატა, რომ ოკუპანტები ჟურნალისტს სამი დღის განმავლობაში აბუჩად იგდებდნენ. მას სცემეს და ძლიერი დაზიანებები მიაყენეს, თუმცა ბალი ამბობდა, რომ აუცილებლად გამოკეთდებოდა.

იგი 21 მარტს გაათავისუფლეს – „სსრკ-ის ფლოტის ვეტერანებს არ ვეომებითო“. მის დევნას ჟურნალისტთა კავშირი არ ასაჯაროებდა, ბალს დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილას გადასვლა რომ შესძლებოდა.

თუმცა ვეტერანი ჟურნალისტი გარდაიცვალა – 2 აპრილს მას გული გაუჩერდა. 79 წლის იუბილემდე ბალს 6 დღე დააკლდა.

„2 აპრილს დაგვტოვა. მისი გარდაცვალება რუსი ოკუპანტების წამების შედეგი იყო. უკანონო დაკავება და ცემა, რომლის შედეგადაც ჩვენი 78 წლის კოლეგა გარდაიცვალა, ოკუპანტების მორიგი ომის დანაშაულია, რასაც გარდაუვალი და მკაცრი სასჯელი უნდა მოჰყვეს“, – ამბობენ ჟურნალისტთა კავშირში.

გამოცემის ცნობით, ევგენი ბალი პირველი რანგის გადამდგარი კაპიტანი, წყალქვეშა მეზღვაური იყო. 30 წლის განმავლობაში მსახურობდა ჩრდილოეთ და წყნარი ოკეანეების ფლოტის წყალქვეშა ნავებზე. ეწეოდა აქტიურ პატრიოტულ და მოხალისეობრივ ცხოვრებას აზოვისპირეთში.

წერდა წიგნებს დონბასში ომის დაწყებაზე და აღწერდა 2014 წლის მოვლენებს. იგი ასევე ხვდებოდა საზღვაო ქვეითებს და არაერთ საჯარისო შენაერთს, რომელიც მარიუპოლსა და უკრაინას იცავდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: