მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

2 ახალგაზრდის პროექტები, რომლებსაც ხულოსა და შუახევში მხარი დაუჭირეს და ბიუჯეტი დააფინანსებს

01.08.2022 • 2604
2 ახალგაზრდის პროექტები, რომლებსაც ხულოსა და შუახევში მხარი დაუჭირეს და ბიუჯეტი დააფინანსებს

შუახევსა და ხულოში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გამარჯვებული იდეები გამოვლინდა. ახალი პროგრამით 15 და 19 წლის ახალგაზრდებს საკუთარი იდეების განხორციელების საშუალება მიეცათ – დაბა შუახევში მუსიკალური ბენდი ჩამოყალიბდება, ხოლო დაბა ხულოს ცენტრში, ღია სივრცეში, Led ეკრანს დაამონტაჟებენ.

ბენდის ჩამოყალიბება და Led ეკრანის მონტაჟი სწორედ ადგილობრივი ახალგაზრდების იდეები იყო, რომლებსაც კენჭისყრაზე მოსახლეობის მხრიდან ყველაზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა.

[checklist]

  • დაბა შუახევში კენჭისყრაზე წარდგენილი იყო სამი იდეა და 117 ხმით გაიმარჯვა ქეთი დავითაძისა და ლიზა პაქსაძის იდეამ – „შუახევში მუსიკალური ბენდის ჩამოყალიბება“ [უნდა აღინიშნოს, რომ აქ ერთი ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი, მეორე ადგილზე გასულმა იდეამ 116 ხმა მიიღო].
  • დაბა ხულოში კი, კენჭისყრებზე წარდგენილი იყო 5 იდეა და დიდი უპირატესობით – 130 ხმით, გაიმარჯვა გიორგი ჯორბენაძის იდეამ – „Led ეკრანის ღია სივრცეში მონტაჟმა“.
  • დაბა შუახევში კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 244-მა ამომრჩეველმა, ხოლო დაბა ხულოში – 198-მა ამომრჩეველმა.

[/checklist]

კენჭისყრა შუახევში / მონაწილეობითი ბიუჯეტი

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განხორციელდა [პროგრამის ფარგლებში – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“] ; ხოლო საინფორმაციო მხარდამჭერი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ იყო.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარის, ასლან ჭანიძის განცხადებით, ორგანიზაციამ უზრუნველყო დაბებში საინფორმაციო კამპანიის წარმოება კარდაკარის პრინციპით. კამპანიის ფარგლებში დაიბეჭდა საინფორმაციო ლიფლეტები და პოსტერები, მომზადდა სარეკლამო რგოლები, რომლებიც სოციალური რეკლამის სტატუსით გადიოდა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე.

„ჩატარდა საჯარო შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფთან; შუახევსა და ხულოში გაიმართა პროგრამის საჯარო პრეზენტაციები, რომლის დროსაც იდეის ავტორებმა, მოსახლეობის წინაშე წარადგინეს თავიანთი იდეები“, – ამბობს ასლან ჭანიძე.

მისივე თქმით, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დაბა შუახევში 170 ოჯახს, ხოლო ხულოში 200 ოჯახს მიაწოდეს ინფორმაცია პროგრამის შესახებ. დასკვნით ეტაპზე კი – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა“ და ექსპერტების ჩართულობით [რომელთა ჩართვაც უზრუნველყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ] ჩატარდა კენჭისყრა.

კენჭისყრა ხულოში

„კენჭისყრის შედეგად ჩვენმა იდეამ გაიმარჯვა და შუახევის მერია, პროგრამის ფარგლებში, ბენდისთვის მუსიკალურ ინსტრუმენტებს შეისყიდის. ბენდი, ფაქტობრივად, ვართ, ხუთი გოგო ვუკრავთ, ჩვენ-ჩვენი გიტარა გვაქვს. სხვა ინსტრუმენტების შეძენა ადრეც გვინდოდა, მაგრამ შესაბამისი ფინანსები არ გვქონდა. სკოლიდან წაგვიყვანეს მერიაში ამ პროგრამის შესახებ ინფორმაციის გასაცნობად. როცა გავიგეთ დეტალები, გადავწყვიტეთ ეს შანსი გამოგვეყენებინა და მუსიკალური ბენდის ჩამოყალიბების იდეა დავარეგისტრირეთ“, – ამბობს ქეთი დავითაძე, რომელიც დაბა შუახევში ცხოვრობს.

ბენდი/შუახევი /ბენდის წევრები: ქეთი დავითაძე, ლიზი დუმბაძე, ნინი დავითაძე, ლიკა დავითაძე და დინა ფუტკარაძე

ქეთი 15 წლისაა. მისი მეგობრებიც, ვისთანაც ერთად უკრავს, 15-16 და 17 წლისანი არიან.

ქეთი დავითაძე

„შუახევში სახელოვნებო სკოლა შენდება, უკვე დასრულებულია და მერია შეგვითანხმდა, რომ იქ გამოგვიყოფს ოთახს“, – ამბობს ქეთი.

მისივე თქმით, „ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო დაბაში, არამედ სოფლებშიც, სადაც არიან ნიჭიერი ახალგაზრდები და მეტი შესაძლებლობები მიეცემათ თავიანთი იდეების ხორცშესხმისთვის“.

შუახევის მერის პირველი მოადგილე, მირიან აბაშიძე ამბობს, რომ დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაოები ტენდერის გამოსაცხადებლად: „ბენდი, ფაქტობრივად, ენთუზიაზმის საფუძველზეა. ამ ბენდისთვის შესაბამის მუსიკალურ ინსტრუმენტებს ტენდერით შევიძენთ. ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 60 ათას ლარს.“

„დაბა შუახევში მოქალაქეებმა ჯამში 10 იდეა დაარეგისტრირეს, მათგან 6 კენჭისყრის ეტაპზე ვერ გადავიდა. წარმოდგენილი იდეები განეკუთვნებოდა მუნიციპალიტეტის კომპეტენციას, თუმცა უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენდა ის, რომ ზოგი პროექტის განხორციელების ადგილი არ მოიცავდა დაბის ტერიტორიას, ან მიწის ნაკვეთი, სადაც უნდა განხორციელებულიყო პროექტი, წარმოადგენდა კერძო საკუთრებას და იდეის ავტორებს მესაკუთრის ნებართვა არ წარმოუდგენიათ; ზოგი იდეა კი, დაბა შუახევისთვის არ იყო განკუთვნილი. ამასთან ორი იდენტური პროექტი, ავტორებთან შეთანხმებით, კენჭისყრისთვის გაერთიანდა“, – ამბობს მერის პირველი მოადგილე.

მისივე თქმით, ეს პროგრამა მნიშვნელოვანია იმდენად, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიეცა შესაძლებლობა თავად  წარმოედგინათ სასურველი იდეები, შემდეგ კი, კენჭისყრაზე თავადვე გადაეწყვიტათ, თუ  რომელი იდეა იყო  მისაღები.

„კენჭისყრაზე მოქალაქეთა აქტიურობამ დაგვანახა ის, რომ ეს პროგრამა არის მნიშვნელოვანი და მოსახლეობა დაინტერესებულია სამოქალაქო ბიუჯეტირებით. არა მარტო დაბაში, არამედ დაინტერესება არის სხვა თემების, სოფლების მიმართულებითაც კი. პროგრამა გაგრძელდება, მაგრამ რამდენად განხორციელდება ის უფრო ფართო მასშტაბით, დამოკიდებული იქნება ადგილობრივ ბიუჯეტზე, ამიტომ წინასწარ ვერ გეტყვით,“ – ამბობს მირიან აბაშიძე.

გიორგი ჯორბენაძეც მიიჩნევს, რომ „ასეთი პროგრამა აუცილებლად სჭირდება დაბასაც და სოფლებსაც, რომ განსხვავებული, მრავალფეროვანი რაღაც შეიქმნას… მოსახლეობაც მხარს დაუჭერს, როცა გაიგებენ, რომ თავად ირჩევენ, რა გაკეთდეს“.

გიორგი 19 წლისაა და დაბა ხულოში ცხოვრობს. მისი აზეით, „ძალიან დროული და მნიშვნელოვანი პროგრამაა“ და ბედნიერია, რომ მისმა იდეამ გაიმარჯვა.

კენჭისყრა ხულოში

გიორგი ჯორბენაძე

„ჩვენი რაიონის მკვიდრი, ლერი აბულაძე როცა ჭიდაობდა მსოფლიოზე, ახალგაზრდები სტადიონზე ვიყავით შეკრებილები, ვთამაშობდით… ვერ მოვახერხეთ თვალყური გვედევნებინა დიდ ეკრანზე და ტელეფონში ვუყურებდით – იხსენებს გიორგი. როცა ამ პროგრამის შესახებ გავიგე, ვიფიქრე, ასეთ ღონისძიებებს დიდ ეკრანზე ვუყურებთ-მეთქი და Led ეკრანის იდეა დავარეგისტრირე. მოტივაციის გაზრდაზეც ვიზრუნე, რომ დამერწმუნებინა მოქალაქეები, ასეთი ეკრანის დამონტაჟება რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა არა მარტო სპორტული, არამედ სხვადასხვა ღონისძიებისთვის. ამასთან, ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის. კენჭისყრაც ძალიან კარგად ჩატარდა და სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი კიდეც ჩემი იდეის მხარდაჭერას, ამას წინასწარ ვგრძნობდი“.

მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა საპილოტეა შუახევშიც და ხულოშიც, თუმცა დაფინანსების კუთხით განსხვავება ისაა, რომ შუახევში გამარჯვებული იდეა გამოავლინეს და მიმდინარე წელსვე დააფინანსებენ, ხულოში კი – წელს გამარჯვებული იდეა გამოვლინდა, დაფინანსებით კი, 2023 წლის ბიუჯეტიდან დააფინანსებენ.

ხულოს მერის პირველი მოადგილის, ნადიმ ვასაძის განცხადებით, ხულოში კენჭისყრის შედეგად გამარჯვებული პროექტი 2023 წელს დაფინანსდება და განხორციელდება.

„ამ შემთხვევაში გამოიყოფა 60 ათასი ლარი. მოსახლეობამ გადაწყვიტა და ამ თანხით ლედ მონიტორს შევიძენთ, რაც მისცემს საშუალებას ახალგაზრდებს და არა მარტო ახალგაზრდებს, ის სპორტული, კულტურული თუ სხვა ღონისძიების საჩვენებლად გამოიყენონ… მონიტორი დაბის ცენტრში, სკვერში განთავსდება, სადაც ხალხმრავლობაა. ყველა ასაკის ადამიანს – დაბის მცხოვრებლებს თუ სტუმრებს ექნებათ საშუალება, მიადევნონ თვალყური მათთვის სასურველ ღონისძიებას“, – ამბობს ნადიმ ვასაძე.

მისივე თქმით, პროგრამის განხორციელება მომდევნო წლისთვისაც იგეგმება, თუმცა რა პრინციპით და რამდენით დაფინანსდება, ჯერ გარკვეული არ არის: „ზოგადად, მონაწილეობითი ბიუჯეტირება მნიშვნელოვანი პროექტია და პრაქტიკაც გვაჩვენებს, ვიფიქროთ პროექტის განხორციელებაზე არა მარტო დაბაში“.

კენჭისყრა შუახევში

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება მესამე წელია მხარს უჭერს აჭარაში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამას. 2019-2021 წლებში ქედის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტირების პროგრამა სწორედ GIZ-ის მხარდაჭერით განხორციელდა.

გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის მრჩეველთან, ანა ჭანტურიასთან.

  • როგორც ცნობილია, 2019 წლიდან GIZ-ი მხარს უჭერს სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის განხორციელებას აჭარაში. რით არის განპირობებული, რომ GIZ-მა სამიზნედ მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტები აირჩია?

გერმანიის ფედერალური მთავრობის დავალებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მრავალი წელია აქტიურად ეხმარება ქართველ პარტნიორებს მოქალაქეზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებასა და ადგილზე საჯარო სერვისების მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებაში.

2019 წელს ქედის მუნიციპალიტეტმა ჩვენს ერთ-ერთ პროექტში მონაწილეობის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, დაენერგა მონაწილეობითი ბიუჯეტირების მიდგომა. ვინაიდან ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით ქედის მუნიციპალიტეტთან სხვადასხვა მიმართულებით, გადავწყვიტეთ, მხარი დაგვეჭირა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის.

2020-2021 წლებში ქედაში წარმატებით განხორციელებული მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტები მოტივაცია გახდა მაღალმთიანი აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებისთვისაც და GIZ-ის პროგრამა – კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის – მოხარულია, წელს მხარი დაუჭიროს მონაწილეობითი ბიუჯეტირების საპილოტე პროექტებს შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებშიც.

  • მიაღწიეთ დასახულ მიზანს ხულოსა და შუახევში – როგორ მიგაჩნიათ, ეს პროგრამა რამდენად შეუწყობს ხელს მუნიციპალიტეტების ინსტიტუციურ გაძლიერებას? რა დადებით შედეგს მოუტანს ის ამ მუნიციპალიტეტების მოსახლეობას?

შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისა და მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების აქტიურობამ, როგორც საპროექტო იდეების წარდგენის, ასევე ხმის მიცემის ეტაპებზე ნათლად დაგვანახა, რომ თვითმმართველობის მხრიდან სწორად დაგეგმილი და განხორციელებული პროცესი მოტივაციას აძლევს მოქალაქეებს აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იფიქრონ იდეებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათი საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას.

რაც უფრო მცირეა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მით უფრო მნიშვნელოვანია ადგილობრივი რესურსების დაგეგმვა და ხარჯვა მოსახლეობის საჭიროებების მაქსიმალური გათვალისწინებით. გვიხარია, რომ ამ მიდგომას შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიც აქტიურად იზიარებენ.

ადგილობრივ მცხოვრებლებზე უკეთ არავინ იცის, რა საჭიროებები აქვს მათ დასახლებას, აქ მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს. ამასთან, მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკა ხელს უწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციურ გაძლიერებას და მის მიმართ მოსახლეობის ნდობის ამაღლებას.

  • გეგმავს GIZ-ი ამ მიმართულებით საქმიანობის გაგრძელებას, ან რაიმე სხვა ტიპის პროგრამის დანერგვას?

გარდა შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებისა, წელს GIZ-ი მხარს უჭერს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტების განხორციელებას ბოლნისის, ხაშურისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებშიც.

გერმანიის მთავრობის დავალებით, ჩვენი ორგანიზაცია მომავალ წლებშიც განაგრძობს საქართველოში ადგილობრივი ფინანსების მართვის სფეროს რეფორმირების პროცესის ხელშეწყობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მუნიციპალიტეტებში მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკის განვრცობას.


პროგრამა ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, პროგრამის – „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ ფარგლებში. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიის შინაარსობრივი მხარის სისწორესა და მასში გამოთქმულ მოსაზრებებზე. პროგრამის საინფორმაციო მხარდამჭერია – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: