მთავარი,სიახლეები

ხულოს მერიამ შენობა არ გამოყო იმისთვის, რომ EU შშმ პირებს დახმარებოდა

02.08.2022 • 1320
ხულოს მერიამ შენობა არ გამოყო იმისთვის, რომ EU შშმ პირებს დახმარებოდა

სექტემბრიდან ქედასა და შუახევში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები და ხანდაზმულები შინ მოვლისა და პერსონალური ასისტენტის მომსახურებას მიიღებენ.

პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტში შშმ პირებისთვის დაგეგმილი იყო აბილიტაცია-რეაბილიტაცის ცენტრის გახსნა, თუმცა ხულოს მერიამ ცენტრისთვის ფართობი არ გამოყო და ხულოს მუნიციპალიტეტი პროექტს გამოეთიშა. ხულოს მერიამ დაახლოებით 20 შშმ პირი აღნიშნული მომსახურების გარეშე დატოვა.

პროექტს, რომელიც მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირების დახმარებას ითვალისწინებს, ევროკავშირი აფინანსებს. პროექტის მიხედვით, თავდაპირველად დაფინანსდება სამწლიანი საპილოტე პროგრამა და მომზადდებიან შინ მოვლის სპეციალისტები და პერსონალური ასისტენტები. პროექტის მიხედვით, ევროკავშირი 70%-ით დააფინანსებს პროგრამას, 30 პროცენტი კი ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გამოყოს.

„საკმაოდ დიდი გრანტი მიიღო ევროკავშირისგან ორგანიზაცია „ანიკამ“. გაიცა 4 გრანტი და ერთ-ერთი მივიღეთ ჩვენ, ორგანიზაციამ – „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“.

თავდაპირველად ჩატარდა კვლევა და გამოიკვეთა საჭიროებები მუნიციპალიტეტების მიხედვით. ხულოში უნდა გახსნილიყო აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრი შშმ პირებისთვის, ხოლო შუახევსა და ქედაში შინ მოვლისა და პერსონალური ასისტენტის სერვისი დაინერგებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გრანტის გამოყოფამდე ჰქონდა მოლაპარაკებები „ანიკას“ ხულოს მერიასთან ფართობის გამოყოფაზე, სამწუხაროდ, მათ არ გამოყვეს ეს ფართობი და ფაქტობრივად, ხულო გამოეთიშა ამ პროექტს“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თომა კაკაბაძე, ორგანიზაცია „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“ წარმომადგენელი.

მისი თქმით, აბილიტაცია-რეაბილიტაციის ცენტრისთვის დაახლოებით 100 კვ/მეტრი ფართობი იყო საჭირო, მერია კი ამბობდა, რომ მხოლოდ 30-35 კვადრატული მეტრი ფართობის გამოყოფა შეეძლო.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, მაგრამ ასე მოხდა. ჩვენ ვუთხარით მერიას, რომ ყველა დონეზე გავაჟღერებდით ამის შესახებ, რადგან წლების განმავლობაში ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ ამ სერვისის შშმ პირებისთვის მიწოდებას, რადგან ამბობდნენ, რომ რესურსი და ბიუჯეტი არ ჰქონდათ. ახლა, როცა გამოჩნდა ევროკავშირის დაფინანსება, მერიამ ფართობიც კი არ გამოძებნა, რომ რეაბილიტაციის ცენტრი გაგვეხსნა და არ გამოიყენა ეს შესაძლებლობა,“ – ამბობს თომა კაკაბაძე.

მისი თქმით, პირველ ეტაპზე დაახლოებით 20 შშმ პირს უნდა მიეღო ხულოში ეს სერვისი.

ამჟამად ქედასა და შუახევში იწყება შინ მოვლის სპეციალისტების გადამზადება. როგორც თომა კაკაბაძე გვეუბნება, ორივე მუნიციპალიტეტში 10-10 ადამიანს შეარჩევენ და სამი კვირის განმავლობაში გადაამზადებენ.

„პერსონალური ასისტენტის მიმართულებით ვაკანსიები გვაქვს შუახევში და კარგი იქნება, თუ მსურველები მოგვმართავენ და ჩაერთვებიან პროგრამაში. გვაქვს დაგეგმილი საინფორმაციო შეხვედრებიც ამ მიზნით,“ – ამბობს თომა კაკაბაძე.

მისი თქმით, უშუალოდ სერვისის მიწოდება სექტემბრიდან დაიწყება. ორგანიზაცია მერიებს მიაწვდის პროგრამას, რომელსაც ეყოლება გადამზადებული სპეციალისტები.

თომა კაკაბაძის თქმით, ამ პროექტის ფარგლებში შუახევისა და ქედის მერები და მერის მოადგილეები პორტუგალიაშიც იმყოფებოდნენ და გარკვეული გამოცდილება მიიღეს პროგრამის შესახებ.

თომა კაკაბაძის თქმით, 2025 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობები ისედაც ვალდებულნი არიან, ადგილობრივ დონეზე დაგეგმონ პერსონალური ასისტენტის სერვისები, ამიტომ ეს პროგრამა მათ მისცემს გამოცდილებას და კარგი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ პროგრამა შეფერხებების გარეშე გაგრძელდეს.

მისი თქმით, ორივე მუნიციპალიტეტში ჯამში 50 ბენეფიციარი მიიღებს შინ მოვლისა და პერსონალური ასისტენტის სერვისს.

პერსონალური ასისტენტის ანაზღაურება საათში 5 ევროს ეკვივალენტი იქნება ლარში, ხოლო შინ მოვლის სპეციალისტის – საათში 6 ევროს ეკვივალენტი ლარში.

რაც შეეხება გადაადგილების საფასურს, როგორც თომა კაკაბაძემ გვითხრა, სასურველია, რომ აღნიშნული სპეციალისტები ბენეფიციარების სოფლიდან ან მეზობელი სოფლებიდან შეირჩეს, რომ გადაადგილების პრობლემა არ შეიქმნას. „ამიტომ პერსონალური ასისტენტების შერჩევისას, ამ საკითხს გავითვალისწინებთ,“-  ამბობს თომა.

„მთავარია, ზამთარში არ შეფერხდეს ამ ადამიანების გადაადგილება, თოვლის შემთხვევაში დროულად გაიწმინდოს გზები, რომ ადამიანები არ დარჩნენ სერვისის გარეშე.

ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისთვის, რომ სოფლად მცხოვრებ შშმ პირებს მიეღოთ ეს სერვისი, ამ ეტაპზე 52 ათასი ევრო იხარჯება ამ სერვისის დანერგვისთვის და ვფიქრობ, ეფექტურად უნდა მოხდეს მისი გამოყენება.

სოფლიდან ძალიან მაღალია ადამიანების მიგრაცია და ბევრი მარტოხელა შეიძლება აღმოჩნდეს სოფლად, რომელსაც დასჭირდება ეს სერვისი. ბევრს არასწორად ესმის შინ მოვლის ცნება, ამიტომ განვმარტავ, რომ შინმოვლა გულისხმობს შშმ ან ხანდაზმულმა ადამიანმა გამოიმუშაოს თვითმოვლის უნარები, რომ შემდეგ ამ ადამიანებმა დამოუკიდებლად თავის მოვლა შეძლონ, ან უბრალოდ, გაიუმჯობესონ ყოველდღიურობა და უფრო უსაფრთხოდ და შედარებით ჯანმრთელად იცხოვრონ.

ჩვენ ასევე გვეყოლება მოხალისეებიც ამ პროგრამაში, რომლებიც დაეხმარებიან მარტოხელა მოხუცებს და შშმ პირებს, მაგალითად, ნათურის გამოცვლაში, დაზიანებული ტექნიკის შეკეთებაში და ა.შ.

ასევე სპეციალისტები ტექნიკურ ცოდნას მიაწვდიან შშმ პირებსა და ხანდაზმულებს როგორ გამოიყენონ ელექტრომოწყობილობა (ამწევი) იმისთვის, რომ  ვთქვათ, ეტლიდან საწოლში გადავიდეს და პირიქით, საწოლიდან ეტლში მოახერხოს გადასვლა. იმისთვის, რომ ტექნიკურად აღიჭურვონ შშმ პირები, ამაზეც გვაქვს მოლაპარაკება აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან და ვფიქრობ, ამ ტექნიკითაც მოხდება სოფლად მცხოვრები შშმ ადამიანების აღჭურვა,“- ამბობს თომა კაკაბაძე.

სტატისტიკური მონაცემებით, მაღალმთიან აჭარაში სხვადასხვა შეზღუდვის მქონე 2 ათასზე მეტი შშმ პირი ცხოვრობს.

რატომ ვერ მოახერხა ხულოში მერიამ შესაფერისი შენობის გამოძებნა მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირების პროგრამისთვის? – ვკითხეთ ხულოს მერიას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: