სიახლეები

„პოლიციის მე-6 განყოფილებაში გვცემეს“ – ბათუმელი ჟურნალისტები

20.12.2021 • 4957
„პოლიციის მე-6 განყოფილებაში გვცემეს“ – ბათუმელი ჟურნალისტები

„ბათუმში, პოლიციის მე-6 განყოფილებაში გვცემეს,“ – ამბობენ ჟურნალისტები გიორგი არობელიძე და რატი რატიანი. ისინი 17 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 2 საათზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ჟურნალისტების თქმით, დაკავებამდე მათზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს.

ეს ინციდენტი ბარ „ადგილის“ წინ მოხდა. ეს ბარი იმ შენობაშია რუსთაველის ქუჩაზე, სადაც პოლიციის განყოფილებაცაა. გიორგი არობელიძე ამბობს, რომ ბარის წინ იდგა მეგობრებთან ერთად, როცა ჩხუბი ატყდა.

„…ერთ უგონოდ მთვრალ კაცს მთელი ბარი ეჩხუბებოდა. ჩხუბის დაწყების მიზეზი არ ვიცი. ვცადეთ გაშველება, მაგრამ არ გამოვიდა. ეს კაცი უკვე ძირს ეგდო, რამდენიმე პოლიციელი რომ მოვიდა. ბარში მყოფმა ხალხმა, აი, ეს კაცია დასაჭერიო. პოლიცია მივიდა ამ მთვრალთან, მოკიდა ხელი და წაათრია განყოფილებისკენ, რაზეც მე და ჩემი მეგობრები აღვშფოთდით, მოვუწოდებდით პოლიციას, დაენებებინათ უგონოდ მთვრალი ადამიანისთვის თავი, წვნიანი დაალევინეთ, თუ მაინცდამაინც-თქო… ამ ძიძგილაობაში მეც მომკიდეს ხელი და შემიყვანეს ამ კაცთან ერთად განყოფილებაში,“ – აღნიშნავს გიორგი არობელიძე. ის ონლაინპლატფორმა „მაუწყებლის“ დამფუძნებელი და ჟურნალისტია.

პოლიციის მე-6 განყოფილებასთან გარეთ დარჩნენ ჟურნალისტები რატი რატიანი და ნათია ქარჩილაძე, რომლებმაც პოლიციელებს მოსთხოვეს ეჩვენებინათ გიორგი არობელიძე, ან მასთან მობილური ტელეფონით დალაპარაკების საშუალება მიეცათ.

„ამას ვითხოვდით იმიტომ, რომ შენობიდან გამოდიოდა ჩხუბის ხმა, ვიეჭვეთ, რომ გიორგის და იმ დაკავებულ კაცსაც ურტყამდნენ, მომკიდეს ხელი და მეც შემათრიეს, გიორგის გვერდით დამსვეს…“ – გვიყვება „აჭარის რადიოს“ და „მაუწყებლის“ ჟურნალისტი რატი რატიანი.

„…გარეთ ნათიას, რატის და მეგობრებს ესმოდათ შიგნიდან გასული ხმები,“ – განაგრძობს პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ამბის მოყოლას გიორგი არობელიძე, – „ისინი ცდილობდნენ ჩემთან დაკავშირებას, შიგნით მოსაცდელში შემოსვლას ამ ამბების დროს რატიც დაიჭირეს და შემოიყვანეს. რატიც გალახეს. ნათია გადაურჩა ამ ამბებს. გოგოს დაჭერა არ გვინდაო, შიგნით ასე მოითათბირეს.

რატის შემოყვანამდე დაახლოებით 6-მა პოლიციელმა უგონოდ მთვრალი კაცს სცემა, აგინა, დაასისხლიანეს. ვეკითხებოდი, რას აკეთებთ-მეთქი, ეს ვაბშე ვინ არის, ამდენს რომ ბედავსო და ჩემზე გადმოერთნენ… მე დაზიანებები არ მაქვს, გაშლილ ხელს მირტყამდნენ თავში. ეს არ იყო ერთი ადამიანის მიერ ერთი მოქნევა, რამდენიმე ადამიანი საკმაოდ დიდი ხანი მირტყამდა. მერე ისევ ამ კაცს მიუბრუნდნენ,“ – ჰყვება გიორგი არობელიძე.

„მე დაზიანებები მეტყობოდა სხეულზე, მკლავზე მქონდა ჩაქცევები და თვალი მტკიოდა, დღეს ექსპერტიზაც ჩამიტარდა,“ – ამბობს რატი რატიანი, რომელსაც სამედიცინო შემოწმენა დღეს, 20 დეკემბერს, ჩაუტარდა მას შემდეგ, რაც პროცესში სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი ჩაერთო.

რატი რატიანის თქმით, ჟურნალისტებს პოლიციელებმა მას შემდეგ დაანებეს თავი, როცა უთხრეს, რომ ამის გამო პასუხს სასამართლოში მოსთხოვდნენ.

„ერთხელ ვთქვი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ პროფესიაზე არ ვაქცენტირებდით, გვაინტერესებდა, როგორ იქცეოდა პოლიცია… როცა მირტყამდნენ, ვუთხარი, არ გეშინიათ სასამართლოსი, აუცილებლად პასუხს აგებთ-მეთქი და მაშინ დამანებეს თავი, ხელბორკილები გაგვიკეთეს, როგორც რეციდივისტებს და გადაგვიყვანეს იზოლატორში,“ – ამბობს რატი რატიანი.

„ვინ იყვნენ ეს პოლიციელები არ ვიცი, მაგრამ სახეზე ვიცნობ. ვიდეომონიტორინგიც მიმდინარეობდა, როგორც ვხედავდი, ამოიღონ ჩანაწერი,“ – აღნიშნავს გიორგი არობელიძე.

ადმინისტრაციული წესით დაკავებულები შაბათს, 18 დეკემბერს, გაათავისუფლა ბათუმის საქალაქო სასამართლომ. საქმის განხილვა პარასკევს, 24 დეკემბერს, არის დანიშნული. ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული ჟურნალისტების ინტერესებს სასამართლოში „სოციალური სამართლიანობის  ცენტრი“ დაიცავს.

ჟურნალისტი გიორგი არობელიძე ამბობს, რომ პოლიციელებმა მისი დაშინებაც სცადეს:

„იზოლატორიდან სასამართლოში რომ მოვყავდი, რამდენიმემ გამაფრთხილა, ხომ იცი, სასამართლოში რაც უნდა ილაპარაკო, თორე მოგიწევს უკან დაბრუნებაო. ჰოდა, ასე აშინებენ გალახულ ხალხს და წლებია ხალხის დასისხლიანემამდე ცემის პრაქტიკას ყოველდღიურად იყენებენ,“ – ფეისბუქსტატუსში ამასაც აღნიშნავს ჟურნალისტი გიორგი არობელიძე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილების პოლიციელებს დაკავებული ადამიანი ძალადობაში ადანაშაულებს – 2016 წელს „ბათუმელები“ წერდა მოქალაქის შესახებ, რომელიც დოკუმენტურად ადასტურებდა იმას, რომ პოლიციის მე-6 განყოფილებაში ნეკნი ჩაუმტვრიეს.

პოლიციის მე-6 განყოფილებაში ძალადობაზე საუბრობდა აქტივისტი ლევან ბერიანიძეც 2017 წელს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: