მთავარი,სიახლეები

„ტერიტორია საფრთხის შემცვლელია“ – რა წერია სამხარაულის დასკვნაში წაბლანის მეწყერზე

01.08.2022 • 2313
„ტერიტორია საფრთხის შემცვლელია“ – რა წერია სამხარაულის დასკვნაში წაბლანის მეწყერზე

ხულოში, სოფელ წაბლანაში, ის ადგილი, სადაც სკოლის აშენება იგეგმებოდა, მეწყერსაშიშია. ამ ადგილას ახალი სკოლა ვეღარ აშენდება, მეტიც, საფრთხის შემცველია სკოლის მიმდებარე ის ტერიტორიაც, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს.

ამას ამბობს სამხარაულის ბიუროს დასკვნა, რომელიც 2022 წლის მაისის ბოლოს მოამზადეს სპეციალისტებმა.

კერძოდ, დასკვნაში ვკითხულობთ:

„წაბლანაში საცხოვრებელი სახლებისა და საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია მდებარეობს გეოდინამიკური პროცესების მუდმივი წარმოქმნა/განვითარების მაღალი რისკის ზონაში.

ფერდობებზე მიმდინარე გეოდინამიკური პროცესები საშიშროებას წარმოადგენს არა მხოლოდ აჭარის გეოლოგიური სამსახურის დასკვნაში მითითებული საცხოვრებელი სახლების [მოქალაქეები: როლანდ შაინიძე, ბეგლარ შაინიძე, ზებურ შაინიძე, რომან შაინიძე, ნოდარ დავითაძე, ნადია შაინიძე, რამინ შაინიძე] და საჯარო სკოლისთვის, არამედ, საფრთხის შემცვლელია სოფლის ტერიტორიაზე მდებარე სხვა სახლებისა და ნაგებობებისთვის და მდინარე სხალთისწყლის ხეობის შესაბამის მონაკვეთში მდებარე ინფრასტრუქტურისთვისაც  – საავტომობილო გზები, ხიდები, საცხოვრებელი სახლები და სხვა“.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში ასევე წერია, რომ აქ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება ვერ იქნება ეფექტური, რადგან გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა ისევ ჩამოყალიბდეს და განვითარდეს მეწყრული პროცესები, რის გამოც გამოკვლეული ტერიტორიისა და მისი მიმდებარე არეალის საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

წაბლანაში, იმ ტერიტორიაზე, რომელზეც დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს საფრთხისშემცველი ადგილია, ოჯახები დღემდე ცხოვრობენ.

ფოტოები წაბლანიდან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაში

სამხარაულის ექპერტიზის დასკვნამდე იყო აჭარის გეოლოგიური სამსახურის მიერ მომზადებული კიდევ ერთი დასკვნა 2021 წლის ბოლოს, რომელზე დაყრდნობითაც ხულოს მერიამ  წაბლანელი 5 ოჯახი ზამთარში, დროებით საცხოვრებლებში გადაიყვანა.

თუმცა ეს ოჯახები  წელს, გაზაფხულზე, ჯერ კიდევ მაშინ დაბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, სანამ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მომზადდებოდა და ახლაც იქ რჩებიან.

ახლა წაბლანაში 120 ოჯახი ცხოვრობს, მათგან 100 ოჯახი სოფლის მუდმივი მცხოვრებია.

წაბლანა აჭარაში მეწყრისგან ყველაზე მეტად დაზარალებული სოფელია. ხულოს ამ სოფელში 1989 წლის 19 აპრილს ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად  23 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, სამი ბავშვი, ასობით ოჯახი კი უსახლკაროდ დარჩა.

  • როგორ ცხოვრობენ წაბლანელები შიშის ქვეშ

ბეგლარ შაინიძის ოჯახი ერთ-ერთია იმ ოჯახებს შორის, რომლებიც მეწყრის განვითარების რისკის გამო ზამთარში დროებით გაიყვანეს სახლიდან. ბეგლარი თვეებია სახლში დაბრუნდა და ისევ მეწყრის საფრთხის ქვეშ ცხოვრობს.

ბეგლარი ამბობს, რომ სოფელს ვერ ტოვებს, რადგან საკუთარი სახლი ენანება, რომელიც დიდი შრომის ფასად აქვს შეძენილი.

„სახიფათოა აქ ყოფნა, ერთი ზამთრის გადატანაც. მეზობლად არც ერთი ცარიელი სახლი არ არის. ამოსულია ყველა საკუთარ სახლებში, ხვნა-თესვა აწარმოეს და მუშაობენ, რჩებიან აქ, სად უნდა წავიდნენ?!

მოვიდნენ, ნახონ, კიდევ ერთხელ შეამოწმონ. ყველა ვხვდებით, რომ აქ ცხოვრება უკვე საშიშია. რა გამოსავალი მაქვს, ზამთარში ხომ უნდა ვჭამო,“ – გვითხრა ბეგლარ შაინიძემ.

წაბლანელებმა 1989 წელს მომხდარი დამანგრეველი მეწყრის გამო [მაშინ წაბლანაში მეწყერმა 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა] კომპენსაცია 20 წლის დაგვიანებით, რამდენიმე წლის წინ მიიღეს მთავრობისგან. კომპენსაცია ბინა ბათუმში და ბინის გასარემონტებლად განკუთვნილი თანხა იყო.

ახლა სოფელში ამბობენ, რომ 20 წელიწადში 1989 წლის მეწყრის შედეგად დაზარალებული ოჯახების წევრთა რაოდენობა გაიზარდა და კომპენსაციის სახით გადაცემული ბინა უკვე საკმარისი აღარ აღმოჩნდა მათთვის საცხოვრებლად.

ბეგლარ შაინიძე ამბობს, რომ მისი 7-წევრიანი ოჯახი კომპენსაციის სახით მიღებულ ბინაში ცხოვრებას ვერ შეძლებს. იმავეს ამბობს წაბლანელი ნინო ნაჩაიძეც, რომლის ოჯახშიც, მისივე თქმით, 8 სულია.

„მერიას არაერთხელ მივმართეთ. გვპასუხობენ, რომ გაქვთ საცხოვრებელი ფართები და შეგიძლიათ წახვიდეთ, იცხოვროთ იქო.

60 კვადრატ ბინაში 8-წევრიანი ოჯახი თუ იცხოვრებს? ვერ ვიცხოვრებთ, გაუსაძლისი პირობები იქნება. ქალაქში წავიდე, რით ვიცხოვრო, რით ვირჩინო თავი?!“, – ამბობს ნინო.

მან იცის, რომ გეოლოგიური დასკვნის მიხედვით მის საცხოვრებელ სახლში დარჩენა არ არის უსაფრთხო, ამიტომ, როცა ავდარია, მეზობელ სოფელში მცხოვრებ მამასთან ან ბიძასთან რჩება.

ნინო ამბობს, რომ სახლში გაჩერება ღამითაც ეშინია და დღისითაც, რადგან ზუსტად იმ ადგილის თავზე ცხოვრობს, სადაც მეწყერი ჩამოწვა.

მისი თქმით, 1989 წლის ტრაგედიისას მზიანი ამინდი იყო და ვერავინ წარმოიდგენდა ამ საშინელებას.

„მეწყრისთვის დარს და ავდარს არ აქვს მნიშვნელობა, რა დროს მოსკდება [მიწა] არავინ იცის“, – ამბობს ნინო.

  • რას ამბობენ ხულოს მერიაში

„ბათუმელები“ დაინტერესდა, რა ზომებს მიმართეს ხულოს მერიაში სოფელ წაბლანაზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ. ჩვენ ხულოს მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის უფროსს, ჯამბულატ მელაძეს ვესაუბრეთ.

„[წაბლანის] მოსახლეობამ ჩვენთან გაიარა კონსულტაცია. მათ გაიარეს რეგისტრაცია იუსტიციის სახლში, ეკომიგრანტთა ბაზაში. უახლოეს პერიოდში მოვა სია, უკვე მოვიდა ნაწილი, 3-7 კომლია. როცა სრულად მოვა, ერთიანად მოხდება კატეგორიის მინიჭება. შემდეგ გაიგზავნება დოკუმენტაცია ზემდგომ ორგანოში, მოხდება პრიორიტეტული ქულის მინიჭება და მოხდება მათი [ეკომიგრანტების] პროგრამაში განხილვა.

თუ დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, ჩაერთვებიან პროგრამაში, ვინც ვერ დააკმაყოფილებს -ეთქმებათ უარი,“ – გვითხრა მან.

გაიყვანს თუ არა მერია ისევ დროებით სხვა ადგილას საცხოვრებლად იმ ოჯახებს, რომელთაც მეწყერსაშიშ ადგილას ცხოვრობენ? – ჯამბულატ მელაძემ გვითხრა, რომ მათი ქირით გაყვანის საკითხზე კომისია იმსჯელებს.

წაბლანაში მეწყრული პროცესების გააქტიურებამდე ახალი სკოლის მშენებლობა იყო დაგეგმილი წაბლანის ამჟამინდელი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, სამხარაულის დასკვნის მიხედვით კი, ეს ტერიტორია საფრთხის შემცველია. აშენდება თუ არა წაბლანაში ახალი სკოლა და სად?  – ამის შესახებ ხულოს რესურსცენტრის მოვალეობის შემსრულებელს, გენადი აბაშიძეს ვკითხეთ.

მან გვითხრა, რომ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„მიმდინარეობს მოკვლევა, არის რამდენიმე ვარიანტი ისევ სოფელში და როცა აღნიშნული ნიადაგი იქნება შესწავლილი და თუ გადაწყდება, რომ ადგილი უსაფრთხოა, მაშინ აშენდება სამსართულიანი, 200 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სკოლის მშენებლობისთვის ალტერნატიული ადგილის შერჩევა მოსახლეობასთან ერთად,“ – გვითხრა გენადი აბაშიძემ.

„ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან დაკავშირებას შეეცადა. მისთვის გვინდოდა გვეკითხა, რას გეგმავს მერია წაბლანელების უსაფრთხოებისთვის, როცა ფაქტია, რომ აქამდე გაცემული კომპენსაციები არ აღმოჩნდა ეფექტური – ხალხი სოფელში, მეწყერსაშიშ ზონაში ისევ რჩება. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ხულოს მუნიციპალიტეტს მერმა ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დრო ჩვენთან ვერ გამონახა. 

ასევე, შევეცადეთ გაგვეგო, თუ განიხილავს ამ საკითხს აჭარის მთავრობა და აქვს თუ არა მთავრობას გრძელვადიანი გეგმა წაბლანის პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა პასუხი ამ თემაზე ვერც აჭარის მთავრობაში მივიღეთ. 

წაბლანა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: