ნეტგაზეთი • RU

„რუსი ჯარისკაცები დადიან და მეძებენ“ – როგორ ცხოვრობენ ოკუპირებულ ხერსონში

ინტერიუ ჩაწერა ნიკა ბურდულმა

„პირველი დღიდან სახლში არ ვცხოვრობ. ვცდილობ, სხვადასხვა ნაცნობთან გავჩერდე. ვიცი, დადიან და ჩემზე კითხულობენ, სად შეიძლება ვიპოვოთო“, – ამბობს 27 წლის ჟურნალისტი ხერსონიდან, კონსტანტინ რიჟენკო.

კონსტანტინი ხერსონის ოკუპაციის შემდეგაც მშობლიურ ქალაქში რჩება. იგი „ხერსონ ნიუსსიტის“ მთავარი რედაქტორია. გარდა იმისა, რომ გამუდმებით იცვლის ადგილს, უმკვლავდება კიბერთავდასხმებსა და ცდილობს გადამოწმებული ინფორმაცია გაავრცელოს, მოხალისეთა თვითორგანიზებულ ჯგუფს ეხმარება. ეს ჯგუფი ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანასა და დარიგებას ცდილობს.

მოქალაქეები კონსტანტინის „ტელეგრამზე“ აგზავნიან შეტყობინებებს, ავსებენ წამლებისა თუ პროდუქტების ბლანკებს და ელიან მისგან ინფორმაციას. გარდა დახმარებისა, იგი მოსახლეობას ეუბნება, რომ „ხერსონი ახსოვთ და მასზე საუბრობენ“.

ცდილობს ყველა მედიას ჩაეწეროს, მიუხედავად იმისა, რომ მას რუსი სამხედროები ეძებენ, არც საკუთარი თავის საჯაროდ იდენტიფიცირებას ერიდება: „ამაზე უარესი არაფერი იქნება. გამოაქვეყნეთ! ჩემს ქალაქში და ჩემს მიწაზე დასამალი არაფერი მაქვს“.

ჟურნალისტებისა და მოხალისეების გატაცება, მედიკამენტებისა და საკვების ნაკლებობა – ოკუპირებული ხერსონის ამ და სხვა პრობლემებზე, ქალაქის მცხოვრებლების განწყობაზე, „ბათუმელებთან“ „ხერსონ ნიუსსიტის“ მთავარმა რედაქტორმა, კონსტანტინ რიჟენკომ ისაუბრა.

  • კონსტანტინ, რა ვითარებაა ახლა ხერსონში?

ოკუპაციის პირობებში მაქსიმუმს ვცდილობთ. ვარიგებთ საკვებს, ვამზადებთ რეპორტაჟებს. ჟურნალისტებსა და აქტივისტებს გამუდმებით გვეძებენ, სახლში დადიან და თუ იპოვეს, მიჰყავთ. მთელ სახლს ჩხრეკენ, ტელეფონებს ამოწმებენ.

მე პირველი დღიდან სახლში არ ვცხოვრობ. ვცდილობ, სხვადასხვა ნაცნობთან გავჩერდე. ვიცი, დადიან და ჩემზე კითხულობენ, სად შეიძლება ვიპოვოთო.

დაკავებულებიდან, პრაქტიკულად, არავინ გაუთავისუფლებიათ. გათავისუფლებულები აწამეს და სცემეს. ისინი ჩუმად არიან და ამას თავიანთი დუმილითაც ადასტურებენ.

გუშინწინ იყო აქცია, ყუმბარები ესროლეს ხალხს. გუშინ კიდევ გამოვიდა ხალხი აქციაზე. კვამლის ხელყუმბარები ისროლეს. ხალხში შევარდნენ და ექვსი ადამიანი წაიყვანეს. დღეს ხალხმა შეკრება დაიწყო, მაგრამ მანქანები ყველა მხრიდან მოვიდნენ, რამდენიმე ადამიანი წაიყვანეს და დანარჩენები დაიშალნენ. [რუსი სამხედროები] ხალხს აპატიმრებენ.

  • როგორია რუსი ჯარისკაცების განწყობა?

მათი [ქვედანაყოფები] მუდმივად იცვლება. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მკაცრები და უხეშები არიან.

  • იღებთ ჰუმანიტარული დახმარებას, მაგალითად, ხელისუფლებისგან?

ეს არის ჩვენი, თვითორგანიზებული მოძრაობა. არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება საკვებით, ვიღაცას – ფულით. ჩვენ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება.

სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ცენტრალიზებული დახმარება არ არის. აქამდე არ მინახავს ხალხი, ვისაც ხელისუფლება დაეხმარა.

  • ოკუპაციის პირველ დღეებში ჟურნალისტი დემენტი ბელი ჰყვებოდა, რომ ჰუმანიტარული მდგომარეობა მძიმე იყო, ადგილი ჰქონდა მედიკამენტებისა და საკვების დეფიციტს. რა მდგომარეობაა ახლა?

მდგომარეობა უარესდება. ერთადერთი საკვების წყარო, რაც მოვიძიეთ, იყო შიდა ბაზარი –  ფერმერებისგან.

წამლების მხრივ კატასტროფაა. სულ უფრო მეტი მოთხოვნა გვაქვს მედიკამენტებზე. დღეში საშუალოდ 300-400 განაცხადი შემოგვდის. მათი შოვნა კი არსად შეგვიძლია.

  • რუსეთის საოკუპაციო ძალები მოსახლეობას ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ალბათ, არ ეხმარებ?

არა. ისინი ამბობენ, ჩვენ მხოლოდ ყირიმის ჰუმანიტარულ დახმარებას გაძლევთო. ყველაფერი დანარჩენი, როგორიცაა წამლები, არ არის.

მიდის ნერვებზე თამაში – ან იღებ რუსულ დახმარებას და ხდები შიდა პროპაგანდის ობიექტი, ან ზიხარ და შიმშილობ.

  • როგორი ვითარებაა ინფორმაციის მხრივ, არის თუ არა ინტერნეტი, უკრაინული არხები თუ არის ხელმისაწვდომი – თუ ინფორმაციის ერთადერთი წყარო რუსული არხებია?

ინტერნეტი ჯერ კიდევ არის, რუსული ცენზურის გარეშე.

პირველ დღეს მათ თავიანთი ტელეარხების მაუწყებლობა დაიწყეს, შემდეგ – უკრაინული არხების რუსულად თარგმნა.

  • თუ არ ვცდები, „ტელეგრამში“ დაწერეთ, რომ ხალხს ჰგონია მსოფლიომ დაივიწყა ხერსონიო, როგორია ხალხის განწყობა?

იმის გამო, რომ ჩვენი ჯარები სწრაფად ვერ მოვიდნენ ჩვენთან და ვერ გვათავისუფლებენ, ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ ჩვენ ძალიან შორს ვართ და ჩვენთვის დიდწილად არავის სცალია. ხალხის განწყობა არ იცვლება. ოკუპაციაში ცხოვრობენ, ეშინიათ, გათავისუფლებას ელიან.

  • რა დახმარება შეუძლია მედიას და მსოფლიო საზოგადოებას?

მედიის როლია ანახოს, თუ რა ხდება.

ჩვენ გვაქვს კონტრაბანდული დერეფანი მიკოლაევამდე. მისი მეშვეობით შემოდის ჰუმანიტარული დახმარება, ხალხის გაყვანა და შემოყვანა. შესაძლებელი იქნებოდა, არაოფიციალურად მაინც, ყველაზე საჭირო მედიკამენტების ამ გზით შემოტანა, ამ წამლების სიები ყველგან არის. კარგი იქნებოდა, ხალხს ეს წამლები მიეღო. ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის საკითხი შესაძლოა კიდევ დიდხანს იდგეს.

ოთხი დღის წინ რეგიონის საზღვარზე [რუსმა სამხედროებმა] სამედიცინო ჰუმანიტარული დახმარების 14 სატვირთო მანქანა გააბრუნეს. ეს დახმარება რომ დაიყოს და მსუბუქი ავტომობილებით შემოვიდეს, ყველაზე საჭირო წამლები მაინც, შეიძლება ამ წამლების მოტანა ჩვენს მოხალისეთა ცენტრში, ჩვენ მათ დავარიგებდით. სანამ საკითხი ოფიციალურ დონეზე წყდება, ხალხი იღუპება. ყოველდღე ადამიანები წამლების გარეშე იხრჩობიან. არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გაძლებენ. მნიშვნელოვანია ამაზე საუბარი.

  • თქვენი მოხალისეების ცენტრი იატაკქვეშეთში მუშაობს, თუ საოკუპაციო ძალებმა იციან თქვენ შესახებ?

მათ იციან ჩვენ შესახებ, მაგრამ ჩვენ [ქალაქის] ცენტრიდან მოშორებით ვართ და ჯერ ვერ გვიპოვეს. სამხედროები მივიდნენ მოხალისეთა ჯგუფებთან, რომლებიც ცენტრში დახმარებას არიგებდნენ და მათ გაესაუბრნენ. ისინი [მოხალისეები] ჯერ კიდევ ვერ ამბობენ, რა მოხდა. ჯერჯერობით გაგვიმართლა, შეგვიძლია [ხალხის] დახმარება, მაგრამ არ ვიცი, რა იქნება შემდეგ.

  • თქვენ გარდა არიან თუ არა ქალაქში სხვა ჟურნალისტები, რომლებიც არ დაუკავებიათ?

პროუკრაინული ან ნეიტრალური პოზიციის მქონე კოლეგები ძირითადად დაიმალნენ. მხოლოდ ისინი მუშაობენ, ვისაც აშკარად პრორუსული პოზიცია ჰქონდა. იღებენ რეპორტაჟებს – პროპაგანდის სრული ნაკრები. მათ ჟურნალისტებსაც ვერ უწოდებ.

ცდილობენ, ზოგიერთი საიტი „დაჰაკონ“. ისინი ჩემი „ფეისბუქის“ და „ტელეგრამის“ გვერდის გატეხასაც ცდილობდნენ. არის მცდელობები, ზოგჯერ წარმატებული. ტელეგრამის არხები უფრო დაცულია და ძირითადად ვცდილობთ, იქ გავავრცელოთ ინფორმაცია.

  • მოქმედებს რუსული პროპაგანდა ადგილობრივ მოსახლეობაზე?

ისინი კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან რუსეთს. ჩვენი რეგიონი პრორუსულად მიიჩნეოდა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსულენოვანი იყო. გასული საუკუნის შუა ხანებში საწარმო გაიხსნა და აქ რუსეთიდან 60 ათასამდე მოქალაქე ჩამოიყვანეს. მოხდა ენების აღრევა და რუსული ენა დომინანტი გახდა.

ამიტომ მიიჩნეოდა, რომ რეგიონი პრორუსული იყო, თუმცა რუსულენოვანი ხალხი თავს უკრაინის ნაწილად მიიჩნევს. ხერსონის პრორუსულობა მითია, რომელსაც ავრცელებს რუსული პროპაგანდა და ზოგიერთი სასარგებლო იდიოტი დასავლეთ უკრაინიდან. განწყობა იყო და რჩება პროუკრაინული. ხალხს პროპაგანდის არ სჯერა.

___

ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ კონსტანტინს ვკითხეთ, ხომ არ შეექმნებოდა უსაფრთხოების დამატებითი რისკები მისი სახელისა და ფოტოს გამოქვეყნების შემთხვევაში. მან ასე გვიპასუხა: „გამოაქვეყნეთ. ჩემს ქალაქში და ჩემს მიწაზე დასამალი არაფერი მაქვს“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ელ. ფოსტა: realnikaburduli@gmail.com