მთავარი,სიახლეები

მარიამისა და გიულგიუნის გამარჯვებული პროექტი ქართული ენის შესასწავლად

02.08.2022 • 1486
მარიამისა და გიულგიუნის გამარჯვებული პროექტი ქართული ენის შესასწავლად

ეთნიკურად აზერბაიჯანელი გიულგიუნი და ეთნიკურად სომეხი მარიამი ერთ გუნდში გაერთიანდნენ და ქართული ენის შესასწავლი ონლაინ პლატფორმისთვის დაფინანსება მოიპოვეს. მათი პლატფორმა ქართული ენის სწავლის მსურველებსა და პლატფორმაზე დარეგისტრირებულ მასწავლებლებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

გიულგიუნ მამადლისა და მარიამ ისპირიანის პროექტი – GRANDALA თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სტარტაპ კონკურსის – Big Idea Challenge-ის ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტს საერთაშორისო კონკურსში წარადგენენ, რომელშიც შვიდი ქვეყანა მონაწილეობს.

უახლოეს მომავალში გიულგიუნი და მარიამი ქართული ენის 12 მასწავლებელს შეარჩევენ, შემდეგ კი უზრუნველყოფენ მათ დაკავშირებას ენის შესწავლის მსურველებთან. ასევე, ისინი გეგმავენ შესაბამისი ბლოგების, ქვიზებისა და ვიდეოგაკვეთილების მომზადებას სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი მსურველებისთვის ქართული ენის შესწავლის გასამარტივებლად.

ენის შესწავლის გარდა მარიამისა და გიულგიუნის პროექტის მიზანი საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი იმ მოქალაქეების საზოგადოებაში ინტეგრაციაა, რომლებსაც სახელმწიფოს სერვისებზე სრული წვდომა სწორედ ენობრივი ბარიერის გამო ნაკლებად აქვთ.

მარიამის თქმით, ის ხშირად აწყდება ასეთ მაგალითებს:

„ძალიან რთულია არ იცოდე იმ სახელმწიფოს ენა, სადაც ცხოვრობ. დემოკრატიული სახელმწიფო თანასწორ შესაძლებლობებზეა დაფუძნებული. ეს ადამიანები კი მრავალი შესაძლებლობების მიღმა რჩებიან.“

გიულგიუნი საკუთარ გამოცდილებზე გვიყვება, თუ რა დაბრკოლებები შეუქმნა მას ენობრივმა ბარიერმა უნივერსიტეტში სწავლის დაწყების შემდეგ. ის ამბობს, რომ ქართული ენის არცოდნის გამო საზოგადოებაში ინტეგრაციას ვერ ახერხებდა, რაც აისახებოდა მის თვითშეფასებაზეც. გიულგიუნს სწორედ ამიტომ უნდა, რომ ქართულის შესწავლა სხვებსაც გაუადვილოს.

გიულგიუნ მამადლი

„ქართულ საზოგადოებასთან ახლოს არ ვიყავი, შეხებაც არ მქონდა, ვიდრე სტუდენტი არ გავხდი. ამიტომაც სტუდენტობისას ჩემთვის ყველაფერი ძალიან რთული იყო. ლექციებზე სულ ჩუმად ვიყავი, მხოლოდ სემინარებს ვაბარებდი და სახლში მივდიოდი.

აზერბაიჯანულენოვანი სკოლა დავამთავრე, ქართულის მასწავლებელი გვყავდა, მაგრამ აზერბაიჯანელი იყო და თვითონაც არ იცოდა კარგად ქართული. სკოლის მასწავლებელი საკმარისი არ არის ქართულის შესასწავლად. შემდეგ უნივერსიტეტში ენის ბარიერის გამო ბევრ დაბრკოლებას ვხვდებოდი, ამის გამო თვითშეფასებაც დაბალი მქონდა“.

მარიამი გვიყვება, რომ გიულგიუნს ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროცესზე მონაწილეობისას შეხვდა, სადაც მოსაზრებები გაუზიარეს ერთმანეთს და ონლაინპლატფორმის შექმნაც დაგეგმეს.

მარიამ ისპირიანი

„დიდი ხანი ვფიქრობდი ამაზე. იუთუბზე არხის შექმნა მინდოდა, სადაც ქართულს ვასწავლიდი, მაგრამ ამ არხს ბევრი საჭიროება ჰქონდა. მჭირდებოდა ვინმე, ვინც აზერბაიჯანულად, ასევე, სომხურად დაადებდა ტიტრებს, ვინც დაამუშავებდა ვიდეოს, რომ ერთი პატარა გაკვეთილი აგვეტვირთა. ეს ყველაფერი საკმაოდ რთულად მეჩვენებოდა.

გიულგიუნს გავუზიარე ეს იდეა, შემდეგ მან აღმოაჩინა პროგრამა Big Idea Challenge. მას, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტს, ჰქონდა შესაძლებლობა, რომ წარგვედგინა განაცხადი. გიულგიუნმა კიდევ უფრო დახვეწა იდეა და პლატფორმის შექმნა შემომთავაზა,“ – ამბობს მარიამი.

კონკურსის ფარგლებში, როგორც გამარჯვებული პროექტი, GRANDALA 1000 გირვანქა სტერლინგით დაფინანსდა. ამ თანხით მარიამი და გიულგიუნი პლატფორმის შექმნას უზრუნველყოფენ. მასწავლებლის დახმარება ფასიანი იქნება, თუმცა, როგორც გოგოები ამბობენ, ხელმისაწვდომი. შემოსული თანხით გიულგიუნი და მარიამი მასწავლებლების შრომის ანაზღაურებას გეგმავენ.

ახლა გოგოები გეგმავენ შეარჩიონ ქართულ-აზერბაიჯანულენოვანი, ქართულ-სომხურენოვანი და ქართულენოვანი მასწავლებლები, რომლებსაც შემდეგ პლატფორმაზე დაარეგისტრირებენ. მასწავლებლების შერჩევის შესაძლებლობა ქართული ენის შესწავლის მსურველებს ცოდნის დონეების შესაბამისად შეეძლებათ.

Big Idea Challenge ბრიტანეთის საბჭოს კონკურსია, რომელიც მონაწილე ქვეყნების ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან და მსოფლიოს გააცნონ საკუთარი ინოვაციური სტარტაპები. კონკურსში საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტია ჩართული. წელს საერთაშორისო კონკურსში შვიდი ქვეყანა მონაწილეობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტების მენეჯერის, ირო ცაგარეიშვილის ინფორმაციით, ჯერ ტარდება შიდა შეჯიბრი სტარტაპ გუნდების მოსამზადებლად, შემდეგ კი ამ გუნდებს საერთაშორისო კონკურსზე წარადგენენ. წელს კონკურსი სამ კატეგორიაში ჩატარდა – სოციალური, ციფრული ტექნოლოგიების და შემოქმედებითი კატეგორია. მარიამმა და გიულგიუნმა სოციალური გავლენის კატეგორიაში გაიმარჯვეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: