მთავარი,სიახლეები

მათი გმირული სიკვდილი ან ტყვეობა უკრაინის კრახია – მარიუპოლის მცველის საცოლე

13.05.2022 • 7146
მათი გმირული სიკვდილი ან ტყვეობა უკრაინის კრახია – მარიუპოლის მცველის საცოლე

უკრაინული 24-ე არხი აქვეყნებს მარიუპოლის პოლკის პირველი ბატალიონის ასმეთაურის საცოლის, ანა ნაუმენკოს მიმართვას. „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ თარგმანს.

_________________________________

„ჩვენ 2014 წელს შევხვდით ერთმანეთს, 2018 წელს დაქორწინება შემომთავაზა. წელს უნდა გვექორწინა.

მე შევეჩვიე ლოდინს, მაგრამ ახლა ყოველდღიური ლოდინი აუტანელია.

როცა რუსეთი 2014 წელს თავს დაგვესხა, ამ ბიჭებმა დატოვეს ნორმალური ცხოვრება, სწავლა, სპორტი და წავიდნენ ქვეყნის, ჩვენი სიმშვიდის დასაცავად. მათ არ შეეძლოთ განზე დარჩენა, უნდა გაეგრძელებინათ ბრძოლა. ისინი უკვე მაშინ ხვდებოდნენ ყველაფერს, რაზეც უმრავლესობას ახლა აეხილა თვალი.

ისინი წავიდნენ მოხალისეებად და 8 წელში გადაიქცნენ ეროვნული გვარდიის ყველაზე ძლიერ პოლკად – მამაცები, ჭკვიანები, შეგნებულები, კეთილები… მარიუპოლი ამ დროში გახდა პროგრესული და განვითარებული, მაგრამ, სამწუხაროდ, არასაკმარისად დაცული.

ახლა მარიუპოლის ყველა საბრძოლო ძალა „აზოვსტალშია“ გაერთიანებული, მეომრებს შორის არიან ქალები და 600-მდე დაჭრილი.

ქალაქი ალყაშია მარტის დასაწყისიდან, აზოვსტალში ჩვენი მეომრები აპრილის შუა რიცხვებიდან არიან, ამიტომ მთელ მსოფლიოს უნდა ესმოდეს, როგორი სიტუაციაა იქ პროდუქტებთან, წყალთან, წამლებთან დაკავშირებით. ბომბებს გადარჩენილი თავშესაფრების რაოდენობა სულ უფრო მცირდება, მტერს განუწყვეტლივ მიაქვს შტურმი ქარხანაზე და უკვე მის ტერიტორიაზეც.

ქარხანა განუწყვეტლივ იბომბება რუსების მიერ გემებიდან, არტილერიით, ტანკებით, საბრძოლო თვითმფრინავებით.

„აზოვსტალში“:

  • ყოველ დღე კვდებიან ადამიანები 
  • უკრაინელი ჯარისკაცები მზად არიან ჩაბარდნენ მესამე მხარეს და იქ დარჩნენ ომის დასრულებამდე 

ჩვენ ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და მსოფლიო პოლიტიკოსებს და დიპლომატებს პუტინზე ზეწოლას და ორგანიზაციების ჩართვას მწვანე დერეფნის ასამოქმედებლად ყველა „აზოვსტალელისთვის“: სამოქალაქო პირებისთვის, მებრძოლებისთვის, დაჭრილებისთვის, მოკლულთათვის.

ახლა უკვე ხელიდან გაშვებულია დებლოკადის შესაძლებლობა, აუცილებელია საერთო ზეწოლა საზოგადოებაზე და ჩვენი ხელისუფლების კოლოსალური დიპლომატიური მუშაობა.

ვიღაც სთავაზობს ჩვენს რკინის მეომრებს გმირულ სიკვდილს ან ტყვედ ჩაბარებას, მაგრამ ჩვენ, ნათესავები და ცოლები, გაფრთხილებთ, მოვლენათა ასეთი განვითარება მთელი უკრაინის კრახი იქნება.

სახელმწიფომ უნდა იბრძოლოს ბოლომდე ყოველი ჩვენი ჯარისკაცისთვის „აზოვსტალში“ – ცოცხალი იქნება ის, დაჭრილი თუ მკვდარი“.

  • რა ხდება მარიუპოლში

უკრაინის ქალაქი მარიუპოლი ამჟამად, ფაქტობრივად, განადგურებულია რუსული ბომბებისგან. უცნობია, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა ქალაქის ოკუპაციას. ჯერ კიდევ მარტის ბოლოს მარიუპოლის მერმა განაცხადა, რომ ქალაქში 5 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და მათ შორის 210 ბავშვია.

მარიუპოლი არ დატოვეს უკრაინელმა მებრძოლებმა. ქალაქს იცავდა „აზოვი“, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე ელიტარული პოლკი, საზღვაო ქვეითები და უკრაინის სასაზღვრო ძალები. ქალაქზე განუწყვეტელი შეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები მოექცნენ მარიუპოლის უდიდესი ქარხნის, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, რომელშიც მიწისქვეშა გვირაბებია. სწორედ ამ გვირაბებში აფარებენ თავს უკრაინელი მებრძოლები.

რუსეთმა მარიუპოლის მცველებს არაერთხელ მოუწოდა დანებებისკენ, მაგრამ უკრაინელი მებრძოლები დანებებაზე უარს აცხადებენ.

ბოლო დღეებამდე „აზოვსტალის“ ბუნკერებში და მარიუპოლში მდებარე სხვადასხვა თავშესაფარში იმყოფებოდა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების, „წითელი ჯვრისა“ და გაეროს ჩართულობით მარიუპოლიდან მათი დიდი ნაწილის გამოყვანა მოხერხდა.

ახლა „აზოვსტალში“ ძირითადად მებრძოლები არიან, რომელთაც არ აქვთ წამლები დაჭრილებისთვის. უკრაინელი მებრძოლები ჰუმანიტარულ კორიდორს და ექსტრაქციას ითხოვენ, უსაფრთხოდ გაყვანას მესამე ქვეყანაში, რომელსაც ისინი ომის დასრულებამდე არ დატოვებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: