მთავარი,სიახლეები

ჟურნალისტი იმ მუხლს ასაჩივრებს საკონსტიტუციოში, რომლითაც აქციებზე ადამიანებს აკავებენ

02.08.2022
ჟურნალისტი იმ მუხლს ასაჩივრებს საკონსტიტუციოში, რომლითაც აქციებზე ადამიანებს აკავებენ

ჟურნალისტი გიორგი არობელიძე საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რაც „პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას“ გულისხმობს. ამ მუხლით ყველაზე ხშირად აკავებენ ადამიანებს საპროტესტო აქციებზე.

ამ მუხლით, ანუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს მედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტები გიორგი არობელიძე  და რატი რატიანიც 2020 წლის 18 დეკემბერს. მაშინ ჟურნალისტებმა თქვეს, რომ ერთ-ერთ ბარში იკითხეს, რატომ აკავებდნენ სხვა ადამიანებს. მათ ბათუმის პოლიციის მე-6 განყოფილებაში სცემეს.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ადამიანები ჰყვებიან, რომ პოლიციის განყოფილებაში მათ სცემეს.

2022 წლის 28 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლომ გიორგი არობელიძე სამართალდამრღვევად მიიჩნია და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

გიორგი არობელიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და ითხოვს 173-ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას, რადგან, მისი შეფასებით, გასაჩივრებული ნორმა არ არის საკმარისად განჭვრეტადი, ასევე, ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას.

თუ საკონსტიტუციო სასამართლო გიორგი არობელიძის სარჩელს დააკმაყოფილებს, პარლამენტს ამ სამართლებრივი ნორმის შეცვლა მოუწევს.

„არაკონსტიტუციურია გასაჩივრებული მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც საპოლიციო ოპერაციის შეწყვეტისკენ სიტყვიერ მოწოდებას, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად მიიჩნევს. მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმა ადგენს პასუხისმგებლობის ბუნდოვან საფუძვლებს, მისი შინაარსისა და ფარგლების დაზუსტების გარეშე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ კანონის განსაზღვრულობის პრინციპს. ამგვარად ბუნდოვან კანონს მსუსხავი ეფექტი აქვს გამოხატვის უფლებით სარგებლობაზე, ვინაიდან, პირებმა ზუსტად არ იციან, რა არის კანონის მოთხოვნა და სადამდე ვრცელდება აკრძალვა, ხოლო მეორე მხრივ, იგი ზრდის სახელმწიფოს თვითნებობის რისკებს,“ – აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ეს ორგანიზაცია იცავს გიორგი არობელიძის ინტერესებს სასამართლოში. 

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია, როგორ შეეშალა ხელი პოლიციას, რა კონკრეტული დაბრკოლება ან საფრთხე შეუქმნა არობელიძის პოლიციის მიმართ მოწოდებამ.

„სასამართლომ საპოლიციო ღონისძიების [დაკავების] დროს დასმული შეკითხვა – „რატომ აკავებთ“ – ყოველგვარი დამატებითი განმარტების გარეშე, ბლანკეტურად ჩათვალა პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად, მაშინ როცა პოლიციელს ფორმალურ დონეზეც არ გაუკეთებია განმარტება, არ გაუცია ბრძანება, შეეწყვიტა უკანონო ქმედება,“ – დასძენენ „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“. 

რაც შეეხება სავარაუდო ფიზიკურ ძალადობას პოლიციის განყოფილებაში – ამ დრომდე „გიორგი არობელიძის საქმე“ არ გამოუძიებია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: