ნეტგაზეთი • RU

1 პირის კვება თბილისის უფასო სასადილოებში 1 ლარი და 30 თეთრი ღირს, რეგიონებში – ცოტა მეტი

სახალხო დამცველის აპარატმა 2022 წლის თებერვალსა და მარტში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, საქართველოს 25 მუნიციპალიტეტში მოქმედი 59 უფასო სასადილო შეამოწმა. სახალხო დამცველის შეფასებით, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა, როგორც საკვების მიწოდების სერვისის, ასევე, სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით პასუხობს მინიმალურ მოთხოვნებს. თუმცა ერთიანი სურათი არადამაკმაყოფილებელია.

უფასო სასადილოების სახელმწიფო პროგრამა თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს, სერვისის მიზანია სათანადო კვების უფლების რეალიზება მოსახლეობისთვის. სათანადო კვების უფლება გულისხმობს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის საჭირო საკვებზე ხელმისაწვდომობას, შესაბამისი კალორიების, ცილების და სხვა სპეციფიკური საკვები ნივთიერებების მინიმალური რაციონის ჩათვლით.

კერძოდ, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ:

  • ქვეყანაში არ არსებობს უფასო სასადილოს სერვისის მართვის და მიწოდების ერთიანი სტანდარტი. შესაბამისად, მთელი ქვეყნის მასშტაბით სტანდარტულად არ არის დადგენილი გასაცემი საკვების ოდენობა და კალორაჟი, ფიზიკური გარემოს მოწყობის, უსაფრთხოების დაცვისა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის კუთხით სავალდებულო მოთხოვნები.
  • სერვისის განხორციელებისას გათვალისწინებული არ არის ბენეფიციართა კვებითი საჭიროებები და რაციონი, ძირითადად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მენიუში გათვალისწინებული არ არის სადილის ენერგეტიკული ღირებულება, ბენეფიციართა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი.
  • საკვები მენიუს შედგენაში არ არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კვების მენიუს ადგენს ბუღალტერი და არა შესაბამისი დარგის სპეციალისტი.
  • უმრავლეს შემთხვევაში, მენიუ მთელი წლის განმავლობაში არ იცვლება.
  • საგულისხმოა შემთხვევები, განსაკუთრებით თბილისში, როცა ბენეფიციარები სასადილოებიდან იღებენ მხოლოდ პურს. კერძოდ, თბილისის სასადილოებში კონკრეტულ დღეებში, როდესაც მენიუში მხოლოდ წვნიანებია (ბარდის წვნიანი, ლობიოს წვნიანი, ვეგეტარიანული ბორშჩი) ბენეფიციარებს სასადილოდან გააქვთ მხოლოდ პური. ეს შეიძლება აიხსნას, როგორც ბენეფიციართა მიერ საკვების გემოვნური თვისებების დაწუნებით, ასევე, კალორაჟის სიმცირით. მენიუში კვირის განმავლობაში მხოლოდ ორი დღეა გათვალისწინებული ნოყიერი კერძი ხორცით, შესაბამისად ბენეფიციარების მოთხოვნა ამ დღეებში უფრო იზრდება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ სასადილოში აკრძალულია მხოლოდ პურის გატანა.
  • სასადილოებზე გამოყოფილი თანხის ოდენობის სიმცირე განსაკუთრებით თვალშისაცემია თბილისის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში, სადაც თითო ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხა 1 ლარი და 30 თეთრია. ეს ნაკლებია რეგიონებში ერთ ბენეფიციარზე გათვლილ დღიურ ოდენობაზე (მაგალითად, ბორჯომში – 2.47 ლარია, ქუთაისში – 2.50 ლარი, ახალციხეში – 2.05 ლარი, სამტრედიაში – 2.20 ლარი, თელავში -2.65).

უფასო სასადილოები, როგორც წესი, განთავსებულია ადმინისტრაციულ ცენტრებში და ზოგიერთ შემთხვევაში მომსახურების მისაღებად შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარებს დიდ მანძილზე უწევთ გადაადგილება. მაგალითად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ყველაზე შორს მდებარე სოფელში მცხოვრებ ბენეფიციარს დაახლოებით 30 კილომეტრის გავლა უწევს ყოველდღიურად, რათა ისარგებლოს უფასო სასადილოს მომსახურებით, ხოლო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მცხოვრებს – 15 კმ-ის.

უფასო სასადილოს ბენეფიციარების ძირითად სიებთან ერთად, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში არ აქვთ დამატებითი სიები. შესაბამისად, მომლოდინე პირებს მუნიციპალიტეტი განუმარტავს, რომ უფასო სასადილოთი სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ ძირითადი სიიდან პირი გარდაცვალების, ან სხვა მიზეზით ამოირიცხება.

მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებათა უმრავლესობა არ აკმაყოფილებს უნივერსალური დიზაინის სტანდარტს. ობიექტებში არ არის დამონტაჟებული ლიფტები, ზოგიერთ შესასვლელში არ არის პანდუსი და შენობაში შეღწევა მხოლოდ კიბეებითაა შესაძლებელი. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ თითქმის ყველა სივრცის შესასვლელში, მათ შორის იქაც, სადაც პანდუსია, გვხვდება ზღურბლი, რაც აბრკოლებს ეტლით მოსარგებლე პირის დამოუკიდებლად გადაადგილებას.

პრობლემას წარმოადგენს მუნიციპალიტეტების მხრიდან სერვისით მოსარგებლეთა სეგრერირებული სტატისტიკის წარმოება შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით. არ მუშავდება ინფორმაცია სერვისის მომხმარებელი მოქალაქეების სპეციალურ კვებით მოთხოვნილებებზე (მათ შორის საყურადღებო ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირთა, ბავშვთა, ორსულთა, გერიატრიულ კვებით საჭიროებებზე).

„იდენტიფიცირებული გამოწვევები ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს უფასო სასადილოებით მომსახურების მინიმალური სტანდარტების შემუშავება და დამტკიცება, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სერვისის მართვასთან, მენიუს კალორაჟთან, კვების ხარისხთან, უსაფრთხოებასთან, სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებთან, კვების ბლოკების კეთილმოწყობა-აღჭურვასთან, ჰიგიენური ნორმების დაცვასთან დაკავშირებული და სხვა რელევანტური საკითხები.

ასევე, მნიშვნელოვანია ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა შეისწავლონ საკვების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით თავიანთი მუნიციპალიტეტის საჭიროებები და შეაგროვონ სტატისტიკური მონაცემები. საჭიროების შესაბამისად საკვებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გაზარდონ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მოიძიონ დამატებითი სახსრები“ – წერია სახალხო დამცველის დასკვნაში.

მონიტორინგი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან