ევროკავშირის მიერ შავ ზღვაში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევის – EMBLAS-Plus-ის შედეგების მიხედვით, შავ ზღვაში აღმოჩენილი ბაქტერიები ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადია. კვლევაში წერია, რომ შავ ზღვაში ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობის დაფიქსირება შემაშფოთებელია.
საქმე ის არის, რომ ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობა გლობალურ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ეს არის პროცესი, როცა ბაქტერია იძენს მდგრადობას ანტიბიოტიკის მიმართ, რომლის მიმართაც თავდაპირველად მგრძნობიარე იყო. ანტიბიოტიკები ჩვეულებრივ შეუცვლელ როლს ასრულებენ ინფექციური დაავადებების მკურნალობაში და ისინი გამოიყენება არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ ვეტერინარულ პრაქტიკაში, მეცხოველეობაში, სოფლის მეურნეობასა და აკვაკულტურაში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, წამლისადმი რეზისტენტობის შედეგად, ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული მედიკამენტები ხდება არაეფექტური და ინფექციების მკურნალობა უფრო რთული ან სულაც შეუძლებელი ხდება.
კვლევაში წერია, რომ ფეკალური დაბინძურება ა-რეზისტენტობის გენების გავრცელების კიდევ ერთი ფაქტორია. „მიზეზი შეძლება იყოს ცუდად დამუშავებული ან დაუმუშავებელი საკანალიზაციო წყლების ჩადინება, რომლებიც შეიცავენ ფეკალურ ბაქტერიებს, განსაკუთრებით – დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში“.
კვლევის ავტორების განმარტებით, ანტიბიოტიკებისადმი მდგრადობაზე პასუხისმგებელია ანტიბიოტიკორეზისტენტობის გენები. ამ გენებს შეუძლიათ გავრცელება ბაქტერიულ პოპულაციაში, რაც ანტიბიოტიკს არაეფექტურს ხდის.
დღეს ა-რეზისტენტობის გენები განიხილებიან, როგორც დამაბინძურებლები, რადგან ისინი დიდი ხანია გასცდნენ კლინიკურ გარემოს და გვხვდებიან ყველგან. სხვა დამაბინძურებლებისგან განსხვავებით, ა-რეზისტენტობის გენებს შეუძლიათ „გამრავლება“ და გავრცელება ბაქტერიების პოპულაციებში, მათი თავდაპირველი წარმოშობის ადგილებიდან მოშორებით.
ჯანმოს განმარტებით, ა-რეზისტენტული ორგანიზმები გვხვდება ადამიანებში, ცხოველებში, საკვებში, მცენარეებსა და გარემოში (წყალში, ნიადაგში და ჰაერში). ისინი შეიძლება გავრცელდეს ადამიანიდან ადამიანზე ან ადამიანებსა და ცხოველებს შორის, მათ შორის ცხოველური წარმოშობის საკვებიდან.
კვლევის ფარგლებში, შავი ზღვის წყლის ნიმუშებში, მთელი [შავი ზღვის] რეგიონის მასშტაბით, შელფური და აკვატორიული არეების ჩათვლით, გამოიკვლიეს ანტიბიოტიკორეზისტენტობის გენების განაწილება. მკვლევრებმა წყლის სინჯი აიღეს ჩრდილო-დასავლეთ შელფიდან (დუნაის დელტასთან) აღმოსავლეთ შელფამდე (საქართველოს სანაპირო) ხაზზე/გაყოლებაზე.
მკვლევრებმა შეისწავლეს ა-რეზისტენტობის გენები, რომლებიც ემუქრება ანტიბიოტიკების ფართო სპექტრს (ბეტა-ლაქტამები, მაკროლიდები, გლიკოპეპტიდები, კოლისტინი), მათ შორის არის როგორც პირველი რიგის, ასევე ბოლო თაობის ანტიბიოტიკები.
გამოკვლეული ა-რეზისტენტობის ყველა გენი გამოვლინდა ყველა შესწავლილ ნიმუშში. მათ შორის ყველაზე ბევრი იყო ა-რეზისტენტობის გენები, რომლებიც ახდენენ ბეტა-ლაქტამებისა და ვანკომიცინის ინაქტივაციას. ეს გენები შავი ზღვის რეგიონში ჩატარებულ წინა კვლევებშიც ფიქსირდებოდა, თუმცა ამჯერად მათი რაოდენობა უფრო მაღალი იყო.
მეცნიერები ამბობენ, რომ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ქოლისტინის მიმართ რეზისტენტული mcr-1 გენის მომატებული რაოდენობა, რადგან ეს გენი პირველად დაფიქსირდა შავი ზღვის მიკრობულ თემებში.
ა-რეზისტენტობის გენების რაოდენობა, ღია წყლებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალი იყო შელფის ზონებში, რაც მიუთითებს წყლის ეკოსისტემაზე ანთროპოგენურ ანუ ადამიანის ზემოქმედებაზე.
შავ ზღვაში ანტიბიოტიკების კონცენტრაციასთან დაკავშირებით, კვლევაში განმარტებულია, რომ არც ერთმა შემოწმებულმა ანტიბიოტიკმა არ გადააჭარბა სკრინინგის გამოვლენის ლიმიტს (1,25 ნგ/ლ), შესაძლოა, ზღვის წყალში ანალიზების მაღალი განზავების გამო.
ბეტა-ლაქტამების, ვანკომიცინისა და ბოლო თაობის ანტიბიოტიკი კოლისტინის მიმართ ა-რეზისტენტობის გენები ყველაზე გავრცელებული იყო ჩრდილო-დასავლეთის შელფზე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სანაპირო ზოლის ქვეყნებში ანტიბიოტიკების მოხმარების დაბალი კონტროლით.
მკვლვარების განმარტებით ა-რეზისტენტობის გენების პოტენციური წყაროები შავ ზღვაში არის მდინარის და კანალიზაციის შემოდინება, შედარებით მცირე წილით – ვეტერინარული პრეპარატების გამოყენება.
ა-რეზისტენტობის გენების გავრცელება ბუნებრივ გარემოში პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას, ამ გენების და ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის ბაქტერიების საკვებთან ან უშუალო კონტაქტით მიღების შესაძლებლობის გამო.
მკვლევარები მიიჩნევენ, რომ საჭიროა ა-რეზისტენტობის გენების რეგულარული მონიტორინგი შავი ზღვისა და მასში ძირითადად შემოდინებულ მდინარეებში.
ჩინეთის, ჰეპინგის ოლქის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის 2020 წლის კვლევაში ვკითხულობთ, რომ ა-რეზისტენტობის გენები მიიჩნევა გარემოში არსებულ შემაშფოთებელ დამაბინძურებლებად, მათ მნიშვნელოვანი როლი აქვთო ანტიმიკრობული რეზისტენტობის გავრცელებაში.
მათი ტრანსპორტირება და განაწილება მწვავე საკითხია გარემოსდაცვით მეცნიერებაში.
მაგალითად, სასუქების გამოყენება სასოფლო-სამეურნეო მიწაზე არის პოტენციური გზა ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების გადაცემისთვის პირუტყვიდან ნათესებზე, ცხოველებზე და ადამიანებზე. იმ ფაქტორებს შორის, რომლებიც გავლენას ახდენენ ა-რეზისტენტობის გენების ტრანსპორტირებასა და განაწილებას, წყალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ამავე თემაზე: