აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის დღეს ტაივანში ელოდებიან. როგორც CNN-ი ტაივანისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, ტაივანში ვიზიტი შესაძლოა აზიის ტურის ნაწილი გახდეს.
ტაივანელი ჩინოვნიკი ამბობს, რომ პელოსი ტაივანში, სავარაუდოდ, ერთი ღამით გაჩერდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა დროს ჩავა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი.
ამერიკული მედიის ცნობით, კონგრესის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი აზიის ქვეყნებში 29 ივლისს დაიწყო – ოფიციალურ მარშრუტში შედის იაპონია, სამხრეთ კორეა, მალაიზია და სინგაპური.
სპიკერის საჯარო მარშრუტში ტაივანში ვიზიტი აღნიშნული იყო, როგორც „სავარაუდო“. გასულ კვირაში ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების პროტოკოლის გათვალისწინებით, ვიზიტი ჯერ კიდევ არ იყო დადასტურებული, თუმცა არც გაუქმებული.
თუ ნენსი პელოსის ვიზიტი შედგება, ის იქნება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის პირველი სპიკერი, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში ჩავიდა.
ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ ტაივანში, რომელსაც ჩინეთი თავის ტერიტორიად მიიჩნევს, არაერთი განცხადება გაკეთდა.
ორშაბათს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჩინეთმა ვაშინგტონი გააფრთხილა, რომ თუ ასეთი ვიზიტი შედგება და ჩინეთი მიიჩნევს, რომ მისი „სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა საფრთხეშია“, ჩინეთის არმია „უსაქმოდ არ იჯდება“.
„ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ აშშ-ს, რომ ჩინეთი მზადყოფნაშია და ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმია არასოდეს იჯდება უსაქმოდ. ჩინეთი მტკიცე პასუხს გასცემს და ძლიერ ზომებს მიიღებს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. თუ ის (პელოსი) გაბედავს წასვლას, მაშინ დაველოდოთ და ვნახოთ,“ – უთხრა ჟურნალისტებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჟაო ლიჯიანმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ჯერ კიდევ ივლისში განაცხადა, რომ პენტაგონი არ უჭერს მხარს პელოსის იდეას და თავდაცვის უწყება ტაივანში აშშ-ის ოფიციალური პირების ჩასვლის წინააღმდეგია.
სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით კი, შედგება თუ არა ასეთი ვიზიტი, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის გადასაწყვეტია.
„კონგრესი ხელისუფლების დამოუკიდებელი და თანაბარი შტოა. გადაწყვეტილება მთლიანად სპიკერის მისაღებია“, – ბლინკენმა დასძინა, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლები წარსულშიც ყოფილან ტაივანში.
პელოსის შესაძლო ვიზიტის გარშემო დაძაბულობის პარალელურად, მედიაში ჩნდება მასალები, როგორ ემზადებიან ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის დასახვედრად – ტაივანის ხელისუფლებამ გამოყო 8 გამანადგურებელი თვითმფრინავი, რომლებმაც აეროპორტამდე ნენსი პელოსის თვითმფრინავი უნდა გააცილონ.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოში კი ჩანს, როგორ გადაადგილდებიან ტანკები პროვინცია ფუჯიანის სანაპიროზე, რომელიც ტაივანის კუნძულთან მდებარეობს.
როგორც აშშ-ის მაღალჩინოსანმა CNN-ს უთხრა, პენტაგონი განუწყვეტლივ აკვირდება რეგიონში ჩინელთა ნებისმიერ გადაადგილებას და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მუშაობს.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, დღეს ტაივანის აღმოსავლეთით შეერთებული შტატების ოთხი სამხედრო ხომალდი გამოჩნდა.
ნენსი პელოსი პირველ აგვისტოს სინგაპურში, 2 აგვისტოს კი უკვე მალაიზიაში იმყოფებოდა.