მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აჭარაში მხოლოდ ხულოსა და ქედაში არ აქვთ პროგრამა მარტოხელა დედებისთვის

19.04.2022 • 1683
აჭარაში მხოლოდ ხულოსა და ქედაში არ აქვთ პროგრამა მარტოხელა დედებისთვის

საქართველოში მარტოხელა მშობლის დასახმარებლად მთავრობას ერთიანი სტრატეგია არ აქვს. თითოეულ მუნიციპალიტეტს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება როგორ დაეხმაროს მარტოხელა მშობელს, რომელთა უმრავლესობა მარტოხელა დედაა ან საერთოდ, დაეხმაროს თუ არა.

ეს აჭარის მაგალითზეც ცხადად ჩანს. აჭარის 6 მუნიციპალიტეტიდან მარტოხელა მშობლების მხარდაჭერის პროგრამა 3 მუნიციპალიტეტშია, ერთ მუნიციპალიტეტში მაისიდან ამოქმედდება, 2 მუნიციპალიტეტში კი საერთოდ არ არის. მუნიციპალიტეტებში სხვადასხვაა მარტოხელა მშობლების მხარდაჭერისთვის განკუთვნილი დახმარება და მიდგომაც.

ბათუმის მუნიციპალიტეტში მარტოხელა მშობლების ყოველთვიური დახმარების პროგრამა რამდენიმე წელია მოქმედებს. თავიდან პროგრამა ყოველთვიურად 60 ლარით დახმარებას ითვალისწინებდა, თუმცა  2020 წელს თანხა გაორმაგდა და ახლა ბათუმის მუნიციპალიტეტი მარტოხელა მშობლებზე ყოველთვიურად 120 ლარს გასცემს. მერიის პრესსამსახურის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ბათუმში 295 მარტოხელა მშობელია.

მარტოხელა მშობლების დახმარების პროგრამა ქობულეთის მუნიციპალიტეტშიც მოქმედებს. პროგრამა 2021 წლიდან ამოქმედდა. აქ მარტოხელა მშობლები ყოველთვიურად  100 ლარს იღებენ. როგორც ქობულეთის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, გასულ წელს პროგრამაში ჩართული იყო 24 მარტოხელა მშობელი, მიმდინარე წელს კი ჩართულია 26.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მარტოხელა მშობლების მხარდაჭერის პროგრამა 2019 წელს ამოქმედდა, აქ დახმარებას მარტოხელა მშობლები არა ყოველთვიურად, არამედ წელიწადში ერთხელ, ყოველი წლის 3 მარტს იღებენ, 1000 ლარის ოდენობით.

„წელს ამ პროგრამით 29 მარტოხელა მშობელმა ისარგებლა და გადაეცათ 1000 ლარი. 3 მარტის შემდეგ 4 მარტოხელა მშობლის განაცხადი მივიღეთ, რომლებსაც ასევე გადაეცემათ ეს თანხა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ჯამში 33 მარტოხელა მშობელია“, – გვითხრეს ხელვაჩაურის მერიის პრესსამსახური.

შუახევის მუნიციპალიტეტში 2022 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მარტოხელა მშობლები ყოველთვიურად 100 ლარს მიიღებენ. თუმცა შუახევში მხოლოდ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლებს დაეხმარებიან. მიუხედავად იმისა, რომ შუახევში სულ 8 მარტოხელა მშობელია რეგისტრირებული, დახმარებას მათგან მხოლოდ 4 მიიღებს და არა ყველა.

აჭარაში მხოლოდ ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებს არ აქვთ პროგრამა მარტოხელა მშობლების მხარდასაჭერად.

„მსგავსი პროგრამის ამოქმედებაზე ჯერჯერობით საუბარიც არ არის“, – გვითხრეს ქედის მერიის პრესსამსახურში.

„ბათუმელები“ ესაუბრა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“, მზია ბოლქვაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ქედის საკრებულოს   წევრთან ერთად მუშაობს პროგრამის შემუშავებაზე მარტოხელა მშობლებისთვის და უახლოეს მომავალში წარუდგენენ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად.

„ამ პროგრამას შესაძლოა ერთჯერადი სახე ჰქონდეს და არ იყოს ყოველთვიური, რადგან ბიუჯეტი სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე უკვე გათვლილია. გვსურს, ერთჯერადი დახმარების მიღება მაინც შეძლოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ყველა მარტოხელა მშობელმა და წლის განმავლობაში გადანაწილდეს დახმარების გაცემა მათზე პრიორიტეტების მიხედვით. დავუშვათ, შვილის სწავლის დაფინანსება უნდა მარტოხელა მშობელს, ან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, კომუნალურების დაფარვა სჭირდება და ა.შ.“, – ამბობს მზია ბოლქვაძე.

საკრებულოს წევრს მოლოდინი აქვს, რომ ამ ინიციატივას ქედის საკრებულო დაამტკიცებს. მზია ბოლქვაძემ გვითხრა, რომ თავადაც მარტოხელა დედაა და კარგად იცის, თუ რა გზის გავლა უწევთ მარტოხელა მშობლებს.

მარტოხელა მშობლებისთვის პროგრამა არ აქვთ არც ხულოს მუნიციპალიტეტში.

ამ საკითხთან დაკავშირებით ხულოს საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“, ნარგიზ დეკანაძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ხულოს მერიას 20-მდე მარტოხელა მშობლის განცხადება აქვს მიღებული, რომლებიც შესასწავლია, თუმცა განაცხადების უმრავლესობა საცხოვრებლის არქონაზეა.

„ძირითადად საკითხი იდგა, რომ მარტოხელა დედებს, ყველას ერთიანად, საცხოვრისის პრობლემა ჰქონდათ. ამიტომ ჩვენ, როცა ბიუჯეტს განვიხილავდით, მათთვის საცხოვრებელი სახლის აშენების საკითხი დავაყენეთ. ეს ინიციატივა საკრებულოს ჰქონდა. ამას მოვითხოვდი ადრე მეც, ბიუჯეტის განხილვის დროს და პირადად მერის ინიციატივა და სურვილიც იყო ამ სახლის აშენება, თუ ამის შესაძლებლობა იქნება ბიუჯეტის გათვალისწინებით“ – ამბობს ნარგიზ დეკანაძე.

მისი თქმით, ეს საკითხი ბიუჯეტის განხილვის დროს ჩაიწერა შენიშვნებშიც, თუმცა საკითხის ჩასმა ვერ მოხერხდა.

„ჩემი პირადი მოლოდინია, რომ თუ კი თანხა გაჩნდება, ამ ინიციატივის მხარდაჭერა იქნება როგორც საკრებულოსგან, ასევე მერიისგან“, – გვითხრა ნარგიზ დეკანაძემ.

ამ დრომდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მარტოხელა მშობელი არის მარტოხელა დედა/მამა, რომელსაც ჰყავს რეგისტრირებული ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში არ არის შეტანილი ბავშვის მამის/დედის მონაცემები.

საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსი 4500-მდე ქალს აქვს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: