მთავარი,სიახლეები

სარფის საბაჟოზე ტრაილერების 25 კილომეტრიანი რიგი დგას – თურქული მედია

15.04.2022 • 17833
სარფის საბაჟოზე ტრაილერების 25 კილომეტრიანი რიგი დგას – თურქული მედია

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან თურქეთის მხრიდან სატვირთო ავტომობილების 25 კილომეტრიანი რიგი დგას, ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ წერს, რომ სატვირთოების რიგი სარფიდან ქალაქ არჰავამდე აღწევს, რომელიც საზღვრიდან 40 წუთის სავალზეა.

თურქული მედია საზღვართან გაჭიმულ უზარმაზარ რიგს, უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირებს. თურქეთიდან რუსეთსა და წინა აზიაში – ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი მიმავალი სატრანზიტო ორი მარშრუტი არსებობს. ერთი უკრაინის გავლით და მეორე საქართველოს. ომის დაწყების შემდეგ გადამზიდავებმა, უკრაინის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვეს. შესაბამისად, ტვირთების გადაზიდვის ალტერნატივად საქართველო დარჩა. ტვირთის გატარებაზე გაზრდილ მოთხოვნას კი სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი ვერ აკმაყოფილებს.

ქართველი გადამზიდავები სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან არსებულ სიტუაციას „კოლაფსს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი, მხოლოდ ერთ-ერთი ფაქტორია და არა ძირითადი.

ქართული გადამზიდი კომპანია „ჯორჯიან ტრანსის“ დირექტორი, ირაკლი ნემსაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ საზღვარზე  პრობლემა არის როგორც ქართულ, ისე თურქულ მხარეს.

„ორთვე-ნახევარია სარფის გამშვებ პუნქტზე არის რთული მდგომარეობა.

საქართველოდან გამსვლელ ავტომანქანებს უწევთ სადღაც ორ-სამ დღიანი მოცდის პერიოდი. მაგრამ ეს შედარებით ცივილური ფორმით ხდება. დამგროვებელი პარკებია, სადაც ავტომობილები შედიან, ელოდებიან თავის რიგს და გადიან. ორი-სამი დღე უწევთ რიგში დგომა.

მიზეზი როცა მოვიკითხეთ, სხვადასხვა ვერსია მოვისმინეთ – საბაჟო გამშვები პუნქტის არაეფექტური და გულგრილი დამოკიდებულება. მძღოლების გადმოცემით შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ნელა მუშაობენ. არ არის სრული დატვირთვით ამუშავებული ყველა ის ფანჯარა, რომელიც აყოვნებს სატვირთო ავტომანქანებს. არ ვიცი კადრების სიმცირის გამოა, თუ რის გამოა, მაგრამ არის სამი ფანჯარა, სადაც შეიძლება იჯდეს ოპერატორი, ზის ერთი. შესაბამისად, მისი გამტარუნარიანობა არის ნაკლები. საქართველოდან თურქეთის მიმართულებით რომ გადაკვეთოს საზღვარი მანქანამ, სამი დღე-ღამე სჭირდება ლოდინი,“ – ამბობს ირაკლი ნემსაძე.

მისივე თქმით, გაცილებით უფრო რთულადაა თურქეთიდან საქართველოში მომავალი სატვირთო ავტომობილების საკითხი, რადგან თურქეთის მხარეს მოსაცდელი პარკი არაა და ტრაილერები საავტომობილო გზაზე იცდიან. გადამზიდი კომპანიის მენეჯერის თქმით, უკრაინის ომის გამო შეცვლილი სატრანსპორტო მარშრუტის გარდა, საბაჟოზე რიგების წარმოქმნას ხელს უწყობს ცვლილება, რომელიც თურქულმა მხარემ დააწესა ქართველი გადამზიდავებისთვის.

„თურქეთის რესპუბლიკამ ბოლო 4 წლის განმავლობაში თურქეთის ტერიტორიაზე დარღვეული საგზაო მოძრაობის წესების გამო დაკისრებული ვიდეო ჯარიმები და გზით სარგებლობის გადასახდელების გადახდა ერთად მოგვთხოვა გადამზიდავებს. ავტომობილი როდესაც მოადგება საფრის საბაჟო გამშვებ პუნქტს, ეუბნებიან მაგალითად, 15 ათასი ლირა გაქვს გადასახდელი. როცა მძღოლი სვამს კითხვას, ეუბნებიან, რომ ჯარიმები აქვთ თურქეთში გადასახდელი. რომელი ჯარიმები? რომელ პერიოდში? სად? გზის რომელ მონაკვეთში? რა დარღვევისთვის? და ა.შ. არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ მოიპოვება. ერთადერთი განმარტება არის, რომ ადრე ბაზაში არ გვქონდა დარეგისტრირებული, ახლა შევიყვანეთ ერთიან ბაზაში და უნდა გადაიხადოთ. ბევრი ამას ვერ იხდის, ცდილობს გარკვევას, დააქვს ეს საბუთები ზემოთ-ქვემოთ. ამ გარკვევაში ავტომობილი იქ დგას და გამტარუნარიანობა საზღვრის კიდევ უფრო მცირდება. ამან შექმნა სწორედ იქ კოლაფსი და რიგები. მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის მთავრობას, თურქეთის საკონსულოს, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს. ჯერჯერობით უშედეგოდ,“ – ამბობს ირაკლი ნემსაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოს შემოსავლების სამსახურის პრესცენტრს. პრესსამსახურში ზეპირსიტყვიერად განგვიმარტეს, რომ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეფერხება გამოწვეულია თურქული მხარის მიერ წარმოებული ტექნიკური სამუშაოებით. რაც შეეხება ქართულ მხარეს, ექვსი ოპერატორი მუშაობს და ქართული მხრიდან შეფერხება არაა.

პრესსამსახურში დაგვპირდნენ, რომ ოფიციალურ კომენტარს წერილობით მოგვაწვდიდნენ. არაერთი ზარის და შეტყობინების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურს წერილობითი განმარტება არ მოუწოდებია.

„ბათუმელები“ ასევე დაუკავშირდა თურქეთის საკონსულოს ბათუმში, ვინაიდან ქართველი გადამზიდავი კომპანიების მიმართვის ადრესატები ისინიც იყვნენ. საკონსულოში საკითხის გარკვევას დაგვპირდნენ.

მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ფოტო: ჰურიეთი. ტრაილერების რიგი სარფში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: