სახალხო დამცველის აპარატმა 2022 წლის თებერვალსა და მარტში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საქართველოს 25 მუნიციპალიტეტში მოქმედი 59 უფასო სასადილო შეამოწმა. სახალხო დამცველის შეფასებით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა, როგორც საკვების მიწოდების სერვისის, ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით პასუხობს მინიმალურ მოთხოვნებს. თუმცა ერთიანი სურათი არადამაკმაყოფილებელია.
უფასო სასადილოების სახელმწიფო პროგრამა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, სერვისის მიზანია სათანადო კვების უფლების რეალიზება მოსახლეობისთვის. სათანადო კვების უფლება გულისხმობს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის საჭირო საკვებზე ხელმისაწვდომობას, შესაბამისი კალორიების, ცილების და სხვა სპეციფიკური საკვები ნივთიერებების მინიმალური რაციონის ჩათვლით.
კერძოდ, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ:
ქვეყანაში არ არსებობს უფასო სასადილოს სერვისის მართვის და მიწოდების ერთიანი სტანდარტი. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტანდარტულად არ არის დადგენილი გასაცემი საკვების ოდენობა და კალორაჟი, ფიზიკური გარემოს მოწყობის, უსაფრთხოების დაცვისა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის კუთხით სავალდებულო მოთხოვნები.
სერვისის განხორციელებისას გათვალისწინებული არ არის ბენეფიციართა კვებითი საჭიროებები და რაციონი, ძირითადად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მენიუში გათვალისწინებული არ არის სადილის ენერგეტიკული ღირებულება, ბენეფიციართა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი.
საკვები მენიუს შედგენაში არ არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კვების მენიუს ადგენს ბუღალტერი და არა შესაბამისი დარგის სპეციალისტი.
უმრავლეს შემთხვევაში, მენიუ მთელი წლის განმავლობაში არ იცვლება.
საგულისხმოა შემთხვევები, განსაკუთრებით თბილისში, როცა ბენეფიციარები სასადილოებიდან იღებენ მხოლოდ პურს. კერძოდ, თბილისის სასადილოებში კონკრეტულ დღეებში, როდესაც მენიუში მხოლოდ წვნიანებია (ბარდის წვნიანი, ლობიოს წვნიანი, ვეგეტარიანული ბორშჩი) ბენეფიციარებს სასადილოდან გააქვთ მხოლოდ პური. ეს შეიძლება აიხსნას, როგორც ბენეფიციართა მიერ საკვების გემოვნური თვისებების დაწუნებით, ასევე, კალორაჟის სიმცირით. მენიუში კვირის განმავლობაში მხოლოდ ორი დღეა გათვალისწინებული ნოყიერი კერძი ხორცით, შესაბამისად ბენეფიციარების მოთხოვნა ამ დღეებში უფრო იზრდება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ სასადილოში აკრძალულია მხოლოდ პურის გატანა.
სასადილოებზე გამოყოფილი თანხის ოდენობის სიმცირე განსაკუთრებით თვალშისაცემია თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, სადაც თითო ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხა 1 ლარი და 30 თეთრია. ეს ნაკლებია რეგიონებში ერთ ბენეფიციარზე გათვლილ დღიურ ოდენობაზე (მაგალითად, ბორჯომში – 2.47 ლარია, ქუთაისში – 2.50 ლარი, ახალციხეში – 2.05 ლარი, სამტრედიაში – 2.20 ლარი, თელავში -2.65).
უფასო სასადილოები, როგორც წესი, განთავსებულია ადმინისტრაციულ ცენტრებში და ზოგიერთ შემთხვევაში მომსახურების მისაღებად შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარებს დიდ მანძილზე უწევთ გადაადგილება. მაგალითად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ყველაზე შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარს დაახლოებით 30 კილომეტრის გავლა უწევს ყოველდღიურად, რათა ისარგებლოს უფასო სასადილოს მომსახურებით, ხოლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მცხოვრებს – 15 კმ-ის.
უფასო სასადილოს ბენეფიციარების ძირითად სიებთან ერთად, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არ აქვთ დამატებითი სიები. შესაბამისად, მომლოდინე პირებს მუნიციპალიტეტი განუმარტავს, რომ უფასო სასადილოთი სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ძირითადი სიიდან პირი გარდაცვალების, ან სხვა მიზეზით ამოირიცხება.
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებათა უმრავლესობა არ აკმაყოფილებს უნივერსალური დიზაინის სტანდარტს. ობიექტებში არ არის დამონტაჟებული ლიფტები, ზოგიერთ შესასვლელში არ არის პანდუსი და შენობაში შეღწევა მხოლოდ კიბეებითაა შესაძლებელი. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ თითქმის ყველა სივრცის შესასვლელში, მათ შორის იქაც, სადაც პანდუსია, გვხვდება ზღურბლი, რაც აბრკოლებს ეტლით მოსარგებლე პირის დამოუკიდებლად გადაადგილებას.
პრობლემას წარმოადგენს მუნიციპალიტეტების მხრიდან სერვისით მოსარგებლეთა სეგრერირებული სტატისტიკის წარმოება შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით. არ მუშავდება ინფორმაცია სერვისის მომხმარებელი მოქალაქეების სპეციალურ კვებით მოთხოვნილებებზე (მათ შორის საყურადღებო ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირთა, ბავშვთა, ორსულთა, გერიატრიულ კვებით საჭიროებებზე).
„იდენტიფიცირებული გამოწვევები ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სერვისის მართვასთან, მენიუს კალორაჟთან, კვების ხარისხთან, უსაფრთხოებასთან, სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებთან, კვების ბლოკების კეთილმოწყობა-აღჭურვასთან, ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებული და სხვა რელევანტური საკითხები.
ასევე, მნიშვნელოვანია ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა შეისწავლონ საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით თავიანთი მუნიციპალიტეტის საჭიროებები და შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები. საჭიროების შესაბამისად საკვებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაზარდონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მოიძიონ დამატებითი სახსრები“ – წერია სახალხო დამცველის დასკვნაში.
მონიტორინგი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
„დროა ოფიციალურად ვუწოდოთ შავს შავი, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, – უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ავღანეთში აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად „ალ-ქაიდას“ ლიდერის აიმან ალ-ზავაჰირის მოკვლას გამოეხმაურა.
პოდოლიაკის თქმით, თუ თითქმის არავის სურს „ალ-ქაიდასა“ და სხვა ტერორისტულ ჯგუფებთან დიპლომატიური ურთიერთობა, გაურკვეველია, რატომ ინარჩუნებს დასავლეთი რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, კიდევ ერთხელ მოითხოვა რუსეთის ტერორისტულ ქვეყნად აღიარება.
„ძნელად, რომ ვინმეს სურდეს დიპლომატიური ურთიერთობა „ალ-ქაიდასთან“, ISIS-თან ან „ჰეზბოლასთან“. მაშ, რატომ აქვს დასავლეთს დიპლომატიური ურთიერთობა ქვეყანასთან, რომლის სისხლიანი დანაშაულის მასშტაბები ასჯერ აღემატება ყველა ცნობილი ავაზაკისას? დროა ოფიციალურად ვუწოდოთ შავს შავი, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა“, – წერს მიხაილო პოდოლიაკი.
Hardly anyone wants diplomatic relations with Al-Qaeda, ISIS or Hezbollah. So why does the West have diplomatic relations with a country whose bloody crimes scale is hundreds times greater than all known thugs? It’s time to officially call black a black #RussiaIsATerrorristState
უკრაინელმა საჯარო პირებმა აქამდეც არაერთგზის სთხოვეს აშშ-ს, რომ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ ქვეყანათა სიაში შეიყვანოს.
23 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო მდივანს, რუსეთი ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში შეიყვანოს.
ეთნიკურად აზერბაიჯანელი გიულგიუნი და ეთნიკურად სომეხი მარიამი ერთ გუნდში გაერთიანდნენ და ქართული ენის შესასწავლი ონლაინ პლატფორმისთვის დაფინანსება მოიპოვეს. მათი პლატფორმა ქართული ენის სწავლის მსურველებსა და პლატფორმაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
გიულგიუნ მამადლისა და მარიამ ისპირიანის პროექტი – GRANDALA თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სტარტაპ კონკურსის – Big Idea Challenge-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტს საერთაშორისო კონკურსში წარადგენენ, რომელშიც შვიდი ქვეყანა მონაწილეობს.
უახლოეს მომავალში გიულგიუნი და მარიამი ქართული ენის 12 მასწავლებელს შეარჩევენ, შემდეგ კი უზრუნველყოფენ მათ დაკავშირებას ენის შესწავლის მსურველებთან. ასევე, ისინი გეგმავენ შესაბამისი ბლოგების, ქვიზებისა და ვიდეოგაკვეთილების მომზადებას სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი მსურველებისთვის ქართული ენის შესწავლის გასამარტივებლად.
ენის შესწავლის გარდა მარიამისა და გიულგიუნის პროექტის მიზანი საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი იმ მოქალაქეების საზოგადოებაში ინტეგრაციაა, რომლებსაც სახელმწიფოს სერვისებზე სრული წვდომა სწორედ ენობრივი ბარიერის გამო ნაკლებად აქვთ.
მარიამის თქმით, ის ხშირად აწყდება ასეთ მაგალითებს:
„ძალიან რთულია არ იცოდე იმ სახელმწიფოს ენა, სადაც ცხოვრობ. დემოკრატიული სახელმწიფო თანასწორ შესაძლებლობებზეა დაფუძნებული. ეს ადამიანები კი მრავალი შესაძლებლობების მიღმა რჩებიან.“
გიულგიუნი საკუთარ გამოცდილებზე გვიყვება, თუ რა დაბრკოლებები შეუქმნა მას ენობრივმა ბარიერმა უნივერსიტეტში სწავლის დაწყების შემდეგ. ის ამბობს, რომ ქართული ენის არცოდნის გამო საზოგადოებაში ინტეგრაციას ვერ ახერხებდა, რაც აისახებოდა მის თვითშეფასებაზეც. გიულგიუნს სწორედ ამიტომ უნდა, რომ ქართულის შესწავლა სხვებსაც გაუადვილოს.
გიულგიუნ მამადლი
„ქართულ საზოგადოებასთან ახლოს არ ვიყავი, შეხებაც არ მქონდა, ვიდრე სტუდენტი არ გავხდი. ამიტომაც სტუდენტობისას ჩემთვის ყველაფერი ძალიან რთული იყო. ლექციებზე სულ ჩუმად ვიყავი, მხოლოდ სემინარებს ვაბარებდი და სახლში მივდიოდი.
აზერბაიჯანულენოვანი სკოლა დავამთავრე, ქართულის მასწავლებელი გვყავდა, მაგრამ აზერბაიჯანელი იყო და თვითონაც არ იცოდა კარგად ქართული. სკოლის მასწავლებელი საკმარისი არ არის ქართულის შესასწავლად. შემდეგ უნივერსიტეტში ენის ბარიერის გამო ბევრ დაბრკოლებას ვხვდებოდი, ამის გამო თვითშეფასებაც დაბალი მქონდა“.
მარიამი გვიყვება, რომ გიულგიუნს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროცესზე მონაწილეობისას შეხვდა, სადაც მოსაზრებები გაუზიარეს ერთმანეთს და ონლაინპლატფორმის შექმნაც დაგეგმეს.
მარიამ ისპირიანი
„დიდი ხანი ვფიქრობდი ამაზე. იუთუბზე არხის შექმნა მინდოდა, სადაც ქართულს ვასწავლიდი, მაგრამ ამ არხს ბევრი საჭიროება ჰქონდა. მჭირდებოდა ვინმე, ვინც აზერბაიჯანულად, ასევე, სომხურად დაადებდა ტიტრებს, ვინც დაამუშავებდა ვიდეოს, რომ ერთი პატარა გაკვეთილი აგვეტვირთა. ეს ყველაფერი საკმაოდ რთულად მეჩვენებოდა.
გიულგიუნს გავუზიარე ეს იდეა, შემდეგ მან აღმოაჩინა პროგრამა Big Idea Challenge. მას, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტს, ჰქონდა შესაძლებლობა, რომ წარგვედგინა განაცხადი. გიულგიუნმა კიდევ უფრო დახვეწა იდეა და პლატფორმის შექმნა შემომთავაზა,“ – ამბობს მარიამი.
კონკურსის ფარგლებში, როგორც გამარჯვებული პროექტი, GRANDALA1000 გირვანქა სტერლინგით დაფინანსდა. ამ თანხით მარიამი და გიულგიუნი პლატფორმის შექმნას უზრუნველყოფენ. მასწავლებლის დახმარება ფასიანი იქნება, თუმცა, როგორც გოგოები ამბობენ, ხელმისაწვდომი. შემოსული თანხით გიულგიუნი და მარიამი მასწავლებლების შრომის ანაზღაურებას გეგმავენ.
ახლა გოგოები გეგმავენ შეარჩიონ ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი, ქართულ-სომხურენოვანი და ქართულენოვანი მასწავლებლები, რომლებსაც შემდეგ პლატფორმაზე დაარეგისტრირებენ. მასწავლებლების შერჩევის შესაძლებლობა ქართული ენის შესწავლის მსურველებს ცოდნის დონეების შესაბამისად შეეძლებათ.
Big Idea Challenge ბრიტანეთის საბჭოს კონკურსია, რომელიც მონაწილე ქვეყნების ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან და მსოფლიოს გააცნონ საკუთარი ინოვაციური სტარტაპები. კონკურსში საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტია ჩართული. წელს საერთაშორისო კონკურსში შვიდი ქვეყანა მონაწილეობს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტების მენეჯერის, ირო ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ჯერ ტარდება შიდა შეჯიბრი სტარტაპ გუნდების მოსამზადებლად, შემდეგ კი ამ გუნდებს საერთაშორისო კონკურსზე წარადგენენ. წელს კონკურსი სამ კატეგორიაში ჩატარდა – სოციალური, ციფრული ტექნოლოგიების და შემოქმედებითი კატეგორია. მარიამმა და გიულგიუნმა სოციალური გავლენის კატეგორიაში გაიმარჯვეს.
„მინდა, ბავშვებმა ისწავლონ. მიყვარხართ. წადი, მე დავბრუნდები“ – ეს იყო უკანასკნელი შეტყობინება, რომელიც მარიუპოლელმა ვიაჩესლავ ზუბოვმა ცოლისგან, ოლენასგან მიიღო. ოლენა მარიუპოლის 555-ე სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული განყოფილების მედდაა. 12 აპრილს ის კლინიკის სხვა თანამშრომლებთან ერთად რუსებმა ტყვედ აიყვანეს.
„3 აპრილს ერთდროულად მივიღეთ მესიჯები მე და ჩემმა გოგომ ოლენასგან. მას სწერდა: „მამას გაუფრთხილდით, დაეხმარეთ“. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს მისი გამოსამშვიდობებელი წერილი იყო“, – იხსენებს ვიაჩესლავი.
555-ე სამხედრო ჰოსპიტლის ტყვეების ოჯახის წევრები ერთნაირ ამბებს ჰყვებიან. 24 თებერვლის წინა დღეს ვიღაც მორიგეობიდან არ გამოუშვეს, ვიღაც მოულოდნელად გამოიძახეს სამსახურში, ვიღაცამ გამთენიისას დარეკა კლინიკიდან და თავისი ნივთების ჰოსპიტალში მიტანა ითხოვა.
შემდეგ – კიდევ რამდენიმე დღე იყო მოკლე ზარები და შეტყობინებები, მერე – ჰოსპიტალს პირველი ბომბი დაეცა და კავშირი გაწყდა. თანამშრომლებმა თავი „აზოვსტალსა“ და „ილიჩს“ შეაფარეს.
წინასწარი მონაცემებით, რუსეთს ტყვეობაში ასობით სამხედრო ექიმი ჰყავს, 70 მათგანი – 555-ე სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომელია.
მედდა ოლენა ზუბოვა/ფოტო მიაწოდეს Hromadske-ს
„ოლია ოპერაციაზეა, დალაპარაკება არ შეუძლია“
ბოლოს ვიაჩესლავმა ცოლი 21 თებერვალს ნახა. 24-ში ოლენა უკვე სამსახურში იყო. გამთენიისას დარეკა და ნივთების მიტანა ითხოვა. ძალიან მოკლედ მოუყვა ოჯახს ტელეფონით, რომ საავადმყოფოში უკვე ბევრი დაჭრილი იყო და 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. ქმარს ცოლის სახლში წაყვანა უნდოდა, თუმცა ოლენამ ვიაჩესლავს სთხოვა ქალაქიდან ბავშვები გაეყვანა. ზუბოვებს სამი შვილი ჰყავთ – ორი არასრულწლოვანი ბიჭი და ერთიც უფროსი გოგო.
მარტის შუა რიცხვებში, ომის 21-ე დღეს, რუსებმა პირველად დაარტყეს ჰოსპიტალს. ბომბი ქირურგიულ განყოფილებას დაეცა. სწორედ მაშინ გადავიდა ექიმების ნაწილი დაჭრილებთან ერთად „აზოვსტალში“ და „ილიჩის“ ქარხანაში.
„იქიდან ცოლს აღარ დაურეკავს. უცხო ნომრიდან მომდიოდა მხოლოდ მოკლე შეტყობინებები, რომ ოლენა კარგადაა, ცოცხალია და ჯანმრთელი“, – იხსენებს ვიაჩესლავი.
ცოლის უკანასკნელი მესიჯი მან 3 აპრილს მიიღო, 12 აპრილს კი ოჯახმა შეიტყო, რომ ოლენა, სავარაუდოდ, უკვე ტყვედ იყო.
მსგავსი ისტორია აქვს მარიუპოლელ ვადიმ შაპოვალოვსაც. მისი ცოლი ოლგა – ოლენას კოლეგა, ასევე, ქირურგიული განყოფილების მედდად მუშაობდა. ოლგა 23 თებერვალს მორიგეობიდან შინ დაბრუნდა, თავისი ნივთები მოაგროვა და გაამზადა, შუაღამისას კი ისევ სამსახურში გამოიძახეს.
ვადიმი ჰყვება, რომ ცოლთან კავშირი მხოლოდ ოთხი დღის განმავლობაში ჰქონდა: „პირველ მარტს მის მეგობარს, საშას ველაპარაკე, მითხრა, რომ ოლია საოპერაციოში იყო და ვერ დამელაპარაკებოდა. მხოლოდ მოკითხვა გადავეცი და გავიგე, რომ ნორმალურად იყო“.
შაპოვალოვების სახლს იმ დროს რაკეტა დაეცა, ვადიმი მეზობელ კვარტალში გადავიდა. ცოლის შესახებ არაფერი იცოდა. არც ის იცოდა, რომ ჰოსპიტალი დაინგრა და სამედიცინო პერსონალი გადავიდა „ილიჩის“ ქარხანაში, სადაც ყველანი ტყვედ ჩავარდნენ.
ეს ყველაფერი ვადიმმა 24 აპრილს შეიტყო: „როდესაც ჩემს გოგოს გამოვყავდი მარიუპოლიდან, პირველი ეგ ვკითხე, დედა სად არის-მეთქი. თავიდან გაჩუმდა, მერე კი მითხრა, – „ნუ ნერვიულობ, დედა ცოცხალია, მაგრამ ტყვეობაშია“.
მედდა ოლგა შაპოვალოვა (მარჯვნივ) ოპერაციის დროს/ფოტო მიაწოდეს Hromadske-ს
თუ ამ დედამიწაზე სადმე ჯოჯოხეთი არსებობს, ის მარიუპოლშია
2022 წლის 16 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების 555-ე სამხედრო ჰოსპიტალს თავისი ერთი წლის იუბილე უნდა აღენიშნა. ის 61-ე მობილური ჰოსპიტლის ბაზაზე შექმნეს. მახლობელი ქალაქებიდან დაჭრილი სამხედროები პირველ რიგში სწორედ იქ მიჰყავდათ.
სამხედრო ექიმი ვალენტინა ზუბკო ჰოსპიტლის პოლიკლინიკაში მუშაობდა.
„ბომბების გამოჩენამდე ექიმები ღამით ქალაქში გადიოდნენ და აუცილებელი მედიკამენტები მიჰქონდათ ადამიანებისთვის, ვისაც როგორ შეეძლო, ეხმარებოდნენ,“ – იხსენებს ოლენა, ვალენტინას დედა.
ვალენტინა 24 თებერვლის შემდეგ შინ აღარ დაბრუნებულა, კავშირზეც იშვიათად გამოდიოდა.
„ძირითადად შეტყობინებებს მიგზავნიდა, რომ ყველაფერი ნორმალურადაა, მაგრამ რას ნიშნავს „ნორმალურად“, როდესაც იქ უკვე ბომბები დაფრინავდნენ, იქ უკვე ჯოჯოხეთი იყო. თუ ამ მიწაზე სადმე არსებობს ჯოჯოხეთი, ის მარიუპოლშია,“ – ამბობს ოლენა.
პოლიკლინიკა იყო ჰოსპიტლის ბოლო შენობა, რომელიც რუსულმა ბომბებმა გაანადგურა.
სამხედრო ექიმი ვალენტინა ზუბკო/ფოტო მიაწოდეს Hromadske-ს
სამი თვე სტატუსის დასადასტურებლად
აპრილში ერთ-ერთ რუსულ ტელეგრამარხზე ტყვე ქალების ფოტოები გამოაქვეყნეს. ვადიმმა, ვიაჩესლავმა და ოლენამ მათ შორის საკუთარი ოჯახის წევრები ამოიცნეს. ასე მიიღეს დადასტურება, რომ ისინი გადარჩნენ და რუსების ტყვეობაში იმყოფებოდნენ.
ვალენტინას დედა ოლენა ეგრევე ტირილს იწყებს, როდესაც ამ მომენტს იხსენებს. რუსული ტელეგრამარხიდან ფოტო მეგობარმა გაუგზავნა. არც სამხედრო კომისარიატიდან, არც სხვა რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებიდან მას არავინ დაჰკავშირებია. ცოლებზე ინფორმაციას დამოუკიდებლად ეძებდნენ ვადიმი და ვიაჩესლავიც.
„კანონით, თუ ადამიანი ტყვეობაში ხვდება, ნაწილის მეთაურმა ანგარიში უნდა ჩააბაროს უფროსობას ამ ვითარებასთან დაკავშირებით. შემდეგ ეს ანგარიში მიდის სამხედრო კომისარიატში ამ ადამიანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. შემდეგ, შვიდი დღის განმავლობაში უნდა შეატყობინონ ოჯახს. თუმცა ეს ასე არ მომხდარა,“ – ამბობს ანდრეი კრივცოვი. მისი რძალი, უმცროსი ძმის ცოლი, ოლენა კრივცოვაც რუსების ტყვეობაში მყოფ 70 ექიმს შორისაა.
ანდრეის სამი თვე დასჭირდა, რომ რძლის სტატუსი დაედასტურებინა.
„წითელი ჯვრის დახმარებით, რამდენიმე დღის წინ მივიღე დოკუმენტი, რომლითაც რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ ოლენა ნამდვილად მათ ჰყავთ“, – ამბობს კრავცოვი. მისი თქმით, ასეთივე დადასტურება 555-ე ჰოსპიტლის თანამშრომელთა ოჯახების უმრავლესობამ მიიღო, თუმცა დღემდე არიან ისეთებიც, ვინც დანამდვილებით არ იცის, სად იმყოფება მისი ნათესავი.
ოლენა კრივცოვა/ფოტო მიაწოდეს Hromadske-ს
„უკვე რამდენი გავიდა, სამთვე-ნახევარი? ჩვენ ჩუმად ვართ, ველოდებით და არაფერი იცვლება. გვინდა საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ, ახლა ბედის ანაბარა არიან. არავინ იცის, სად არიან, როგორ არიან. მათთან დაკავშირება არ შეგვიძლია. კიდევ რამდენ ხანს ველოდოთ?“ – კითხულობს ვიაჩესლავ ზუბოვი, ტყვეობაში მყოფი ოლენას ქმარი.
ჟურნალისტი გიორგი არობელიძე საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რაც „პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას“ გულისხმობს. ამ მუხლით ყველაზე ხშირად აკავებენ ადამიანებს საპროტესტო აქციებზე.
ამ მუხლით, ანუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს მედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტები გიორგი არობელიძე და რატი რატიანიც 2020 წლის 18 დეკემბერს. მაშინ ჟურნალისტებმა თქვეს, რომ ერთ-ერთ ბარში იკითხეს, რატომ აკავებდნენ სხვა ადამიანებს. მათ ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებაში სცემეს.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ადამიანები ჰყვებიან, რომ პოლიციის განყოფილებაში მათ სცემეს.
2022 წლის 28 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გიორგი არობელიძე სამართალდამრღვევად მიიჩნია და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
გიორგი არობელიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და ითხოვს 173-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას, რადგან, მისი შეფასებით, გასაჩივრებული ნორმა არ არის საკმარისად განჭვრეტადი, ასევე, ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო გიორგი არობელიძის სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტს ამ სამართლებრივი ნორმის შეცვლა მოუწევს.
„არაკონსტიტუციურია გასაჩივრებული მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საპოლიციო ოპერაციის შეწყვეტისკენ სიტყვიერ მოწოდებას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად მიიჩნევს. მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა ადგენს პასუხისმგებლობის ბუნდოვან საფუძვლებს, მისი შინაარსისა და ფარგლების დაზუსტების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ კანონის განსაზღვრულობის პრინციპს. ამგვარად ბუნდოვან კანონს მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის უფლებით სარგებლობაზე, ვინაიდან, პირებმა ზუსტად არ იციან, რა არის კანონის მოთხოვნა და სადამდე ვრცელდება აკრძალვა, ხოლო მეორე მხრივ, იგი ზრდის სახელმწიფოს თვითნებობის რისკებს,“ – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ეს ორგანიზაცია იცავს გიორგი არობელიძის ინტერესებს სასამართლოში.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, როგორ შეეშალა ხელი პოლიციას, რა კონკრეტული დაბრკოლება ან საფრთხე შეუქმნა არობელიძის პოლიციის მიმართ მოწოდებამ.
„სასამართლომ საპოლიციო ღონისძიების [დაკავების] დროს დასმული შეკითხვა – „რატომ აკავებთ“ – ყოველგვარი დამატებითი განმარტების გარეშე, ბლანკეტურად ჩათვალა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად, მაშინ როცა პოლიციელს ფორმალურ დონეზეც არ გაუკეთებია განმარტება, არ გაუცია ბრძანება, შეეწყვიტა უკანონო ქმედება,“ – დასძენენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“.
რაც შეეხება სავარაუდო ფიზიკურ ძალადობას პოლიციის განყოფილებაში – ამ დრომდე „გიორგი არობელიძის საქმე“ არ გამოუძიებია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა პოლიციისგან სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გამოითხოვა ჩემი განცხადების წარდგენიდან ერთი თვის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, როცა რეალურად არსებობდა საფრთხე, რომ ჩანაწერი აღარ იქნებოდა შენახული,“ – გვიყვება გოჩა მჟავანაძე. ის ხელვაჩაურის მერიის ყოფილი თანამშრომელია და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს სასამართლოში უჩივის.
გოჩა მჟავანაძე ხელვაჩაურის მერიაში ეკონომიკის და სტატისტიკის განყოფილებაში უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. თუმცა, ხელვაჩაურის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ეს განყოფილება რეორგანიზაციის შედეგად საერთოდ გააუქმეს.
რეორგანიზაციამდე ორი დღით ადრე კი, 2022 წლის 11 მაისს, გოჩა მჟავანაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ყოფილი საჯარო მოხელე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სასამართლოს ორმა ინსტანციამ დაადასტურა უკვე, რომ მისი დაკავება უკანონო იყო. გოჩა მჟავანაძე დარწმუნებულია, რომ ეს მის დასაშინებლად გააკეთეს – კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელის მოსაშორებლად და გასაჩუმებლად.
„გონიოს განყოფილებაში ხელბორკილდადებულს ამავე განყოფილების უფროსმა, ლევან ქათამაძემ, უკანონოდ მოახდინა ჩემი ფოტოგადაღება, რის შემდეგაც ამავე განყოფილების თანამშრომელმა ლერი შაინიძემ მითხრა, რომ ხელბორკილდადებულზე გადაღებული ჩემი ფოტოები ლევან ქათამაძემ უკვე გადაუგზავნა ხელვაჩაურის მერს, ზაზა დიასამიძეს მობილურ ტელეფონში და სამსახურიდან გამოგდებით დამემუქრა… მის კაბინეტში [ზაზა დიასამიძე, ხელვაჩაურის მერი] შესვლისთანავე მან მკითხა, თუ რა მომიხდა პოლიციასთან.
ზაზა დიასამიძესთან შეხვედრის შედეგად გაირკვა, რომ მას დეტალურად ჰქონდა ინფორმაცია ჩემი ადმინისტრაციული დაკავების და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე,“ – ვკითხულობთ სარჩელში, რომლითაც გოჩა მჟავანაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
გარდა იმისა, რომ ყოფილი საჯარო მოხელე ხელვაჩაურის მერიის წინააღმდეგ აპირებს სასამართლო დავას უკანონოდ გათავისუფლებისთვის, ის დავობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წინააღმდეგაც. მიზეზი – ამ უწყებას გოჩა მჟავანაძემ 24 მაისს მიმართა იმის გასარკვევად, რომ უკანონოდ გადაუღეს და შემდეგ გაავრცელეს ფოტოები, რისი დადასტურებაც ვიდეოჩანაწერებით შეიძლებოდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ეს ინფორმაცია ერთი თვის შემდეგ, 24 ივნისს, ანუ მაშინ გამოითხოვა, როცა „ჩანაწერი აღარ იქნებოდა შენახული“.
„მოპასუხე მხარე არაკვალიფიციურად მიუდგა საკითხს“, – ასე იწყება სარჩელი, რომელიც ყოფილ საჯარო მოხელეს შეუვსია მას შემდეგ, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან მას მისწერეს, რომ პერსონალურ მონაცემთა დარღვევის ფაქტი ვერ დადგინდა.
გარდა იმისა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ერთთვიანი პაუზის შემდეგ გამოითხოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, ხოლო დადგენილი პრაქტიკაა, რომ ჩანაწერს ერთი თვით ინახავენ, ყოფილი საჯარო მოხელე რამდენიმე გარემოებაზე მიუთითებს: მისი აზრით, ეს აჩვენებს, როგორ დააფარა ხელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ხელვაჩაურის პოლიციას და ხელვაჩაურის მერს, ზაზა დიასამიძეს, რომელიც ხელვაჩაურის პოლიციის ყოფილი უფროსია.
„თითქოს მოიკვლიეს საქმე და რეაგირების გარეშე არ დატოვეს, მაგრამ სინამდვილეში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა უაპელაციოდ გაიზიარა პოლიციელთა ჩვენებები,“ – გვიყვება გოჩა მჟავანაძე. მას ხელთ აქვს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ისევ ლევან ქათამაძის ახსნა-განმარტებას დაეყრდნო. ყოფილი საჯარო მოხელე კი სწორედ მას სდებდა ბრალს უკანონოდ ფოტოგადაღებაში.
ახსნა-განმარტებაში გონიოს პოლიციის უფროსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს სწერს, რომ იმ ოთახში, სადაც გოჩა მჟავანაძე შეიყვანეს, ისედაც დაზიანებული იყო იმ დროისთვის [11 მაისი] ვიდეოკამერა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს პოლიციელებმა უთხრეს, საერთოდ არ გვაინტერესებდა მისი სამუშაო ადგილი, არ ვიცოდით ესო, მაგრამ ჩემი სამუშაო ადგილის შესახებ წერია დაკავების და სამართალდარღვევის ოქმებში. პოლიციელებმა რომ აქაც ტყუილი თქვეს, ეს ხომ ცალსახად უნდა დაენახა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს?“ – კითხულობს ხელვაჩაურის მერიიდან გათავისუფლებული საჯარო მოხელე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ამ საქმისწარმოების ფარგლებში შეუსწავლია ზაზა დიასამიძის და ლევან ქათამაძის სატელეფონო მიმოწერაც და არ დადასტურდა, რომ გონიოს პოლიციის უფროსს, ლევან ქათამაძეს იმ დღეს, როცა გოჩა მჟავანაძე დააკავეს, კომუნიკაცია ჰქონდა ხელვაჩაურის მერთან, ზაზა დიასამიძესთან.
„გაურკვეველია და არ დგინდება, მოპასუხემ ნამდვილად ზაზა დიასამიძის და ლევან ქათამაძის კუთვნილი მობილური ტელეფონები შეისწავლა, თუ სხვისი. მოპასუხეს [პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური] არ დაუნიშნავს ექსპერტიზა და ამ გზით არ დაუდგენია ზაზა დიასამიძისა და ლევან ქათამაძის კუთვნილ მობილურ ტელეფონებში 2022 წლის 11 მაისს გადაღებული და მიღებული ფოტომასალები ხომ არ იყო წაშლილი,“ – აღნიშნავს გოჩა მჟავანაძე, რომლის სარჩელშიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიმართ კიდევ სხვა პრეტენზიებიც არის ჩამოთვლილი.
რას პასუხობს ყოფილ საჯარო მოხელეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური“? – „ბათუმელები“ ამ უწყების პრესცენტრს დაუკავშირდა, თუმცა გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებენ.
____
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ახალი უწყებაა, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ შეიქმნა. ეს უკანასკნელი კი მას შემდეგ გააუქმეს, რაც ორგანიზაციამ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა დადო. საერთაშორისო და ადგილობრივი ბევრი ორგანიზაციის შეფასებით, სამსახურის გაუქმება სწორედ ამ დასკვნას უკავშირდება.
განათლების მინისტრის ბრძანებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლის წესში ცვლილება შევიდა. ცვლილება შეეხება სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებიც სხვა სასწავლებლებში აპირებენ მობილობას.
ბრძანების მიხედვით, უმაღლესი სასწავლებლის შეცვლის შემთხვევაში სტუდენტი უფლებამოსილია აირჩიოს არაუმეტეს ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა, გარდა სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის შემთხვევისა.
რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციისას კი სტუდენტი ვალდებულია განსაზღვროს არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულობა.
სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი სტუდენტი ელექტრონულ პორტალზე ირჩევს მხოლოდ ერთ – სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო პროგრამას.
აღნიშნულ პროგრამებზე მობილობით ჩარიცხვა ხორციელდება მხოლოდ დაწესებულების მიერ ორგანიზებული კონკურსის შედეგების მიხედვით.
დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები ელექტრონულ პორტალზე სტუდენტთა რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე აცნობოს მობილობის მსურველს და ასევე, ელექტრონული ფორმით მიაწოდოს მართვის სისტემას შემდეგი ინფორმაცია:
საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება და კოდი;
სტუდენტის პირადი ნომერი, სახელი, გვარი;
კონკურსზე დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და სტუდენტის მიერ მიღებული ქულა.
„მობილობის მსურველი, რომელიც ვერ გაივლის კონკურსს, უფლებამოსილია ელექტრონულ პორტალზე სტუდენტთა რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე აირჩიოს სხვა საგანმანათლებლო პროგრამა და მოიპოვოს ჩარიცხვის უფლება ამ წესით დადგენილი პირობების გათვალისწინებით“, – წერია ბრძანებაში.
ამავე ბრძანების მიხედვით, თუ დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველთა განცხადების რაოდენობა რეგისტრირებული ადგილების რაოდენობაზე მეტია, დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ დაწესებულების მიერ რეგისტრირებული ადგილების შესაბამისი რაოდენობის სტუდენტები, რომელთა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები აღემატება მობილობის სხვა მსურველთა შესაბამის შედეგებს.
„ბაკალავრიატის საფეხურის სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის უფლების მოპოვება ხორციელდება მხოლოდ მიმღები დაწესებულების მიერ დადგენილი ჩარიცხვის წინაპირობების დაცვით“, – ნათქვამია ბრძანებაში.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ დაჯდა ტაიპეის აეროპორტში, საიდანაც პირდაპირი ეთერი იყო ჩართული.
ნენსი პელოსისა და კონგრესის დელეგაციის წევრებმა ტაივანში ჩასვლისთანავე გაავრცელეს განცხადება, სადაც მხარდაჭერას უცხადებენ ტაივანს და ამბობენ, რომ ვიზიტი აშშ-ის გრძელვადიანი პოლიტიკიდან გადახვევა არ არის.
„ამერიკის სოლიდარობა ტაივანში მცხოვრები 23 მილიონი ადამიანისადმი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რამეთუ მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშე დგას“, – წერია განცხადებაში.
პელოსის ვიზიტს ტაივანში ოფიციალურმა პეკინმა „პროვოკაცია უწოდა“ და არაერთი გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ ეს მისი სუვერენიტეტის ხელშეუხებლობას ეწინააღმდეგება, ხოლო ჩინეთი არ აპირებს ასეთ ვითარებაში „უსაქმოდ ჯდომას“.
დღეს, 2 აგვისტოს, ჩინეთმა ტაივანთან ყველაზე ახლოს მდებარე ფუჯიანის პროვინციაში აქტიური სამხედრო წვრთნები დაიწყო, რის ფარგლებშიც მძიმე სამხედრო ტექნიკაა მობილიზებული. მზადყოფნა გამოაცხადა ტაივანმაც.
ამერიკული მედიის ცნობით, კონგრესის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი აზიის ქვეყნებში 29 ივლისს დაიწყო – ოფიციალურ მარშრუტში შედის იაპონია, სამხრეთ კორეა, მალაიზია და სინგაპური.
ნენსი პელოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პირველი სპიკერია, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში ჩავიდა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს თავის ტერიტორიად თვლის და პრეზიდენტ სი ძინპინის არაერთ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ტაივანის მშვიდობიანი გზით დაბრუნებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, არც ძალისმიერი მეთოდებია გამორიცხული“.
ტაივანი, თავის მხრივ თავს დამოუკიდებელ ქვეყნად მიიჩნევს და ოფიციალურ სახელწოდებად ჩინეთის რესპუბლიკას იყენებს. ტაივანის სახელმწიფოებრიობას მხოლოდ რამდენიმე ქვეყნა აღიარებს. აშშ ტაივანს ეხმარება თავდაცვაში, თუმცა მას ოფიციალურად დამოუკიდებელ ქვეყნად არ აქვს აღიარებული.
ორ კვირაში საქართველოში თხილის სეზონი დაიწყება. თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ წელს 55 ათასიდან 60 ათასამდე ტონა თხილის მოსავალს ელოდებიან. ეს დაახლოებით იმდენივეა, რამდენიც შარშან მიიღეს.
აგროკონსულტანტი გიგა დათუნაიშვილი აჭარაში, კერძოდ, ქობულეთში, 100-მდე ფერმერს უწევს კონსულტაციას. გიგა ამბობს, რომ წლევანდელი მოსავალი ხარისხობრივადაც კარგია.
„ვინც შეწამლა და მოუარა, იმ ფერმერების თხილი უფრო ხარისხიანია. ზოგადად 5-6 წამლობა სჭირდება, რიგ შემთხვევებში შეიძლება 7 წამლობაც დასჭირდეს თხილის ბაღს. რაც უფრო ადრე შეაქვს ფერმერს სასუქი, უფრო ხარისხიანია შემდგომ თხილი. ასევე აჭარაში არის მჟავე ნიადაგი, ამიტომ ასეთ ნიადაგს სჭირდება მოკირიანობა – კირის შეტანა.
ამ 100 ფერმერიდან, რომლებსაც კონსულტაციას ვუწევ, შეიძლება ითქვას, რომ 70 ფერმერი უვლის ბაღს კარგად. ზოგიერთ ფერმერს შესაძლებლობები არ აქვს. მათი თხილი გაფუჭდა. ვინც ორ-სამჯერ მაინც შეწამლა, ყველას ხარისხიანი თხილი აქვს. ის 100 ფერმერი, ვისაც კონსულტაციას ვუწევ ქობულეთში, დაახლოებით 8-10 ათას ტონა თხილის მოსავალს მიიღებს წელს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიგა დათუნაიშვილმა.
გიგა დათუნაიშვილის თქმით, შეიძლება კარგი თხილი მოვიდეს, მაგრამ თუ შემდგომ წესებს არ დაიცავენ ფერმერები, თხილის ხარისხი გაუარესდება.
„დროული აკრეფა და შემდგომ შრობა კარგი ხარისხის მაჩვენებელია. ბევრს მოჰყავს ხარისხიანი თხილი, მაგრამ აგროვადებში ვერ აშრობენ, რაც შემდგომ ნაკლებხარისხიანს ხდის მას,“ – ამბობს გიგა დათუნაიშვილი.
რა ეღირება თხილი
თხილის ფასი მის ხარისხზეა დამოკიდებული. მაგალითად, გასულ წელს მაღალი ხარისხის თხილი 7-8 ლარი ღირდა. წელს, ვინაიდან ჯერ სეზონი არ დაწყებულა, თხილის ფასი დაზუსტებული არ არის.
„ახლა სველ თხილს აბარებენ, რაც 2-2,5 ლარი ღირს. რაც შეეხება წლევანდელ ფასს, უახლეს დღეებში გვეცოდინება, როცა გამოცხადდება ფასები და დიფერენციაცია მოხდება. წინასწარ განსაზღვრა ჯერ კიდევ შეუძლებელია.
სხვადასხვა ხარისხის თხილი სხვადასხვა ფასი ეღირება. შეიძლება რაღაცა თხილი ღირდეს 4 ლარი, 5, 6 და რვაც. ეს დამოკიდებულია ხარისხზე,“ – ამბობს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი თოდუა.
გიორგი თოდუა, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი
როგორ უნდა მიიღონ ფერმერებმა მაღალი ხარისხის თხილი
სეზონის გახსნასთან ერთად თხილის ჩაბარების პუნქტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება. თუმცა საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს რეკომენდაციას აძლევს, რომ პირველ რიგში, დაუკავშირდნენ საშრობ ცენტრებს, რომლებიც ფლობენ ლაბორატორიებს და გაარკვიონ თავიანთი თხილის ხარისხი. აჭარაში ამ დრომდე თხილის საშრობი ცენტრი არ არის. პირველი საშრობი ცენტრი ორ კვირაში გურიაში, სოფელ აკეთში გაიხსნება.
„მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, წამლობის, სასუქის და მოვლის გარდა, აუცილებელია თხილის სწორად გაშრობა და დასაწყობება. სეზონზე, როცა მოსავლის აღება იწყება, თხილის ტენიანობა არის 30-35 %. შესანახად ვარგისია თხილი, თუ ტენიანობა აქვს 5-6 %. ამიტომ მაღალი ხარისხისათვის ტენიანობა უნდა დავიყვანოთ 5-6%-მდე. გასაშრობად ორი გზაა – ან მზეზე გავაშროთ, ან საშრობი გამოვიყენოთ.
ქობულეთელი ფერმერების ნაწილი აპირებს, რომ თხილი გააშრონ და დაასაწყობონ აკეთში. სპეციალური დანადგარებია, რომლებშიც გაშრება და მაღალი ხარისხი უზრუნველყოფილი იქნება. პარტნიორებთან ვმუშაობთ და მერე უკვე შეიძლება ქობულეთშიც გავხსნათ მსგავსი საშრობი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი თოდუამ.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ქართული თხილი ძირითადად ევროპულ ქვეყნებში გააქვთ ექსპორტზე. კერძოდ, ექსპორტის 80% გერმანიასა და იტალიაზე მოდის.
„ჩვენ წელს მთელი ყურადღება გადაგვაქვს ხარისხიან თხილზე. უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში ქართული თხილი უნდა იყოს აუცილებლად პრემიუმ ხარისხის,“ – ამბობს გიორგი თოდუა.
შეცდომები, რომლებსაც ფერმერები უშვებენ
წელს ზოგიერთი ფერმერი ჩივის, რომ ხარისხიანი მოსავალი ვერ მიიღო. საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში ამას დაბალი ხარისხის პესტიციდებით და არასათანადო მოვლით ხსნიან.
„სამწუხაროდ, ბაზარზე ძალიან ბევრი დაბალი ხარისხის პესტიციდია შემოსული. მაგალითად, ქობულეთში ბოლო რამდენიმე წელია კუსტარულად ვრცელდება რაღაცა წამალი, რომელსაც სოფლებში ამზადებენ, გოგირდის მაღალი შემცველობით და ფერმერებს დაუწვა კიდევაც ბაღები.
ამიტომ ჩვენი თხოვნაა, პესტიციდები სერტიფიცირებულ მაღაზიებში იყიდონ მხოლოდ. ჩვენ ვურჩევთ ფერმერებს, მაღალი ხარისხის თურქულ ან ევროპულ პესტიციდებს,“ – უთხრა გიორგი თოდუამ „ბათუმელებს“.
რუსეთიდან საქართველოში ივნისში 231.44 მლნ აშშ დოლარი გადმორიცხეს. ეს 492 %-ით მაღალი წლიური მაჩვენებელია, თუმცა მაისის თვესთან შედარებით რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობამ იკლო – მაისში რუსეთიდან 313.9 მილიონი აშშ დოლარი ჩარიცხეს და წლიური 888 % ზრდა დაფიქსირდა.
ივლისის მონაცემი ეროვნულ ბანკს ჯერ არ განუახლებია.
აპრილში რუსეთიდან საქართველოში 132.9 მილიონი აშშ დოლარი ჩარიცხეს, მარტში – 27 მილიონი აშშ დოლარი.
ივნისში ფულადი გზავნილები შემცირდა თურქეთიდან და საბერძნეთიდანაც, ხოლო გაიზარდა იტალიიდან და გერმანიიდან. ეს ის ქვეყნებია, საიდანაც ყველაზე ხშირად რიცხავენ ფულს საქართველოში. მაგალითად, იტალიიდან საქართველოში ივნისში 35 მილიონი აშშ დოლარი გამოაგზავნეს, რაც წლიური ზრდაა 12 %-ით, გერმანიიდან კი, 13.95 მილიონი აშშ დოლარი გადმორიცხეს, რაც 43 %-ით ზრდაა.
თურქეთიდან ივნისში 8.44 მილიონი აშშ დოლარი გამოაგზავნეს, რაც 7 %-ით კლებაა წლიურ მაჩვენებელში, ხოლო საბერძნეთიდან ჩარიცხეს 18.82 მილიონი აშშ ამერიკული დოლარი. ეს 6-პროცენტიანი კლებაა.
მთლიანობაში საქართველოში სხვა ქვეყნებიდან 2022 წლის ივნისში 427.35 მილიონი აშშ დოლარი გამოაგზავნეს ფულადი გზავნილებით.
სექტემბრიდან ქედასა და შუახევში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და ხანდაზმულები შინ მოვლისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურებას მიიღებენ.
პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის დაგეგმილი იყო აბილიტაცია-რეაბილიტაცის ცენტრის გახსნა, თუმცა ხულოს მერიამ ცენტრისთვის ფართობი არ გამოყო და ხულოს მუნიციპალიტეტი პროექტს გამოეთიშა. ხულოს მერიამ დაახლოებით 20 შშმ პირი აღნიშნული მომსახურების გარეშე დატოვა.
პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირების დახმარებას ითვალისწინებს, ევროკავშირი აფინანსებს. პროექტის მიხედვით, თავდაპირველად დაფინანსდება სამწლიანი საპილოტე პროგრამა და მომზადდებიან შინ მოვლის სპეციალისტები და პერსონალური ასისტენტები. პროექტის მიხედვით, ევროკავშირი 70%-ით დააფინანსებს პროგრამას, 30 პროცენტი კი ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გამოყოს.
„საკმაოდ დიდი გრანტი მიიღო ევროკავშირისგან ორგანიზაცია „ანიკამ“. გაიცა 4 გრანტი და ერთ-ერთი მივიღეთ ჩვენ, ორგანიზაციამ – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“.
თავდაპირველად ჩატარდა კვლევა და გამოიკვეთა საჭიროებები მუნიციპალიტეტების მიხედვით. ხულოში უნდა გახსნილიყო აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი შშმ პირებისთვის, ხოლო შუახევსა და ქედაში შინ მოვლისა და პერსონალური ასისტენტის სერვისი დაინერგებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გრანტის გამოყოფამდე ჰქონდა მოლაპარაკებები „ანიკას“ ხულოს მერიასთან ფართობის გამოყოფაზე, სამწუხაროდ, მათ არ გამოყვეს ეს ფართობი და ფაქტობრივად, ხულო გამოეთიშა ამ პროექტს“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თომა კაკაბაძე, ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელი.
მისი თქმით, აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრისთვის დაახლოებით 100 კვ/მეტრი ფართობი იყო საჭირო, მერია კი ამბობდა, რომ მხოლოდ 30-35 კვადრატული მეტრი ფართობის გამოყოფა შეეძლო.
„ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ასე მოხდა. ჩვენ ვუთხარით მერიას, რომ ყველა დონეზე გავაჟღერებდით ამის შესახებ, რადგან წლების განმავლობაში ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ ამ სერვისის შშმ პირებისთვის მიწოდებას, რადგან ამბობდნენ, რომ რესურსი და ბიუჯეტი არ ჰქონდათ. ახლა, როცა გამოჩნდა ევროკავშირის დაფინანსება, მერიამ ფართობიც კი არ გამოძებნა, რომ რეაბილიტაციის ცენტრი გაგვეხსნა და არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა,“ – ამბობს თომა კაკაბაძე.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე დაახლოებით 20 შშმ პირს უნდა მიეღო ხულოში ეს სერვისი.
ამჟამად ქედასა და შუახევში იწყება შინ მოვლის სპეციალისტების გადამზადება. როგორც თომა კაკაბაძე გვეუბნება, ორივე მუნიციპალიტეტში 10-10 ადამიანს შეარჩევენ და სამი კვირის განმავლობაში გადაამზადებენ.
„პერსონალური ასისტენტის მიმართულებით ვაკანსიები გვაქვს შუახევში და კარგი იქნება, თუ მსურველები მოგვმართავენ და ჩაერთვებიან პროგრამაში. გვაქვს დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრებიც ამ მიზნით,“ – ამბობს თომა კაკაბაძე.
მისი თქმით, უშუალოდ სერვისის მიწოდება სექტემბრიდან დაიწყება. ორგანიზაცია მერიებს მიაწვდის პროგრამას, რომელსაც ეყოლება გადამზადებული სპეციალისტები.
თომა კაკაბაძის თქმით, ამ პროექტის ფარგლებში შუახევისა და ქედის მერები და მერის მოადგილეები პორტუგალიაშიც იმყოფებოდნენ და გარკვეული გამოცდილება მიიღეს პროგრამის შესახებ.
თომა კაკაბაძის თქმით, 2025 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობები ისედაც ვალდებულნი არიან, ადგილობრივ დონეზე დაგეგმონ პერსონალური ასისტენტის სერვისები, ამიტომ ეს პროგრამა მათ მისცემს გამოცდილებას და კარგი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ პროგრამა შეფერხებების გარეშე გაგრძელდეს.
მისი თქმით, ორივე მუნიციპალიტეტში ჯამში 50 ბენეფიციარი მიიღებს შინ მოვლისა და პერსონალური ასისტენტის სერვისს.
პერსონალური ასისტენტის ანაზღაურება საათში 5 ევროს ეკვივალენტი იქნება ლარში, ხოლო შინ მოვლის სპეციალისტის – საათში 6 ევროს ეკვივალენტი ლარში.
რაც შეეხება გადაადგილების საფასურს, როგორც თომა კაკაბაძემ გვითხრა, სასურველია, რომ აღნიშნული სპეციალისტები ბენეფიციარების სოფლიდან ან მეზობელი სოფლებიდან შეირჩეს, რომ გადაადგილების პრობლემა არ შეიქმნას. „ამიტომ პერსონალური ასისტენტების შერჩევისას, ამ საკითხს გავითვალისწინებთ,“- ამბობს თომა.
„მთავარია, ზამთარში არ შეფერხდეს ამ ადამიანების გადაადგილება, თოვლის შემთხვევაში დროულად გაიწმინდოს გზები, რომ ადამიანები არ დარჩნენ სერვისის გარეშე.
ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ სოფლად მცხოვრებ შშმ პირებს მიეღოთ ეს სერვისი, ამ ეტაპზე 52 ათასი ევრო იხარჯება ამ სერვისის დანერგვისთვის და ვფიქრობ, ეფექტურად უნდა მოხდეს მისი გამოყენება.
სოფლიდან ძალიან მაღალია ადამიანების მიგრაცია და ბევრი მარტოხელა შეიძლება აღმოჩნდეს სოფლად, რომელსაც დასჭირდება ეს სერვისი. ბევრს არასწორად ესმის შინ მოვლის ცნება, ამიტომ განვმარტავ, რომ შინმოვლა გულისხმობს შშმ ან ხანდაზმულმა ადამიანმა გამოიმუშაოს თვითმოვლის უნარები, რომ შემდეგ ამ ადამიანებმა დამოუკიდებლად თავის მოვლა შეძლონ, ან უბრალოდ, გაიუმჯობესონ ყოველდღიურობა და უფრო უსაფრთხოდ და შედარებით ჯანმრთელად იცხოვრონ.
ჩვენ ასევე გვეყოლება მოხალისეებიც ამ პროგრამაში, რომლებიც დაეხმარებიან მარტოხელა მოხუცებს და შშმ პირებს, მაგალითად, ნათურის გამოცვლაში, დაზიანებული ტექნიკის შეკეთებაში და ა.შ.
ასევე სპეციალისტები ტექნიკურ ცოდნას მიაწვდიან შშმ პირებსა და ხანდაზმულებს როგორ გამოიყენონ ელექტრომოწყობილობა (ამწევი) იმისთვის, რომ ვთქვათ, ეტლიდან საწოლში გადავიდეს და პირიქით, საწოლიდან ეტლში მოახერხოს გადასვლა. იმისთვის, რომ ტექნიკურად აღიჭურვონ შშმ პირები, ამაზეც გვაქვს მოლაპარაკება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან და ვფიქრობ, ამ ტექნიკითაც მოხდება სოფლად მცხოვრები შშმ ადამიანების აღჭურვა,“- ამბობს თომა კაკაბაძე.
სტატისტიკური მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში სხვადასხვა შეზღუდვის მქონე 2 ათასზე მეტი შშმ პირი ცხოვრობს.
რატომ ვერ მოახერხა ხულოში მერიამ შესაფერისი შენობის გამოძებნა მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირების პროგრამისთვის? – ვკითხეთ ხულოს მერიას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
პოლიტიკური პარტია „ლელო“ რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს.
პარტიის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას უკრაინის ომის შემდეგ, როცა დრამატულად გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა.
„ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი ყოველგვარ კონტროლს მიღმაა. შესაბამისი სტრუქტურები არ და ვერ აკონტროლებენ ოკუპანტი ქვეყნიდან ჩვენს ტერიტორიაზე შემოსულ მოქალაქეებს, ქვეყანა დაუცველია იმ გამოწვევებისა და არსებული საფრთხეების წინაშე, რომელიც კრიტიკულად გაიზარდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე.
აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს კონგრესმა რუსეთი პირდაპირ დაასახელა საქართველოში ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ.
არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, უნდა იქნას მიღებული დროებითი ზომები, რათა შესაძლებელი გახდეს საქართველოს ტერიტორიაზე შემომსვლელთა ნაკადის კონტროლი.
შემოღებული იქნას სავიზო რეჟიმი რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის (უკრაინასთან საომარ მოქმედებებში მყოფი ქვეყნების მოქალაქეები), დადგინდეს ტურისტული ვიზების ვადა 30 დღემდე (ვიზები გაიცეს პირდაპირ საზღვარზე ან/და ონლაინ), 30 დღეზე მეტი დარჩენის მსურველთათვის გაიცეს ვიზები ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით შედგენილი პროცედურებით,“- აცხადებს „ლელო“.
ოფიციალური მონაცემებით, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო, საქართველოს საზღვარი აპრილის თვეში რუსეთის 48 797-მა მოქალაქემ გადმოკვეთა, მაისში – 69 772-მა მოქალაქემ, ივნისში კი რუსეთის 135 457 მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში.
ამავე პერიოდში გაზრდილია ბელარუსიდან შემოსული პირების მაჩვენებელიც.
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის აზოვის პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა. „ბიბისის“ თანახმად, „აზოვის“ საქმიანობა აკრძალულია რუსეთის ტერიტორიაზე.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, შეხვედრა დახურულ სხდომაზე გაიმართა. უკრაინული მედიაგამოცემა Babel-ი წერს, რომ რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ შესაბამისი სარჩელი მაისში შეიტანა. ამის შემდეგ, დეპარტამენტის მოთხოვნით, სასამართლო სხდომა კიდევ ორჯერ გადაიდო.
აღნიშნულს გამოეხმაურა თავად „აზოვის“ პოლკი. ტელეგრამზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ
„ოლენოვკაში „აზოვის“ პოლკის სამხედრო ტყვეების საჯარო სიკვდილით დასჯის შემდეგ, რუსეთი ეძებს ახალ საბაბს და ახსნას თავისი სამხედრო დანაშაულებისთვის“.
„აზოვი“ მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტსა და იმ ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებიც „თავს ცივილიზებულად მიიჩნევენ“, რუსეთი ტერორისტულ ქვეყნად აღიარონ.
„ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაისაჯოს ეს სამარცხვინო იმპერია, რომელიც ცივილიზებულ სამყაროს ყოველდღიურად ემუქრება ბირთვული იარაღით განადგურებით, რომლის პრეზიდენტმაც თქვა, რომ „მოწინააღმდეგეებს თავიანთ ფლიგელებში დახოცავს“, [რომელმაც] ააფეთქა სახლები საკუთარ მოქალაქეებთან ერთად, მომწამვლელი გაზით გაგუდა საკუთარი და სირიელი ქალები და ბავშვები.
მოვუწოდებთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს და სხვა სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს, რომლებიც თავს ცივილიზებულად მიიჩნევენ, აღიარონ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ!
რუსეთი, თავისი ყოველდღიური ქმედებებით, მრავალი წელია ამტკიცებს, რომ იმსახურებს ამ სტატუსს. მისი არმია და სპეცსამსახურები ყოველდღიურად სჩადიან სამხედრო დანაშაულს. ამ დანაშაულების უსიტყვო თანხმობა ან დუმილი თანამონაწილეობაა!
მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორისტული სახელმწიფოს წინააღმდეგ!
დიდება უკრაინას!
გამარჯვება ჩვენია!“, – ვკითხულობთ „აზოვის“ ოფიციალურ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებაში.
👆🏼 The Supreme Court of Russia recognized the “Azov” regiment as a “terrorist organization”.
This pathetic empire, which every day threatens to destroy the civilized world with nuclear weapons, whose president said he will “slay his opponents in their outhouse”, blew up houses👇🏼
„ბიბისის“ ცნობით, რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ორგანიზაციის წევრები ექვემდებარებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. დამფუძნებლებისა და ლიდერებისთვის სასჯელი გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთით 15-დან 20 წლამდე ვადით, რიგითი მონაწილეებისთვის – ხუთიდან ათ წლამდე ვადით.
ჟენევის კონვენციის თანახმად, მხარეებმა სამხედრო ტყვეები უნდა გაცვალონ. რუსეთი, ახალი გადაწყვეტილების შესაბამისად, აზოვის პოლკის ტყვეებს სავარაუდოდ გაასამართლებს, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის წევრებს. რეალურად „აზოვის პოლკი“ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დანაყოფია.
„აზოვსტალის“ დამცველები რუსეთის არმიას 16 მაისს ჩაჰბარდნენ.
აგვისტოს ბოლოს შუახევში ახალი, 500 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნება. აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ 2 019 998 ლარის ღირებულების სამშენებლო ობიექტზე ტენდერი სექტემბრის თვეში გამოაცხადა. პროექტს „შპს გლობალ სტანდარტ – მშენი“ ახორციელებს.
ევროსტანდარტების საფეხბურთო მოედნის მშენებლობა აპრილში დაიწყო და აგვისტოს ბოლოს დასრულდება. ობიექტის მშენებლობამდე წინასწარ მომზადდა გრუნტი და ჩაშენდა ხიმინჯები. მდინარის მხარეს გაკეთდა 100 მეტრიანი დამცავი კედელი, სტადიონის მეორე მხარეს, მთის ჭრილთან, მოხდა დამცავი ბარიერის მოწყობა.
ამ ეტაპისთვის გასახდელების კეთილმოწყობა და მაყურებელთა ტრიბუნების შეღებვა მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში სკამების მონტაჟი მოხდება და აგვისტოს შუა რიცხვებში კი ხელოვნური საფარი დაიგება.
ობიექტთან აშენდა ერთსართულიანი შენობა გასახდელებისა და საშხაპეებისთვის.
საგანგებოდ შშმ პირებისთვის კი, ტრიბუნებთან პანდუსი და სამ დონიანი ტერასა მოეწყო.
ობიექტის მშენებლობაზე პერიოდულად 15-20 ადგილობრივია დასაქმებული.
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინის აზოვის პოლკი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ გამოაცხადა.
ორგანიზაციის საქმიანობა რუსეთში აიკრძალა.
„ბიბისის“ ცნობით, რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, სასამართლოს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ორგანიზაციის წევრები ექვემდებარებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ორგანიზაციის დამფუძნებლებისა და ლიდერებისთვის სასჯელი გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 15-დან 20 წლამდე ვადით, რიგითი მონაწილეებისთვის – ხუთიდან ათ წლამდე ვადით.
აზოვის დანაყოფი 2014 წლის მაისში შეიქმნა მარიუპოლში, 70 მოხალისის მიერ. იმავე წლის სექტემბერში აზოვის დანაყოფი პოლკად იქცა, ხოლო ნოემბერში უკრაინის ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში შევიდა. იმ დროისთვის „აზოვის“ შემადგენლობაში დაახლოებით 800 ადამიანი იყო.
„აზოვის“ მებრძოლები დაახლოებით ორი თვე იცავდნენ „აზოვსტალის“ ქარხანას მარიუპოლში, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ. ისინი მაისში ტყვედ ჩაბარდნენ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ბრძანების თანახმად.
„აზოვსტალის“ დამცველები რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე 16-17 მაისს გადაიყვანეს, როდესაც მათ ქარხანა დატოვეს. მათი ნაწილი ოლენოვკაში, კოლონიაში, ნაწილი კი კლინიკაში მოათავსეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსების ტყვეობაში 2 500-მდე სამხედრო იმყოფებოდა.
8 ივნისს უკრაინული მედია წერდა, რომ „აზოვსტალის“ დამცველების ნაწილი, დაახლოებით 1000-მდე ტყვე, რუსეთში გადაიყვანეს.
ივნისის ბოლოს უკრაინასა და რუსეთს შორის მასშტაბური გაცვლის შედეგად ტყვეობიდან გათავისუფლდაუკრაინის 144 მცველი, მათ შორის, 95 „აზოველი“.
ბათუმში აგვისტო ყველაზე ცხელი და ტურისტული თვეა, რაც ქალაქის აფიშაზეც აისახება. თვის ბოლომდე ბათუმის კლუბებსა თუ საკონცერტო დარბაზებში არაერთი ღონისძიება იგეგმება. ბათუმში აგვისტოში დაუკრავენ ცნობილი ქართული ჯგუფები და შემსრულებლები, უკრაინელი, გერმანელი, იტალიელი და ფრანგი მუსიკოსები.
ფოლკლორი, დისკო, როკი, პოპი, რეგი, კლასიკური თუ ელექტრონული მუსიკა – ბათუმის აფიშა აგვისტოში ყველა გემოვნების მსმენელისთვის შეიძლება აღმოჩნდეს საინტერესო.
2 აგვისტო – KILLAGES
ქართული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის KILLAGES-ს კონცერტი ბათუმის MONO HALL-ში გაიმართება. კონცერტი 22 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი 30-50 ლარია.
2 აგვისტო – დავით გომართელის კონცერტი
დავით გომართელის კონცერტი „სოჰოში“ გაიმართება. კონცერტი 2 აგვისტოს, 23 საათზე დაიწყება. მოქმედებს 18+ ასაკობრივი შეზღუდვა. ბილეთის ფასი24 ლარიდან იწყება.
2 აგვისტო – ლინდა ადამია & 1/4
ბათუმში, „სექტორ 26“-ში ლინდა ადამია & 1/4-ის კონცერტი გვიან ღამით დაიწყება. კლუბში კარი 23 საათზე გაიღება. ბილეთის ფასი20 ლარია.
3 აგვისტო – LOUDspeakers
LOUDspeakers-ის კონცერტი „ბათუმი მონოჰოლში“ გაიმართება. ბილეთის ფასი 30-50 ლარია. კლუბის კარი 22:00 საათზე გაიღება.
3 აგვისტო – მარტივი გამოსავალი
ჯგუფის კონცერტი Sector26 -ში შედგება. ბილეთის ფასი24-30 ლარია. კარი 23 საათზე გაიღება.
4 აგვისტო – Salio
MONO HALL-ში ქართველი მომღერლის, SALIO-ს, იგივე სალომე კორკოტაშვილის კონცერტი ღამის პირველ საათზე დაიწყება. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა 18+. ბილეთის ფასი30-50 ლარია.
4 აგვისტო – ლექსენი
ცნობილი ქართველი რეპერის, ლექსენის კონცერტი SOHO BATUMI-ში 23 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი24-30 ლარია.
ნიაზ დიასამიძე ბათუმში MONO HALL-ში იმღერებს. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა 18+. ბილეთის ფასი30-50 ლარია. კონცერტი 22 საათზე დაიწყება.
5 აგვისტო – ლელა წურწუმია
ლელა წურწუმიას კონცერტი „სოჰოში“ 23 საათზე დაიწყება. კონცერტის სპეციალური სტუმარი ოთო ნემსაძეა. ბილეთის ფასი30-50 ლარია.
5 აგვისტო – ჯგუფი „არა“
კონცერტი „sector 26“-ში 23 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი30 ლარია.
5 აგვისტო – ANDHIM
Andhim-ი გერმანული ჯგუფია, რომელიც ელექტრონულ, საცეკვაო მუსიკას ქმნის. კონცერტი Joy Batumi-ში გაიმართება, დასაწყისი – 23 საათზე. ბილეთის ფასი60 ლარია.
6 აგვისტო – ჯგუფი „მგზავრები“
„მგზავრების“ კონცერტი კლუბ „სოჰოში“ 19 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი30-40 ლარია.
6-7 აგვისტო – „სამეფო ნაციონალური ბალეტის“ წარმოდგენა „ქართული ცეცხლი“
დასი კონცერტს ბათუმის საზაფხულო თეატრში გამართავს. კარი გაიღება 19 საათზე. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა 5+ წელი. ბილეთის ფასი15 ლარიდან იწყება.
6 აგვისტო – Boney M feat. Liz Mitchell
70-იანი წლების დისკოს ლეგენდას, Boney M-ისა და Liz Mitchell-ის კონცერტი MONO HALL-ში გაიმართება. კარი 22 საათზე გაიღება. ბილეთის ფასი50-100 ლარია.
6 აგვისტო – ANJA SCHNEIDER
გერმანელი მუსიკოსი, ანია შნაიდერი Joy Batumi-ში დაუკრავს. კონცერტი 23 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი60-80 ლარია. კონცერტზე მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18 და ე.წ. „ფეისკონტროლი“.
6 აგვისტო – Janngo | Giorgi gigashvili | Nini nutsubidze
„სექტორ 26“-ში კონცერტზე მოისმენთ ბერკლის სამუსიკო კოლეჯის სტუდენტის, მარიამ ჯანჯღავას, კლასიკური მუსიკის პიანისტის, ჟენევის კონსერვატორიის სტუდენტის, გიორგი გიგაშვილის და ბერლინის კატალისტის კრეატიული ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტის ნინი ნუცუბიძის შესრულებას.
კონცერტი 23 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი40-60 ლარია.
7 აგვისტო – ღამის შოუს ბენდი
გელა გნოლიძის „ღამის შოუს ბენდი“ MONO HALL-ში დაუკრავს. კონცერტი 22 საათზე დაიწყება. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18. ბილეთის ფასი30-50 ლარია.
7 აგვისტო – MAX THE SAX
„სოჰოში“ Parov Stelar-ის ყოფილი საქსოფონისტის MAX THE SAX-ის ექსკლუზიური შოუ 23 საათის შემდეგ დაიწყება. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18. ბილეთის ფასი30-40 ლარია.
7 აგვისტო – OXIA
ფრანგი შემსრულებელი, OXIA , „სექტორ 26“-ში დაუკრავს. ბილეთის ფასი30-40 ლარია.
8 აგვისტო – Goofy Land
პოპ/როკის შემსრულებელი, Goofy Land ბენდი „სოჰოში“ გამართავს კონცერტს. დასაწყისი: 23 საათზე. ბილეთის ფასი30 ლარია. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18.
8 აგვისტო – უკრაინელი დიჯეები – Tokyo და Weizman
ცნობილი უკრაინელი დიჯეები „სექტორ 26“-ში დაუკრავენ. კონცერტი 23 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი30 ლარია.
9 აგვისტო – TAMADA X 4D MONSTER LOBSTERS
კონცერტი MONO HALL-ში გაიმართება. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +16. ბილეთის ფასი30-50 ლარია.
10 აგვისტო -„მზის სადარო“ თეატრალურის კვარტეტი და დავით მაზანაშვილის ბენდი
კონცერტი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. ბილეთის ფასი20 ლარიდან იწყება. დასაწყისი: 20 საათზე.
10 აგვისტო – TTAWAN
ფრანგული პოპ დუეტის კონცერტი MONO HALL-ში გაიმართება. კლუბის კარი 22:00 საათიდან გაიღება. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18. ბილეთის ფასი30-50 ლარია.
11 აგვისტო – ივან დორნი
უკრაინელი მუსიკოსი ივან დორნი „სოჰოში“ გამართავს კონცერტს. კლუბის კარი 19 საათზე გაიღება. ბილეთის ფასი30-50 ლარია.
11 აგვისტო – Super Flu
SUPER FLU გერმანული დუეტია, ელექტრონული მუსიკის ცნობილი შემსრულებლები. კონცერტი „სექტორ 26“-ში გაიმართება. დასაწყისი: 23 საათზე. ბილეთის ფასი30-40 ლარია.
13 აგვისტო – ელ მაკეის „ერს, ვინდ ენდ ფაია ექსპერიენსი“
14 აგვისტო – ქენდი დალფერი და მისი ბენდი
ფესტივალი ბათუმის ჩოგბურთის კლუბში გაიმართება. ბილეთის ფასი80 ლარიდან იწყება.
12 აგვისტო – Willy William
„სექტორ 26“-ში ფრანგი მომღერლის, უილი უილიამსის კონცერტი 23 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი40-60 ლარია.
13-15 აგვისტო – სუხიშვილების კონცერტი
„სუხიშვილები“ კონცერტს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გამართავენ 13 და 15 აგვისტოს. ბილეთის ფასი60 ლარიდან იწყება. დასაწყისი: 21 საათზე.
13 აგვისტო – 90-იანების საღამო
„90-იანების საღამო“ კონცერტია, რომელზეც იმღერებენ 90-იანი წლების ცნობილი ქართველი შემსრულებლები: ვერიკო ტურაშვილი, თამუნა ამონაშვილი, თიკა ჯამბურია, კაბუ და ა.შ. კონცერტი „მონოჰოლში“ გაიმართება. ბილეთის ფასი30 ლარია. დასაწყისი: 22 საათზე.
იგივე პროგრამა იქნება 13 აგვისტოს „სექტორ 26“-ში, შუაღამის შემდეგ. ბილეთის ფასი30-50 ლარია.
13 აგვისტო – სტეფანე
ქართველი მომღერლისა და პროდიუსერის, სტეფანე მღებრიშვილის კონცერტი „სოჰოში“ 23 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი30-50 ლარია. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18.
15 აგვისტო – მერაბ სეფაშვილი
მომღერალ მერაბ სეფაშვილის კონცერტი MONO HALL BATUMI-ში შუაღამის შემდეგ, 01:00 საათზე დაიწყება, თუმცა კარი 22 საათზე გაიღება. ბილეთის ფასი30-50 ლარია. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18.
16 აგვისტო – KABU
ქართული ჰიპ-ჰოპის შემსრულებლის, „კაბუს“ კონცერტი 22 საათზე დაიწყება „მონო ჰოლში“. ბილეთის ფასი30-50 ლარია. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18.
დანიური, ექსპერიმენტული პოპ ტრიო Who Made Who „სექტორ 26“-ში დაუკრავს. ბილეთის ფასი50-70 ლარია.
18 აგვისტო – JEREMY UNDERGROUND
თანამედროვე ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი JEREMY UNDERGROUND-ი JOY Batumi-ში დაუკრავს. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18. ბილეთის ფასი40-70 ლარია. დასაწყისი: 23 საათზე.
19 აგვისტო – ჯგუფი „არა“
ჯგუფის კონცერტი „მონო ჰოლში“ 23 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი30-50 ლარია. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +18.
19 აგვისტო – ლუი ოსტინი
ავსტრიელი მომღერალი ლუი ოსტინი „სოჰოში“ იმღერებს. დასაწყისი: 23 საათზე. ბილეთის ფასი30-50 ლარია.
19-20 აგვისტო – KERKETON x KIBE
Kerketon – ორდღიანი ფესტივალი ბათუმში 19 აგვისტოს, კლუბში KIBE -ში დაიწყება. ღონისძიებების სერია ორიენტირებულია ტექნოს სხვადასხვა მიმართულებაზე. ფასი:40-50 [ერთი დღე] და 70-90 ლარი [ორი დღე].
ამ ქართული ჯგუფების კონცერტი MONO HALL-ში გაიმართება. დასაწყისი: 22 საათზე. ბილეთის ფასი30-50 ლარია.
28 აგვისტო – MONATIK
ბათუმში, Sector 26-ის დიდ სცენაზე, უკრაინელი მომღერლისა და კომპოზიტორის, „მონატიკის“ კონცერტი 22 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი60-80 ლარია. უკრაინაში ომის პირველივე დღიდან არტისტი ეწევა აქტიურ საქველმოქმედო, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივ საქმიანობას. აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინის არმიისთვის და მთელს მსოფლიოს უყვება უკრაინის ტრაგედიის შესახებ.
28 აგვისტო – ჯგუფი „რეგიონი“
„რეგიონი“ ქართული ჯგუფია, რომელიც რეგის სტილში ქმნის მუსიკას. კონცერტი MONO HALL-ში გაიმართება. ბილეთის ფასი30-50 ლარია.
31 აგვისტო – „დაგდაგანი“
ქართული ჯგუფის, „დაგდაგანის“ კონცერტი MONO HALL-ში გაიმართება. კონცერტი 22 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი30-50 ლარია. მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა +16.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის დღეს ტაივანში ელოდებიან. როგორც CNN-ი ტაივანისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, ტაივანში ვიზიტი შესაძლოა აზიის ტურის ნაწილი გახდეს.
ტაივანელი ჩინოვნიკი ამბობს, რომ პელოსი ტაივანში, სავარაუდოდ, ერთი ღამით გაჩერდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა დროს ჩავა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი.
ამერიკული მედიის ცნობით, კონგრესის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი აზიის ქვეყნებში 29 ივლისს დაიწყო – ოფიციალურ მარშრუტში შედის იაპონია, სამხრეთ კორეა, მალაიზია და სინგაპური.
სპიკერის საჯარო მარშრუტში ტაივანში ვიზიტი აღნიშნული იყო, როგორც „სავარაუდო“. გასულ კვირაში ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების პროტოკოლის გათვალისწინებით, ვიზიტი ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული, თუმცა არც გაუქმებული.
თუ ნენსი პელოსის ვიზიტი შედგება, ის იქნება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პირველი სპიკერი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში ჩავიდა.
ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ ტაივანში, რომელსაც ჩინეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს, არაერთი განცხადება გაკეთდა.
ორშაბათს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჩინეთმა ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ თუ ასეთი ვიზიტი შედგება და ჩინეთი მიიჩნევს, რომ მისი „სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საფრთხეშია“, ჩინეთის არმია „უსაქმოდ არ იჯდება“.
„ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ აშშ-ს, რომ ჩინეთი მზადყოფნაშია და ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმია არასოდეს იჯდება უსაქმოდ. ჩინეთი მტკიცე პასუხს გასცემს და ძლიერ ზომებს მიიღებს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. თუ ის (პელოსი) გაბედავს წასვლას, მაშინ დაველოდოთ და ვნახოთ,“ – უთხრა ჟურნალისტებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჟაო ლიჯიანმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა, რომ პენტაგონი არ უჭერს მხარს პელოსის იდეას და თავდაცვის უწყება ტაივანში აშშ-ის ოფიციალური პირების ჩასვლის წინააღმდეგია.
სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით კი, შედგება თუ არა ასეთი ვიზიტი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის გადასაწყვეტია.
„კონგრესი ხელისუფლების დამოუკიდებელი და თანაბარი შტოა. გადაწყვეტილება მთლიანად სპიკერის მისაღებია“, – ბლინკენმა დასძინა, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები წარსულშიც ყოფილან ტაივანში.
პელოსის შესაძლო ვიზიტის გარშემო დაძაბულობის პარალელურად, მედიაში ჩნდება მასალები, როგორ ემზადებიან ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის დასახვედრად – ტაივანის ხელისუფლებამ გამოყო 8 გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომლებმაც აეროპორტამდე ნენსი პელოსის თვითმფრინავი უნდა გააცილონ.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში კი ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ტანკები პროვინცია ფუჯიანის სანაპიროზე, რომელიც ტაივანის კუნძულთან მდებარეობს.
როგორც აშშ-ის მაღალჩინოსანმა CNN-ს უთხრა, პენტაგონი განუწყვეტლივ აკვირდება რეგიონში ჩინელთა ნებისმიერ გადაადგილებას და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მუშაობს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, დღეს ტაივანის აღმოსავლეთით შეერთებული შტატების ოთხი სამხედრო ხომალდი გამოჩნდა.
ნენსი პელოსი პირველ აგვისტოს სინგაპურში, 2 აგვისტოს კი უკვე მალაიზიაში იმყოფებოდა.
გასული ერთი კვირის განმავლობაში, 24 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსის 11 802 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამ პერიოდში ჩატარდა 76 309 კვლევა ტესტით.
გასულ ერთ კვირაში საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა 10 პაციენტი.
ერთ კვირაში კოვიდის ყველაზე მეტი – 6 005 ახალი შემთხვევა თბილისში დადასტურდა, მეორე ადგილზეა იმერეთი – 1 458 ახალი შემთხვევა, მესამეზე კი აჭარა – 1 382 ახალი შემთხვევა.
„აზოსვტალში“, რომელიც უკრაინის გამძლეობის სიმბოლოდ იქცა და სადაც არაერთი უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა, რუსები როკკონცერტის გამართვას აპირებენ.
როგორც 24-ე არხს მარიუპოლის მცხოვრებლებმა უთხრეს, კონცერტისთვის თარიღიც დანიშნულია – 4 აგვისტო.
ამ გეგმების შესახებ, მედიასაშუალების ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულმა რესპუბლიკებმა და „ერთიანი რუსეთის“ „ახალგაზრდულმა გვარდიამ“ განაცხადა.
________
აქტიური ბრძოლები „აზოვსტალის“ ასაღებად 18 მარტიდან დაიწყო. რუსეთი გამუდმებით ბომბავდა საბჭოთა დროის უდიდეს მეტალურგიულ კომპლექსს, 11 ათას კვადრატულ კილომეტრზე გადაჭიმულ ტერიტორიას, რომლის მიწისქვეშა გვირაბებიც უკრაინელი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების თავშესაფრად იქცა.
ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ქარხნის ტერიტორიაზე შეფარებული მოქალაქეებისა და დაჭრილი სამხედროების უმძიმესი მდგომარეობის შესახებ. „აზოვსტალის“ დამცველებიც და მათი ახლობლებიც სამხედროების დაუყოვნებლივ ევაკუაციას ითხოვდნენ.
„აზოვსტალის“ დამცველთა ინფორმაციით, მათ, ამ სამი თვის განმავლობაში, გაანადგურეს 6 ათასი სამხედრო, მათ შორის, ერთი გენერალი, 78 ტანკი და 100 ერთეულზე მეტი ჯავშანტექნიკა.
16-17 მაისს, 82-დღიანი მტკიცე წინააღმდეგობის შემდეგ, მარიუპოლის დამცველებმა დატოვეს „აზოვსტალი“ – ქარხანა, რომელიც რუსეთის არმიის მიერ დაპყრობილ ქალაქში, უკრაინის ერთადერთ ციხესიმაგრედ რჩებოდა.
სილქნეტისა და National Geographic საქართველოს მორიგ შემეცნებით შეხვედრას Radisson Blue Iveria-მ უმასპინძლა. პროფესორ ლევან გიგინეიშვილის ლექცია აქტუალურ საკითხებს შეეხო: იდენტობა და დროის გამოწვევები საქართველოს მაგალითზე.
ღონისძიება ივლისის ნომრის პრეზენტაციით დაიწყო. თითოეულ სტუმარს გადაეცა ჟურნალის ნომერი. National Geographic საქართველოსგამომცემელმა ანი ცაბაძემ, სტუმრებს გააცნო ივლისის თვის მთავარი თემები: რატომ ველურდება ქალაქები; მიდის თუ არა ყველა გზა რომში; რატომ უნდა დავინდოთ პარაზიტები; ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის გამორჩეული ეთნოგრაფია, რწმენა-წარმოდგენები და მათთან დაკავშირებული რიტუალები და სხვა საინტერესო ფოტო თუ საავტორო მასალა.
პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა ივლისის ნომრის მთავარი თემა „ვინ ვართ ჩვენ“, საქართველოს ასპექტში გადმოიტანა და გაანალიზა: როგორ აღიქვამდნენ ქართველები თავს გლობალურ პერსპექტივაში? რა იყო მათი დამოკიდებულება საკუთარი იდენტობის მიმართ? რამდენად ხისტი და დოგმატური იყო იდენტობის გაგება? რის დაცვას და რის შეცვლას ცდილობდნენ? როგორი იყო ურთიერთობა დიდ ქრისტიანულ და არაქრისტიანულ იმპერიებთან? როდის აიღო გეზი საქართველომ ევროპაზე, რა განსხვავებაა თერგდალეულების დანახულ მოდერნულ ევროპასა და დღევანდელ პოსტმოდერნულ ევროპას შორის? რა გამოწვევების, შესაძლებლობებისა და საფრთხეების წინაშეა საქართველო.
ღონისძიებაზე, დისკუსიის ფარგლებში, ყველაზე აქტიური სტუმარიც გამოვლინდა, რომელმაც საინტერესო კითხვები დასვა და მასპინძლებისგან სამახსოვრო საჩუქრები მიიღო – National Geographic საქართველოს გამოცემათა ნაკრები და ფოტოგრაფ ანზორ მეხრიშვილის ფოტო ნამუშევარი.
წელს National Geographic საქართველოს დაარსების 10 წელი უსრულდება. ჟურნალის ქართული რედაქცია სილქნეტის მხარდაჭერით დაფუძნდა და შესაძლებლობას აძლევს მკითხველს თვალი ადევნოს სამყაროს ყველა მნიშვნელოვან მოვლენას, იმ სიახლეებს, რომლებიც მეცნიერებასა თუ ბუნებაშია აქტუალური. გაეცნოს მსოფლიოში მიმდინარე არქეოლოგიურ, სამეცნიერო, სოციალურ თემატიკას ქართულ ენაზე. სილქნეტისა და National Geographic საქართველოს შეხვედრების სერია ხელს უწყობს ჟურნალის პოპულარიზაციას, აერთიანებს განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ ადამიანებს. პირველი ასეთი შეხვედრა, მწერალ დათო ტურაშვილთან შედგა, რომელიც დედაქალაქის უახლოესი ისტორიის ყველაზე გარდამტეხი და მნიშვნელოვანი ამბებს მიეძღვნა. თხრობას დიმიტრი ერმაკოვის მდიდარი ფონდის უნიკალური ფოტო არქივი ერთვოდა.
თუ გჯერა, რომ მეცნიერების, კვლევის, განათლების და თხრობის ძალას სამყაროს შეცვლა შეუძლია, დაესწარი სილქნეტისა და National Geographic საქართველოს შემეცნებით შეხვედრებს, რომელიც ყოველი თვის ბოლოს Radisson Blue Iveria-ში იმართება.
ღონისძიებებს მწერლები, მეცნიერები, ფოტოგრაფები, საზოგადო მოღვაწეები და საინტერესო ადამიანები წარუძღვებიან.
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კამპუსით, თანამედროვე აკადემიური პროგრამებითა და განვითარებული სტუდენტური სერვისებით.
აბიტურიენტებს SEU-ში გელოდებათ:
საერთაშორისო ლექტორები
დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში
ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა
ინოვაციებსა და პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება
დასაქმების მაღალი პერსპექტივა
საერთაშორისო კონფერენციებში, პროექტებში, ზაფხულის/ზამთრის სკოლებში მონაწილეობა
ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები
მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრება
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU სტაბილურად ინარჩუნებს ყველაზე მოთხოვნადი კერძო უნივერსიტეტის სტატუსს.
SEU – ს პირველ ნომრად არჩევის შემთხვევაში ისარგებლეთ განსაკუთრებული ფინანსური შეთავაზებით
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის შეფასებით, ოლენოვკაში მომხდარ თავდასხმაზე და 53 უკრაინელი სამხედრო ტყვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
ISW-ი ციტირებს ამერიკელ მაღალჩინოსნებს, რომლებმაც გამოცემა Politico-ს დაუდასტურეს, რომ შეერთებული შტატების დასკვნით, ოლენოვკაში თავდასხმის უკან კიევი არ დგას და არც მიყენებული ზიანი მეტყველებს „ჰაიმარსის“ გამოყენებაზე.
თავდასხმის შემდეგ რუსეთის თავდაცვა აცხადებდა, რომ კოლონიას უკრაინულმა მხარემ „ჰაიმარსის“ ამერიკული სისტემით დაარტყა და შემთხვევის ადგილზე რაკეტის ნამსხვრევებიც აღმოაჩინეს. რუსეთის მტკიცების მიუხედავად, ომის კვლევის ინსტიტუტი სხვაგვარ დასკვნას აკეთებს.
„კოლონიაში არ აღმოჩნდა აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გადაცემული რეაქტიული სისტემა „ჰაიმარსის“ დარტყმის კვალი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა თავდასხმისთვის გამოიყენებდა „ჰაიმარსის“ გარდა რომელიმე სხვა სისტემას, დარტყმა აუცილებლად გამოიწვევდა დამატებით ზიანს შენობის გარშემო, დააზიანებდა გვერდითა შენობებსაც და დატოვებდა ორმოებს,“ – მიუთითებენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.
ინსტიტუტის მკვლევრები, სხვა ვიზუალური მასალების გარდა, ასევე, ეყრდნობიან Maxar Technologies-ის მიერ 30 ივლისს გავრცელებულ სატელიტურ ფოტოებს, რომლებზეც ცხადად ჩანს, რომ თავდასხმამ მხოლოდ ერთი შენობა დააზიანა, არ დანგრეულა ამ შენობის კედლები და გარშემო არ ჩანს ჭურვებისგან დატოვებული ორმოები.
თავდასხმის ადგილი ოლენოვკაში სატელიტიდან – 27 და 30 ივლისს. მარჯვენა ფოტოზე ჩანს, რომ ზიანი მხოლოდ ერთ შენობას ეტყობა.
ანალიტიკოსების დასკვნით, ამგვარი სურათი ცალსახად მიუთითებს, რომ მომხდარის მიზეზი იყო ძალიან ზუსტი დარტყმა ან შიგნით შენობაში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი საშუალება.
ISW-ი მომხდარს, რუსეთის პასუხისმგებლობად და ჟენევის კონვენციის დარღვევად აფასებს.
საარტილერიო თავდასხმა ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაზე, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის, „აზოველები“ იმყოფებოდნენ, 29 ივლისს, ღამით მოხდა.
თავდასხმას უკრაინამ ტერაქტი უწოდა და მისი გამოძიება გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს სთხოვა, თუმცა როგორც ომის კვლევის ინსტიტუტი 31 ივლისს წერდა, წითელი ჯვრის კომიტეტს რუსული მხარისგან კოლონიაში შესვლის ნებართვა არ მიუღია.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, საყურადღებოა, რომ უკრაინელი ტყვეები რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს კოლონიის იმ ნაწილში, სადაც აფეთქებები მოხდა, ეს ფაქტი კი მიზანმიმართული თავდასხმის ვერსიას ამყარებს.
ამ ვერსიას აძლიერებს ვარაუდი, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც საგამოძიებო პროექტ Bellingcat-ის დამფუძნებელმა ელიოტ ჰიგინსმა და OSINT (Open-source intelligence) ანალიტიკოსმა, ოლივერ ალექსანდერმა ტვიტერზე სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნეს.
27 ივლისის ფოტოებში, კოლონიის ტერიტორიაზე ჩანს ღია სამარხები, რომლებიც 30 ივლისის ფოტოებზე უკვე ამოვსებულია. დაკვირვების შედეგად ირკვევა, რომ ნიადაგის ერთგვაროვნება იმ ადგილას 18-21 ივლისის პერიოდში დაირღვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში 50 დაღუპული და 73 დაჭრილია, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით კი თავდასხმისას 130-მდე უკრაინელი ტყვე დაიჭრა.
მთავარი ფოტო: ხანძრის კვალი ოლენოვკაში/ფოტო: t.me/informnapalm
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 2 აგვისტოს 21 საათიდან 3 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8 -13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:
დღისით: 25 – 30 გრადუსი
ღამით: 18 – 23 გრადუსი
მაღალ მთაში:
დღისით: 18 – 23 გრადუსი
ღამით: 8 – 13 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 4-5 აგვისტოს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ყურადღების ცენტრში უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლება და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მდგომარეობაა.
2 აგვისტოს რელიზში უწყება მიუთითებს, რომ პირველ აგვისტოს 26 000 ტონა უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა სავაჭრო გემმა ოდესის პორტი დატოვა და ტრიპოლისკენ გაემგზავრა.
„ეს არის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ უკრაინის პორტიდან მარცვლეულის ექსპორტის პირველი შემთხვევა, რომელიც შესაძლებელი გახდა უკრაინის, გაეროს, თურქეთისა და რუსეთის 22 ივლისის შეთანხმებით.“
ბრიტანეთის დაზვერვა იხსენებს რუსული მხარის განცხადებებს სევასტოპოლის თავდასხმაზე და აღნიშნავს, რომ დარტყმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე, სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღეს, უკრაინასთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში, „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ, ჯერჯერობით რუსეთის ბოლო წარუმატებლობაა.
უწყების შეფასებით, „აღლუმების გადადების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, სამხედრო მოქმედებების პარალელურად, მაღალი რანგის საჯარო ღონისძიებების გამართვასაც შეძლებს“.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელ განახლებაში უწყება დონბასში რუსეთის წარუმატებელ შეტევებზე წერდა და მიუთითებდა, რომ სავარაუდოდ, კრემლი თავისი გეგმების შეცვლას და სამხრეთის მიმართულების გაძლიერებას აპირებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 41 170 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +140]
ტანკი – 1 768 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 4 014 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 936 ერთეული [+4]
MLRS – 259 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 223 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 191 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 739 ერთეული [+3]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 174 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 2 914 ერთეული [+2]
სპეცტექნიკა – 82 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 2 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
261 თვითმფრინავი
145 ვერტმფრენი
1 664 უპილოტო საფრენი აპარატი
361 საზენიტო სარაკეტო სისტემა
4 225 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
782 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 240 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
4 655 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ხულოში, სოფელ წაბლანაში, ის ადგილი, სადაც სკოლის აშენება იგეგმებოდა, მეწყერსაშიშია. ამ ადგილას ახალი სკოლა ვეღარ აშენდება, მეტიც, საფრთხის შემცველია სკოლის მიმდებარე ის ტერიტორიაც, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს.
ამას ამბობს სამხარაულის ბიუროს დასკვნა, რომელიც 2022 წლის მაისის ბოლოს მოამზადეს სპეციალისტებმა.
კერძოდ, დასკვნაში ვკითხულობთ:
„წაბლანაში საცხოვრებელი სახლებისა და საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია მდებარეობს გეოდინამიკური პროცესების მუდმივი წარმოქმნა/განვითარების მაღალი რისკის ზონაში.
ფერდობებზე მიმდინარე გეოდინამიკური პროცესები საშიშროებას წარმოადგენს არა მხოლოდ აჭარის გეოლოგიური სამსახურის დასკვნაში მითითებული საცხოვრებელი სახლების [მოქალაქეები: როლანდ შაინიძე, ბეგლარ შაინიძე, ზებურ შაინიძე, რომან შაინიძე, ნოდარ დავითაძე, ნადია შაინიძე, რამინ შაინიძე] და საჯარო სკოლისთვის, არამედ, საფრთხის შემცვლელია სოფლის ტერიტორიაზე მდებარე სხვა სახლებისა და ნაგებობებისთვის და მდინარე სხალთისწყლის ხეობის შესაბამის მონაკვეთში მდებარე ინფრასტრუქტურისთვისაც – საავტომობილო გზები, ხიდები, საცხოვრებელი სახლები და სხვა“.
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში ასევე წერია, რომ აქ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება ვერ იქნება ეფექტური, რადგან გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა ისევ ჩამოყალიბდეს და განვითარდეს მეწყრული პროცესები, რის გამოც გამოკვლეული ტერიტორიისა და მისი მიმდებარე არეალის საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.
წაბლანაში, იმ ტერიტორიაზე, რომელზეც დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს საფრთხისშემცველი ადგილია, ოჯახები დღემდე ცხოვრობენ.
სამხარაულის ექპერტიზის დასკვნამდე იყო აჭარის გეოლოგიური სამსახურის მიერ მომზადებული კიდევ ერთი დასკვნა 2021 წლის ბოლოს, რომელზე დაყრდნობითაც ხულოს მერიამ წაბლანელი 5 ოჯახი ზამთარში, დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანა.
თუმცა ეს ოჯახები წელს, გაზაფხულზე, ჯერ კიდევ მაშინ დაბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, სანამ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მომზადდებოდა და ახლაც იქ რჩებიან.
ახლა წაბლანაში 120 ოჯახი ცხოვრობს, მათგან 100 ოჯახი სოფლის მუდმივი მცხოვრებია.
წაბლანა აჭარაში მეწყრისგან ყველაზე მეტად დაზარალებული სოფელია. ხულოს ამ სოფელში 1989 წლის 19 აპრილს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სამი ბავშვი, ასობით ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა.
როგორცხოვრობენწაბლანელებიშიშისქვეშ
ბეგლარ შაინიძის ოჯახი ერთ-ერთია იმ ოჯახებს შორის, რომლებიც მეწყრის განვითარების რისკის გამო ზამთარში დროებით გაიყვანეს სახლიდან. ბეგლარი თვეებია სახლში დაბრუნდა და ისევ მეწყრის საფრთხის ქვეშ ცხოვრობს.
ბეგლარი ამბობს, რომ სოფელს ვერ ტოვებს, რადგან საკუთარი სახლი ენანება, რომელიც დიდი შრომის ფასად აქვს შეძენილი.
„სახიფათოა აქ ყოფნა, ერთი ზამთრის გადატანაც. მეზობლად არც ერთი ცარიელი სახლი არ არის. ამოსულია ყველა საკუთარ სახლებში, ხვნა-თესვა აწარმოეს და მუშაობენ, რჩებიან აქ, სად უნდა წავიდნენ?!
მოვიდნენ, ნახონ, კიდევ ერთხელ შეამოწმონ. ყველა ვხვდებით, რომ აქ ცხოვრება უკვე საშიშია. რა გამოსავალი მაქვს, ზამთარში ხომ უნდა ვჭამო,“ – გვითხრა ბეგლარ შაინიძემ.
წაბლანელებმა 1989 წელს მომხდარი დამანგრეველი მეწყრის გამო [მაშინ წაბლანაში მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა] კომპენსაცია 20 წლის დაგვიანებით, რამდენიმე წლის წინ მიიღეს მთავრობისგან. კომპენსაცია ბინა ბათუმში და ბინის გასარემონტებლად განკუთვნილი თანხა იყო.
ახლა სოფელში ამბობენ, რომ 20 წელიწადში 1989 წლის მეწყრის შედეგად დაზარალებული ოჯახების წევრთა რაოდენობა გაიზარდა და კომპენსაციის სახით გადაცემული ბინა უკვე საკმარისი აღარ აღმოჩნდა მათთვის საცხოვრებლად.
ბეგლარ შაინიძე ამბობს, რომ მისი 7-წევრიანი ოჯახი კომპენსაციის სახით მიღებულ ბინაში ცხოვრებას ვერ შეძლებს. იმავეს ამბობს წაბლანელი ნინო ნაჩაიძეც, რომლის ოჯახშიც, მისივე თქმით, 8 სულია.
„მერიას არაერთხელ მივმართეთ. გვპასუხობენ, რომ გაქვთ საცხოვრებელი ფართები და შეგიძლიათ წახვიდეთ, იცხოვროთ იქო.
60 კვადრატ ბინაში 8-წევრიანი ოჯახი თუ იცხოვრებს? ვერ ვიცხოვრებთ, გაუსაძლისი პირობები იქნება. ქალაქში წავიდე, რით ვიცხოვრო, რით ვირჩინო თავი?!“, – ამბობს ნინო.
მან იცის, რომ გეოლოგიური დასკვნის მიხედვით მის საცხოვრებელ სახლში დარჩენა არ არის უსაფრთხო, ამიტომ, როცა ავდარია, მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამასთან ან ბიძასთან რჩება.
ნინო ამბობს, რომ სახლში გაჩერება ღამითაც ეშინია და დღისითაც, რადგან ზუსტად იმ ადგილის თავზე ცხოვრობს, სადაც მეწყერი ჩამოწვა.
მისი თქმით, 1989 წლის ტრაგედიისას მზიანი ამინდი იყო და ვერავინ წარმოიდგენდა ამ საშინელებას.
„მეწყრისთვის დარს და ავდარს არ აქვს მნიშვნელობა, რა დროს მოსკდება [მიწა] არავინ იცის“, – ამბობს ნინო.
რასამბობენხულოსმერიაში
„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა ზომებს მიმართეს ხულოს მერიაში სოფელ წაბლანაზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ. ჩვენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსს, ჯამბულატ მელაძეს ვესაუბრეთ.
„[წაბლანის] მოსახლეობამ ჩვენთან გაიარა კონსულტაცია. მათ გაიარეს რეგისტრაცია იუსტიციის სახლში, ეკომიგრანტთა ბაზაში. უახლოეს პერიოდში მოვა სია, უკვე მოვიდა ნაწილი, 3-7 კომლია. როცა სრულად მოვა, ერთიანად მოხდება კატეგორიის მინიჭება. შემდეგ გაიგზავნება დოკუმენტაცია ზემდგომ ორგანოში, მოხდება პრიორიტეტული ქულის მინიჭება და მოხდება მათი [ეკომიგრანტების] პროგრამაში განხილვა.
თუ დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, ჩაერთვებიან პროგრამაში, ვინც ვერ დააკმაყოფილებს -ეთქმებათ უარი,“ – გვითხრა მან.
გაიყვანს თუ არა მერია ისევ დროებით სხვა ადგილას საცხოვრებლად იმ ოჯახებს, რომელთაც მეწყერსაშიშ ადგილას ცხოვრობენ? – ჯამბულატ მელაძემ გვითხრა, რომ მათი ქირით გაყვანის საკითხზე კომისია იმსჯელებს.
წაბლანაში მეწყრული პროცესების გააქტიურებამდე ახალი სკოლის მშენებლობა იყო დაგეგმილი წაბლანის ამჟამინდელი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, სამხარაულის დასკვნის მიხედვით კი, ეს ტერიტორია საფრთხის შემცველია. აშენდება თუ არა წაბლანაში ახალი სკოლა და სად? – ამის შესახებ ხულოს რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებელს, გენადი აბაშიძეს ვკითხეთ.
მან გვითხრა, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
„მიმდინარეობს მოკვლევა, არის რამდენიმე ვარიანტი ისევ სოფელში და როცა აღნიშნული ნიადაგი იქნება შესწავლილი და თუ გადაწყდება, რომ ადგილი უსაფრთხოა, მაშინ აშენდება სამსართულიანი, 200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკოლის მშენებლობისთვის ალტერნატიული ადგილის შერჩევა მოსახლეობასთან ერთად,“ – გვითხრა გენადი აბაშიძემ.
„ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან დაკავშირებას შეეცადა. მისთვის გვინდოდა გვეკითხა, რას გეგმავს მერია წაბლანელების უსაფრთხოებისთვის, როცა ფაქტია, რომ აქამდე გაცემული კომპენსაციები არ აღმოჩნდა ეფექტური – ხალხი სოფელში, მეწყერსაშიშ ზონაში ისევ რჩება. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ხულოს მუნიციპალიტეტს მერმა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დრო ჩვენთან ვერ გამონახა.
ასევე, შევეცადეთ გაგვეგო, თუ განიხილავს ამ საკითხს აჭარის მთავრობა და აქვს თუ არა მთავრობას გრძელვადიანი გეგმა წაბლანის პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა პასუხი ამ თემაზე ვერც აჭარის მთავრობაში მივიღეთ.
დისკომფორტი და ტკივილი კუჭის არეში, სისავსის შეგრძნება, გულძმარვა და ბოყინი – კვების შემდეგ თუ ეს უსიამოვნო სიმპტომები აღგენიშნებათ, შესაძლოა საჭმლის მონელების პრობლემა გაქვთ.
ეს პრობლემა, უყურადღებობის შემთხვევაში, შესაძლოა გასტრიტად ან წყლულოვან დაავადებად ჩამოყალიბდეს. კლინიკა „მედცენტრის“ გასტროენტეროლოგი, ლუიზა კალანდაძე ამბობს, რომ სწორი კვების და დროული რეაგირების შემთხვევაში შესაძლოა პაციენტმა ძალიან სერიოზული გართულებები აიცილოს თავიდან.
ქალბატონო ლუიზა, რა არის კუჭის ტკივილის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზები?
ზოგადად, კუჭის არეში ტკივილი შეიძლება იყოს ფუნქციური ანუ დროებითი ან/და ორგანული ცვლილებებით [კუჭის დაავადებებით – გასტრიტი და წყლულოვანი დაავადება] გამოწვეული.
კუჭ-ნაწლავის ფუნქციურ მოშლას დისპეფსია ეწოდება. ამ დროს ტკივილის მიზეზი საჭმლის მოუნელებლობაა. მანამ, სანამ კუჭის ლორწოვანი გარსის არეში განვითარდება ცვლილებები, ვითარდება ფუნქციური დისპეფსია. ამ დროს პაციენტს არაჯანსაღი საკვების მიღების შემდეგ აწუხებს ტკივილი ზურგის არეში, გულძმარვა, ბოყინი და სისავსის შეგრძნება ჭამის შემდეგ.
თუ ასეთ დროს პაციენტი დაიცავს დიეტას, შეიძლება წამლების გარეშეც ალაგდეს სიმპტომები, მაგრამ თუ პაციენტი აგრძელებს კუჭისთვის გამაღიზიანებელი საკვებით კვებას, შესაძლოა განვითარდეს ორგანული ცვლილებები – გასტრიტი და კუჭის წყლულოვანი დაავადება. ამ დროს ტკივილი იღებს რეგულარულ ხასიათს, ვითარდება ჭამის შემდეგ ან ჭამიდან 2 საათის შემდეგ (წყლულოვანი დაავადების დროს), ახასიათებს გადაცემა ზურგის არეში, გულის არეში, პარალელურად გრძელდება გულძმარვა, ბოყინი, გულისრევა, სისავსის შეგრძნება.
ტკივილი კუჭის არეში ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი დაავადებებით, როგორიცაა: კუჭის პოლიპი, კუჭის სიმსივნური დაავადებები, ეროზიული გასტრიტები.
კუჭის ტკივილის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს პაციენტის მიერ არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების [ტკივილგამაყუჩებლების] რეგულარული მოხმარება; ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება. მიზეზი შეიძლება იყოს სტრესიც.
გარდა ამისა, კუჭის ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზი არის კუჭის ლორწოვანში ჰელიკობაქტერ პილორის არსებობა. ეს ბაქტერია მეტ-ნაკლებად ყველას აქვს კუჭში, იგი კუჭის მჟავე ნიადაგში თავს კარგად გრძნობს და მრავლდება. როცა მისი რაოდენობა უკვე ნორმაზე მაღლა ადის და ამას ემატება სხვა ხელშემწყობი ფაქტორები – ვითარდება ტკივილი.
რა სახის კვება იწვევს ფუნქციურ დისპეფსიას?
დისპეფსია ვითარდება მაშინ, როცა პაციენტი არასწორად იკვებება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს აღიზიანებს გაზიანი სასმელების, შებოლილი, შემწვარი, ცხარე და მჟავე საკვების ხშირი მიღება, ასევე, ცომეულისა და სწრაფი კვების პროდუქტების ხშირი მოხმარება.
შესაძლოა, ასეთი კვება თავიდან არ აისახოს კუჭის ლორწოვან გარსზე და მხოლოდ ამ საკვების მიღების შემდგომ ტოვებდეს სიმძიმეს, მაგრამ თუ ასეთი საკვების მიღება რეგულარულად ხდება, შეიძლება პრობლემა გადაიზარდოს გასტრიტსა და წყლულოვან დაავადებაში.
რამდენად მართებულია ტკივილგამაყუჩებლების გამოყენება კუჭის ტკივილის დროს?
ხშირად პაციენტები მიიჩნევენ, რომ ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ყველა ტკივილის მომხსნელია, რაც დიდი შეცდომაა. ხშირად აფთიაქში შესვლისას პაციენტი ფარმაცევტს სთხოვს ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატს, მაგრამ შეიძლება ფარმაცევტმა არ დააზუსტოს რისი ტკივილია ეს და მისცეს არასტეროიდული ტკივილგამაყუჩებელი საშუალება, რამაც შესაძლოა უფრო გაამწვავოს პრობლემა.
კუჭის ტკივილის დროს ძირითადად სპაზმების მოსახსნელი პრეპარატი ინიშნება და არა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. თუ საქმე გვაქვს კუჭის წყლულთან, შესაძლოა არასტეროიდულმა პრეპარატებმა უკუშედეგი გამოიღოს. მეტიც, შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა და უფრო გაძლიერება ტკივილის, რომელიც პაციენტს ჰქონდა.
გარდა ამისა, არიან პაციენტები, რომლებიც წლების განმავლობაში მოიხმარენ კუჭის წყლულოვანი დაავადების მედიკამენტს, „ომეპრაზოლს“. იმის გამო, რომ ეს წამალი ადვილად ხელმისაწვდომია, პაციენტები ხშირად არც ეკითხებიან ექიმს და ტკივილის დროს თავისით მკურნალობენ. საქმე ის არის, რომ ამ პრეპარატს, ისევე როგორც ყველა სხვა მედიკამენტს, აქვს გვერდითი მოვლენები, რის გამოც არ არის რეკომენდებული მისი გამოყენება ხანგრძლივად, მაგალითად, გამოჰყავს ორგანიზმიდან კალციუმი და სხვა. ამიტომ ექიმს უნდა დაეკითხონ, რადგან ასეთ დროს მოწოდებულია მკურნალობა არა ერთი, არამედ რამდენიმე პრეპარატით.
როცა პაციენტი სისტემატურად იღებს სხვადასხვა მედიკამენტს, როგორ ვიცავთ კუჭს გაღიზიანებისგან?
გულის დაავადებებისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს, რაც თანმხლებია გულის დაავადების, პაციენტს შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტი ჰქონდეს დანიშნული. ასეთ დროს მედიკამენტებისგან კუჭის დასაცავად ხშირად ინიშნება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, რომლებიც იცავენ კუჭის ლორწოვანს. ეს ინიშნება გარკვეული დროით, ეს არ არის მუდმივი მოხმარების მედიკამენტი, რადგან ყველა პრეპარატს თავისი გვერდითი ეფექტი აქვს.
ამ წამლებს და მათ ხანგრძლივობას ნიშნავს ექიმი, თვითმკურნალობა დაუშვებელია.
რამდენად ეფექტურია ქაცვის ზეთი კუჭის დაცვისთვის და სხვა რა პროდუქტები არსებობს ასეთი თვისებების მატარებელი?
ქაცვის ზეთი ნამდვილად ხასიათდება კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავი თვისებით. ქაცვის ზეთი ეხმარება კუჭს წყლულის შეხორცებაში, თუმცა თუ კუჭის წყლულოვან დაავადებასთან გვაქვს საქმე, პაციენტს თავიდან მაინც პრეპარატებით ვმკურნალობთ ისე, როგორც პროტოკოლით არის მოწოდებული, რადგან ჰელიკობაქტერიებზე ქაცვის ზეთი არ მოქმედებს. ამის შემდეგ კი საპროფილაქტიკოდ, მკურნალობის გასაგრძელებლად პაციენტს შეუძლია ქაცვის ზეთის გამოყენებაც.
კიდევ რა შეიძლება იყოს კუჭის დამცავი – დიეტური პროდუქტი?
კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს, რომლის თანმხლებიც ყოველთვის არის გასტრიტი, გარკვეული დროით ტკივილის გაყუჩება შეუძლია დიეტური საკვების მიღებასაც, წყლულს ახასიათებს ასეთი რამ.
საქმე ის არის, რომ დიეტური საკვები ასეთ დროს გარს ეკვრის კუჭს, იცავს და ამშვიდებს კუჭის ლორწოვან გარსს. ასეთი პროდუქტი შეიძლება იყოს შვრიის ფაფა. ოღონდ ეს ფაფა უნდა იყოს თერმულად დამუშავებული და არა უბრალოდ მდუღარე წყალდასხმული.
კუჭის დაავადების დროს შვრიის ფაფა უნდა მოიხარშოს 10-15 წუთის განმავლობაში, შეიძლება გაკეთდეს თხელი ფაფა, გაიწუროს საწურში და მისი ნახარში დალიოს პაციენტმა სამჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ასევე, კუჭის დამცავი თვისებით ხასიათდება კარტოფილის ან/და კომბოსტოს ახალგამოწურული წვენის მიღება უზმოზე.
რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს კუჭის პრობლემების თვითმკურნალობასა და ექიმთან ვიზიტის გადადებას?
კუჭის ბევრი დაავადება, მაგალითად, წყლულოვანი დაავადება, შეიძლება გართულდეს სისხლდენით, კუჭის პერფორაციით, პენეტრაციით (წყლულის ჩაზრდა სხვა ორგანოში (კუჭქვეშა ჯირკვალში)) და პერიოდული ტკივილით.
თუ პაციენტს აწუხებს კუჭის გახშირებული ტკივილი, დისკომფორტი და დროულად არ მიმართავს ექიმს, შესაძლოა დაავადება დამძიმდეს; მაგალითად, კუჭის წყლული შესაძლოა პოლიპად ჩამოყალიბდეს, გადაიზარდოს სიმსივნურ დაავადებაში. შესაძლოა განვითარდეს საყლაპავის დაავადებები, მაგალითად, საყლაპავის დაბოლოების ანთება, საყლაპავის წყლული, რა დროსაც პაციენტი ამჩნევს, რომ აქვს ანემია, იკლებს წონაში და ამ ჩივილებით მიმართავს ექიმს, ეს კი უკვე შორსწასული ფორმაა.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა როგორია?
დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტი არის გასტროფიბროსკოპია, რაც მოიცავს საყლაპავის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის გამოკვლევას, აუცილებელია ჰელიკობაქტერიების განსაზღვრა; თუ საჭიროა, ხდება კუჭ-ნაწლავის რენტგენოსკოპია, რომლითაც განისაზღვრება, როგორ ხდება კუჭის დაცლა, ხომ არ გვიანდება, მაგალითად.
მკურნალობას რაც შეეხება, აქ არის სამკომპონენტიანი: ეს არის პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, შემდეგ მოწოდებულია ანტიბიოტიკოთერაპია და თუ წყლულოვანი დაავადებაა, ხდება კიდევ ერთი – ბისმუთის პრეპარატის დამატება. გარდა ამ სამი პრეპარატისა, იმის მიხედვით, თუ რა სიმპტომები (ღებინება, ტკივილი) აქვს პაციენტს, მას ენიშნება შესაბამისი პრეპარატები.
შუაგული ზღვის სეზონის მიუხედავად, ახალი ბულვარის ბოლოსკენ ზოგჯერ პრომინადი თითქმის ცარიელია. მიზეზი მძაფრი, უსიამოვნო სუნია, რომელიც პერიოდულად ადლიის დასახლებასა და მათ შორის, ტურისტული ბათუმის ახალი ბულვარის ნაწილში გასეირნებასაც კი, უსიამოვნოს ხდის.
„რა სუნია?“, „რატომ ყარს?“ – ამ შინაარსის კითხვებს სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ტურისტებს შორის გაიგონებთ ახალ ბულვარში სეირნობისას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არის დღეები, როცა ფეკალიების სუნი არც ახალ ბულვარში შეგაწუხებთ.
„ასეა ეს ადგილი სულ, რაც თავი მახსოვს, მაგრამ ამ ბოლო დროს კიდევ უფრო გამძაფრდა, გაიზარდა ბათუმი და ნაგავსაყრელიც გაიზარდა ალბათ,“ – გვითხრა ერთმა ადგილობრივმა, რომელიც იქვე, ახალ ბულვარში კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს. მისთვის, ბათუმელებისა და ტურისტებისთვის ბათუმის მერიას არ აქვს პასუხი: რის გამოა ფეკალიების მძაფრი სუნი ახალ ბულვარში და რატომ ვერ ახერხებს წლობით ამ პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი ხელისუფლება?
ახალი ბულვარის ეს ნაწილი, სადაც მძაფრი, უსიამოვნო სუნი ხშირად იგრძნობა, ადლიის სანაპიროა, ადლიასა და აეროპორტის დასახლებაში კი, ამ დრომდე საკანალიზაციო სისტემის გარეშე ცხოვრობს ხალხი. ადლიელების ნაწილი დარწმუნებულია, რომ სუნი ნაგავსაყრელიდან მოდის, რომელიც იქვე ახლოს, მდინარე ჭოროხის სანაპიროზეა მოწყობილი, ყოველგვარი წესების გარეშე და ქარის დროს სუნი განსაკუთრებით შემაწუხებელი ხდება.
მოსახლეობის ნაწილი კი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სუნი ასე შემაწუხებელი წლების წინ არ იყო, როცა ნაგავსაყრელი ისევ ჭოროხის სანაპიროზე იყო მოწყობილი. არსებობს ვერსია, რომ სპეციფიკური სუნი ადლიის გამწმენდი ნაგებობიდან მოდის, სადაც ფაქტია, რომ დღემდე გოგირდ-წყალბადის სუნის გაუვნებელყოფა ვერ ხერხდება.
უცნობია, არსებული გამწმენდი ნაგებობა თავისი მოცულობით უმკლავდება თუ ვერა ფილტრაციას, იმ ფონზე, როდესაც ქალაქის მასშტაბები გაიზარდა და ისევ იზრდება. შესაბამისად, არავინ სცემს კითხვას პასუხს, ეს დაწესებულება ხომ არ არის ატმოსფერულ ჰაერში ტოქსინებისა და არასასიამოვნო სუნის ემისიის წყარო.
საინტერესო ერთი გარემოებაა: „ბათუმის წყალი“ გამორიცხავს იმას, რომ სუნი „გოგირდ-წყალბადს“ უკავშირდებოდეს. „არა მგონია, ამხელა სუნი ნაგავსაყრელიდან მოდიოდეს“ – ამას ის ამბობს, ვინც ახალ ნაგავსაყრელს აწყობს ქობულეთში და უნდა დახუროს არსებული ნაგავსაყრელი.
ბათუმის მერია კი, საერთოდ არაფერს ამბობს.
„ეს ნაგავსაყრელი დაიხურება და სუნი შემცირდება, მაგრამ არ ვიცი, ბუნებრივია, ნაგავსაყრელი ყველა წესის გარეშეა იქ და არის პრობლემა… ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ნაგავსაყრელი დაიხუროს დროზე,“ – გვითხრა ნოდარ კონცელიძემ, რომელიც სახელმწიფო შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორია და ჯერ ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს – როდის მოხერხდება არსებული ნაგავსაყრელის დახურვა? გაქრება კი სუნი მას შემდეგ, რაც ნაგავსაყრელი ჭოროხის სანაპიროზე აღარ იქნება?
„მე ამის ინფორმაცია არ მაქვს,“ – გვითხრა ნოდარ კონცელიძემ ბოლო კითხვაზე, ანუ უზრუნველყოფს თუ არა ნაგავსაყრელის გაუქმება იმას, რომ ახალ ბულვარში ისევ არ იქნება მძაფრი სუნი.
რაც შეეხება არსებულ ნაგავსაყრელს, ნოდარ კონცელიძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ კონსერვაციის კონცეფციაზე ამ დროისთვის გერმანული საკონსულტაციო კომპანია მუშაობს და, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება ქობულეთსა და ბათუმში არსებული ნაგავსაყრელების ეტაპობრივი დახურვა.
„შემდეგ დასჭირდება 6 თვე, ეს იქნება პარალელური პროცესი“, – დასძინა ნოდარ კონცელიძემ, „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელმა.
ნოდარ კონცელიძის თქმით, ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში უკვე დასრულდა ახალი ნაგავსაყრელის პოლიგონის მშენებლობა და ამ დროისთვის გადამტვირთი ნაგებობის მოწყობისთვის ემზადებიან. ამ ნაგებობაში უნდა მოიყაროს თავი ნარჩენებმა აჭარის მუნიციპალიტეტებიდან, რასაც შესაბამისი ტექნიკით გადაზიდავენ ქობულეთის ნაგავსაყრელზე.
„მიმდინარეობს ამ სადგურის დაგეგმარება, ჯერ კონცეფცია არ არის შემუშავებული… გადამტვირთი სადგური წელს ვერ მოესწრება, ალბათ ორი თვე გადავა შემდეგ წელში. ეს უნდა იყოს დახურული ტიპის სადგური, შესაბამისად აღჭურვილი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ გვაქვს,“ – განმარტავს ნოდარ კონცელიძე.
„აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში“ გვითხრეს ისიც, რომ ამ დროისთვის ასევე ელოდებიან მოძრავი ტექნიკის შეძენას, რაც ახალ ნაგავსაყრელს ექსპლუატაციისთვის დასჭირდება.
„შესაბამისი დოკუმენტაცია გაგზავნილია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკში და ველით თანხმობას ტენდერზე დასადებად, უახლოეს პერიოდში ტენდერი უნდა გამოცხადდეს, საუბარია კონტეინერზე, სადაც სახიფათო ნარჩენები უნდა განთავსდეს, კომპაქტორი, კრანი, მტვირთავები, მცლელები, შიდა გადაზიდვის ტექნიკა… ეს ტექნიკა წლის ბოლომდე უნდა იქნას მოწოდებული და როგორც კი გვექნება, დავიწყებთ ოპერირებას“, – აღნიშნა ნოდარ კონცელიძემ.
ბათუმის ახალი ნაგავსაყარის პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, თუმცა 7 მილიონი ევრო სესხის და გრანტის აუთვისებლობის გამო წლებია სახელმწიფოს ვალდებულების საკომისიოს გადახდაც უწევს. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი, 2021 წელსაც, დაბალი ათვისების საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალშია.
პროექტი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გადავადების მიზეზად, ძირითადად პანდემია დასახელდა. შემდეგ დასრულების თარიღად 2022 წლის ივნისი დაასახელეს, ამჯერად კი, 2022 წლის ბოლო.
რატომ ვერ ახერხებს გოგირდ-წყალბადის სუნის გაუვნებელყოფას „ბათუმის წყალი“, რომელსაც ადლიის გამწმენდი ნაგებობა ეკუთვნის? შეგახსენებთ, რომ გამწმენდი ნაგებობაც ამ დასახლებაშია მოწყობილი, აეროპორტთან ახლოს – „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის [KFW] -ის დაფინანსებით, „მე-5 ფაზის ფარგლებში გათვალისწინებულია ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირება,“ – მოგვწერეს „ბათუმის წყლიდან“.
„ბათუმელები“ კონკრეტულად გოგირდ-წყალბადის სუნის გაუვნებელყოფაზე წერდა 2018 წელსაც, თუმცა კომპანიაში ახლაც ვერ ასახელებენ კონკრეტულ თარიღს, როდის მოხერხდება გოგირდ-წყალბადის სუნის გაუვნებელყოფა, რადგან „პროექტირება დასრულებული არის“. „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში აცხადებენ, რომ მძაფრი სუნი ახალ ბულვარსა თუ ადლიაში გოგირდ-წყალბადს არ უკავშირდება და „ეს ნაგვის სუნია“.
ბათუმის მერიის პრესცენტრიდან სამუშაო დღის ბოლომდე ამ პრობლემაზე ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.
„ბათუმელები“ მომავალშიც შეეცდება ამ უწყებისგან ინფორმაციის მიღებას.
ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე 13 დედა სექტემბრიდან ყოველთვიურ 100-ლარიან დახმარებას მიიღებს.
ხულოს საკრებულოს წევრის, ნარგიზ დეკანაძის თქმით, პროგრამის ასამოქმედებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას ელოდებიან, რაც აგვისტოში უნდა მოხდეს.
„როცა პროგრამა ამოქმედდება, მერე უკვე მომართვიანობაც გვექნება. შესაძლოა გაიზარდოს როგორც ბენეფიციართა რაოდენობა, ასევე, ყოველთვიური დახმარება“, – გვითხრა ნარგიზ დეკანაძემ.
ნარგიზ დეკანაძე ამბობს, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში სექტემბრიდან კიდევ ერთი პროგრამა – „ოპერაციული მკურნალობის თანადაფინანსება“ ამოქმედდება.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანადაფინანსებულ ოპერაციებზე ბენეფიციარებს თანხის დარჩენილი ნაწილი, 500 ლარამდე ექნებათ გადასახდელი, ჯანდაცვის სამინისტროდან წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მათ ამ თანხის 50% ხულოს მუნიციპალიტეტი დაუფინანსებს, ხოლო თუ ბენეფიციარი მარტოხელა მშობელი ან შშმ პირი იქნება, მათ 50 პროცენტის ნაცვლად დარჩენილი თანხის 60% დაუფინანსდებათ.
შუახევსა და ხულოში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გამარჯვებული იდეები გამოვლინდა. ახალი პროგრამით 15 და 19 წლის ახალგაზრდებს საკუთარი იდეების განხორციელების საშუალება მიეცათ – დაბა შუახევში მუსიკალური ბენდი ჩამოყალიბდება, ხოლო დაბა ხულოს ცენტრში, ღია სივრცეში, Led ეკრანს დაამონტაჟებენ.
ბენდის ჩამოყალიბება და Led ეკრანის მონტაჟი სწორედ ადგილობრივი ახალგაზრდების იდეები იყო, რომლებსაც კენჭისყრაზე მოსახლეობის მხრიდან ყველაზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა.
[checklist]
დაბა შუახევში კენჭისყრაზე წარდგენილი იყო სამი იდეა და 117 ხმით გაიმარჯვა ქეთი დავითაძისა და ლიზა პაქსაძის იდეამ – „შუახევში მუსიკალური ბენდის ჩამოყალიბება“ [უნდა აღინიშნოს, რომ აქ ერთი ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი, მეორე ადგილზე გასულმა იდეამ 116 ხმა მიიღო].
დაბა ხულოში კი, კენჭისყრებზე წარდგენილი იყო 5 იდეა და დიდი უპირატესობით – 130 ხმით, გაიმარჯვა გიორგი ჯორბენაძის იდეამ – „Led ეკრანის ღია სივრცეში მონტაჟმა“.
დაბა შუახევში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 244-მა ამომრჩეველმა, ხოლო დაბა ხულოში – 198-მა ამომრჩეველმა.
[/checklist]
კენჭისყრა შუახევში / მონაწილეობითი ბიუჯეტი
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა [პროგრამის ფარგლებში – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“] ; ხოლო საინფორმაციო მხარდამჭერი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ იყო.
„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარის, ასლან ჭანიძის განცხადებით, ორგანიზაციამ უზრუნველყო დაბებში საინფორმაციო კამპანიის წარმოება კარდაკარის პრინციპით. კამპანიის ფარგლებში დაიბეჭდა საინფორმაციო ლიფლეტები და პოსტერები, მომზადდა სარეკლამო რგოლები, რომლებიც სოციალური რეკლამის სტატუსით გადიოდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე.
„ჩატარდა საჯარო შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფთან; შუახევსადა ხულოშიგაიმართა პროგრამის საჯარო პრეზენტაციები, რომლის დროსაც იდეის ავტორებმა, მოსახლეობის წინაშე წარადგინეს თავიანთი იდეები“, – ამბობს ასლან ჭანიძე.
მისივე თქმით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაბა შუახევში 170 ოჯახს, ხოლო ხულოში 200 ოჯახს მიაწოდეს ინფორმაცია პროგრამის შესახებ. დასკვნით ეტაპზე კი – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა“ და ექსპერტების ჩართულობით [რომელთა ჩართვაც უზრუნველყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ] ჩატარდა კენჭისყრა.
კენჭისყრა ხულოში
„კენჭისყრის შედეგად ჩვენმა იდეამ გაიმარჯვა და შუახევის მერია, პროგრამის ფარგლებში, ბენდისთვის მუსიკალურ ინსტრუმენტებს შეისყიდის. ბენდი, ფაქტობრივად, ვართ, ხუთი გოგო ვუკრავთ, ჩვენ-ჩვენი გიტარა გვაქვს. სხვა ინსტრუმენტების შეძენა ადრეც გვინდოდა, მაგრამ შესაბამისი ფინანსები არ გვქონდა. სკოლიდან წაგვიყვანეს მერიაში ამ პროგრამის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად. როცა გავიგეთ დეტალები, გადავწყვიტეთ ეს შანსი გამოგვეყენებინა და მუსიკალური ბენდის ჩამოყალიბების იდეა დავარეგისტრირეთ“, – ამბობს ქეთი დავითაძე, რომელიც დაბა შუახევში ცხოვრობს.
ქეთი 15 წლისაა. მისი მეგობრებიც, ვისთანაც ერთად უკრავს, 15-16 და 17 წლისანი არიან.
ქეთი დავითაძე
„შუახევში სახელოვნებო სკოლა შენდება, უკვე დასრულებულია და მერია შეგვითანხმდა, რომ იქ გამოგვიყოფს ოთახს“, – ამბობს ქეთი.
მისივე თქმით, „ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო დაბაში, არამედ სოფლებშიც, სადაც არიან ნიჭიერი ახალგაზრდები და მეტი შესაძლებლობები მიეცემათ თავიანთი იდეების ხორცშესხმისთვის“.
შუახევის მერის პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე ამბობს, რომ დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები ტენდერის გამოსაცხადებლად: „ბენდი, ფაქტობრივად, ენთუზიაზმის საფუძველზეა. ამ ბენდისთვის შესაბამის მუსიკალურ ინსტრუმენტებს ტენდერით შევიძენთ. ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს.“
„დაბა შუახევში მოქალაქეებმა ჯამში 10 იდეა დაარეგისტრირეს, მათგან 6 კენჭისყრის ეტაპზე ვერ გადავიდა. წარმოდგენილი იდეები განეკუთვნებოდა მუნიციპალიტეტის კომპეტენციას, თუმცა უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენდა ის, რომ ზოგი პროექტის განხორციელების ადგილი არ მოიცავდა დაბის ტერიტორიას, ან მიწის ნაკვეთი, სადაც უნდა განხორციელებულიყო პროექტი, წარმოადგენდა კერძო საკუთრებას და იდეის ავტორებს მესაკუთრის ნებართვა არ წარმოუდგენიათ; ზოგი იდეა კი, დაბა შუახევისთვის არ იყო განკუთვნილი. ამასთან ორი იდენტური პროექტი, ავტორებთან შეთანხმებით, კენჭისყრისთვის გაერთიანდა“, – ამბობს მერის პირველი მოადგილე.
მისივე თქმით, ეს პროგრამა მნიშვნელოვანია იმდენად, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიეცა შესაძლებლობა თავად წარმოედგინათ სასურველი იდეები, შემდეგ კი, კენჭისყრაზე თავადვე გადაეწყვიტათ, თუ რომელი იდეა იყო მისაღები.
„კენჭისყრაზე მოქალაქეთა აქტიურობამ დაგვანახა ის, რომ ეს პროგრამა არის მნიშვნელოვანი და მოსახლეობა დაინტერესებულია სამოქალაქო ბიუჯეტირებით. არა მარტო დაბაში, არამედ დაინტერესება არის სხვა თემების, სოფლების მიმართულებითაც კი. პროგრამა გაგრძელდება, მაგრამ რამდენად განხორციელდება ის უფრო ფართო მასშტაბით, დამოკიდებული იქნება ადგილობრივ ბიუჯეტზე, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით,“ – ამბობს მირიან აბაშიძე.
გიორგი ჯორბენაძეც მიიჩნევს, რომ „ასეთი პროგრამა აუცილებლად სჭირდება დაბასაც და სოფლებსაც, რომ განსხვავებული, მრავალფეროვანი რაღაც შეიქმნას… მოსახლეობაც მხარს დაუჭერს, როცა გაიგებენ, რომ თავად ირჩევენ, რა გაკეთდეს“.
გიორგი 19 წლისაა და დაბა ხულოში ცხოვრობს. მისი აზეით, „ძალიან დროული და მნიშვნელოვანი პროგრამაა“ და ბედნიერია, რომ მისმა იდეამ გაიმარჯვა.
კენჭისყრა ხულოშიგიორგი ჯორბენაძე
„ჩვენი რაიონის მკვიდრი, ლერი აბულაძე როცა ჭიდაობდა მსოფლიოზე, ახალგაზრდები სტადიონზე ვიყავით შეკრებილები, ვთამაშობდით… ვერ მოვახერხეთ თვალყური გვედევნებინა დიდ ეკრანზე და ტელეფონში ვუყურებდით – იხსენებს გიორგი. როცა ამ პროგრამის შესახებ გავიგე, ვიფიქრე, ასეთ ღონისძიებებს დიდ ეკრანზე ვუყურებთ-მეთქი და Led ეკრანის იდეა დავარეგისტრირე. მოტივაციის გაზრდაზეც ვიზრუნე, რომ დამერწმუნებინა მოქალაქეები, ასეთი ეკრანის დამონტაჟება რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა არა მარტო სპორტული, არამედ სხვადასხვა ღონისძიებისთვის. ამასთან, ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის. კენჭისყრაც ძალიან კარგად ჩატარდა და სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი კიდეც ჩემი იდეის მხარდაჭერას, ამას წინასწარ ვგრძნობდი“.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა საპილოტეა შუახევშიც და ხულოშიც, თუმცა დაფინანსების კუთხით განსხვავება ისაა, რომ შუახევში გამარჯვებული იდეა გამოავლინეს და მიმდინარე წელსვე დააფინანსებენ, ხულოში კი – წელს გამარჯვებული იდეა გამოვლინდა, დაფინანსებით კი, 2023 წლის ბიუჯეტიდან დააფინანსებენ.
ხულოს მერის პირველი მოადგილის, ნადიმ ვასაძის განცხადებით, ხულოში კენჭისყრის შედეგად გამარჯვებული პროექტი 2023 წელს დაფინანსდება და განხორციელდება.
„ამ შემთხვევაში გამოიყოფა 60 ათასი ლარი. მოსახლეობამ გადაწყვიტა და ამ თანხით ლედ მონიტორს შევიძენთ, რაც მისცემს საშუალებას ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს, ის სპორტული, კულტურული თუ სხვა ღონისძიების საჩვენებლად გამოიყენონ… მონიტორი დაბის ცენტრში, სკვერში განთავსდება, სადაც ხალხმრავლობაა. ყველა ასაკის ადამიანს – დაბის მცხოვრებლებს თუ სტუმრებს ექნებათ საშუალება, მიადევნონ თვალყური მათთვის სასურველ ღონისძიებას“, – ამბობს ნადიმ ვასაძე.
მისივე თქმით, პროგრამის განხორციელება მომდევნო წლისთვისაც იგეგმება, თუმცა რა პრინციპით და რამდენით დაფინანსდება, ჯერ გარკვეული არ არის: „ზოგადად, მონაწილეობითი ბიუჯეტირება მნიშვნელოვანი პროექტია და პრაქტიკაც გვაჩვენებს, ვიფიქროთ პროექტის განხორციელებაზე არა მარტო დაბაში“.
კენჭისყრა შუახევში
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება მესამე წელია მხარს უჭერს აჭარაში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამას. 2019-2021 წლებში ქედის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტირების პროგრამა სწორედ GIZ-ის მხარდაჭერით განხორციელდა.
გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის მრჩეველთან, ანა ჭანტურიასთან.
როგორც ცნობილია, 2019 წლიდან GIZ-ი მხარს უჭერს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის განხორციელებას აჭარაში. რით არის განპირობებული, რომ GIZ-მა სამიზნედ მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტები აირჩია?
გერმანიის ფედერალური მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მრავალი წელია აქტიურად ეხმარება ქართველ პარტნიორებს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებასა და ადგილზე საჯარო სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებაში.
2019 წელს ქედის მუნიციპალიტეტმა ჩვენს ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, დაენერგა მონაწილეობითი ბიუჯეტირების მიდგომა. ვინაიდან ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით ქედის მუნიციპალიტეტთან სხვადასხვა მიმართულებით, გადავწყვიტეთ, მხარი დაგვეჭირა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის.
2020-2021 წლებში ქედაში წარმატებით განხორციელებული მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტები მოტივაცია გახდა მაღალმთიანი აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც და GIZ-ის პროგრამა – კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის – მოხარულია, წელს მხარი დაუჭიროს მონაწილეობითი ბიუჯეტირების საპილოტე პროექტებს შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებშიც.
მიაღწიეთ დასახულ მიზანს ხულოსა და შუახევში – როგორ მიგაჩნიათ, ეს პროგრამა რამდენად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტების ინსტიტუციურ გაძლიერებას? რა დადებით შედეგს მოუტანს ის ამ მუნიციპალიტეტების მოსახლეობას?
შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების აქტიურობამ, როგორც საპროექტო იდეების წარდგენის, ასევე ხმის მიცემის ეტაპებზე ნათლად დაგვანახა, რომ თვითმმართველობის მხრიდან სწორად დაგეგმილი და განხორციელებული პროცესი მოტივაციას აძლევს მოქალაქეებს აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იფიქრონ იდეებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას.
რაც უფრო მცირეა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მით უფრო მნიშვნელოვანია ადგილობრივი რესურსების დაგეგმვა და ხარჯვა მოსახლეობის საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინებით. გვიხარია, რომ ამ მიდგომას შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიც აქტიურად იზიარებენ.
ადგილობრივ მცხოვრებლებზე უკეთ არავინ იცის, რა საჭიროებები აქვს მათ დასახლებას, აქ მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს. ამასთან, მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკა ხელს უწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციურ გაძლიერებას და მის მიმართ მოსახლეობის ნდობის ამაღლებას.
გეგმავს GIZ-ი ამ მიმართულებით საქმიანობის გაგრძელებას, ან რაიმე სხვა ტიპის პროგრამის დანერგვას?
გარდა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებისა, წელს GIZ-ი მხარს უჭერს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტების განხორციელებას ბოლნისის, ხაშურისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებშიც.
გერმანიის მთავრობის დავალებით, ჩვენი ორგანიზაცია მომავალ წლებშიც განაგრძობს საქართველოში ადგილობრივი ფინანსების მართვის სფეროს რეფორმირების პროცესის ხელშეწყობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის განვრცობას.
პროგრამა ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივი მხარის სისწორესა და მასში გამოთქმულ მოსაზრებებზე. პროგრამის საინფორმაციო მხარდამჭერია – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
უკრაინიდან ლტოლვილი 22 ოჯახი, რომლებიც გონიოსა და ქობულეთში, სასტუმროებში ცხოვრობდნენ და დღეს ღია ცის ქვეშ დარჩენა ემუქრებოდათ, „ლელოს“ და „დროას“ აქტივისტებმა დააბინავეს.
უკრაინელი ლტოლვილების ნაწილს გონიოშივე უქირავეს ერთი თვით ბინები, ნაწილს კი – ბათუმში.
„ერთმა მოქალაქემ რვა ოთახი გონიოშივე უქირავა და შევიდნენ უკვე. მაგრამ ეს არის დროებითი, ერთი თვით ვიქირავეთ. მთავარია, ღია ცის ქვეშ არ იქნებიან,“ – უთხრა „ბათუმელებს“ პარტია „ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, გენო თებიძემ.
გენო თებიძის თქმით, ის ცდილობდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას, რომ უკრაინიდან ლტოლვილები ქუჩაში არ აღმოჩენილიყვნენ და სახელმწიფოს ეზრუნა მათზე, თუმცა უშედეგოდ.
„ამ სახელმწიფოს არ აქვს იმის შნო, უნარი, რომ ადგეს და მართლა გაჭირვებულ სახელმწიფოს დაუდგეს გვერდში. ხელისუფლებას რომ არ აქვს, ნათელია. ამიტომ მოქალაქეები ვიღებთ ინიციატივას და ვეხმარებით. ის, რომ დღეს ყველა უკრაინელი დაბინავებულია, ეს უბრალო მოქალაქეების დამსახურებაა.
ვისაც წასასვლელი არსად ჰქონდა, ყველანი დავაკმაყოფილეთ,“ – გვითხრა გენო თებიძემ.
უკრაინიდან ლტოლვილებმა სასტუმროები, სადაც დროებით იყვნენ განთავსებული, მთავრობის გადაწყვეტილებით დატოვეს. სახელმწიფო ლტოლვილებს თვეში მხოლოდ 300 ლარს გადაუხდის.
„საწვავი არ უნდა ამ მანქანას, მთელი დღე დადიხარ 5 ლარად“, – გვითხრა ქედის მუნიციპალიტეტის ელექტრო-მიკროავტობუსის მძღოლმა, გენადი ბერიძემ, რომელიც 4 თვეა მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობს.
ქედის ელექტრო-მიკროავტობუსში რვა სავარძელი და ასევე, ადაპტირებული სივრცეა შშმ პირებისთვის. მიკროავტობუსი დაბა ქედის 4 ძირითად ქუჩაზე მოძრაობს: რუსთაველის, აღმაშენებლის, ტბელ აბუსერიძისა და 9 აპრილის ქუჩებზე.
აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ეს პირველი, ადაპტირებული ელექტრო-მიკროავტობუსია, რომელიც მუნიციპალიტეტს იაპონიის საელჩომ გადასცა.
გენადი ბერიძის თქმით, ელექტრო-მიკროავტობუსი მარტივი სამართავია და გაცილებით ნაკლები ხარჯი აქვს, ვიდრე სხვა ავტობუსებს. მძღოლი გვიყვება, რომ მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტს ადაპტირებული ელექტრო-მიკროავტობუსი აქვს, ტრანსპორტით ერთხელ ისარგებლა შშმ პირმა, რომელიც მუნიციპალიტეტიდან მახუნცეთში მიდიოდა.
„4 თვეა მოძრაობს ელექტრო-მიკროავტობუსი ქედაში. კარგად მუშაობს. კონდიციონერიდან დაწყებული, ყველაფერი გამართულია.
მოსახლეობას უნდა, რომ ერთი რეისი მიკროავტობუსმა შუადღეზე გააკეთოს. ეს მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია. ეს მიკროავტობუსი ქედის ქუჩებში მოძრაობს, გზა ყველგან კარგია, პრობლემა არ იქმნება,“ – ამბობს გენადი.
როგორც მან გვითხრა, ელექტრო-მიკროავტობუსით ბევრი ადამიანი სარგებლობს ყოველდღიურად.
ქედის ელექტრო-მიკროავტობუსის კიდევ ერთი მძღოლის, ემზარ დიასამიძის თქმით, მგზავრები ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს ტრანსპორტი ძალიან კომფორტულია.
იაპონიის საელჩომ ქედის მუნიციპალიტეტს ელექტრო-მიკროავტობუსი ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში გადასცა. პროექტის მენეჯერი მუხრან სალაძეა, ქედის საკრებულოს აპარატის უფროსი.
„მთელი დღის განმავლობაში ემსახურება [ელექტრო-მიკროავტობუსი] მოქალაქეებს, დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე.
მიკროავტობუსი სრულიად ელექტროა, შესაბამისად, გამონაბოლქვსა და მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს, ეკოლოგიური ტრანსპორტია.
დაბა ქედა იყო მუნიციპალიტეტში ერთადერთი დასახლება, სადაც ტრანსპორტი არ მოძრაობდა. სხვა სოფლებიდან კერძო მიკროავტობუსები გადაადგილდება ქედის ცენტრამდე და ბათუმამდე. შესაბამისად, სოფლის მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ქედის ცენტრში ჩამოსულიყო, მაგრამ ცენტრში სხვადასხვა სერვისის მისაღებად, მაგალითად, საავადმყოფოში, მერიაში ან სასამართლოში რომ მისულიყვნენ, ფეხით ან ტაქსით გადაადგილდებოდნენ, რადგან აქამდე არ იყო დაბაში მუნიციპალური ტრანსპორტი,“ – გვითხრა მუხრან სალაძემ.
მისი თქმით, ქედის მუნიციპალიტეტს სურს კიდევ შეიძინოს მსგავსი ელექტროავტობუსები, რასაც ახლა უკვე სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით ცდილობენ, რათა დაბა ქედის უფრო მეტი ქუჩა დაფარონ.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიც თუ გეგმავენ მსგავსი, ეკოლოგიურად სუფთა, ადაპტირებული ელექტრო-მიკროავტობუსის შეძენას.
ხულოს მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მიმდინარე წლისთვის მსგავსი რამ გათვალისწინებული არ აქვთ და სამომავლოდ შეეცდებიან, დონორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მოახერხონ ელექტრო-მიკროავტობუსის შეძენა.
შუახევის მერიის პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ელექტრო-მიკროავტობუსის შესაძენად უკვე მონაწილეობენ იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში.
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ დამატებით 4 მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა – HIMARS-ი მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, თავდაცვის მდივანსა და ამერიკელ ხალხს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ ამ სარაკეტო სისტემების მართვა შეუძლიათ. ის მსოფლიო პრესასა და ექსპერტებს შორის მიმდინარე დისკუსიას გამოეხმაურა, რის მიხედვითაც, უკრაინელ სამხედროებს თანამედროვე დასავლური შეიარაღების გამოყენების სასწავლად დრო სჭირდებათ.
„უკრაინამ მიიღო დამატებით 4 HIMARS-ი. უკრაინის არმიის გაძლიერებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის და ამერიკელი ხალხის მადლობელი ვარ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ამ იარაღის მარჯვე ოპერატორები ვართ. HIMARS-ის ზალპის ხმა ბრძოლის წინა ხაზზე ამ ზაფხულის ტოპ ჰიტი გახდა“, – წერს ოლექსი რეზნიკოვი.
4 additional HIMARS have arrived in🇺🇦. I’m grateful to @POTUS@SecDef Lloyd Austin III and 🇺🇸people for strengthening of #UAarmy
We have proven to be smart operators of this weapon. The sound of the #HIMARS volley has become a top hit 🎶 of this summer at the front lines!
🇺🇦🤝🇺🇸 pic.twitter.com/iOBoxfjV7e
როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრი იტყობინება, უკრაინამ გერმანიისგან ასევე მიიღო ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა – MARS II. რეზნიკოვი მადლობას უხდის გერმანიასა და პირადად თავის გერმანელ კოლეგას, თავდაცვის მინისტრ კრისტინ ლამბრეხტს. მას არ დაუკონკრეტებია რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ გერმანია და გაერთიანებული სამეფო უკრაინას 3-3 სისტემის მიწოდებას ჰპირდებოდა, ხოლო აშშ – 4-ს.
აქამდე შეერთებულმა შტატებმა უკვე გადასცა უკრაინას 12 „ჰაიმარსი“.
არც ის არის გამორიცხული, რომ ვაშინგტონმა უკრაინას გაუგზავნოს ATACMS -ის 300 კილომეტრზე მოქმედი რაკეტები, რომლებსაც „ჰაიმარსის“ სისტემა იყენებს.
„ჰაიმარსების“ გამოყენებით უკრაინა რუსეთის იარაღის საწყობებს ბომბავს.
რუსულმა არხებმა ტვიტერზე გაავრცელეს უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის მეთაურის, ტყვეობაში მყოფი სერგეი ვოლინსკის (ვოლინას) ვიდეო, რომელშიც ის ოლენოვკაში მომხდარ თავდასხმაზე საუბრობს.
„საშინელი ტრაგედია მოხდა. ჩვენი ბარაკიდან ჩანდა ყვითელი სინათლე და აფეთქება. ყვირილის ხმებიც გვესმოდა. უმძიმესი სიტუაციაა და ძალიან რთულია სიტყვების პოვნა მის აღსაწერად.
ვფიქრობ, ეს ვითარება გავლენას მოახდენს ტყვეების ფსიქიკაზე და იმ ადამიანებზეც, ვინც მომავალში შეიძლება ჩავარდეს ტყვედ. მოვლენების მონაწილეებსაც, მათ ოჯახის წევრებსაც, ახლობლებსაც გაუჩნდებათ შიში. ახლა ჩვენი ახლობლები და ოჯახები ძალიან განიცდიან მომხდარს. ამ დრომდე ზუსტად არ არის ცნობილი, ვინ დაიღუპა.
ვითარება ძალიან რთული და სამწუხაროა. ყველა შოკშია. ახსნას ვერავინ პოულობს. ყველა გლოვობს. ბარაკში სიჩუმეა. დიდი უბედურება მოხდა. ადამიანებმა ჯოჯოხეთი გამოიარეს. უკვე მოდის დრო, რომ ყველას სახლში ელოდებიან, ყველა დიდი ხნის ნანატრ თავისუფლებას ელოდება და პირდაპირ ფინიშთან ასეთი ტრაგედია ხდება.
მე ვერ ვიტყვი, ვინაა დამნაშავე და ჩემთვის ისეც გაუგებარია – რისთვის“, – ამბობს სერგეი ვოლინა და ვიდეოს დასასრულს მოკითხვას უგზავნის საკუთარ ოჯახს. – „მინდა მოკითხვა გადავცე ჩემს მეუღლეს, ვაჟს და დედას. ძალიან მიყვარხართ და იმედი მაქვს, რომ მალე ერთად ვიქნებით“.
უკრაინული მედიის ცნობით, ვიდეო პროპაგანდისტ ჟურნალისტ ანდრეი რუდენკოს ეკუთვნის. კადრში ჩანს ტელეკომპანია „როსიას“ მიკროფონი.
ვიდეოში ჩანს მხოლოდ სერგეი ვოლინა, ახლო ხედით, მის კომენტარს კი თან ახლავს დამწვარი შენობის კადრები. ვიდეოს არ აქვს მითითებული, სადაა ის გადაღებული, თუმცა მონათხრობის მიხედვით, სერგეი ვოლინა ოლენოვკაში იმყოფება.
საარტილერიო თავდასხმა ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაზე, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის „აზოველები“ იმყოფებოდნენ, 29 ივლისს, ღამით მოხდა. თავდასხმას უკრაინამ ტერაქტი უწოდა და მისი გამოძიება გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს სთხოვა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიაში 50 დაღუპული და 73 დაჭრილია, თუმცა უცნობია, რომელ სამხედრო დანაყოფს მიეკუთვნებოდნენ ისინი, ან არიან თუ არა მათ შორის სამოქალაქო პირები.
სიაში არ არიან „აზოვის“ მეთაურები – დენის პროკოპენკო და სვიატოსლავ პალამარი. პოლკ „აზოვის“ პატრონაჟის სამსახურის ცნობით, რუსეთის მიერ გამოქვეყნებული სიის ნამდვილობა ზუსტდება.
პროკურატურის ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით და ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 4 მარტს ბათუმში, N3 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულმა პატიმარმა თანასაკნელს, რომელსაც ეძინა, დაზიანებები, მათ შორის, მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები მიაყენა.
პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა ჩარევის შედეგად, დაზარალებული გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მისი გადარჩენა მოხერხდა.“ – წერს პროკურატურა.
უწყების ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სიებში 48 დაღუპული და 73 დაჭრილი უკრაინელის გვარია, ორი დაღუპულის ვინაობა ზუსტდება.
თავდაცვის უწყება მხოლოდ გვარებსა და დაბადების თარიღებს აქვეყნებს. უცნობია, რომელ სამხედრო დანაყოფს მიეკუთვნებოდნენ ისინი, ან არიან თუ არა ამ სიაში სამოქალაქო პირები.
ცნობილია, რომ კოლონიის იმ ნაწილში, რომელზეც საარტილერიო თავდასხმა 29 ივლისს მოხდა, „აზოველებიც“ იყვნენ, თუმცა პოლკის პატრონაჟის სამსახურს ჯერჯერობით არ გაუვრცელებია ინფორმაცია თავისი წევრების შესახებ.
განცხადებაში, რომელიც პატრონაჟის სამსახურმა სიის გავრცელების შემდეგ გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ სია მოწმდება და ვერც „აზოვი“ და ვერც რომელიმე საერთაშორისო ან უკრაინული ინსტიტუტი ჯერჯერობით ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს მის ნამდვილობას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ სიებში არ არიან „აზოვის“ მეთაური, დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი [მეტსახელად კალინა].
არც დაღუპულთა და არც დაჭრილთა სიაში არ არის უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინა.
_____________
„აზოვსტალის“ დამცველები რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე 16-17 მაისს გადაიყვანეს, როდესაც მათ ქარხანა დატოვეს. მათი ნაწილი ოლენოვკაში, კოლონიაში, ნაწილი კი კლინიკაში მოათავსეს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსების ტყვეობაში 2 500-მდე სამხედრო იმყოფებოდა.
8 ივნისს უკრაინული მედია წერდა, რომ „აზოვსტალის“ დამცველების ნაწილი, დაახლოებით 1000-მდე ტყვე რუსეთში გადაიყვანეს.
ივნისის ბოლოს, უკრაინასა და რუსეთს შორის მასშტაბური გაცვლის შედეგად ტყვეობიდან გათავისუფლდა უკრაინის 144 მცველი, მათ შორის 95 „აზოველი“.
მთავარი ფოტო: სვაიტოსლავ პალამარი და დენის პროკოპენკო