მთავარი,სიახლეები

300 ლარს მინისტრები 1 ნივთში იხდიან, ჩვენ თვეში ვიკმაროთ? – სოციალურად დაუცველები დასაქმების პროგრამაზე

18.02.2022 • 3406
300 ლარს მინისტრები 1 ნივთში იხდიან, ჩვენ თვეში ვიკმაროთ? – სოციალურად დაუცველები დასაქმების პროგრამაზე

საქართველოს მთავრობა პირველი მარტიდან ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმებას გულისხმობს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს პროგრამა ხელს შეუწყობს  ღარიბი ოჯახების გაძლიერებას, რის შემდეგაც მინიმუმ 4 წელში მათ სახელმწიფო შემწეობა აღარ უნდა დასჭირდეთ. რამდენად რეალურია მთავრობის პროგნოზი და რას ფიქრობენ სოციალურად დაუცველი ოჯახები ამ ინიციატივაზე? „ბათუმელები“ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ესაუბრა.

ინგა შერვაშიძე ოთხი შვილის დედაა. ოჯახის საარსებო შემწეობა 500 ლარია. აქედან 350 ლარს ოჯახი ბინის ქირაში იხდის.

„იყო შემთხვევები, როცა ესეც ვერ გადავიხადეთ და რამდენჯერმე მოგვიწია ბინის შეცვლა. ბინაში ცუდი პირობებია, რადგან ამ ფასად უკეთესს ვერ იქირავებ.

მეუღლეც ცდილობს იმუშაოს და თვეში სადღაც 300 ლარი გამოსდის. თუმცა ექვსსულიანი ოჯახისთვის საკმარისი არ არის.

სამუშაო როგორ არ მინდა, მეც ვიმუშავებდი, ბავშვების დამტოვებელი რომ მყავდეს ვინმე. ადრე, სოციალურად დაუცველთა ბაზაში რომ დავრეგისტრირდი, მქონდა შემოთავაზება სადარბაზოების დალაგებაზე, სანდასუფთავებაში, მაგრამ ბავშვების გამო არც ეს გამოვიდა. ერთი ბავშვი რომ სკოლაში მიდის, მეორე მოდის. ისეთ სამუშაოს არავინ შემომთავაზებს, ძიძა რომ ავიყვანო“, – გვეუბნება ინგა.

ინგას თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახი ოთხ წელიწადში რომ გაძლიერდეს, სულ ცოტა 2 ათასი ლარი მაინც უნდა ჰქონდეს შემოსავალი. „კომუნალური გადასახადები გაძვირდა, სურსათი გაძვირდა, ბინა არ გვაქვს. 300-ლარიანი სამუშაო როგორ გაგვაძლიერებს?“ – ამბობს ის.

გია გუნდაძის ოჯახსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. გიას უმაღლესი განათლება აქვს, მშენებელია. თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად საკუთარი პროფესიით ვერ დასაქმდა.

„ვერ ვახერხებ სამუშაოს დაწყებას, რადგან ყველგან ნაცნობობაა ან გამოცდილებას ითხოვენ. თუ ვერ ვიმუშავე, როგორ მივიღო გამოცდილება?

სოციალური შემწეობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ოჯახი შეინახო. ამიტომ ვცდილობ რაღაც ვაკეთო, ერთჯერადად რაც გამოჩნდება“, – ამბობს გია გუნდაძე.

მისი თქმით, საკუთარი პროფესიით დასაქმება კარგი იქნება, მაგრამ თუ ოჯახის შემოსავალი 1000 ლარი მაინც არ იქნება, ოჯახი სიღარიბეს თავს ვერ დააღწევს.

„თუ ათასლარიან სამუშაოს შემომთავაზებენ, კი ბატონო, მაგრამ არა მგონია ეს ანაზღაურება ვინმემ შემოგვთავაზოს. ამაზე ნაკლებს კი ისედაც ვშოულობ და საკმარისი არ არის. როგორ გაძლიერდება ოჯახი, როცა ყველაფერი ძვირდება“, – ამბობს გია.

კიდევ ერთი სოციალურად დაუცველი მოქალაქე, მარტოხელა დედა კი დასაქმებულია, თუმცა ანაზღაურება ოჯახურ პრობლემებს ვერ უგვარებს.

„მიმტანად ვმუშაობ რესტორანში. ზოგჯერ ეს სამუშაოც არ არის. თვეში 300 ლარამდე გამომდის, სოციალური შემწეობა 380 ლარია, აქედან 350 ლარს ბინის ქირაში ვიხდი. ერთ ოთახს ვქირაობ, საკუთარი საცხოვრებელი არ გაგვაჩნია.

ამ თვეში შუქში 32 ლარი გადავიხადე, გაზში – 75 ლარი. ამას სხვა გადასახადებიც ემატება. ბავშვს ფეხსაცმელი ხომ უნდა უყიდო,  სკოლაში რომ წავიდეს?

ჩვენ ისედაც ვერ ვკვებავთ შვილებს სათანადოდ. ძალიან ჭკვიანი, გონიერი შვილი მყავს, თუმცა მეხსიერების შეზღუდვა დაეწყო. ვერ იღებს საკმარის ხილს, ბოსტნეულს. ვაშლი და ბროწეული როდის ვიყიდეთ არ მახსოვს“, – ამბობს ნათია.

მისი თქმით, დღეს არსებული ინფლაციიდან და მაღალი ფასებიდან გამომდინარე, ბავშვიან ოჯახს მინიმუმ 600 ლარი მარტო კვებაში სჭირდება. თუ ქირით ცხოვრობ, ეს კიდევ უფრო ამწვავებს პრობლემას.

„300 ლარს მინისტრები და მთავრობის წევრები ერთ ნივთში იხდიან და ჩვენ თვეში უნდა ვიკმაროთ? არარეალურია. ეს პროგრამა გამოვა, იქნება 4 წელი, შემდეგ მთავრობა გვეტყვის, რომ დასაქმებულები ვართ და შემწეობას შეგვიწყვეტენ. აი, მაშინ ნამდვილად მიიღებენ უკმაყოფილებას“, – ამბობს ნათია.

„ბათუმელებს“ ამ თემაზე სოციალურ ქსელში ათობით ადამიანი გამოეხმაურა. მათი უმრავლესობა ქალია, დიდი ნაწილი კი მრავალშვილიანი ან მარტოხელა დედაა. უმრავლესობას არ გააჩნია საკუთარი საცხოვრებელი და სოციალურ შემწეობას, ფაქტობრივად, ბინის ქირაში ხარჯავს. მარტოხელა დედების უმრავლესობა ვერც ძიძას ქირაობს. შესაბამისად, ესეც უმუშევრობის ერთ-ერთი მიზეზია.

მათგან ერთ-ერთი, ნინო ჩიტიშვილი მიიჩნევს, რომ თუ ოჯახის შემოსავალი 1000-1500 ლარი იქნება, მაშინ შესაძლებელია ოჯახი გაძლიერდეს. სხვა შემთხვევაში, ძალიან გაუჭირდებათ.

მაია ხვედელიძე კი ამბობს, რომ 4 შვილის დედაა და მეხუთეს ელოდება, საკუთარი საცხოვრებელი კი არ აქვს.

„ზარმაცები არ ვართ, მეუღლე მუშაობს, თუკი რაიმე სამუშაო გამოჩნდება, მაგრამ ძალიან რთულია საცხოვრებლის გარეშე, სახლი რომ გვქონდეს, ეს გვინდა“, – ამბობს მაია.

მაია გაბაიძეც მიიჩნევს, რომ 400-ლარიანი ხელფასით ოჯახი სიღარიბეს ვერ გაუმკლავდება. „ვერანაირად ვერ დააღწევ თავს. 800 ლარიც რომ ჰქონდეს შემოსავალი, ხუთსულიანი ოჯახი ამით თავს ვერ გაიტანს, მაშინ როცა გადასახადები გაორმაგდა, ფასები პროდუქტებზე ყოველდღიურად იზრდება, სახლში კი სამი მცირეწლოვანი ბავშვია“, – ამბობს ის.

ცირა ბენიძის თქმით კი, მაგალითად, სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედა იმ შემთხვევაში შეძლებს მუშაობას, თუ მთავრობა მათზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს. „ადრე მახსოვს, დედაჩემი სახლში მუშაობდა და არც ბავშვების მიტოვება უწევდა. 5 შვილი ვყავდით და თავისუფალ დროს ვეხმარებოდით კიდევ სამუშაოს შესრულებაში. თუ იქნება მსგავსი რამ, შინიდან შრომა რომ შეძლონ ქალებმა, ეს მათ დაეხმარება“, – ამბობს ცირა.

ცალკე საკითხია სოციალურად დაუცველი ის ოჯახები, ვისაც ოჯახში შშმ წევრი ჰყავს და ზოგ შემთხვევაში მას მუდმივი მზრუნველობა სჭირდება. ასეთ შემთხვევაში ზრდასრული ოჯახის წევრები სამუშაოზე ვერ გადიან. შესაბამისად მათ სახელმწიფოს დახმარება სჭირდებათ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში 200 ათასზე მეტი შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი ადამიანია და სახელმწიფო დასაქმების პროგრამამ მათ დასაქმებას უნდა შეუწყოს ხელი.  პროგრამის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, როგორც მთავრობაში ამბობენ, ვაკანსიები პირველი მარტიდან გახდება ცნობილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: