მთავარი,სიახლეები

სომეხი ბიჭი, რომელიც მარნეულში ბავშვების გუნდს წვრთნის

15.04.2022 • 1991
სომეხი ბიჭი, რომელიც მარნეულში ბავშვების გუნდს წვრთნის

„ჩემს სოფელში ფეხბურთის მწვრთნელად დავბრუნდი. ფეხბურთში ვავარჯიშებ როგორც ბიჭებს, ასევე გოგოებს. მარნეულის მუნიციპალიტეტშია ჩემი სოფელი, წითელსოფელი ჰქვია. ძირითადად სომხურენოვანი მოსახლეობაა, თუმცა გვერდითაა აზერბაიჯანულენოვანი და ქართული სოფლებიც.

ამ სხვადასხვანაირი სოფლების მცხოვრებლები სულ ერთად თამაშობდით ბავშვობაში ფეხბურთს. სპორტი უნიკალური რამ არის – ადამიანების გაერთიანება და ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლია. ჩემი მიზანია უფრო აქტიურები გახდნენ საქართველოში მცხოვრები სომეხი ახალგაზრდები, მინდა ჩვენი თემის ცხოვრების წესის, პრობლემების და ყოველდღიურობის შესახებ სხვებმაც იცოდნენ. მინდა ქართული საზოგადოების შენებაში უფრო აქტიურად ჩართული სომეხი ახალგაზრდები ვნახო“, – გვეუბნება არამ აკოპიანი.

არამი ამბობს, რომ წითელსოფელს სპორტის მრავალწლიანი ტრადიცია აქვს, აქ არამ აკოპიანის საფეხბურთო წრის გარდა კრივის წრეც ფუნქციონირებს და ბავშვებს მწვრთნელი ავარჯიშებს.

არამ აკოპიანი ფეხბურთის პირველი მწვრთნელია, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში გოგოების საფეხბურთო გუნდს წვრთნის.

არამ აკოპიანი

28 წლის არამი წითელსოფლის ახალგაზრდული, სათემო ცენტრის დამფუძნებელიცაა, არის ასევე პლატფორმა „განძის“ წევრი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტი.

არამი ძალიან კარგად საუბრობს ქართულად, რაც მისი თქმით იმის დამსახურებაა, რომ ბავშვობიდანვე უწევდა ახლომახლო სოფლებში მცხოვრებ ქართულენოვან მოსახლეობასთან კონტაქტი, მათ შორის აჭარიდან მარნეულში გადასახლებულ ეკომიგრანტებთან.

„ჯარიც ძალიან კარგი პრაქტიკა იყო. აქ იყვნენ ქართველებიც, სომხებიც, აზერბაიჯანელებიც და უპრობლემოდ შემეძლო ჯარის შემდეგ საუბარი.

ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი სკოლის დროსაც. დავდიოდი ფეხბურთზე, ცეკვაზე, კრივზე, სხვადასხვა წრეზე და ამ წრეებზეც მესმოდა ქართული ხშირად, ვისწავლე ცოტა აზერბაიჯანულიც.

ტრანსპორტი ჩვენს სოფელში არც ჩემს ბავშვობაში დადიოდა და არც ახლა არ დადის: დაშტაფა, წითელსოფელი და მარადისია გვერდიგვერდ. ფეხით დავდივართ ერთმანეთთან.

როცა სპორტზე დავდიოდი ბავშვობაში, სოფლიდან მარნეულამდე გავდიოდი თორმეტ კილომეტრს.

დღემდე, უნივერსიტეტში რომ დავდივარ სოფლიდან 2 კილომეტრი უნდა ვიარო და სადახლო-თბილისის ტრასამდე უნდა მივიდე, გამვლელი ტრანსპორტი ან ტაქსი უნდა გავაჩერო, ჩავიდე მარნეულამდე და მერე თბილისამდე“, – ამბობს არამ აკოპიანი.

გოგოების საფეხბურთო გუნდი წითელსოფლიდან

გოგოებისგან შემდგარი საფეხბურთო გუნდი, რომელსაც არამ აკოპიანი წვრთნის

არამი 1+4 პროგრამით ჩაირიცხა ქართულ უნივერსიტეტში. მიაჩნია, რომ უნივერსიტეტში ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამა მისთვის ძალიან მარტივი იყო და ვერ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რაც მას ჰქონდა:

„წარმოიდგინეთ, გვასწავლიან ქართული ენის მოსამზადებელ, პირველ წელს უნივერსიტეტში „თხამ შეჭამა ვენახის“ და იმ ტექსტებს, რასაც ქართულ სკოლებში დამამთავრებელ კლასებში სწავლობენ. მე კი ამ ტექტსებიდან მერე პირდაპირ იურიდიულო ლიტერატურაზე გადავედი და ცოტა არალოგიკურად ებმოდა ქართულის თემები ჩემს მომავალ პროფესიას“, – ამბობს არამი.

გვიყვება წითელსოფლის სკოლაზეც. გვეუბნება, რომ საკლასო ოთახების რაოდენობა ბავშვებს არ ჰყოფნით და ამიტომ ორ ცვლად უწევთ სწავლა.

„ჩემს დროს ქართულს სომხურენოვან სკოლაში ვსწავლობდით „თავთავით“, მგონი ახლაც ამ სახელმძღვანელოთი ასწავლიან და მოძველდა ეს პროგრამა. ვფიქრობ, უნდა შეიცვალოს და გართულდეს, რომ შეძლონ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა დაეწიონ ქართული სკოლების მოსწავლეებს.

სამწუხაროდ, ჩემი მშობლები კარგად ვერ საუბრობენ ქართულად, მამას ესმის ქართული და ცოტას ლაპარაკობს, დედა საერთოდ ვერ საუბრობს, ჩემმა და ძალიან კარგად იცის ენა, ახლა პოლონეთში ცხოვრობს და ამასობაში შვიდი ენა ისწავლა“, – გვიყვება არამ აკოპიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: