მთავარი,სიახლეები

უკრაინიდან ლტოლვილი 30-მდე ოჯახი ბათუმში ღია ცის ქვეშ რჩება

01.08.2022 • 7595
უკრაინიდან ლტოლვილი 30-მდე ოჯახი ბათუმში ღია ცის ქვეშ რჩება

უკრაინიდან ლტოლვილი რამდენიმე ოჯახი, რომლებიც ქობულეთსა და გონიოში, სასტუმროებში იყვნენ გაჩერებულნი, ღია ცის ქვეშ რჩებიან. მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ სასტუმროები დღეს, პირველ აგვისტოს, უნდა დატოვონ. სახელმწიფფო ლტოლვილებს 300 ლარს გადაუხდის.

ლტოლვილების თქმით, ამ თანხით საცხოვრებელი ბინების მოძიება ბათუმსა და ქობულეთში, ფაქტობრივად, შეუძლებელია, მათ კი სხვა შემოსავალი არ აქვთ.

უკრაინელ ლტოლვილებთან იმყოფება პარტია „ლელოს“ ბათუმის ორგანიზაციის წარმომადგენელი, გენო თებიძე. „ბათუმელებთან“ გენო თებიძე ამბობს, რომ „ლელო“ და პარტია „დროას“ წარმომადგენლები ცდილობენ მოელაპარაკონ სასტუმროს მეპატრონეებს, რომ იქნებ შესაძლებელი გახდეს ლტოლვილებისთვის გარკვეული დროის მიცემა, ალტერნატიული საცხოვრებლის მოძიება რომ შეძლონ.

„ჩვენ ვინც ბათუმში ვცხოვრობთ, კარგად ვიცით, რომ 300 ლარად ბინას ვერ იქირავებ ამ ქალაქში, შეიძლება 300 დოლარიც კი არ იყოს საკმარისი ბინის საქირავებლად დღეს.

სასტუმროს მეპატრონეებთან გვქონდა საუბარი, ისინი მზად არიან დატოვონ ლტოლვილები გარკვეული ხნით, თუ მთავრობა აიღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, ახლაც დუმს.

ჩვენ ვთხოვთ ორივე მხარეს – სასტუმროებს და ხელისუფლებას, მოგვცენ გონივრული ვადა, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს საცხოვრებელი ადგილების მოძიებაში და უმტკივნეულოდ გადავიყვანოთ სხვაგან ეს ოჯახები.

ისედაც აღარ არის ბევრი ოჯახი დარჩენილი, 80 ოჯახზე იყო ადრე საუბარი და ახლა აქედან 30-მდე ოჯახია მხოლოდ. ზოგი გავიდა ქალაქიდან, ზოგმა თვითონ იპოვა ბინა და ამ მცირე ნაწილზეც არ ზრუნავს ხელისუფლება.

ჩვენ არ გვინდა, კერძო ბიზნესი დაზარალდეს. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ იზრუნოს ლტოლვილებზე და საერთაშორისო საზოგადოების თვალშიც შევინარჩუნოთ სახე“, – ამბობს გენო თებიძე.

მისი თქმით, უკრაინელ ლტოლვილებზე დღემდე ძირითადად სამოქალაქო სექტორი ზრუნავდა, ასევე „ლელო“, „ენმ“ და „დროა“ ცდილობენ მათ მხარდაჭერას. თუმცა, როგორც თებიძე ამბობს, მათ არ აქვთ იმდენი რესურსი, რომ ამ ოჯახებისთვის ბინის დაქირავება შეძლონ.

„ჩვენ ვცდილობთ ლტოლვილების მხარდაჭერას, ახლაც გვაქვს რაღაც ფართობები გამოძებნილი სამტრედიაში, ზესტაფონში და შეგვიძლია დროებით ეს ოჯახები გადავიყვანოთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, მათ მაინც დასჭირდებათ ბინით უზრუნველყოფა.

უკრაინელი ლტოლვილები აჭარის მთავრობის სახლთან/„ბათუმელები“.

ეს ოჯახები ბათუმში აპირებენ ცხოვრებას, აქ მუშაობს ზოგიერთი ადამიანი კიდეც, ბავშვები აქ ჰყავთ სკოლებში შეყვანილი, ამიტომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მათზე ხელისუფლებამაც“, – ამბობს გენო თებიძე.

ბათუმში უკრაინელი ლტოლვილები „თანამგზავრსა“ და „ინტურისტშიც“ იყვნენ განთავსებული, მათ სასტუმროების დატოვება ჯერ კიდევ მაისში მოუწიათ.

მთავრობის გადაწყვეტილების გამო უკრაინელმა ლტოლვილებმა აქციაც გამართეს აჭარის მთავრობასთან და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. მათ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენეიშვილი შეხვდა.

სახელმწიფო მხარდაჭერას ძირითადად ის ოჯახები ითხოვენ, ვისაც ერთი ან რამდენიმე მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ და, შესაბამისად, ვერ მუშაობენ.

___

მთავარი ფოტო: გენო თებიძე

უკრაინელ ლტოლვილებს გონიოსა და ქობულეთის სასტუმროებიდან დღეს ასახლებენ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: