მთავარი,სიახლეები

უკრაინამ კიდევ 4 „ჰაიმარსი“ მიიღო – ოლექსი რეზნიკოვი

01.08.2022
უკრაინამ კიდევ 4 „ჰაიმარსი“ მიიღო – ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ უკრაინამ დამატებით 4 მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა – HIMARS-ი მიიღო ამერიკის შეერთებული შტატებიდან. რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, თავდაცვის მდივანსა და ამერიკელ ხალხს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ ამ სარაკეტო სისტემების მართვა შეუძლიათ. ის მსოფლიო პრესასა და ექსპერტებს შორის მიმდინარე დისკუსიას გამოეხმაურა, რის მიხედვითაც, უკრაინელ სამხედროებს თანამედროვე დასავლური შეიარაღების გამოყენების სასწავლად დრო სჭირდებათ.

„უკრაინამ მიიღო დამატებით 4  HIMARS-ი. უკრაინის არმიის გაძლიერებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის და ამერიკელი ხალხის მადლობელი ვარ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ამ იარაღის მარჯვე ოპერატორები ვართ. HIMARS-ის ზალპის ხმა ბრძოლის წინა ხაზზე ამ ზაფხულის ტოპ ჰიტი გახდა“, – წერს ოლექსი რეზნიკოვი.

როგორც უკრაინის თავდაცვის მინისტრი იტყობინება, უკრაინამ გერმანიისგან ასევე მიიღო ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა –  MARS II. რეზნიკოვი მადლობას უხდის გერმანიასა და პირადად თავის გერმანელ კოლეგას, თავდაცვის მინისტრ კრისტინ ლამბრეხტს. მას არ დაუკონკრეტებია რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ გერმანია და გაერთიანებული სამეფო უკრაინას 3-3 სისტემის მიწოდებას ჰპირდებოდა, ხოლო აშშ – 4-ს. 

აქამდე შეერთებულმა შტატებმა უკვე გადასცა უკრაინას 12 „ჰაიმარსი“.

არც ის არის გამორიცხული, რომ ვაშინგტონმა უკრაინას გაუგზავნოს ATACMS -ის 300 კილომეტრზე მოქმედი რაკეტები, რომლებსაც „ჰაიმარსის“ სისტემა იყენებს.

„ჰაიმარსების“ გამოყენებით უკრაინა რუსეთის იარაღის საწყობებს ბომბავს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: