მთავარი,სიახლეები

პუტინი სულით კგბ-ს აგენტია, მისი ქონება კი 200 მილიარდს აღემატება – ბრაუდერი

15.04.2022 • 2577
პუტინი სულით კგბ-ს აგენტია, მისი ქონება კი 200 მილიარდს აღემატება – ბრაუდერი

ფინანსისტი და ინვესტორი ბილ ბრაუდერი წლების განმავლობაში ითხოვდა კრემლისთვის მკაცრ სანქციებს და „მაგნიტსკის აქტის“ მიღებას. კონსტანტინ ეგგერტთან ინტერვიუში ის ჰყვება, თუ როგორ გახდა პუტინი უდიდესი ოლიგარქი. ინტერვიუ „დოიჩე ველემ“ გამოაქვეყნა.

საინვესტიციო ფონდის, Hermitage Capital-ის თანადამფუძნებელსა და დირექტორს, ბილ ბრაუდერს, რუსეთში შესვლა 2005 წლიდან აკრძალული აქვს. 1995 წლიდან 2006 წლამდე, დახურვამდე, Hermitage Capital-ი რუსეთში უცხოური ინვესტიციების ერთ-ერთი უმსხვილესი ფონდი იყო. 2010 წლიდან ბრაუდერმა ფართო კამპანია წამოიწყო – ის ფონდის მიერ რუსეთის ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების მითვისებას იძიებს და ფონდის იურისტის, სერგეი მაგნიტსკის დაღუპვის საქმეში დამნაშავეებს ეძებს. სწორედ მისი ინიციატივით მიიღო კონგრესმა „მაგნიტსკის აქტი“, რომელიც რუსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს.

  • ბატონო ბრაუდერ, თქვენ უკვე 10 წელია ცდილობთ, მიაღწიოთ მკაცრ სანქციებს რუსული რეჟიმისთვის. დღეს თუ გრძნობთ თავს გამარჯვებულად?

მე ვიტყოდი, რომ წავაგე, როგორც მთელმა მსოფლიომ და განსაკუთრებით უკრაინელმა ხალხმა. დასავლეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები ბევრად ადრე და მტკიცედ რომ აღსდგომოდნენ წინ ვლადიმერ პუტინს, როდესაც ის ისეთ დანაშაულებს სჩადიოდა, როგორებიცაა ყირიმის ანექსია, საქართველოში შეჭრა, სირიაში მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვა, რუსეთის პრეზიდენტს შესაძლოა, ცოტა სხვა დასკვნები გამოეტანა და უკრაინას არ დასხმოდა თავს.

  • როგორ აფასებთ ახლანდელ სანქციებს, საკმარისად მკაცრია?

სანქციების ახლანდელი პაკეტი გაცილებით მკაცრია, ვიდრე ოდესმე, რომელიმე ქვეყნისთვის დაუწესებიათ. თუმცა ჩვენ საქმე გვაქვს სიცოცხლისა და უსაფრთხოების უზარმაზარ საფრთხესთან და რუსეთი აბსოლუტურ ეკონომიკურ წნეხში უნდა მოვაქციოთ. ყველაზე მოულოდნელი მაინც იყო დასავლეთის სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ. ბანკს 640 მილიარდი დოლარი ჰქონდა სხვადასხვა ვალუტაში და აქედან 350 მილიარდი დასავლეთმა გაყინა. ამას არავინ ელოდება, მით უმეტეს ვლადიმერ პუტინი. ვფიქრობ, რომ ამან მთლიანად ხაზი გადაუსვა მის ყველა ეკონომიკურ გათვლას.

მოულოდნელი იყო პუტინის ოფშორული აქტივების წინააღმდეგ მიღებული სანქციებიც. ის ძალიან, ძალიან მდიდარი ადამიანია. ჩემი შეფასებით, მისი ქონება 200 მილიარდ დოლარს აღემატება და ეს ფული მისი ნდობით აღჭურვილ პირებს, ოლიგარქებს აბარიათ სამართავად. ახლა, დასავლეთში, ჩვენ პირველად დავიწყეთ ამ ოლიგარქების აქტივების გაყინვა. ამ მომენტისთვის სანქციები დაუწესდა დაახლოებით 12 მათგანს. Forbes-ის სიაში 188 რუსი მილიარდერი ოლიგარქია. ვფიქრობ, 110-ს მაინც უნდა შეეხოს სანქციები, თუკი ნამდვილად გვინდა, რომ ამ ომის საწარმოებლად პუტინს ეკონომიკური რესურსი აღარ დარჩეს.

  • და ეს 118 ადამიანი, ისინი ყველანი დამნაშავენი არიან იმაში, რასაც პუტინის რეჟიმი აკეთებს, ყველანი აგებენ პასუხს პუტინის გამო?

ვვარაუდობ, რომ 118 ოლიგარქიდან 110 ნამდვილად პასუხისმგებელია. შესაძლოა, 8 მათგანი არ იყოს კრემლთან დაკავშირებული. თუმცა იდეაში, იმისთვის, რომ ოლიგარქი გახდე, იმისთვის, რომ რუსეთში გამდიდრდე, ფაქტობრივად, ეშმაკს უნდა გაურიგდე.

ზოგიერთი მათგანი, შესაძლოა, ოდესღაც, როგორც კარგი ადამიანი, ისე იწყებდა საქმეს, მაგრამ ყველამ, ვინც ასე გამდიდრდა, ეს პუტინის სურვილითა და ნებართვით შეძლო. და მათ ამის სანაცვლოდ მისი ფული უნდა შეინახონ.

კიდევ ერთი, რაც მათ უნდა გააკეთონ, ესაა ამ დანაშაულებრივი რეჟიმის  ფინანსური, მატერიალურ-ტექნიკური და სხვა სახის მხარდაჭერა. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, თავად სურდათ გამხდარიყვნენ პუტინის დანაშაულის მონაწილეები თუ აიძულეს, ამ ადამიანებმა, რაღაც მომენტში მიიღეს გადაწყვეტილება, მისი პარტნიორები გამხდარიყვნენ. ამით, მათ საკუთარი ქონებაც რისკის ქვეშ დააყენეს.

  • როგორ შეიძლება იმის დამტკიცება, რომ რომელიმე ოლიგარქი ვლადიმერ პუტინის აქტივებს აკონტროლებს?

ვლადიმერ პუტინი სულით კგბ-ს აგენტია. მას ესმის, რომ თუ ვინმეს ექნება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ის მილიარდობით დოლარს ან ამხელა ქონებას ფლობს, იმ ადამიანს შანტაჟის შანსი გაუჩნდება. საიდან იცის? იქიდან, რომ მთელი თავისი კარიერის განმავლობაში სხვებს აშანტაჟებდა. მას უნდა ეპოვა ადამიანები, რომლებსაც საკუთარ ფულს ანდობდა.

ვის შეიძლება ენდობოდეს? ალბათ, თავის მებაღეს, მაგრამ მებაღე ვერ მიადგება Goldman Sachs-ს 2 მილიარდი დოლარით, ისე, რომ ბანკს ეჭვები არ გაუჩნდეს. ამიტომაც სჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც მდიდრებიც არიან და ისიც ენდობა. ეს ფული ხვდება ოლიგარქების ხელში და უამრავი შესაძლებლობაა ამის დამტკიცების. მაგალითად, ცნობილი ვიოლონჩელისტი სერგეი როლდუგინი. „პანამის დოკუმენტებმა“ აჩვენა, რომ მისი ქონება 2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. საიდან აქვს ვიოლონჩელისტს ამხელა ფული? პირველ რიგში, ის შემთხვევითი ვიოლონჩელისტი არაა. ბავშვობიდან პუტინის ახლო მეგობარია, მისი ქალიშვილის ნათლია. სწორედ მან გააცნო პუტინი და მისი მომავალი ცოლი ერთმანეთს.

შეიძლება, ვერავინ ვერასდროს აჩვენოს ბანკის ამონაწერი, რომ პუტინმა ოლიგარქებს ფული მისცა, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში გამოჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნამდვილად შესაძლებელია სრულიად სანდო შთაბეჭდილების შექმნა იმაზე, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა.

  • ოლიგარქებისთვის დაწესებულ სანქციებში არის გამონაკლისები. მაგალითად, ეს ეხება ალექსეი მორდაშოვს, ალიშერ უსმანოვს. მათი ქონების რაღაც ნაწილი დაყადაღებულია, მაგრამ მათი კომპანიები განაგრძობენ მუშაობას და ბიზნესს აშშ-ში, რადგან მთელი მათი აქტივები რომ გაყინონ, ეს ძლიერად დაარტყამს გლობალურ ეკონომიკას, მათ შორის, ამერიკისას. ეს შეერთებული შტატების ხელისუფლების მხრიდან სწორი პოლიტიკაა?

ყველა ხელისუფლებამ უნდა აწონ-დაწონოს, როგორი იქნება სანქციების ფასი. მიზანი ცხადია – ჩვენ გვინდა, რომ პუტინს აღარ ჰქონდეს ომის დაფინანსების შესაძლებლობა. ამის ფასი ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს მინიმალური. თუ თქვენ იახტას ან თვითმფრინავს ჩამოართმევთ ოლიგარქს, ეს მხოლოდ მასზე იმოქმედებს. თუ თქვენ მის პირად ან საინვესტიციო ფონდის ანგარიშს გაყინავთ, არც ეს მოახდენს რაიმე გავლენას დანარჩენ სამყაროზე. მაგრამ ალუმინის ან რკინაშენადნობ კომპანიებში ათასობით ადამიანი მუშაობს მთელ მსოფლიოში, ადამიანები იყენებენ ალუმინსა და რკინას. ასეთ სანქციებს შეიძლება ძალიანაც დრამატული ეფექტი ჰქონდეს მეორე, მესამე ან მეოთხე ეტაპზე.

ამ ყველაფრის მიზანი არაა კომპანიების დანგრევა ან ეკონომიკის განადგურება, არამედ ის, რომ ოლიგარქების აქტივების გაყინვით, პუტინს აღარ მიუწვდებოდეს ხელი ფულზე. თუკი პუტინი მთელ თავის ჯარს გამოიყვანს, უკრაინას რეპარაციას გადაუხდის და გაეროს ტრიბუნალის წინაშე წარდგება, ამ შემთხვევაში, ოლიგარქები შეძლებენ საკუთარი ფული დაიბრუნონ.

  • ამავე დროს, გერმანია განაგრძობს რუსული გაზის შესყიდვას. ყოველდღიურად ასობით მილიონი ევრო მიდის კრემლის ანგარიშებზე. გაზზე უარის თქმა ძალიან დაარტყამდა გერმანიის ეკონომიკას. და მაინც, როგორ მიგაჩნიათ, უნდა მიიღოს ბერლინმა ასეთი გადაწყვეტილება?

დღესდღეობით, ევროპა რუსეთს დღეში დაახლოებით 500 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარს უხდის. ერთი მხრივ, ევროკავშირი ცდილობს გაყინოს ანგარიშები, რომ რუსეთს აღარ ჰქონდა ფინანსები ომისთვის, ხოლო მეორე მხრივ, დღეში ნახევარი მილიონიდან მილიარდ დოლარამდე ფულს უგზავნის რუსეთსა და პუტინს, რომ ამ ფულით ბომბები, ტანკები იყიდონ და უდანაშაულო ადამიანებს ესროლონ უკრაინაში. ეს სრულიად მიუღებელი ფარისევლობაა. და როდესაც ადამიანები ლაპარაკობენ გერმანიის ეკონომიკის დანაკარგებზე ან სხვა ეკონომიკის ზიანზე, მე შემიძლია ვუთხრა მათ, რომ გერმანიის ეკონომიკისთვის ზიანი იქნება გაცილებით დიდი, თუკი ჩვენ როდისმე რუსეთთან სრულმასშტაბიან სამხედრო კონფრონტაციაში აღმოვჩნდებით.

  • Wall Street Journal-თან ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ პუტინის აგრესია უკრაინაში ჩავარდა იმიტომ, რომ ომისთვის გამოყოფილი ფულის 80 პროცენტი, ფაქტობრივად, მოიპარეს. შეიძლება ითქვას, რომ პუტინი, ერთი მხრივ, მართავს რუსეთს კორუფციის დახმარებით, ხოლო მეორე მხრივ, მისი ცხოვრების მთავარ პროექტს საფრთხე დაემუქრა სწორედ იმ კორუფციის გამო, რომელიც მისი სისტემის ნაწილია. პარადოქსია?

ვფიქრობ, კორუფცია რუსეთში იმდენად გავრცელებულია, რომ იქ, ფაქტობრივად, აღარაფერი მუშაობს. სახელმწიფოსთან დაკავშირებული ნამდვილად არაფერი მუშაობს. საავადმყოფოებში პაციენტებს ვერ მკურნალობენ, რადგან ფულს იპარავენ. სკოლებში ბავშვებს ვერ ასწავლიან, რადგან წიგნებს იპარავენ. გზებს ვერ აგებენ, მაგრამ მთავარი – მათ არ შეუძლიათ ამ ომის წარმოება. ფულის 80 პროცენტი, რაც ამ ომზე უნდა წასულიყო, ისიც მოპარულია და ეს ძალიან კარგია. სინამდვილეში, ეს შესანიშნავია, რადგან ეს ნიშნავს, რომ უკრაინელებს შეუძლიათ ღირსეული პასუხი გასცენ რუსეთს.

და ყველაზე მთავარი, ეს ხომ დამამცირებელია. ვლადიმირ პუტინი მკერდში მჯიღს იცემდა, ამბობდა, რომ ორ დღეში კიევს აიღებდა და უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნებში შევიდოდა, მაგრამ მალევე ცხადი გახდა, რომ ამ განცხადებების უკან არაფერიც არ დგას. მან ვერ შეძლო უკრაინის დაპყრობა ექვს კვირაშიც კი. შესაძლოა, ის ვერც ვერასოდეს აიღებს უკრაინას. მე ვფიქრობ, რომ ეს, გარკვეული თვალსაზრისით, პუტინის დასასრულის დასაწყისია, რადგან თუკი ის ვერ შეძლებს ძალის დემონსტრირებას, რაღაც მომენტში, გამოჩნდება ვიღაც სხვა, ვინც იტყვის, რომ მას შეუძლია.

  • თავის დროზე თქვენ მხარს უჭერდით პუტინს. მახსოვს, ამბობდით, რომ ის სწორად იქცევა, როდესაც 90-იანების ოლიგარქიისგან წმენდს ქვეყანას. მეტიც, მგონი, მიხაილ ხოდორკოვსკის დაკავებაც კი მოიწონეთ. დღეს თქვენ პუტინის მთავარი მტრების სამეულში ხართ. შესაძლოა, ნავალნისთან და იმავე ხოდორკოვსკისთან ერთად. როგორ მოხდა თქვენი ეს ტრანსფორმაცია. როგორც ვხვდები, ამაზე მთავარი გავლენა სერგეი მაგნიტსკის სიკვდილმა იქონია, თუმცა ძალიან ადამიანური თვალსაზრისით, ალბათ, ეს თქვენთვის სერიოზული გამოცდა იყო.

მე რუსეთში პირველად 1996 წელს ჩავედი. ქაოსი დამხვდა. თავიდან მომეჩვენა, რომ ეს კარგიც იყო. ახალგაზრდა ადამიანი შეიძლებოდა გამოჩენილიყო არსაიდან, ხელი მოეკიდა ნებისმიერი საქმისთვის და წარმატებისთვის მიეღწია. როცა რუსეთში დავრჩი, დავინახე, რომ რაც იქ ხდება, ეს ძალიან ცუდია. დავინახე რას განიცდიდნენ რუსეთის მოქალაქეები – მედდები იძულებულნი გახდნენ სექსმუშაკებად ქცეულიყვნენ, პროფესორები – ტაქსისტებად. სამხატვრო მუზეუმები კედლებიდან ხსნიდნენ ტილოებს და ჰყიდდნენ. რატომ? იმიტომ, რომ 22-მა ოლიგარქმა ჩაიგდო ხელში მთელი ქვეყნის რესურსები.

ბილ ბრაუდერი

როდესაც პუტინი მოვიდა, მეც და სხვებსაც გაგვიხარდა, როცა თქვა, – „ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ქაოსს. ჩვენ შევაჩერებთ ოლიგარქებს. ჩვენ რუსეთს ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნებთ“. დროის რაღაც მონაკვეთში, მას ეს გამოუვიდა. შემდეგ მან დააკავა და სასამართლო მოუწყო რუსეთის ყველაზე მდიდარ კაცს, მიხაილ ხოდორკოვსკის, დანარჩენი ოლიგარქები შიშით უყურებდნენ ამას. წავიდნენ ისინი პუტინთან და უთხრეს – „რა უნდა გავაკეთოთ, რომ ხოდორკოვსკივით ციხეში არ მოვხვდეთ“ და პუტინმა უპასუხა – 50 პროცენტი. იმის ნაცვლად, რომ ოლიგარქები ჩამოეშორებინა, ის თავად გახდა ყველაზე დიდი ოლიგარქი. არის ასეთი გამოთქმა, რომ „ძალაუფლება რყვნის,  აბსოლუტური ძალაუფლება კი რყვნის აბსოლუტურად“. და ეს შესანიშნავად აღწერს ვლადიმერ პუტინს.

______________

თარგმნა თამარ რუხაძემ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: