მთავარი,სიახლეები

რა მოითხოვეს დღეს მთავრობისგან „ოცნების ქალაქში“ – აქცია

17.04.2022 • 5083
რა მოითხოვეს დღეს მთავრობისგან „ოცნების ქალაქში“ – აქცია

დღეს, 17 აპრილს, ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობისგან მოითხოვეს აქ მცხოვრები ოჯახების ადგილზე რეგისტრაცია – დამისამართება, „ოცნების ქალაქში“ ბინის მიმღებთა კრიტერიუმების შესახებ დოკუმენტური ინფორმაციის მიწოდება და უკვე აშენებული კორპუსების ექსპერტიზის დასკვნა უსაფრთხოებაზე.

„ვითხოვთ, ფრიდონ ხალვაშის გამზირის 188-ის მიმდებარედ, სადაც ახლა ჩაწერეს საარჩევნოდ [მოსახლეობა], 1740 ოჯახის იურიდიულ დამისამართებას; კატეგორიების, 18 კატეგორია რომ თქვეს, ხელმოწერილ დოკუმენტს და ექსპერტიზის დასკვნას, რომ [მოსახლეობა] ვინც შედის, უსაფრთხოდ შევიდეს ბინებში და ვიცოდეთ, რა ბედი ელოდებათ დანარჩენებს“, – უთხრა „ბათუმელებს“ მარინა ბერიძემ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და მონაწილემ „ოცნების ქალაქიდან“.

მისი თქმით, ეს ერთგვარი გამაფრთხილებელი აქციაა და თუ კი ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ იქნება, შემდეგი აქცია, 30 აპრილს, უკვე აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართება.

„თუ არ მოიტანენ დოკუმენტებს, 30-ში მივდივართ მთავრობის სახლთან და ღამის თენებით ვაპირებთ აქციებს, იქაურობას აღარ მოვშორდებით“, – ამბობს მარინა ბერიძე.

აქცია ოცნების ქალაქში. 17 აპრილი, 2022 წ. ფოტო: „ბათუმელები“/როინ გუნდაძე

აქცია ოცნების ქალაქში. 17 აპრილი, 2022 წ. ფოტო: „ბათუმელები“/როინ გუნდაძე

„ოცნების ქალაქში“ ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე 338-მდე პირი ჩაწერეს ერთ მისამართზე – ფრიდონ ხალვაშის გამზირის 188-ის მიმდებარედ. 2 აპრილის არჩევნებზე, „ოცნების ქალაქში“ მდებარე ერთ საარჩევნო უბანზე 2015 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, მაშინ როცა ერთ საარჩევნო უბანზე დაშვებულია არა უმეტეს 1500 ამომრჩევლისა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ კიდევ არჩევნებამდე აცხადებდნენ, რომ ეს მოწყვლადი ჯგუფის გამოყენებაა სასურველის მისაღებად და საქმე გვაქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან, რამაც ამომრჩევლის თვალში სახელისუფლებო კანდიდატის სასარგებლოდ იმუშავა. 

ეს იყო აღნიშნული „სამართლიანი არჩევნების“ წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის ანგარიშშიც. „ოცნების ქალაქში“ „მისამართის გარეშე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უმეტესი ნაწილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია ერთ დღეს [01.02.2022] რაც აჩენს ეჭვს პროცესის ორგანიზებულად განხორციელებასთან დაკავშირებით“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

მარინა ბერიძე, რომელიც „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს, ამბობს, რომ აჭარის მთავრობასთან არჩევნების შემდეგ აღარ ჰქონიათ კომუნიკაცია.

„თავის საქმეს იკეთებენ, ხალხის საქმე არაა გაკეთებული“ – გვითხრა მან.

რაც შეეხება „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა კიდევ ერთ მოთხოვნას ექსპერტიზის დასკვნაზე, ეს უკავშირდება „ოცნების ქალაქში“ მშენებარე 3 კორპუსს. გასული წლის თებერვალში აქ მშენებარე კორპუსის ერთი სართული ჩამოიშალა, ვიზუალური დათვალიერებისას კი ჩანდა გამრუდებული კედელი, რამაც გააჩინა კითხვები კორპუსის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუმცა, კომპანია, რომელიც „ოცნების ქალაქში“ კორპუსებს აშენებს, აცხადებს, რომ კორპუსი უსაფრთხოა.

„ბათუმელები“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურს დაუკავშირდა კითხვით, რა პასუხი აქვს აჭარის მთავრობას „ოცნების ქალაქის“ მოთხოვნებზე. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: