მთავარი,სიახლეები

„დაწყებულია ბრძოლის ველის საცეცხლე მომზადება“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

15.04.2022 • 12154
„დაწყებულია ბრძოლის ველის საცეცხლე მომზადება“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ახლა საუბარია არა მასობრივად ქალაქებში შესვლაზე, არამედ ძლიერად ფორტიფიცირებულ უკრაინულ გამაგრებაზე შეტევა, ეს სხვა ტაქტიკას და კონცენტრაციას მოითხოვს, როგორც საცეცხლე შესაძლებლობების, ისე ჯარების,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც მუდმივად აკვირდება რუსეთის ომს უკრაინაში და მიიჩნევს, რომ ყოველდღე შესაძლოა გააქტიურდეს ომის ახალი ეტაპი.

„დაწყებულია ბრძოლის ველის საცეცხლე მომზადება“, – დასძინა მან ინტერვიუს დროს.

თუმცა ბოლო დღეებში ომზე დაკვირვებამ სამხედრო სპეციალისტს გაუჩინა ვარაუდიც, რომ რუსეთმა თავდასხმის ახალი მიმართულება კი არ განსაზღვრა და განაგრძობს ტერიტორიის მიტაცებას, არამედ ოკუპირებულ ადგილზე დარჩეს. 

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ვახტანგ კაპანაძე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო.

  • ბატონო ვახტანგ, ჯერ ის მოგვიყევით, როგორ მოხერხდა სამხედრო ხომალდ „მასკვას“ ჩაძირვა და რა არის ეს „ნეპტუნი,“ ანუ იგივე R – 360? 

ერთ-ერთი ვერსიით, ეს ხომალდი ჩაძირეს „ბაირახტარების“ გამოყენებით, რადარების ყურადღება იქნა გადატანილი და შემდეგ უკვე „ნეპტუნით“ ჩაძირეს. მეორე ვერსიაა რუსული ვარიანტი, რომ მოწყვეტილ, მცურავ ნაღმზე აფეთქდა ხომალდი და შემდეგ მოხდა დეტონაცია. იყო ვერსიაც, რომ დაუდევრობის გამო მოხდა ხომალდზე აფეთქება და შემდეგ შტორმის დროს ჩაიძირა. მესმის, რომ უკრაინელების მიერ რუსული ხომალდის ჩაძირვა ძალიან მტკივნეულია და არაპრესტიჟული, მაგრამ ეს ვერსია, რომ ვიღაც მთვრალი მატროსი სიგარეტს ეწეოდა საიარაღო ოთახში და ასე შემდეგ, ეს უფრო სირცხვილია, მგონი.

მე უკრაინელების ვერსიის მჯერა, რადგან „მასკვა“ თავის კლასში იყო ერთადერთი ხომალდი, რომელსაც ჰქონდა მოდერნიზებული რადიო-ლოკაციური სისტემა, შეეძლო დაბალ სიმაღლეზე მფრენი რაკეტების აღმოჩენა. ხოლო „ნეპტუნი“ წარმოადგენს  ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტას, ე.წ. ფრთოსანი რაკეტაა, რომელიც შემუშავებულია უკრაინელების მიერ. მას საფუძვლად ჰქონდა საბჭოთა რაკეტა X-35, მაგრამ ამისგან განსხვავებით „ნეპტუნი“ უფრო დიდი ზომისაა და შორ მანძილზეა გათვლილი. ეს არის შემუშავებული 2014 წელს, შეიარაღებაში კი, 2020 წელს მიიღეს.

თვითონ ტაქტიკური მახასიათებლები ამ რაკეტის ასეთია: მანძილი – 280 კმ-მდე, საბრძოლო ნაწილის მასა შეადგენს 150 კილოგრამს.

„მასკვა“ კი, წარმოადგენდა რუსეთის გვარდიის სარაკეტო კრეისერს, ეს იყო პროექტი „11 – 64“, ანუ ე.წ. ატლანტი, ხომალდი შედიოდა შავი ზღვის ფლოტის ზედაპირული ხომალდების 30-ე დივიზიაში. ბევრი ამბობს, რომ ეს იყო თანამედროვე ხომალდი, მაგრამ ის საკმაოდ ძველი ხომალდი იყო – 1979 წელს შევიდა ექსპლუატაციაში.

„მასკვა“ 1991 წელს გახდა შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი. ბოლოს გაიარა კაპიტალური რემონტი 2021 წელს, მონაწილეობა აქვს მიღებული 2008 წლის ომშიც, ასევე სირიაში 2015 წელს და რაც მთავარია, ეს იყო ხომალდი, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, კუნძული ზმეინიდან გაუშვეს შორ მისამართზე.

ეს ხომალდი მონაწილეობდა ასევე უკრაინის საზღვაო ბლოკადაში და შეეძლო 30 დღე-ღამე დამოუკიდებელი, ავტონომიური ცურვა, ეკიპაჟი იყო 510 კაცი, გააჩნდა 16 ხომალდასაწინააღმდეგო რაკეტა, რაც 500 კილომეტრზე შეეძლო გამოეყენებინა, ასევე 64 ერთეული S – 300 საზღვაო ბაზირების ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების ვარიანტი. ასე რომ, რომ ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად შეამცირა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები.

  • კონკრეტულად გვითხარით, რამდენად შეიცვალა სამხედრო მოცემულობა „მასკვას“ ჩაძირვით, პოლიტიკური და სიმბოლური დატვირთვის გარდა? 

რა თქმა უნდა, ცვლის ეს სამხედრო მოცემულობას, რადგან მარტო 64 ერთეული S – 300 ჰქონდა ამ ხომალდს. მნიშვნელოვანი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის შესაძლებლობა გააჩნდა და ეს დესანტის გადასხმის პერიოდში უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ დროს უნდა შეძლო და მოიპოვო ჰაერში უპირატესობა, არ უნდა დაუშვა მოწინააღმდეგის უპირატესობა.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ ხომალდს ჰქონდა 533 მილიმეტრიანი სატორპედო ორი აპარატი და თითოეულს 5-მილიანი ტორპედოს გაშვება შეეძლო. მის შეიარაღებაში ასევე შედიოდა ერთი ვერტმფრენი „ka – 27“, თუმცა მთავარი მაინც რუსეთის პრესტიჟზე დარტყმა იყო.

სიმართლე გითხრათ, დიდად არც გამკვირვებია ამ ხომალდის ჩაძირვა, რადგან რუსეთის საზღვაო ძალების ბრწყინვალე ოპერაციები არ მახსენდება. რუსების ყველაზე დიდი საბრძოლო გამარჯვება ზღვაზე იყო 1823 წელს ნახიმოვის მეთაურობით, როდესაც თურქეთის ფლოტი ყურეში გამოიმწყვდია და გაანადგურა. იმის შემდეგ თანაბარ მოწინააღმდეგესთან რუსებს ზღვაზე არ გაუმარჯვიათ. მეორე მსოფლიო ომშიც დიდად არ გამოუჩენია თავი საბჭოთა კავშირის საზღვაო ფლოტს. ქერჩის დესანტის გადასხმაც წარმატებულად ვერ ჩაითვლება მსხვერპლის რაოდენობის გამო.

  • ახლა რა ეტაპზე ვართ? წინა კვირას გვითხარით, რომ რუსული არმიის თავდასხმის მორიგი ობიექტი დონბასია და დაიწყო რუსეთმა მობილიზება. რუსეთის გეგმაშია მასიური სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების ერთობლიობა, თუმცა ზოგიერთი სამხედრო სპეციალისტის აზრით, ამას მნიშვნელოვანი მობილიზება დასჭირდება. იგივე მარიუპოლის დაცვა აკავებს რუსული ჯარების და აღჭურვილობის მნიშვნელოვან რაოდენობას.  

ამ ეტაპზე რუსები აქტიურად ცდილობენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ მისცენ დონბასის მიმართულებით გაძლიერების შესაძლებლობა. ფაქტია, რომ რუსებმა ვერ მიაღწიეს ამ მიმართულებით ტაქტიკურ და ოპერატიულ მოულოდნელობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაკლია მათი ოპერაციისთვის, რუსები ნამდვილად ცვლიან საკუთარ ტაქტიკას და უბრუნდებიან კლასიკურ მიდგომას, როცა საჭიროა ძირითადი ძალების თავმოყრა, ძალისხმევის თავმოყრა და ასე შემდეგ.

რაც ჩემთვის არის ცნობილი, რუსეთმა თავი მოუყარა უკვე 65 საბატალიონო ტაქტიკურ ჯგუფს, ეს არის დაახლოებით 45 ათასი სამხედრო მოსამსახურე, ასევე ცდილობენ დამატებით გაძლიერებას. ამავდროულად, თუ შეძლეს საბოლოოდ მარიუპოლის დაკავება, ანუ უკრაინული დანაყოფების დამარცხება, მაშინ კიდევ დაახლოებით 10 ათასი კაცი გამოუთავისუფლდებათ. ფაქტია ისიც, რომ რუსებს არ ელით მარტივი ოპერაცია.

რუსები აპირებენ მოკლე ვექტორებით ალყის შემორტყმას იზიუმისა და გულიაპოლის მიმართულებით ორივე მხრიდან. ეს არის დაახლოებით 180 კილომეტრი. თუ უფრო მეტად წავლენ სიღრმეში, რათა უფრო ღრმა შემოვლა განახორციელონ, მაშინ ის თითქმის 250 კილომეტრს მიაღწევს. რამდენად მოახერხებენ ამას რუსები, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მცირე პროცენტით, მაგრამ მე იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა საერთოდ უარი თქვან ალყის განხორციელებაზე და ისევ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაზე იზრუნონ. ამ ეტაპზე ჩანს, რომ ისინი ცდილობენ ლოკალურ, მცირემასშტაბიან შეტევებს. ფაქტობრივად, ახლა ხორციელდება დაზვერვა ბრძოლით, თუმცა ძირითადი დარტყმა არ განხორციელებულა, მოკლე შეტაკებები და პოზიციების გაუმჯობესების მცდელობებია.

ახლა უკრაინელებისთვის ყველაზე მთავარია სლავიანსკოე და კრამატოვსკის გამაგრება, ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ის არის უკრაინული დაჯგუფების ზურგი. ამ მიმართულებაზე ცდილობენ გასვლას ახლა რუსები. ეს თუ აიღეს, გამაგრებული თავდაცვის კვანძი, ფაქტობრივად, ალყაში ეყოლებათ დონბასის დაჯგუფება. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დონბასის დაჯგუფების ალყაში მოქცევა არ ნიშნავს ამ დაჯგუფების განადგურებას – გაიხსენეთ მარიუპოლი, სადაც 30-ე დღეა ალყაში მოქცეული იბრძვიან უკრაინელი მებრძოლები.

  • ნახავდით The Times – ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ „რუსეთი ცდილობს, უკრაინის სამხრეთ ნაწილში უკრაინელებზე 5-ჯერ მეტი რაოდენობის ძალები შეკრიბოს“. რა სამხედრო უპირატესობა აქვთ ამ დროისთვის მხარეებს, თქვენი ინფორმაციით? 

ზოგადად, დონბასის რაიონი არის ერთ-ერთი ყველაზე ურბანიზებულია მთელს უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ იქ დიდი ქალაქები არის ცოტა, სოფლებია ძალიან ბევრი და თან, ერთმანეთში გადადის ეს სოფლები. ეს გარკვეულწილად ხელს უწყობს თავდაცვის და ტანკსაწინააღმდეგო თავდაცვის უზრუნველყოფას, ტანკსაწინააღმდეგო მოქმედებებს აადვილებს, მაგრამ შეტევისთვის აადვილებს ფარულად მიახლოების შესაძლებლობას.

აქ არის ხევები, არის კონუსურად აღმართული სიმაღლეები, ბუნებრივი სიმაღლეებიც, მაგალითად, მთა კარაჩუმი 200 მეტრზეა აღმართულია და თვალთვალის და ცეცხლის კორექტირების საშუალებას იძლევა. ამავე დროს ამ რაიონში, ვინაიდან იქ არის განვითარებული ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვება, არის ბევრი მიწის ნაყარი კოლტები, რაც გარკვეული უპირატესობაა თვალთვალისა და ცეცხლის წარმოების გათვალისწინებით. დონბასი მარტივი სტეპი არ არის. ასე რომ, ორივე მხარეს აქვს პლუსები და მინუსები, როგორც შემტევ, ისე დაცვით მხარეს.

  • უკრაინა ღიად ამბობს, რომ ომის მოსაგებად მას საჭირო შეიარაღება არ აქვს. რა ნაწილი მიაწოდეს მას სამხედრო აღჭურვილობის და რატომ ვერ აწვდიან სამხედრო ტექნიკას, რასაც დაჰპირდნენ? 13 აპრილს ზელენსკიმ გააკეთა კონკრეტული ჩამონათვალია, რა სჭირდება უკრაინას. 

უკრაინას ახლა ყველაფერი სჭირდება, მთავარია, რამდენად გამოიყენებს და სწრაფად აითვისებს ამ შეიარაღებას, მაგალითად, 155 მილიმეტრიანი სისტემების მიცემას თავისთავად სჭირდება შესაბამისი უზრუნველყოფა, თავისი ჭურვებით უზრუნველყოფა, როგორც ვიცი, ამერიკელები აპირებენ ამის მიცემას უკრაინისთვის, ასევე აძლევენ ჯავშანტრასპორტიორს – 113-ს, ეს მუხლუხებიანია, რომელიც ტალახსა და რბილ მიწაზე უკეთესად დადის, 11 ერთეული „მიგ – 17“, რომელიც არის იგივე „მირ – 8“, ოღონდ გათანამედროვებული. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, 300 დრონი-„კამიკაძე“ და 500 ჯაველინი. ამის გარდა, უკრაინას აძლევს ტანკებს გერმანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთიც. ახლა ამ ტექნიკას უნდა ათვისება.

მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ცეცხლის მართვის საბჭოთა სტანდარტი განსხვავდება ნატოს სტანდარტისგან… უკრაინას გამარჯვებისთვის ნამდვილად სჭირდება შეტევითი, დარტყმითი საშუალებები. ეს არის ტანკები, ჯავშანტექნიკა და საჰაერო შესაძლებლობები, თვითმფრინავები. ეს საჭიროა იმისთვის, რომ უკრაინამ განახორციელოს მსხვილმასშტაბიანი, ოპერატიული დონის შეტევა. ყველა ვხედავთ, რომ რაც დრო გადის, იზრდება იმ სამხედრო ტექნიკის ჩამონათვალი, რასაც უკრაინას აწვდიან. მას გადაეცემა ლეტალური და თანამედროვე შეიარაღება.

  • როგორ ახდენს რუსეთი ადამიანური რესურსების მობილიზებას? – მოლდოვამ რუსეთის არმია დაადანაშაულა მოლდოვის მოქალაქეების რეკრუტირების მცდელობაში. მანამდე ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ მოსკოვი ცდილობს შეავსოს უკრაინაში თავისი ძალები სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონში რეკრუტირების გზით.

რატომ არ შეუძლია ეს გააკეთოს რუსეთს, როცა იგივე გააკეთა აფხაზეთსა და ოსეთშიც კი? რა შეუშლიდა ხელს? რუსეთი აქტიურად ახდენს ადამიანური რესურსების მობილიზებას, სამხედრო სასწავლებლებიდან კურსანტებსაც რუსეთში ნაადრევად აძლევენ დიპლომებს და უშვებენ პირდაპირ ომში, ასევე წვევამდელებს, ვინც სავალდებულო ჯარი უმთავრდება, აწერინებენ ხელს კონტრაქტებზე. რუსეთი გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად გააძლიეროს თავისი მიმართულება.

რუსეთი აპირებს ორი მიმართულებით ალყის გაკეთებას. მესამე კი, საჭიროა ალყაში მოქცეული დანაყოფის შუაში გახლეჩის მიმართულება. ახლა ტაქტიკა სხვა ექნება რუსულ არმიას – უკვე განსაზღვრულია ძირითადი მიმართულება და ახლა საუბარია არა მასობრივად ქალაქებში შესვლაზე, არამედ ძლიერად ფორტიფიცირებული უკრაინულ გამაგრებაზე შეტევა, ეს სხვა ტაქტიკას და კონცენტრაციას მოითხოვს, როგორც საცეცხლე შესაძლებლობების, ისე ჯარების.

ჩვენ უკვე ყოველდღე შესაძლოა ამის დაწყება. დაზვერვა ინდიკატორებს უფრო ადრე შეამჩნევს და უკეთესად დაინახავს ამას, თუმცა ფაქტობრივად დაწყებულია ბრძოლის ველის საცეცხლე მომზადება.

რამდენად იზრდება ქიმიური იარაღის გამოყენების რისკი, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ რუსულ შეიარაღებულ ძალებს ახლა უკრაინის ტერიტორიაზე დვორნიკოვი ხელმძღვანელობს – ის სირიის ომშიც მონაწილეობდა, სადაც ქიმიური იარაღი გამოიყენეს. 

ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, მათ შორის, ტერიტორიაზე, სად აპირებ ამის გამოყენებას, როგორია ქარის მიმართულება, რამდენად სჭირდება და ასე შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რამდენად უღირს ამის გამოყენება. როგორც ცნობილია, ამ დრომდე ვერ დაიდო ვერაფერი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე. გამოიყენა ქიმიური იარაღი იმიტომ, რომ 4 კაცი მოეწამლა, მე, პირადად, ცოტა არასერიოზული მგონია. შესაძლოა, ისინი მოიწამლნენ ფოსფორის ბომბის გამონაბოლქვისგან, რომელიც შესაძლოა დაგროვებული იყო შენობა-ნაგებობებში.

  • ბოლოს მინდა გკითხოთ სამხედრო დანაშაულის მტკიცებაზე – რამდენად გამოსვლადია ომის დროს მტკიცებულებების დამალვა, ან გაქრობა? არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს მტკიცებულებების გაქრობას.

რა თქმა უნდა, ამას აქტიურად ცდილობს ახლა რუსეთი. რომ არ შესულიყვნენ უკრაინელები ბუჩაში, ვერც ნახავდნენ ამ სამხედრო დანაშაულს, რაც ვნახეთ… მარიუპოლს რუსები პირწმინდად ასუფთავებენ, რომ არათუ კვალი არ დატოვონო, არამედ პირიქით, აქეთ დააბრალონ უკრაინელებს რაღაცები.

რა მინდა გითხრათ: დანაშაულს განსაზღვრავს გამარჯვებული. დამარცხებული არასდროს იგებს ხოლმე სასამართლოს. შესაბამისად, ახლაც სასამართლოს გამარჯვებული მოიგებს. გამარჯვებული განსაზღვრავს დანაშაულის დონეზე. ამიტომაც არის ახლა მნიშვნელოვანი უკრაინის გამარჯვება, რომ რუსეთი შესაბამისად დაისაჯოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: