რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთმა ახალ ზომებს უნდა მიმართოს ქვეყანაში შესული მიგრანტების შესასწავლად. მისი თქმით, ამისათვის გამოყენებული უნდა იქნას თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებიც.
რუსული სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს, „ტასის“ ცნობით, მედვედევმა სახელმწიფო მიგრაციის პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხებზე უშიშროების საბჭოს უწყებათაშორის კომისიის სხდომაზე ისაუბრა დღეს, 15 აპრილს.
მედვედევის თქმით, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, „განსაკუთრებით შექმნილ ვითარებაში“, აუცილებელია მიგრანტების ბიოგრაფიული და პირადი ინფორმაციის შესწავლა.
„ზუსტად უნდა გავიგოთ, ვინ და რა მიზნებით მოდის ჩვენთან“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
მედვედევმა ასევე თქვა, რომ არალეგალური იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა ასევე არის ბრძოლა ექსტრემიზმისა და დანაშაულის გავრცელების წინააღმდეგ.






