მთავარი,სიახლეები

რატომ ყარს ახალი ბულვარი და რატომ არ აქვს პასუხი მერიას

01.08.2022 •
რატომ ყარს ახალი ბულვარი და რატომ არ აქვს პასუხი მერიას

შუაგული ზღვის სეზონის მიუხედავად, ახალი ბულვარის ბოლოსკენ ზოგჯერ პრომინადი თითქმის ცარიელია. მიზეზი მძაფრი, უსიამოვნო სუნია, რომელიც პერიოდულად ადლიის დასახლებასა და მათ შორის, ტურისტული ბათუმის ახალი ბულვარის ნაწილში გასეირნებასაც კი, უსიამოვნოს ხდის.

„რა სუნია?“, „რატომ ყარს?“ – ამ შინაარსის კითხვებს სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ტურისტებს შორის გაიგონებთ ახალ ბულვარში სეირნობისას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არის დღეები, როცა ფეკალიების სუნი არც ახალ ბულვარში შეგაწუხებთ.

„ასეა ეს ადგილი სულ, რაც თავი მახსოვს, მაგრამ ამ ბოლო დროს კიდევ უფრო გამძაფრდა, გაიზარდა ბათუმი და ნაგავსაყრელიც გაიზარდა ალბათ,“ – გვითხრა ერთმა ადგილობრივმა, რომელიც იქვე, ახალ ბულვარში კორპუსის მშენებლობაზე მუშაობს. მისთვის, ბათუმელებისა და ტურისტებისთვის ბათუმის მერიას არ აქვს პასუხი: რის გამოა ფეკალიების მძაფრი სუნი ახალ ბულვარში და რატომ ვერ ახერხებს წლობით ამ პრობლემის მოგვარებას ადგილობრივი ხელისუფლება?

ახალი ბულვარის ეს ნაწილი, სადაც მძაფრი, უსიამოვნო სუნი ხშირად იგრძნობა, ადლიის სანაპიროა, ადლიასა და აეროპორტის დასახლებაში კი, ამ დრომდე საკანალიზაციო სისტემის გარეშე ცხოვრობს ხალხი. ადლიელების ნაწილი დარწმუნებულია, რომ სუნი ნაგავსაყრელიდან მოდის, რომელიც იქვე ახლოს, მდინარე ჭოროხის სანაპიროზეა მოწყობილი, ყოველგვარი წესების გარეშე და ქარის დროს სუნი განსაკუთრებით შემაწუხებელი ხდება.

მოსახლეობის ნაწილი კი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სუნი ასე შემაწუხებელი წლების წინ არ იყო, როცა ნაგავსაყრელი ისევ ჭოროხის სანაპიროზე იყო მოწყობილი. არსებობს ვერსია, რომ სპეციფიკური სუნი ადლიის გამწმენდი ნაგებობიდან მოდის, სადაც ფაქტია, რომ დღემდე გოგირდ-წყალბადის სუნის გაუვნებელყოფა ვერ ხერხდება.

უცნობია, არსებული გამწმენდი ნაგებობა თავისი მოცულობით უმკლავდება თუ ვერა ფილტრაციას, იმ ფონზე, როდესაც ქალაქის მასშტაბები გაიზარდა და ისევ იზრდება. შესაბამისად, არავინ სცემს კითხვას პასუხს, ეს დაწესებულება ხომ არ არის ატმოსფერულ ჰაერში ტოქსინებისა და არასასიამოვნო სუნის ემისიის წყარო.

საინტერესო ერთი გარემოებაა: „ბათუმის წყალი“ გამორიცხავს იმას, რომ სუნი „გოგირდ-წყალბადს“ უკავშირდებოდეს. „არა მგონია, ამხელა სუნი ნაგავსაყრელიდან მოდიოდეს“ – ამას ის ამბობს, ვინც ახალ ნაგავსაყრელს აწყობს ქობულეთში და უნდა დახუროს არსებული ნაგავსაყრელი.

ბათუმის მერია კი, საერთოდ არაფერს ამბობს.

„ეს ნაგავსაყრელი დაიხურება და სუნი შემცირდება, მაგრამ არ ვიცი, ბუნებრივია, ნაგავსაყრელი ყველა წესის გარეშეა იქ და არის პრობლემა… ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ნაგავსაყრელი დაიხუროს დროზე,“ – გვითხრა ნოდარ კონცელიძემ, რომელიც სახელმწიფო შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორია და ჯერ ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს – როდის მოხერხდება არსებული ნაგავსაყრელის დახურვა? გაქრება კი სუნი მას შემდეგ, რაც ნაგავსაყრელი ჭოროხის სანაპიროზე აღარ იქნება?

„მე ამის ინფორმაცია არ მაქვს,“ – გვითხრა ნოდარ კონცელიძემ ბოლო კითხვაზე, ანუ უზრუნველყოფს თუ არა ნაგავსაყრელის გაუქმება იმას, რომ ახალ ბულვარში ისევ არ იქნება მძაფრი სუნი.

რაც შეეხება არსებულ ნაგავსაყრელს, ნოდარ კონცელიძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ კონსერვაციის კონცეფციაზე ამ დროისთვის გერმანული საკონსულტაციო კომპანია მუშაობს და, სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება ქობულეთსა და ბათუმში არსებული ნაგავსაყრელების ეტაპობრივი დახურვა.

„შემდეგ დასჭირდება 6 თვე, ეს იქნება პარალელური პროცესი“, – დასძინა ნოდარ კონცელიძემ, „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ ხელმძღვანელმა.

ნოდარ კონცელიძის თქმით, ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში უკვე დასრულდა ახალი ნაგავსაყრელის პოლიგონის მშენებლობა და ამ დროისთვის გადამტვირთი ნაგებობის მოწყობისთვის ემზადებიან. ამ ნაგებობაში უნდა მოიყაროს თავი ნარჩენებმა აჭარის მუნიციპალიტეტებიდან, რასაც შესაბამისი ტექნიკით გადაზიდავენ ქობულეთის ნაგავსაყრელზე.

„მიმდინარეობს ამ სადგურის დაგეგმარება, ჯერ კონცეფცია არ არის შემუშავებული… გადამტვირთი სადგური წელს ვერ მოესწრება, ალბათ ორი თვე გადავა შემდეგ წელში. ეს უნდა იყოს დახურული ტიპის სადგური, შესაბამისად აღჭურვილი, რომლის ანალოგიც საქართველოში არ გვაქვს,“ – განმარტავს ნოდარ კონცელიძე.

„აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში“ გვითხრეს ისიც, რომ ამ დროისთვის ასევე ელოდებიან მოძრავი ტექნიკის შეძენას, რაც ახალ ნაგავსაყრელს ექსპლუატაციისთვის დასჭირდება.

„შესაბამისი დოკუმენტაცია გაგზავნილია ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკში და ველით თანხმობას ტენდერზე დასადებად, უახლოეს პერიოდში ტენდერი უნდა გამოცხადდეს, საუბარია კონტეინერზე, სადაც სახიფათო ნარჩენები უნდა განთავსდეს, კომპაქტორი, კრანი, მტვირთავები, მცლელები, შიდა გადაზიდვის ტექნიკა… ეს ტექნიკა წლის ბოლომდე უნდა იქნას მოწოდებული და როგორც კი გვექნება, დავიწყებთ ოპერირებას“, – აღნიშნა ნოდარ კონცელიძემ.

ბათუმის ახალი ნაგავსაყარის პროექტზე მუშაობა 2010 წელს დაიწყო, თუმცა 7 მილიონი ევრო სესხის და გრანტის აუთვისებლობის გამო წლებია სახელმწიფოს ვალდებულების საკომისიოს გადახდაც უწევს. სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი, 2021 წელსაც, დაბალი ათვისების საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალშია.

პროექტი 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გადავადების მიზეზად, ძირითადად პანდემია დასახელდა. შემდეგ დასრულების თარიღად 2022 წლის ივნისი დაასახელეს, ამჯერად კი, 2022 წლის ბოლო.

რატომ ვერ ახერხებს გოგირდ-წყალბადის სუნის გაუვნებელყოფას „ბათუმის წყალი“, რომელსაც ადლიის გამწმენდი ნაგებობა ეკუთვნის? შეგახსენებთ, რომ გამწმენდი ნაგებობაც ამ დასახლებაშია მოწყობილი, აეროპორტთან ახლოს  – „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის [KFW] -ის დაფინანსებით, „მე-5 ფაზის ფარგლებში გათვალისწინებულია ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირება,“ – მოგვწერეს „ბათუმის წყლიდან“.

„ბათუმელები“ კონკრეტულად გოგირდ-წყალბადის სუნის გაუვნებელყოფაზე წერდა 2018 წელსაც, თუმცა კომპანიაში ახლაც ვერ ასახელებენ კონკრეტულ თარიღს, როდის მოხერხდება გოგირდ-წყალბადის სუნის გაუვნებელყოფა, რადგან „პროექტირება დასრულებული არის“. „ბათუმის წყლის“ პრესცენტრში აცხადებენ, რომ მძაფრი სუნი ახალ ბულვარსა თუ ადლიაში გოგირდ-წყალბადს არ უკავშირდება და „ეს ნაგვის სუნია“.

ბათუმის მერიის პრესცენტრიდან სამუშაო დღის ბოლომდე ამ პრობლემაზე ინფორმაცია არ მოგვაწოდეს.

„ბათუმელები“ მომავალშიც შეეცდება ამ უწყებისგან ინფორმაციის მიღებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: