Batumelebi | „ცხელი ცომეული მძიმეა კუჭ-ნაწლავისთვის“ – რა ნიშნები მიუთითებს კუჭის დაავადებებზე „ცხელი ცომეული მძიმეა კუჭ-ნაწლავისთვის“ – რა ნიშნები მიუთითებს კუჭის დაავადებებზე – Batumelebi
RU | GE  

„ცხელი ცომეული მძიმეა კუჭ-ნაწლავისთვის“ – რა ნიშნები მიუთითებს კუჭის დაავადებებზე

გასტრიტი არ არის ერთი ცალკეული დაავადება, ამ ზოგადი სახელით გარკვეულ მდგომარეობათა ჯგუფს მოიხსენიებენ, რომელთაც ერთი რამ აერთიანებთ: კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება. გასტროენტეროლოგი ლუიზა კალანდაძე ამბობს, რომ გასტრიტისა და წყლულოვანი დაავადებების შემთხვევათა 90%-ში გამომწვევი მიზეზი ჰელიკობაქტერ პილორია, რომელიც უძლებს კუჭის მჟავე ნიადაგს და კუჭის ლორწოვან გარსში ბინადრობს.

MayoClinic: გასტრიტის ჩამოყალიბებას ასევე ხელს უწყობს ზოგიერთი ტკივილგამაყუჩებლისა და ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებაც. 

  • ქალბატონო ლუიზა, რა სიმპტომები შეიძლება იყოს იმის მანიშნებელი, რომ ადამიანს აქვს კუჭის პრობლემები?

ხშირად პაციენტებს აწუხებთ გულძმარვა, მაგრამ უმეტესობა პაციენტებისა არ მიიჩნევს ამ სიმპტომს სერიოზულად, არ აქცევენ ყურადღებას. ეს სიმპტომი შეიძლება გასტრიტის, რეფლუქს-ეზოფაგიტის, წყლულოვანი დაავადების მიმანიშნებელი შეიძლება იყოს, ამიტომ ძალიან საყურადღებოა. ადამიანმა ამ სიმპტომის პირველივე გამოჩენისთანავე უნდა მიმართოს ექიმს.

შემდეგ შეიძლება დაემატოს სხვა სიმპტომებიც, ისეთი, როგორიცაა, მაგალითად, ტკივილები მუცლის არეში. თუ გასტრიტთან გვაქვს საქმე, ტკივილები შეიძლება აღინიშნებოდეს ჭამის შემდეგ, მაშინვე, ან ერთი საათის შემდეგ. წყლულოვანი დაავადების დროს ტკივილი ჩნდება 1.5-2 საათის შემდეგ [თორმეტგოჯა ნაწლავი მაქვს მხედველობაში]. გარდა ამისა, შეიძლება იყოს შებერილობა, გულისრევის შეგრძნება, ბოყინი, ღებინება. თუ ღებინებისას შენიშნავთ ყავის ნალექის ფერს, ეს უკვე მიუთითებს, რომ პაციენტს წყლულიდან ან ეროზიიდან აქვს სისხლდენა.

  • ისეთი სიმპტომი, როგორიც გულძმარვაა, კუჭის პრობლემებისას სპეციფიკური საკვების მიღებას მოსდევს?

დასაწყისში შეიძლება გულძმარვა კონკრეტული ტიპის საჭმლის ჭამისას ჩნდებოდეს, მაგალითად, შემწვარი ან ცხარე საჭმლის მიღების დროს, ტომატიანი, პომიდვრიანი კერძების მირთმევისას; მაიონეზი, გაზიანი სასმელები შეიძლება იწვევდეს გულძმარვას და ბოყინს. მაგრამ თუ ჩვეულებრივი საკვების დროსაც გვაქვს ეს სიმპტომი, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს. შეიძლება საყლაპავის თიაქარს ჰქონდეს ადგილი, რაც უკვე დადასტურდება კვლევებით, კონკრეტულად – გასტროენდოსკოპიის ჩატარებით.

  • ხშირი სლოკინი რამდენად შეიძლება კუჭის პრობლემებს უკავშირდებოდეს?

სლოკინი ეს დიაფრაგმის გაღიზიანებაა და შეიძლება იყოს ერთ-ერთი სიმპტომი, მაგრამ წამყვანი სიმპტომი არ არის გასტრიტისთვის. სლოკინი შეიძლება აღინიშნოს შებერილობის დროს, როცა თიაქარი ღიზიანდება, თუმცა გასტრისტისთვის და წყლულოვანი დაავადებისთვის წამყვანი სიმპტომი ნამდვილად არ არის.

  • ვინ არიან რისკ-ჯგუფში და რატომ – რა აღიზიანებს კუჭს?

რისკ-ჯგუფში შეიძლება იყონ როგორც ასაკოვანი, ისე ახალგაზრდა ადამიანები. მოგეხსენებათ, რომ ასაკში ბევრ ადამიანს აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ამის გამო ჭარბად მოიხმარენ მედიკამენტებს, წნევის წამლებს, პროტრომბინის დამწევ პრეპარატებს, ანტიკოაგულანტებს და ამის გამო შეიძლება მოხდეს გაღიზიანება, კუჭის წყლულის ეროზიაც, სისხლდენაც.

გარდა ამისა, ის პაციენტები, რომლებსაც აწუხებთ სახსრები, აქვთ ხერხემლის დაავადება, ხშირად მოიხმარენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს და ასევე მოსალოდნელია გასტრიტი, წყლულოვანი დაავადებები. რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათთან მაპროვოცირებელი, პირველ რიგში, არის არასწორი კვება – როგორც კვების რეჟიმის დარღვევა, ისე არადიეტური კვება, მაგალითად „ფასთ ფუდი“ არ შეიძლება იყოს რეგულარული საკვები, რადგან ცხელი, ახალგამომცხვარი ცომეული ძალიან მძიმეა კუჭ-ნაწლავისთვის.

  • როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

როცა უკიდურესად შემაწუხებელი ხდება სხვადასხვა სიმპტომი, პაციენტი უკვე თავისით მოდის ექიმთან, თუ არადა და მიდის აფთიაქში და იქ ფარმაცევტის რჩევით ყიდულობს რაღაცას, რაც არასწორია. მე მაინც რეკომენდაციას ვაძლევ ყველას, რომ სჯობს ექიმთან მივიდნენ და დაადგინონ რა აწუხებთ, იმიტომ, რომ ხშირი გულძმარვის მიზეზი მარტო წყლულოვანი დაავადება და გასტრიტი არ არის, საჭიროა ნაღვლის ბუშტის გამოკვლევაც, არის თუ არა მაგალითად, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება. ამ დროს პრეპარატების თვითნებურად მიღება არ შეიძლება, იმიტომ, რომ შეიძლება ეს პრეპარატი ნაღვლმდენი იყოს და გამოიწვიოს კენჭის ჩაჭედვა.

  • რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობა და ძირითადად რა ტიპის მკურნალობა ინიშნება?

გააჩნია დიაგნოზს. მაგალითად, თუ გასტროეზოფაგური რეფლექსური დაავადებაა, დაახლოებით ორი თვეა საჭირო; წყლულოვანი დაავადებისთვის  – ორი თვე და შემდეგ ერთი თვის მანძილზე, რა თქმა უნდა, დიეტა. გასტრიტების დროს, ძირითადად, ერთი თვე საკმარისია სამკურნალოდ, მაგრამ იზოლირებულად გასტრიტი არ არსებობს, იქ ნაღვლის ბუშტიც არის გაღიზიანებული, ნაწლავების დისბაქტერიოზიც არსებობს ამ დროს. მყავს ისეთი მოწესრიგებული პაციენტებიც, რომლებიც რეგულარულად დადიან და ეტაპობრივად ვმკურნალობთ, მაგალითად, გასტრიტის შემდეგ ვმკურნალობთ იმ ქრონიკულ ქოლეცისტიტს, დისბაქტერიოზს და ეს რაღაც დროს მოიცავს, ცხადია. შეიძლება იყოს 3-4 თვეც და მეტიც. ყაბზობას უფრო დიდხნიანი მკურნალობა სჭირდება, მაგალითად.

  • როგორია დიეტა იმ ადამიანებისთვის, ვისაც გასტრიტის საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს?

ძირითადად უნდა მიირთვან მოხარშული საკვები. უნდა გამოირიცხოს რძე, მაწონი, მაიონეზი, ტომატი და კეჩუპი; ასევე, უნდა გამოირიცხოს შემწვარი საკვები, სანელებლები, გაზიანი  სასმელები. ხილიდან რეკომენდირებულია ძირითადად ვაშლი, ატამი და ბანანი, არ შეიძლება ყურძენი, ლეღვი, კენკროვანები და, ასევე, ციტრუსებიც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან