მთავარი,სიახლეები

„საწვავი არ უნდა, დღეში 5 ლარი სჭირდება“ – როგორ მუშაობს ქედაში ელექტრო-მიკროავტობუსი

01.08.2022 • 16159
„საწვავი არ უნდა, დღეში 5 ლარი სჭირდება“ – როგორ მუშაობს ქედაში ელექტრო-მიკროავტობუსი

„საწვავი არ უნდა ამ მანქანას, მთელი დღე დადიხარ 5 ლარად“, – გვითხრა ქედის მუნიციპალიტეტის ელექტრო-მიკროავტობუსის მძღოლმა, გენადი ბერიძემ, რომელიც 4 თვეა მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობს.

ქედის ელექტრო-მიკროავტობუსში რვა სავარძელი და ასევე, ადაპტირებული სივრცეა შშმ პირებისთვის. მიკროავტობუსი დაბა ქედის 4 ძირითად ქუჩაზე მოძრაობს: რუსთაველის, აღმაშენებლის, ტბელ აბუსერიძისა და 9 აპრილის ქუჩებზე.

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ეს პირველი, ადაპტირებული ელექტრო-მიკროავტობუსია, რომელიც მუნიციპალიტეტს იაპონიის საელჩომ გადასცა.

გენადი ბერიძის თქმით, ელექტრო-მიკროავტობუსი მარტივი სამართავია და გაცილებით ნაკლები ხარჯი აქვს, ვიდრე სხვა ავტობუსებს. მძღოლი გვიყვება, რომ მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტს ადაპტირებული ელექტრო-მიკროავტობუსი აქვს, ტრანსპორტით ერთხელ ისარგებლა შშმ პირმა, რომელიც მუნიციპალიტეტიდან მახუნცეთში მიდიოდა.

„4 თვეა მოძრაობს ელექტრო-მიკროავტობუსი ქედაში. კარგად მუშაობს. კონდიციონერიდან დაწყებული, ყველაფერი გამართულია.

მოსახლეობას უნდა, რომ ერთი რეისი მიკროავტობუსმა შუადღეზე გააკეთოს. ეს მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია. ეს მიკროავტობუსი ქედის ქუჩებში მოძრაობს, გზა ყველგან კარგია, პრობლემა არ იქმნება,“ – ამბობს გენადი.

როგორც მან გვითხრა, ელექტრო-მიკროავტობუსით ბევრი ადამიანი სარგებლობს ყოველდღიურად.

ქედის ელექტრო-მიკროავტობუსის კიდევ ერთი მძღოლის, ემზარ დიასამიძის თქმით, მგზავრები ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს ტრანსპორტი ძალიან კომფორტულია.

იაპონიის საელჩომ ქედის მუნიციპალიტეტს ელექტრო-მიკროავტობუსი ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში გადასცა.  პროექტის მენეჯერი მუხრან სალაძეა, ქედის საკრებულოს აპარატის უფროსი.

„მთელი დღის განმავლობაში ემსახურება [ელექტრო-მიკროავტობუსი] მოქალაქეებს, დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე.

მიკროავტობუსი სრულიად ელექტროა, შესაბამისად, გამონაბოლქვსა და მავნე ნივთიერებებს არ გამოყოფს, ეკოლოგიური ტრანსპორტია.

დაბა ქედა იყო მუნიციპალიტეტში ერთადერთი დასახლება, სადაც ტრანსპორტი არ მოძრაობდა. სხვა სოფლებიდან კერძო მიკროავტობუსები გადაადგილდება ქედის ცენტრამდე და ბათუმამდე. შესაბამისად, სოფლის მოსახლეობას საშუალება ჰქონდა ქედის ცენტრში ჩამოსულიყო, მაგრამ ცენტრში სხვადასხვა სერვისის მისაღებად, მაგალითად, საავადმყოფოში, მერიაში ან სასამართლოში რომ მისულიყვნენ, ფეხით ან ტაქსით გადაადგილდებოდნენ, რადგან აქამდე არ იყო დაბაში მუნიციპალური ტრანსპორტი,“ – გვითხრა მუხრან სალაძემ.

მისი თქმით, ქედის მუნიციპალიტეტს სურს კიდევ შეიძინოს მსგავსი ელექტროავტობუსები, რასაც ახლა უკვე სხვა დონორი ორგანიზაციების დახმარებით ცდილობენ, რათა დაბა ქედის უფრო მეტი ქუჩა დაფარონ.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებიც თუ გეგმავენ მსგავსი, ეკოლოგიურად სუფთა, ადაპტირებული ელექტრო-მიკროავტობუსის შეძენას.

ხულოს მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მიმდინარე წლისთვის მსგავსი რამ გათვალისწინებული არ აქვთ და სამომავლოდ შეეცდებიან, დონორ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მოახერხონ ელექტრო-მიკროავტობუსის შეძენა.

შუახევის მერიის პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ ელექტრო-მიკროავტობუსის შესაძენად უკვე მონაწილეობენ იაპონიის საელჩოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: