ოცნების ქალაქში მცხოვრებ ოჯახებს საახალწლოდ ახალ ბინებში შესახლებას ქვეყნის პრემიერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წინასაარჩევნოდ, აგვისტოში დაჰპირდნენ, თუმცა ამ დროისთვის კორპუსების მშენებლობა არ არის დასრულებული.
„მშენებლობა 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. რაც შეეხება ბინების გადაცემას, კრიტერიუმებზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა და ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ დაიწყება ბინების გადაცემაც“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
კორპუსებს კომპანია „დაგი“ აშენებს, რომელთანაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ხელშეკრულება 38 620 856 ლარზე აქვს გაფორმებული.
„როგორც იცით, ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა თითქმის დასრულების ეტაპზეა. პანდემიის პირობებში მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელება ნამდვილად ბევრ სირთულესთან იყო დაკავშირებული, საკმაოდ ბევრჯერ შევფერხდით, სწორედ ამიტომ მივმართეთ დამკვეთ კომპანიას ვადის ორი-სამი თვით გადაწევის თხოვნით. შესაბამისად, დასრულების ვადა [2022 წლის] გაზაფხულამდე გადაიწევს.“ – მოგვწერეს მშენებელი კომპანიიდან.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2021 წლის 28 დეკემბრის მონაცემებით, „დაგისთვის“ აჭარის ბიუჯეტიდან გადახდილია 21 226 270 ლარი [სახელშეკრულებო თანხის 55%].
მოქალაქეებს აქვთ კითხვა, რამდენად ხარისხიანად შენდება და რამდენად უსაფრთხოა ერთ-ერთი მშენებარე კორპუსი, რომლის კედელი გამრუდებულია [რაც ფოტოზეც შესამჩნევია]:
კომპანია „დაგში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ხარვეზი, რაც ვიზუალურადაც შესამჩნევია, „არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს კონსტრუქციული ნაწილისთვის და შენობის მდგრადობისთვის,“ რის შესახებაც არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებიც.
პროექტის მენეჯერის, თენგო ჩიკვაიძის განმარტებით, „რაც შეეხება ფოტოს, სადაც ჩანს ფასადის მინაშენის ნაწილის ხარვეზი, მოგახსენებთ, რომ ამას კონსტრუქციულ ნაწილთან აბსოლუტურად არანაირი შეხება არ აქვს და გავლენას არ ახდენს შენობის მდგრადობასა და მზიდუნარიანობაზე. ამას ადასტურებს შესაბამისი დასკვნები უსაფრთხოებისა და სიმყარის შესახებ, რომელიც მშენებლობის კონკრეტული ნაწილების დასრულებისას, ყველა ეტაპზე კეთდება. ეს დასკვნები საჯაროა და შეგიძლიათ ნახოთ spa.ge-ზე. ვიზუალურად ეს ხარვეზი გამოსწორდება ფასადის როგორც შიდა, ისე გარე მოპირკეთების, შეფუთვის დროს.“
„ოცნების ქალაქში“ მშენებარე კორპუსის გარკვეული ნაწილი 2021 წლის თებერვალში ჩამოიშალა. მაშინ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან მხოლოდ ეს მოგვწერეს: „ე.წ. ოცნების ქალაქში, კომპანიას ხელშეკრულების შესაბამისად აღებული აქვს მშენებლობის ხარისხის ვალდებულება, რომელიც ყველა სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს“.
აჭარის მთავრობას თავის პროგრამაში ადრე აღნიშნული ჰქონდა, რომ „ოცნების ქალაქში“ ასაშენებელ კორპუსებში ბინებს 582 ოჯახი 2021 წელს მიიღებდა [პირველი ეტაპი], ხოლო 968 ოჯახი – 2023 წელს [მეორე ეტაპი].
მთავრობის ახალი პროგრამის მიხედვით, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებლებისთვის სოციალური სახლების მშენებლობა ორეტაპიანია და 2025 წელს მთლიანად უნდა დასრულდეს. პროგრამისთვის 2022-2024 წლებში აჭარის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.
„ოცნების ქალაქი“ ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში მდებარეობს. აქვე შენდება ახალი კორპუსებიც.
ამ ადგილის [140 551 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიის] განაშენიანების დეტალური გეგმისა და ამავე გეგმის მიხედვით ერთ-ერთ კვარტალში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ცალკე ხელშეკრულება შპს „ნიუ სითი დეველოფმენთთან“ აქვს გაფორმებული 991 200 ლარზე.
ხელშეკრულება 2021 წლის 17 სექტემბერსაა გაფორმებული, დოკუმენტაცია კი 2022 წლის 26 მაისამდე უნდა მომზადდეს.
ამავე თემაზე:
„ოცნების ქალაქის“ დაგეგმარებაზე დოკუმენტებს სამინისტრო ხელახლა განიხილავს