განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ ებრძვის „ალტ-ინფოს“ ისტორიის მასწავლებელი გურიიდან

16.04.2022 • 11269
რატომ ებრძვის „ალტ-ინფოს“ ისტორიის მასწავლებელი გურიიდან

„იმედგაცრუებული ვარ ჩემი ბევრი კოლეგის გამო, რადგან პედაგოგები, სამოქალაქო აქტივიზმის თვალსაზრისით, ყველაზე ინერტული და მდუმარე ფენაა საქართველოში“- ამბობს ირმა გორდელაძე, ლიხაურისა და ბაილეთის საჯარო სკოლების ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელი და გარემოსდამცველი. ირმა აქტიურადაა ჩართული პრორუსული მოძრაობების წინააღმდეგ. ბოლო თვეა საზოგადოებამ იგი სწორედ ამ ბრძოლისას გაიცნო.

  • ქალბატონო ირმა, ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად ხართ ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში. რატომ გახდა ეს აუცილებელი?

დღეს ქართული საზოგადოება დაყოფილია პარტიული ნიშნით, რაც არასწორია, რადგან ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მივეკუთვნებით. ჩვენ, მოქალაქეებს, გვაქვს ჩვენი როლი და ფუნქცია და ეს ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ.

ის ადამიანები, ვინც ჩართული ვართ მოძრაობაში „თავისუფლებისთვის“, ჩვენს სამოქალაქო მნიშვნელობას კარგად ვაცნობიერებთ. განსაკუთრებით ახლა, როცა ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო  საკითხები წყდება.

მოქალაქეები უნდა გავერთიანდეთ და გამოვხატოთ ჩვენი სამოქალაქო პოზიცია.

ჩატეხილი ხიდის თემა ჩვენს საზოგადოებაში, დაპირისპირება, კარგს არაფერს მოგვიტანს და არც არასდროს მოუტანია, ამიტომ სტერეოტიპები ამასთან მიმართებაშიც უნდა დავამსხვრიოთ. სხვა გზა არ გვაქვს. თანაც, სამოქალაქო აქტივიზმი ყოველთვის აღწევს შედეგს და ყველაზე მეტი ნდობა აქვს მოსახლეობაში.

  • დღეს საკმაოდ დიდი ნიჰილიზმია ქვეყანაში, მათ შორის პოლიტიკური პროცესების მიმართ. თქვენ როგორ არწმუნებთ ადამიანებს, რომ დღეს, ახლა, აი, ამ მომენტშია მათი აქტიურობა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი? 

ბუნებრივია, დასაწყისში თანამოაზრეებს იკრებ და ძალიან მიხარია, რომ ჩემს ირგვლივ, ჩემს გუნდში, ძალიან ბევრი ენერგიით სავსე ახალგაზრდაა და ვცდილობთ სხვებსაც გადავცეთ ეს მუხტი. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ გამოგვდის ეს.

ზოგადად, თბილი და იუმორით სავსე ადამიანი ვარ, მაგრამ როდესაც ვხედავ უსამართლობას და არასწორ პოზიციას, აი მაშინ ვფეთქდები.

  • რა არის არასწორი პოზიცია, თქვენი შეფასებით?

ჩემთვის არასწორია მოღალატეობრივი პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფიციალური დაფუძნება ქვეყანაში. მათ კიდევ უფრო მეტი დაპირისპირების გამოწვევა შეუძლიათ ისედაც დაპირისპირებულ და გათიშულ საზოგადოებაში.

ასევე, რუსეთისთვის პლაცდარმის კიდეც ერთხელ მომზადება და გამყარებაა არასწორი, „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელები ხომ ამას ქადაგებენ, რომ ჩვენ კი არ უნდა ვეომოთ რუსეთს, არამედ უნდა „დავალაგოთ“ თურმე ურთიერთობები, მივიღოთ ოკუპანტი, თურმე გარიგებები უნდა დავდოთ მასთან, რაც აბსურდია, რადგან რუსეთის იმპერიასთან არანაირი გარიგება და მოლაპარაკება არ ჭრის და ძალიან მწყდება გული, რომ დღეს ბევრ ქართველს დაავიწყდა, თუ რა დაგვმართა რუსეთმა და რასაც აკეთებს ახლა უკრაინაში.

როგორ შეიძლება ამ ხალხთან გარიგება? იმპერია უნდა დაიშალოს.

ჩვენი აქტიურობით ამ ძალების, მათი აგენტების ფეხის მოკიდებას ვეწინააღმდეგებით, პრორუსულ მოძრაობებს ვეწინააღმდეგებით და კიდევ ერთხელ ვიცავთ ქვეყნის თავისუფლებას, გვინდა ამისთვის დავრაზმოთ მოქალაქეები.

  • თქვენ ამბობთ, რომ ხშირად ავიწყდებათ ქართველებს ვინ არის რუსეთი. თქვენ პედაგოგი ხართ, როგორ ასწავლის დღეს სკოლა ისტორიას ახალგაზრდებს ვინ არის რუსეთი?

მე პირადად ისე ვასწავლი რუსეთზე, როგორც ყველა სხვა დამპყრობელზე, ვინც ცდილობდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაქრობას.

თურქ-სელჩუკების შემოსევაა, მონღოლების, ოსმალების თუ რუსეთის იმპერიის, ვინ რა გვავნო, ყველაფერი უნდა ვასწავლოთ სწორად.

რუსეთის იმპერია ჩვენი ბოლო დამპყრობელია. მან ყველაზე დიდი იმპერიული წნეხის ქვეშ მოგვაქცია და ყველაზე მეტად ჩაგვინერგა კოლონიური აზროვნება, რომ თითქოს ჩვენ რუსების გარეშე არ შეგვიძლია არსებობა. მითი რუსეთის უძლეველობაზე, ეს მენტალობა, ჯერ კიდევ შემორჩენილია ჩვენში.

მე ვასწავლი, რომ ოკუპანტს აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი, გავმთლიანდეთ სიყვარულით და ვიშრომოთ ჩვენი ქვეყნისთვის. სწორ ბანაკში უნდა შევიდეთ და ამის მაგალითებიც გვაქვს ისტორიაში, როცა საქართველო, ჩვენი მეფეები ახერხებდნენ სწორ ბანაკში ყოფნას და ამით გადავრჩით კიდეც ფიზიკურად.

  • როცა ამბობთ, რომ რუსებთან არანაირი გარიგების დადება და მათთან შეთანხმება არ შეიძლება, რა მაგალითებით ამყარებთ ამას?

დაწყებული გეორგიევსკის ტრაქტატიდან, ტოტლებენის შემოსვლით, ყველაფერი გააკეთა ცარისტულმა რუსეთმა იმისთვის, რომ დაგლახავებული ქართლ-კახეთი ჩაეგდო ხელში. გააუქმა ყველა სამეფო, სამთავრო და დაიპყრო საქართველო. ამას მოჰყვა დიდი მღელვარებები ჩვენგან, მაგრამ შემდეგ უკვე არისტოკრატია გადაიბირა, ჩინ-მედლები დაკიდა მათ და არისტოკრატიამაც ამ ჩინ-მედლებზე გაცვალა მაშინ საქართველო. ამიტომ დაიწყო თაობათა შორის ბრძოლა ორბელიანსა და ილიას შორის. ის ადამიანები, რომლებიც 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობდნენ რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, შემდეგ რუსის გენერლები გახდნენ და საკუთარი ხალხის აჯანყებას ახშობდნენ.

ასე რომ, იცვლება საუკუნეები, მაგრამ არ იცვლებიან რუსები, იგივე ხერხს იყენებენ ახლაც. ზუსტად იგივე ქართველებზე, ანუ გაბატონებულ, ოლიგარქიულ ფენაზე დაყრდნობით ცდილობენ კვლავ მოიკიდონ ფეხი ჩვენს ქვეყანაში. ამის მაგალითი იყო ასი წლის წინ ბოლშევიკური პარტიისთვის ლეგალური არსებობის უფლების მიცემა, რასაც მოჰყვა წითელი დროში აფრიალება 1921 წლის თებერვალში და დავთმეთ თავისუფლება.

იგივე საშიშროების წინაშე ვდგავართ ახლაც.

  • როგორც კადრებში ვხედავთ ხოლმე, თქვენ ყოველთვის ცდილობთ მიხვიდეთ საპირისპირო მხარეს მდგომ ადამიანებთან, უშუალოდ ელაპარაკოთ მათ. რა აზრის ხართ მათზე, ვინ არიან ეს ადამიანები, ვისზეც ამბობთ, რომ რუსეთზე სურთ ჩვენი ქვეყნის გადაცემა? თქვენი აზრით, რამდენად გააზრებული აქვთ, რას უწყობენ ხელს?

ეს კატეგორია არის ეკლესიის მრევლი და „მამაოების“ მიერაა დამუნათებული. ვიცით, რომ რუსეთის აგენტურა ყველაზე მეტად მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღშია ჩაბუდებული.

საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო სულიერი საყრდენი და ერის მთლიანობის ხელშემწყობი ქვეყანაში, სახელმწიფოებრივად მოქმედებდნენ და აზროვნებდნენ და გვაქვს ამის მაგალითები ისტორიაში, მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, რუსეთის აგენტურას ძალიან აქვს ფეხი მოკიდებული ქართული ეკლესიის ნაწილში მაინც, ამიტომ ეს მღვდლები ამბიონიდან თავიანთ მრევლს ამუნათებენ, რომ არ გვინდა ევროკავშირი, იმიტომ რომ იქ ლგბტქ-ები არიან და ტყუვდება მრევლიც.

ჩვენ ამ ადამიანებს ვუხსნით და ვეუბნებით, რომ ევროპა არის სტაბილური პოლიტიკა, სტაბილური ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, ჩვენი მშვიდობა, დაქცეული ქვეყნის განვითარება, რომ ამ ბანაკში შესვლით იდენტობას და კულტურას კი არ ვკარგავთ, პირიქით, ქვეყანას გადავარჩენთ. 

ამ დროს პარალელს ვავლებთ რუსეთთან ან ვითომდა ,ერთმორწმუნესთან“, რომელმაც ეკლესიები დაგვინგრია, ტერიტორიები წაგვართვა, ჩვილ ბავშვებს აუპატიურებს, ჩვენთანაც ასე იქცეოდა, როგორც უკრაინაში დღეს და ათასი უბედურება გააკეთა. ამიტომ მასთან გარიგება და ურთიერთობა წარმოუდგენელია. ეს არის ბოლო იმპერია მსოფლიოში, რომელიც უნდა ჩამოიქცეს.

  • რას გპასუხობენ ისინი, როცა ამაზე ესაუბრებით?

მერე რა, რომ რუსეთი ოკუპანტიაო. ან გვეუბნებიან – „თქვენ ხართ „ნაცები“. რუსეთის მოწინააღმდეგე ყოფილა მარტო „ნაცი“. ჯერ ერთი არაფერია სამარცხვინო  იმაში, რომ ვიღაც არის „ნაციონალი“, მაგრამ ამით ისინი ჩვენი სამოქალაქო აქტივიზმის დისკრედიტაციას ცდილობენ.

ჩვენ იმიტომ ვასაჯაროებთ მათ სახეებს და მათ განცხადებებს, რომ ყველამ დაინახოს და გაიგოს, როგორ არასწორად აზროვნებენ ისინი.

ჩვენს აქციაზე შეიძლება „ნაციც“ იდგეს და სხვა პარტიის წარმომადგენელიც, ოღონდ როგორც მოქალაქე. გვინდა, რომ ამ სტერეოტიპის მსხვრევასაც შევუწყოთ ხელი, რადგან არის მომენტი, როდესაც აუცილებელია მოქალაქეების ერთობა რაღაც საკითხთან დაკავშირებით.

  • ფაქტობრივად დღეს გვიწევს რუსეთთან ჰიბრიდულ ომში ბრძოლა. როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო ამ ომის მოსაგებად, რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი?

მე, როგორც მოქალაქე, მივიჩნევ, რომ პირველ რიგში აუცილებელია „ალტ-ინფოს“ მაუწყებლობის აკრძალვა და როგორც ვიცი, ამაზე რამდენიმე ოპოზიციური პარტია მუშაობს. საერთოდ უნდა აიკრძალოს პრორუსული პარტიების მოქმედება ქვეყანაში და რა თქმა უნდა, გასაძლიერებელია სამოქალაქო მოძრაობები ყველა რეგიონში.

საინფორმაციო ომი დაწყებული გვაქვს პრორუსი ძალების წინააღმდეგ და უნდა მოხდეს ამ ქსელის გაერთიანება და გაფართოება. რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა დაიდოს, მეტი ადამიანი უნდა გამოაშკარავდეს პრორუსი დაჯგუფებებიდან, რომ იცოდნენ ადამიანებმა, ვინ არის ეს ხალხი და ვინ მიათრევს ჩვენს ქვეყანას რუსეთში.

ჩვენი აქტიურობის შედეგად ბევრ ადამიანს მიეცა ამის შესაძლებლობა, ბევრს აეხილა თვალი და ვინც ყოყმანობდა და ნეიტრალური იყო, გადაიფიქრეს მათთან გაწევრიანება. მთავარია, ფეხი არ მოიკიდონ პრორუსულმა ძალებმა, რადგან მათი მიზანია, რომ მოვიდნენ მთავრობაში. „დავალაგებთ რუსეთთან და თქვენ ყველას დაგხოცავთ“- ასე გვეუბნებიან. აი, ასეთი ფაშისტური განცხადებები აქვთ და ეს საშიშროება რეალურია.

რაც შეიძლება მეტად უნდა გაშუქდეს ეს ინფორმაცია, რომ საზოგადოებამ გაიგოს რა საშიშროებასთან გვაქვს საქმე. აქ მარტო „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისებზე ხომ არ არის საქმე, სინამდვილეში, ბოლშევიკური პარტია ყალიბდება ქვეყანაში, რომელსაც უნდა მთავრობაში მოსვლა, რომ ქვეყანა გადასცეს რუსეთს. ეს საფრთხე არის რეალური და ამას მწვანეს უნთებს ხელისუფლება.

ჩვენ რუსეთზე გადასაცემი ქვეყანა არ გვაქვს.

  • თქვენი აზრით, რა არის საჭირო კოლონიური აზროვნების შესაცვლელად? როგორ უნდა იმუშაოს საზოგადოებამ ან რა ნაბიჯებია საჭირო, მათ შორის, ხელისუფლებისგან?

ხელისუფლება უნდა იდგეს სახელმწიფოებრივი ინტერესების მხარეს, მაგრამ ვინაა დღეს ხელისუფლება? თვითონ ხელისუფლების პოლიტიკაა რუსული. ამიტომ ხელისუფლება არანაირად არ შეუშლის ხელს ასეთი პარტიების ზრდას და მათ წისქვილზე ასხამს წყალს. ამაშია საქმე, რომ წყალი იმღვრევა ზევიდან.

ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვებრძვით ამ პატარა ოფისებს, ანუ მათ საცეცებს, მაგრამ მთავარი ცვლილება საჭიროა ზემოთ. ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ აკრძალოს მოღალატე პარტია და შეცვალოს ქვეყნის საზიანო პოლიტიკა.

 თავისუფლებაში დაბადებული, თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდების უმრავლესობა ჩვენს გვერდითაა, მათ იციან რა არის ევროპა, რა არის სტაბილურობა, რა არის ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, დასაქმება, მეორე მხარეს კი ვხედავთ საბჭოთა, კოლონიური მენტალობის ადამიანებს, რომლებიც იმ ეპოქაში არიან ჩარჩენილი.

კიდევ ის თემაა, რომ მთელი ათი წელია ქვეყანა დაიღალა „ნაცებსა“ და „ქოცებს“ შორის დავით და ბევრს ჰგონია, რომ გამოჩნდა მესამე ძალა. ესენიც მოსული არიან ჯვრებით, ეს ანაფორიანი მღვდლებიც ძალიან მოწადინებული დაჰყვებიან და შეცდნენ ადამიანები. 

ცოტაა რეალური ინფორმაცია ევროპაზე, ევროპულ ღირებულებებზე საზოგადოებაში და ვფიქრობ, ამ კუთხით კიდევ მეტია სამუშაო.

ნებისმიერი პროტესტი, ნებისმიერი მოძრაობა არის დღეს მნიშვნელოვანი. ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს და მიხვდეს, რომ ასე ადვილად ვერ გადააბარებს ვერავის ქვეყანას და რომ ვარსებობთ ქვეყანაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები.

ხელისუფლებაც ცდილობს დღეს გააშავოს სამოქალაქო აქტივიზმი და იძახის – „ეგენიც ნაცებია“. ისინი ყველანაირად შეეცდებიან საკუთარი სკამების, ქონების შენარჩუნებას.

ისტორიულადაც ხომ ასე იყო, ირანელი ან მონღოლი როცა შემოდიოდა, გარიგებას მდიდრებთან დებდა, თქვენ სტატუსებს, ქონებას შეგინარჩუნებთ და მოგვეცით ქვეყანაო. მიდგომა იგივეა ახლაც. ამ დროს რა უნდა გავაკეთოთ, თუ არა ის, რომ პროტესტი იყოს საყოველთაო, რომ არასწორი გზით არ წავიდეს ქვეყანა და მთავრობაც ვაიძულოთ სწორი ნაბიჯები გადადგას.

  • როგორც ვიცით, ორ მასწავლებელს იცნობთ, რომლებიც პრორუსულ მოძრაობაში არიან. რას ფიქრობთ მათზე, რას შეიძლება ასწავლიდნენ ისინი ბავშვებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიაზე?

ეს ის ადამიანები არიან, 9 აპრილს სამშობლოს რომ იცავდნენ. ხვდებით ხომ როგორი დეგრადაცია გვაქვს ქვეყანაში?  ეს კითხვა დავუსვი მეც იმ მასწავლებლებს, აწი როგორ უნდა ასწავლოთ „ბედი ქართლისა“, ილია ან ჯავახიშვილი მოსწავლეებს-მეთქი.

  • რა თქვეს?

არაფერი. რას მეტყვიან…

ზოგადად, ჩემი კოლეგები, პედაგოგები ყველაზე მეტად მიცრუებენ იმედებს, რადგან სამოქალაქო აქტივიზმის თვალსაზრისით ყველაზე ინერტული ფენაა. ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვან დროს, სახელმწიფოებრივ საკითხებში ეს ფენა არის მდუმარე.

  • რატომ, როგორ ფიქრობთ?

ან დაშინებული არიან, ან არასწორად აზროვნებენ, ან გათვითცნობიერებული არ აქვთ თავიანთი როლი საზოგადოებაში.

წარმოიდგინეთ, 65 ათასი მასწავლებელია ქვეყანაში, 3-4 ადამიანი მაინც ჰყავთ ოჯახში, ხომ? მთელ მოძრაობას შექმნიან, რომ მოინდომონ, მაგრამ არ შვრებიან. მარტო ფეისბუკზე რაღაცების დალაიქება არ არის საკმარისი. ოთხი მასწავლებელი ვიყავით აქციაზე ოზურგეთში.

  • რა არის ის მიზანი, რომელსაც უნდა მიაღწიოს სამოქალაქო მოძრაობამ „თავისუფლებისთვის“?

ჩვენ ვეცდებით, რომ ალტ-ინფოს პარტიის ოფისები ავკრძალოთ, თუნდაც ჩვენთან, გურიაში, გავაგრძელოთ საინფორმაციო ბრძოლა და სამოქალაქო მოძრაობა კიდევ უფრო გავაღვივოთ რეგიონებში. აუცილებლად უნდა დავუკავშირდეთ სხვა აქტივისტებსაც და ვეცდებით, რომ ჩვენი როლი და ჩვენი მოქალაქეობრივი პოზიციები გავზარდოთ. და დავასრულოთ ადამიანების პარტიული ნიშნით დაყოფაც, რადგან ეს ღუპავს ქვეყანას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: