მთავარი,სიახლეები

შუახევში სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედები თვეში 100 ლარს მიიღებენ

15.04.2022 • 1280
შუახევში სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედები თვეში 100 ლარს მიიღებენ

2022 წლის პირველი მაისიდან შუახევის მუნიციპალიტეტში ამოქმედდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც შუახევის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებენ.

აქამდე მსგავსი პროგრამა შუახევის მუნიციპალიტეტში არ ყოფილა.

შუახევის მერის მოადგილის, რუსუდან შავაძის თქმით, პროგრამაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მარტოხელა მშობლების განცხადებები მიიღეს, ფინანსური მხარდაჭერის თხოვნით.

მისივე თქმით, შუახევში მარტოხელა მშობლის სტატუსი რვა ადამიანს აქვს, ყველა მათგანი ქალია. როგორც რუსუდან შავაძე ამბობს, ამ რვა მშობლისგან პროგრამით გათვალისწინებულ ყოველთვიურ 100-ლარიან დახმარებას მხოლოდ 4 მიიღებს.

„რვავე მშობლის იურიდიული მისამართი შუახევია, მაგრამ მათგან მხოლოდ ოთხია შუახევის სოციალურ ბაზაში რეგისტრირებული და ამ ეტაპზე პროგრამა მხოლოდ მათთვის ამოქმედდება“ – ამბობს რუსუდან შავაძე.

მისივე თქმით, იგეგმება დამატებითი პროგრამის შემუშავებაც:

„ვგეგმავთ დამატებით პროგრამას იმ 4 მშობლისთვის, რომელიც ახლა ვერ აიღებს დახმარებას. ჩვენ ამ დედების საკონტაქტოები გვაქვს, შემდეგისთვის მათთან ერთად გავივლით კონსულტაციებს. ჩვენ მათთვის შეთავაზებები გვექნება, მოვისმენთ მათ წინადადებებსაც და ამის შემდეგ გვინდა, რომ რვავე ბენეფიციარის ყოველთვიური დახმარება აისახოს შუახევის მერიის ბიუჯეტში“, – ამბობს რუსუდან შავაძე.

მარტოხელა მშობლებისთვის პროგრამა შუახევის მერიის ბიუჯეტში ბიუჯეტის კორექტირებისას დამტკიცდა. რუსუდან შავაძის თქმით, მუშაობენ, რომ პროგრამით გათვალისწინებული ფინანსური მხარდაჭერა მარტოხელა მშობლებისთვის სამომავლოდ გაიზარდოს.

ამ დრომდე მოქმედი კანონმდებლობით მარტოხელა მშობელი არის მარტოხელა დედა/მამა, რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის/დედის მონაცემები.

ამავე თემაზე:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: