23 აგვისტოს ბათუმში ერთი პირი დააკავეს არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით.
ოფიციალური ინფორმაციით, სასამართლომ დაკავებულს უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნიშნავს დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ბათუმში მე-16 საჯარო სკოლის ადგილას ახალი შენობის ასაშენებლად საჭირო თანხა 1 419 013 ლარით გაიზარდა და 17 388 170 ლარია. აჭარის განათლების სამინისტრომ ამ თანხით ხელახალი ტენდერი უკვე გამოაცხადა.
წინა ტენდერი, რომელიც 15 969 157 ლარით იყო გამოცხადებული, არ შედგა – მონაწილეობა არავინ მიიღო. ამ ტენდერში წინადადებების მიღება ივლისის ბოლოს დასრულდა.
ახალ ტენდერში კი, წინადადებების მიღება 2022 წლის 22 სექტემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 27 სექტემბერს დასრულდება. მშენებლობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან სამ წელში უნდა დასრულდეს. 16 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მე-16 საჯარო სკოლა ავარიულად გამოაცხადეს.
სამინისტროს სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ „შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 17 388 170 ლარს, დღგ-ს გათვალისწინებით [სავარაუდო განაწილება: 2022 წელი – 500 ათასი ლარი, 2023 წელი – 5,5 მილიონი ლარი, 2024 წელი – 5,5 მილიონი ლარი და 2025 წელი – დანარჩენი თანხა].
„საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებულია სს „აჭარკაპმშენის“ მიერ, ხოლო ტენდერის გამოცხადებამდე განხორციელდა ხარჯთაღრიცხვის გადაფასება მოქმედი ფასების გათვალისწინებით“, – აღნიშნულია სატენდერო კომისიის 25 აგვისტოს ოქმში. სამინისტრომ ტენდერი დღეს, 25 აგვისტოს გამოაცხადა.
სატენდერო წინადადების ფასის კლების ბიჯად 200 ათასი ლარია განსაზღვრული. ელექტრონული ტენდერი ვაჭრობის დაფარული მონაცემებით [აუქციონის გარეშე] არის გამოცხადებული.
პროექტით უნდა აშენდეს 3-სართულიანი შენობა, გათვლილი 1000 მოსწავლეზე [40 საკლასო ოთახი] ერთ ცვლაში. ახალი შენობა არსებულის ადგილზე უნდა აშენდეს.
მე-16 სკოლა – რენდერი
ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა 2021 წლის აპრილში იმდენად დაიბზარა, რომ შეფასდა, როგორც ბავშვებისთვის სახიფათო. მას შემდეგ ამ სკოლის მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი მე-10 საჯარო სკოლაში ტარდება.
ბათუმში სახლის აივნიდან ძაღლი გადმოაგდეს. შემთხვევა 24 აგვისტოს, დილით მოხდა კობალაძის ქუჩაზე.
„ბათუმელები“ ესაუბრა მოქალაქე გიგა სოფრომაძეს, რომელიც აღნიშნული შემთხვევის თვითმხილველი გახდა და ადგილზე ფოტო და ვიდეოც გადაიღო. მან გვითხრა, რომ ძაღლის სავარაუდოდ მესამე სართულის აივნიდან გადმოგდებას წინ ხმამაღალი საუბარი უძღოდა.
„იყო უხეში და ხმამაღალი საუბარი, რომ ავიხედე მაღლა, სილუეტი დავინახე, რაღაცამ გაიელვა ჰაერში და იყო დავარდნის ხმა. დავიძარი ამ ადგილისკენ, მეორე მხრიდან მამაკაცი მოდიოდა, მან თქვა – რას ყრიან აქო. რომ მივედი ადგილზე, ვნახე, ძაღლი იყო გადმოგდებული. შემდეგ ქალბატონმა ჩამოირბინა სახლიდან, დაემხო ამ ძაღლთან და დაიწყო ტირილი, მერე მამაკაცი ჩამოვიდა და ამ ქალმა უთხრა, ცოტა უხეშად, ადი სახლში, არ მოხვიდე აქო,“ – გვიამბო მან.
გიგა სოფრომაძე ამბობს, რომ არ შეუძლია დანამდვილებით თქმა, კონკრეტულად ამ კაცმა გადმოაგდო თუ არა ძაღლი აივნიდან, რადგან უშუალოდ ეს მომენტი მას არ დაუნახავს. თუმცა იგი მიიჩნევს, რომ შეუძლებელია ძაღლი აივნიდან თავისით გადმოვარდნილიყო, რადგან აივანს მოაჯირი ჰქონდა, ძაღლი რიკულებში ვერ გამოძვრებოდა და ვერც მოაჯირზე გადმოხტომას შეძლებდა.
„ძაღლი რომ დაეცა, ცოცხალი იყო, ეს ქალი რომ ეფერებოდა, მოძრაობდა მინიმალურად, თუმცა რამდენიმე წუთში მოძრაობა შეწყვიტა,“ – ამბობს ის.
მოქალაქემ პოლიციას მიმართა და ჩვენებაც მისცა. „დღეს ვიყავით გამომძიებლებთან, გვითხრეს, რომ იდენტიფიცირებულია პირი, შევხდით აქ მცხოვრებლებსაც და მათაც გვითხრეს, რომ ორი დღეა პოლიცია მოდის ადგილზე და მუშაობენ,“ – გვითხრა გიგა სოფრომაძემ დღეს, 25 აგვისტოს.
შს სამინისტროში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით – ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია.
შუახევის მუნიციპალიტეტში, ჯვარიმინდორში, 2022 წლის 27-28 აგვისტოს „ჯვარიმინდორობა“ იმართება. ამ ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ოფროუდში საერთაშორისო შეჯიბრი, რომელიც მაღალი გამავლობის ჯიპებით გაიმართება როგორც სტანდარტულ, ასევე მომზადებულ და პროფესიონალურ კატეგორიაში.
შეჯიბრში მონაწილეობას საქართველოს, თურქეთისა და სომხეთის პროფესიონალი მრბოლელები მიიღებენ.
მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც აქვს 4×4 ზე ავტომობილი. ისინი მანქანის მომზადების დონიდან გამომდინარე შესაბამის კატეგორიაში გადანაწილდებიან [სულ 4 კატეგორიაა], რომელსაც ადგილზე მობილიზებული სპეციალური სპორტული ტექნიკური კომისია განსაზღვრავს.
მონაწილეობის მსურველები ჯვარიმინდორში აუცილებლად უნდა გამოცხადდნენ 27 აგვისტოს, რათა გაიარონ ტექნიკური დათვალიერება და გადანაწილდნენ შესაბამის კატეგორიაში, აიღონ სასტარტო ნომერი, გაიზიარონ შეჯიბრის წესები, აკრძალვები და უფლებები.
ღონისძიებაზე არ დაიშვებიან მართვის მოწმობის არმქონე მოქალაქეები. ასევე, აკრძალულია ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების მონაწილეობა.
მონაწილეებმა საშეჯიბრო მანქანებში უნდა იქონიონ ცეცხლმაქრი, პირველადი დახმარების ყუთი, უსაფრთხოების ჩაფხუტი და საძილე კარვები, ადგილზე ღამის გასათევად.
შეჯიბრი 28 აგვისტოს დილით 09:00 საათზე აიღებს სტარტს და 14:00 საათამდე გაგრძელდება. გამარჯვებულები იმ დღესვე გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან ფულადი და სხვა სახის პრიზებით.
ჯვარიმინდორობა შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინიციატივით იმართება სამთო ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად, ხოლო ოფროუდის საერთაშორისო ტურნირის ორგანიზატორი აჭარის ოფროუდფედერაციაა.
ჯვარიმინდორი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისის მოსახლეობის საზაფხულო იაილებია და დაბიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ხოლო ზღვის დონიდან დაახლოებით 2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.
ჯვარიმინდორზე გადის ახალმარკირებული, 88-კილომეტრიანი საფეხმავლო ქსელური მარშრუტი – კინტრიში-გომისმთა-ცხემლისი-ხაბელაშვილები.
ნახევარ წელიწადში რუსების 2 000 ტანკი, 234 თვითმფრინავი და 15 ხომალდი განადგურდა – Forbes უკრაინამ დათვალა, რა თანხის ტექნიკა დაკარგა რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის ექვს თვეში.
ჯამში ეს 12 142 ერთეული ტექნიკაა, რომლის საერთო ღირებულებაც 16, 56 მილიარდი დოლარია (ანგარიშში არ შედის რაკეტები).
Forbes-მა შეისწავლა კონკრეტული სამხედრო ტექნიკის ღირებულება ექსპორტ-იმპორტის კონტრაქტების მიხედვით, გაითვალისწინა მათი გამოშვების თარიღი, შეთანხმების დრო და ტექნიკის მოდიფიკაცია. უნიკალური ობიექტების შეფასებისას კი გამოიყენა ანალოგიური მოდელების ფასი და გამონაკლის შემთხვევაში – ექსპერტების შეფასება.
გამოცემის ცნობით, რუსეთის ერთ-ერთი უძვირესი დანაკარგი შავი ზღვის ფლაგმანი კრეისერი „მოსკვაა“ – $750 მილიონი დოლარი. 13 აპრილს „მოსკვას“ უკრაინელებმა „ნეპტუნის“ რაკეტებით დაარტყეს, მეორე დღეს კი ხომალდი ჩაიძირა.
„მოსკვას“ გარდა, კუნძულ ზმეინიზე და მიმდებარე წყლებში უკრაინამ რუსეთის $165 მილიონის ტექნიკა გაანადგურა, მათ შორის, 8 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი – „ტორი“, „პანცირი“ და „სტრელა“ – საერთო ღირებულება $100 მილიონი დოლარი.
„მოსკვას“ ჩაძირვამდე, რუსეთის ყველაზე ძვირფასი დანაკარგი იყო სადესანტო თვითმფრინავი ილ-76, რომელიც $86 მილიონი დოლარი ღირს და რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა თებერვალში კიევის ოლქში ჩამოაგდეს.
მესამე ადგილზე $75 მილიონი დოლარის ღირებულების სადესანტო ხომალდი „სარატოვია“. უკრაინის არმიამ ხომალდს მაშინ დაარტყა, როდესაც მან ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში სამხედრო ტექნიკა მიიტანა.
რუსეთის უდიდესი დანაკარგის პირველი ათეული:
სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“ – $750 მლნ;
თვითმფრინავი ილ-76 – $86 მლნ;
სადესანტო ხომალდი „სარატოვი“ – $75 მლნ;
თვითმფრინავი სუ 30 – $50 მლნ;
თვითმფრინავი სუ-34 – $40 მლნ;
თვითმფრინავი სუ-35 – $32 მლნ;
თვითმფრინავი ილ-22 – $30 მლნ;
საზენიტო სარაკეტო კომპლექსი „ტორ M2” – $25 მლნ;
ხომალდი „ვასილი ბეხი“ – $21 მლნ;
ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი „ისკანდერი“ – $21 მლნ.
9 აგვისტოს ყირიმში, საკის აეროდრომზე მომხდარმა აფეთქებებმა, გენშტაბის ცნობით, ერთდროულად რუსეთის 9 სამხედრო თვითმფრინავი გაანადგურა. ამ მასშტაბის დანაკარგი რუსეთს ერთ დღეში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია.
განადგურებული ავიატექნიკის რიცხვშია – გამანადგურებლები სუ-30 SМ და სადესანტო თვითმფრინავები სუ-24 МР – დაახლოებით $230 მილიონი.
საერთო ჯამში, რუსეთმა უკრაინასთან ომში 234 თვითმფრინავი და $5,3 მილიარდი დაკარგა – ეს რუსეთის საერთო ფინანსური დანაკარგის 32,1%-ია.
რა ღირს ტექნიკა, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ყველაზე ხშირად იყენებს:
ტანკი Т-72 – $0,5 მლნ.
ტანკი Т-90 – $4 მლნ.
ჯავშანტრანსპორტიორი BTR-80А – $1 მლნ.
თვითმფრინავი გამანადგურებელი სუ-25 – $8 მლნ
ვერტმფრენი მი-17– $10 მლნ.
Forbes-ს დანაკარგების ფინანსური შეფასებისას ანგარიშში არ შეუტანია რაკეტები, რომლებიც რუსეთმა უკრაინაში გამოიყენა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მათი ზუსტი რაოდენობის დათვლა რთულია. გენშტაბის ინფორმაციით, მხოლოდ ომის პირველი ორი თვის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში 1 300 რაკეტა გაუშვა, მათი ჯამური ფასი, გამოცემის შეფასებით, $7,5 მილიარდია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტი, $2,2 მილიარდის ღირებულების ტექნიკა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომის პირველ კვირაშივე გაანადგურეს.
Forbes-ის შეფასებით, რუსეთის უდიდესი დანაკარგები ომის პირველივე კვირებში ადასტურებს, რომ კიევიდან, ჩერნიგოვიდან და მთლიანად ჩრდილოეთის მიმართულებიდან უკან დახევა არა „გადაჯგუფება“ ან „კეთილი ნების გამოვლინება“, არამედ რუსეთის არმიისთვის უალტერნატივო ვარიანტი იყო.
ომის 180 დღეზე რუსეთის საერთო დანახარჯი დათვალა სლოვაკურმა კომპანია „მემო 98-მა“. კომპანიამ იხელმძღვანელა Newsweek-ის სტატიით, რომელშიც რუსეთის დღიური დანახარჯი ომში 90 მილიონად იყო შეფასებული.
„მემო 98-ის“ გათვლებით, რუსეთს უკრაინაში ომი უკვე 160 მილიარდ 200 მილიონი ამერიკული დოლარი დაუჯდა.
25 აგვისტოს, დილას, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი დარტყმა მიაყენეს ანტონოვსკის ხიდს, რომელიც ოკუპირებულ ხერსონს აღმოსავლეთთან აკავშირებს.
ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ პრესმდივანმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.
მისი თქმით, დარტყმისთვის გამოყენებული იყო არტილერია. „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ოკუპანტებს არ გამოეყენებინათ ხიდი მძიმე ტექნიკისა და საბრძოლო მასალის გადასაზიდად“, – განაცხადა გუმენიუკმა.
მისი თქმით, დარტყმის შედეგები ზუსტდება, მაგრამ სარდლობას უკვე აქვს ინფორმაცია, რომ ოკუპანტები ხიდით ვერც სარგებლობენ და ვერც არემონტებენ – „სარემონტო ჯგუფებიც ევაკუირებულია, მიხვდნენ, რომ ცეცხლი არ ჩერდება“.
ანტონოვსკის ხიდზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმას ადასტურებს რუსული მედიაც. სააგენტო „ტასი“ წერს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა HIMARS MLRS-იდან სცადეს დაბომბვა, საჰაერო თავდაცვა ამუშავდა, მაგრამ ხიდს „რამდენიმე ორმო დაემატა“.
ამ განცხადების შემდეგ Telegram-ის არხებზე ხიდის ახლოს ახალი აფეთქებების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა ამაზე უკრაინის სარდლობას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
ანტონოვსკის ხიდი დნეპრზე სამი გადასასვლელიდან ერთ-ერთია, რომელსაც რუსეთის არმია აკონტროლებს და რომელიც ოკუპირებულ ხერსონს ოლქის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებს.
ამ ხიდის საშუალებით გადაჰქონდა რუსეთს შეიარაღება, საბრძოლო მასალები, გადაჰყავდა პირადი შემადგენლობა და ამარაგებდა ხერსონში მყოფ თავის დანაყოფებს.
ანტონოვსკის ხიდი 19 ივლისის შემდეგ უკრაინელთა სამიზნეა, მათ ხიდს რამდენჯერმე დაარტყეს და დააზიანეს ისე, რომ ის სამხედრო გადაზიდვებისთვის უსარგებლო გახდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მის ფაქტობრივ მართვაში არსებული კომპანიის მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 051 446 ლარის გადახდას,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში დაიწყო გარდამტეხი მომენტი.
მისი თქმით, რუსები ხვდებიან, რომ მათი არმია არც ისე ძლიერია, საჰაერო თავდაცვის სისტემები – არც ისე კარგი და რუსეთის არმიას სინამდვილეში არ ძალუძს დაიცვას დროებით ოკუპირებული ტერიტორიები უკრაინაში.
„ეს სულაც არ არის მსოფლიოს მეორე არმია და არც მეოთხე. და საზღაური იქნება… გარდამტეხი მომენტი უკვე დადგა,“ – განაცხადა ბუდანოვმა. მის ციტატას უკრაინის დაზვერვის პრესსამსახური ავრცელებს.
ბუდანოვის თქმით, ადამიანები ხვდებიან, რომ საზღაური იქნება მაშინ, როცა ხედავენ და გრძნობენ, რომ ომი მსოფლიოს რომელიღაც ადგილას კი არ არის, არამედ მათთან.
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, მარტის შემდეგ რუსეთის არმიამ უკრაინაში იმაზე დიდი ტერიტორია დაკარგა, ვიდრე მთელი დანიაა და ბოლო 40 დღეში იმაზე ნაკლები დაიბრუნა, ვიდრე ანდორას ფართობია.
ინსტიტუტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სერგეი შოიგუს გუშინდელი განცხადება, თითქოს რუსეთი „სპეცოპერაციის“ ტემპს განზრახ ანელებს, სწორედ ამ წარუმატებლობის გამო თავის მართლებას ჰგავს.
„მას მერე, რაც ერთგვარი პაუზის შემდეგ, 16 ივლისს, შეტევები განაახლეს, რუსეთის ძალებმა დაახლოებით 450.84 კმ2 დაიკავეს, დაახლოებით იმხელა ტერიტორია, რამხელაც ანდორაა*. 21 მარტის შემდეგ კი რუსეთის არმიამ 45 000 კმ2 დაკარგა – იმაზე მეტი, ვიდრე დანიის სახელმწიფოს ფართობია**.
როგორც ISW-მა მანამდეც აღნიშნა, რუსეთის ძალებს არ შეუძლიათ ტაქტიკური მიღწევები უფრო ფართო ოპერაციულ წარმატებად აქციონ, მათმა შეტევებმა უკრაინის აღმოსავლეთში კულმინაციას მიაღწია,“ – ნათქვამია ინსტიტუტის უახლეს ანგარიშში.
ISW-ის ცნობით, რუსეთის ძალებმა შეზღუდული სახმელეთო თავდასხმები განახორციელეს იზიუმის, ბახმუტის, დონეცკისა და ხერსონის მიმართულებებზე.
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტი 21 აგვისტოს ანგარიშში წერდა, რომ უახლოეს თვეებში რუსეთი ვერ შეძლებს ერთი რომელიმე შეტევითი ოპერაციისთვის საკმარისი რესურსების გამოყოფას და მეტი ტერიტორიის დაკავებას.
ინსტიტუტის ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის არმიამ უკრაინის აღმოსავლეთში დაკარგა საბრძოლო იმპულსი, რომელიც ივლისის ბოლოს მოიპოვა.
არსებულ ვითარებაში მოსკოვთან რაიმე მოლაპარაკების გამართვას აზრი არ აქვს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად – აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანნალენა ბერბოკი. მის კომენტარს „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„მოსკოვს ჰუმანიტარულ დერეფნებზე მოლაპარაკებაც კი არ სურს და ასეთ ვითარებაში სხვა გზა არ არის, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა იარაღის მიწოდებით“, – თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბერბოკმა აღიარა, რომ ბერლინის ყოყმანი კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე და Nord Stream 2-ის გაზსადენი გახდა ბალტიისპირა ქვეყნებისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის გერმანიის მიმართ ნდობის დაკარგვის ერთ-ერთი მიზეზი.
„ჩვენ არ გავითვალისწინეთ ჩვენი ბალტიისპირელი და აღმოსავლეთევროპელი მეგობრების შიში. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ახალი ევროპული და აღმოსავლეთევროპული პოლიტიკა,“ – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტი 22 თებერვალს გაყინა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარათვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.
უკრაინული მედია ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ქალაქ ენერგოდარის მცხოვრებლები არიან, უკრაინის პრეზიდენტს, უკრაინის არმიას და უკრაინელ ხალხს მიმართავენ და ქალაქისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რუსებისგან გათავისუფლებას სთხოვენ.
„ჩვენ ქალაქ ენერგოდარის მცხოვრებნი, სრულ სასოწარკვეთილებაში მყოფნი, მოგმართავთ თქვენ და დახმარებას გთხოვთ. დღეს ჩვენ, ამ ქალაქის მცხოვრებნი, ატომური ელექტროსადგურის ყველა თანამშრომელი, რუსი სამხედროების ტყვეობაში ვართ. მათ დაიკავეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მთელ მსოფლიოს ბირთვული კატასტროფით ემუქრებიან. ოკუპანტებს ჩვენ და ჩვენი შვილები ვყავართ აფარებული ცოცხალ ფარად და ენერგოდარის მიწაზე გენოციდს აწყობენ,“ – ნათქვამია მიმართვაში.
ისინი ჰყვებიან, რომ ქალაქის მცხოვრებლებს ქუჩაში პროდუქტებისა და წყლისთვის გასვლისაც კი ეშინიათ, რადგან ხალხს რუსები ქუჩიდან იტაცებენ და გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავთ. შემდეგ კი ეს ადამიანები უბრალოდ ქრებიან.
„რაშისტები, კადიროველებთან და კოლაბორაციონისტებთან ერთად, იჭრებიან ჩვენს სახლებში, ჩვენს ბინებში, მაროდიორობენ, ძარცვავენ, ვითომ უკრაინელ ნაციონალისტებს, მებრძოლებსა და დონბასის ომის მონაწილეებს ეძებენ,“ – ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე ვიდეომიმართვაში.
მათი თქმით, რუსები რეგულარულად უხსნიან ცეცხლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს: „ძალიან გთხოვთ, ნუ მიგვატოვებთ ამ უბედურების დროს. გთხოვთ, გაათავისუფლეთ ჩვენი ქალაქი და ჩვენი ატომური ელექტროსადგური ამ ტერორისტებისგან.“
რახდებაზაპოროჟიესატომურელექტროსადგურზე –მოკლედ:
19 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში გაეროს მისიის ჩასვლის აუცილებლობაზე ისაუბრეს ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა, თუმცა მივიდნენ თუ არა პრეზიდენტები რაიმე შეთანხმებამდე, უცნობია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე დღის განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ 19 აგვისტოს, როდესაც უკრაინაში გაეროს გენერალური მდივანი იქნებოდა, კიევი ზაპოროჟიეს სადგურზე პროვოკაციას გეგმავდა. უწყების ცნობით, პროვოკაციის მიზანი სადგურის საცავების უსაფრთხოების დარღვევა და რადიაციის გაჟონვის გამოწვევა იყო, რათა ამ ტექნოგენურ კატასტროფაში შემდეგ რუსეთი დაედანაშაულებინათ.
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთი თავად გეგმავდა პროვოკაციას სადგურზე, რათა შემდეგ ის უკრაინისთვის დაებრალებინა.
საბოლოოდ, 19 აგვისტოს, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მოსალოდნელი ინციდენტი არ მომხდარა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მზადაა თავად უხელმძღვანელოს მისიას, რომელიც ზაპოროჟიეში ჩავა და იქ შექმნილ სიტუაციას შეისწავლის.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ცნობების თანახმად, სადგურის ტერიტორიაზე კვლავაც განლაგებულია მძიმე ტექნიკა და ამას 21 აგვისტოს გადაღებული სატელიტური ფოტოებიც ადასტურებს.
უკრაინის ხელისუფლების თქმით, რუსმა სამხედროებმა ატომური ელექტროსადგური დანაღმეს და მუდმივი საარტილერიო დარტყმებით საფრთხეს უქმნიან მას.
დასავლური მედიის ცნობით, რუსებმა ატომური სადგურის ტერიტორიაზე მძიმე შეიარაღება და ტექნიკა განალაგეს და სადგურს სამხედრო ბაზად იყენებენ.
რუსეთის თავდაცვამ ეს ინფორმაცია უარყო. უწყების თქმით, რუს სამხედროებს ტერიტორიაზე არ აქვთ მძიმე შეიარაღება და მზად არიან ეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო სატელიტური ფოტოებით დაუმტკიცონ.
„ენერგოატომის“ განცხადებით, რუსებმა არაერთხელ გაუხსნეს სადგურს საარტილერიო ცეცხლი, რათა მისი ინფრასტრუქტურა დაეზიანებინათ და ელექტროსადგური უკრაინის საერთო ენერგოსისტემიდან გაეთიშათ.
მას შემდეგ, რაც 11 აგვისტოს რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ გაუხსნა ცეცხლი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა სადგურის სრული დემილიტარიზაცია მოითხოვა.
ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის თქმით, ატომურ სადგურზე ავარიის შემთხვევაში, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებიდან დაახლოებით 400 000 ადამიანის ევაკუაცია გახდება საჭირო.
ექსპერტების გათვლებით, ავარია ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე გამანადგურებელ შედეგებს მოიტანს და ევროპის რამდენიმე ქვეყანას დააზარალებს.
რუსმა სამხედროებმა ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, 4 მარტს, დაიკავეს.
ბათუმში, ჯავახიშვილის 47-ში მდებარე ავარიული კორპუსის გამაგრებას, რუსული კომპანია „ელვას“ ფილიალი ქალაქის მერიას 311 ათას 592 ლარად სთავაზობდა, თუმცა მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზე შეწყვიტა.
კორპუსის გასამაგრებლად ტენდერი 322 ათას 122 ლარით იყო გამოცხადებული. სამმართველოს სატენდერო კომისიამ 2022 წლის 5 აგვისტოს დაადგინა, რომ შპს „ელვას“ ფილიალი ქ. თბილისში [საქართველო]-ს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად არ შეესაბამებოდა ტენდერის მოთხოვნებს და კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა.
კომპანიამ დამატებით დოკუმენტაცია 9 აგვისტოს წარადგინა, თუმცა სამმართველოს სატენდერო კომისიამ 12 აგვისტოს ტენდერი შეწყვიტა.
ტენდერის შეწყვეტის ოქმში აღნიშნულია, რომ გამოიკვეთა ახალი გარემოებები, საჭირო იყო საპროექტო დოკუმენტაციაში კორექტირების შეტანა, რაც გაზრდიდა პროექტის ღირებულებას. ამიტომ, ვინაიდან ტენდერი იყო შერჩევა-შეფასების ეტაპზე, პროექტში ცვლილებები ვერ განხორციელდებოდა. ამ საფუძვლით კომისიამ ტენდერი შეწყვიტა.
ტენდერის შეწყვეტის ოქმიდან
შპს„ელვას“ ფილიალი ქ. თბილისში (საქართველო) – რეესტრის მიხედვით, 2019 წელსაა რეგისტრირებული და მისი იურიდიული მისამართი ბორჯომია. დამფუძნებელი კი არის, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული შპს „ელვა“. ფილიალის დირექტორია თორნიკე წილოსანი.
მერიის სამმართველომ ქ. ბათუმში, ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაციის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩა №47-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრება-რეაბილიტაციაზე ხელახალი ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო თანხა, შეწყვეტილ ტენდერთან შედარებით, 7 ათას 445 ლარით არის გაზრდილი და 329 ათას 567 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 9 სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბრამდე დასრულდება. პირობის მიხედვით, ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები 2022 წლის 9 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.
შეწყვეტილი ტენდერის შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:
უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შედეგად 375 ბავშვი დაიღუპა და 733-ზე მეტი დაშავდა.
ორი ბავშვი, რომელთაგან ერთი 6 წლის იყო, მეორე კი – 11-ის, 24 აგვისტოს დაიღუპა სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად.
პროკურატურის ცნობით, ყველაზე მეტი – 388 ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, ხარკოვში – 202, კიევში – 116.
ეს რიცხვები საბოლოო არ არის, ინფორმაცია მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ჯერ ისევ ზუსტდება, რადგან უკრაინის ქალაქებსა და სოფლებში აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. ასევე, ამ მონაცემებში არ შედის ქალაქ მარიუპოლში დაღუპული და დაშავებული ბავშვების სტატისტიკა, რადგან ქალაქი ოკუპირებულია და მსხვერპლის რაოდენობა ვერ ზუსტდება.
რუსეთ-უკრაინის ომი 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დილის 5 საათზე დაიწყო. რუსეთის შეიარაღებული ძალები სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით დაესხნენ თავს უკრაინას.
______________
ფოტოზე: დაბომბილი შენობა ქალაქ ჩერნივში. ფოტო: EPA-EFE/ROMAN PILIPEY
შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ საჩვენებელი სასამართლოს გამართვა მართლმსაჯულების დაცინვა იქნება.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებაში ნათქვამია, რომ კრემლი „ტრიბუნალით“ ცდილობს პასუხისმგებლობა ჩამოაშოროს პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის ძალების მიერ უკრაინაში ჩადენილი საშინელი დანაშაულებიდან ყურადღება ამ სასამართლოზე გადაიტანოს.
„დაგეგმილი საჩვენებელი სასამართლო უკანონოა და მართლმსაჯულების დაცინვას წარმოადგენს, ჩვენ მკაცრად ვგმობთ მას. უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა წარმომადგენელი, მათ შორის, ადგილობრივი თუ უცხოელი მოხალისეები, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში შედიან, ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში სარგებლობენ სამხედრო ტყეების სტატუსით და უფლება აქვთ, მიიღონ შესაბამისი მკურნალობა და დაცვა, რასაც ჟენევის კონვენცია ითვალისწინებს“, – აღნიშნავს პრაისი.
სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლით დაკისრებული ვალდებულებები, განცხადებას კი ამ სიტყვებით ასრულებს:
„შეერთებული შტატები კვლავაც მყარად იდგება უკრაინელთა გვერდით, რადგან ისინი საკუთარ თავისუფლებას იცავენ.“
________
6 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსებმა მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე რკინის გალიების დამონტაჟება დაიწყეს. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, საოკუპაციო ძალები „აზოვტალის“ დამცველთა საჩვენებელ სასამართლოს გეგმავენ.
თავდაპირველად, სასამართლოს სავარაუდო თარიღად 24 აგვისტო, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე სახელდებოდა.
22 აგვისტოს პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა არ მოითმენს დამპყრობლებისგან თავისი გმირებისა და უკრაინის თავისუფლების დამცველების დამცირებას და თუ ასეთი სასამართლო შედგება, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკების ყველა გზას მოიჭრის.
დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის მეთაურის, დენის პუშილინის თქმით, ზელენსკის გაფრთხილება მარიუპოლში დაგეგმილ სასამართლოზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან „აზოვსტალის“ მებრძოლების „ტრიბუნალისთვის“ უკვე ყველაფერი მზადაა და გეგმები არ შეიცვლება, თუმცა პუშილინს არ დაუზუსტებია, როდის გაიმართება საჩვენებელი სასამართლო.
უკრაინის ხელისუფლებამ, „აზოვის“ პოლკმა, უკრაინელი სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრებმა არაერთხელ მოუწოდეს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს, შეაჩერონ „აზოვსტალის“ დამცველების წინააღმდეგ დაგეგმილი უკანონო ტრიბუნალი.
_______
„აზოვსტალის“ მცველები 82-დღიანი წინააღმდეგობის შემდეგ 16-17 მაისს ტყვედ ჩაბარდნენ. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, რუსეთის ტყვეობაში 2 500-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა.
29 ივნისს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა პირველი მასშტაბური გაცვლა შედგა – უკრაინაში დაბრუნდა 144 სამხედრო, მათ შორის 95 – „აზოვსტალის“ დამცველი.
გაცვლიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 29 ივლისს, ოლენოვკაში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა. მომხდარს უკრაინამ რუსეთის მიერ დაგეგმილი ტერაქტი უწოდა, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, თავდასხმა „ვაგნერმა“ მოაწყო.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე რუსეთის თავდასხმას უახლოეს დღეებში უპასუხებს.
ამის შესახებ მან რუს უფლებადამცველ მარკ ფეიგინთან საუბრისას განაცხადა.
არესტოვიჩმა გაიხსენა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გაფრთხილება, რომ შესაძლო სარაკეტო თავდასხმის შემთხვევაში იქნება საპასუხო რეაქცია.
„პასუხი იქნება – მტკიცე. დასხდნენ და იფიქრონ, დღეს დააფრინდებათ თუ არა თავზე [რაკეტა]. აუცილებლად მიფრინდება, ეჭვიც კი არ შეგეპაროთ. უკვე ხვალ დილიდანვე იქნება სიახლე. მაქსიმუმ ერთი-ორი დღეა საჭირო მოსამზადებლად – სერიოზული, მსუყე სამიზნეების დამატებით დაზვერვისთვის. საპასუხო რამ უახლოეს მომავალში მოფრინდება“, – განაცხადა მან.
პრეზიდენტის აპარატის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ უკან დარჩა ის დრო, როდესაც რუსეთი დაუსჯელად ისროდა უკრაინაში რაკეტებს.
„ჩვენ უკვე შეგვიძლია ყირიმსაც კი მივწვდეთ. ყველაფერს, რაც თქვენ გინდათ“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
როგორც უკრაინული გამოცემა UNIAN-ი იტყობინება, დღეს რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქში, ჩაპლინოს სარკინიგზო სადგურს დაარტყა. რაკეტები ოთხ სამგზავრო ვაგონს დაეცა – მათ ცეცხლი გაუჩნდა.
ბოლო ცნობებით დაიღუპა 25 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სარკინიგზო სადგურ ჩაპლინოზე თავდასხმას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ტვიტერზე გამოეხმაურა. მან ამ თავდასხმას „სიმხეცე“ უწოდა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ინფორმაციით, 21 აგვისტოს გადაღებული სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რუსებს კვლავ აქვთ დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა.
„ჯავშანტრანსპორტიორები მეხუთე რეაქტორიდან 60 მეტრში დგას. რუსეთის ძალებმა, სავარაუდოდ, სამხედრო ტრანსპორტის შენიღბვა სცადეს და ისინი ჰაერში გაყვანილი მილებისა და სასიგნალო ხიდების ქვეშ დააყენეს,“ – წერს უწყება 25 აგვისტოს რელიზში.
დაზვერვის შეფასებით, რუსეთი მზადაა, ზაპოროჟიეს სადგურთან უკრაინელთა ნებისმიერი სამხედრო აქტივობა თავისი პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს.
„ვიდრე რუსეთის არმია იკავებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რეაქტორების ექსპლუატაციის ძირითად რისკებს წარმოადგენს რეაქტორების გაცივების სისტემის დარღვევა, მისი კვების სარეზერვო წყაროების დაზიანება ან შეცდომა, რომელიც შესაძლოა ზეწოლის ქვეშ მომუშავე თანამშრომლებმა დაუშვან,“ – აღნიშნავს უწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ზაპოროჟიეს სადგურის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების არსებობა უარყო. 18 აგვისტოს უწყებამ განაცხადა, რომ მზადაა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარუდგინოს ფოტომტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებს, რომ ასეთი შეიარაღება ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში მყოფ რუსულ არმიას არ აქვს.
რახდებაზაპოროჟიესატომურელექტროსადგურზე – მოკლედ:
19 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურში გაეროს მისიის ჩასვლის აუცილებლობაზე ისაუბრეს ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა, თუმცა მივიდნენ თუ არა პრეზიდენტები რაიმე შეთანხმებამდე, უცნობია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რამდენიმე დღის განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ 19 აგვისტოს, როდესაც უკრაინაში გაეროს გენერალური მდივანი იქნებოდა, კიევი ზაპოროჟიეს სადგურზე პროვოკაციას გეგმავდა. უწყების ცნობით, პროვოკაციის მიზანი სადგურის საცავების უსაფრთხოების დარღვევა და რადიაციის გაჟონვის გამოწვევა იყო, რათა ამ ტექნოგენურ კატასტროფაში შემდეგ რუსეთი დაედანაშაულებინათ.
აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთი თავად გეგმავდა პროვოკაციას სადგურზე, რათა შემდეგ ის უკრაინისთვის დაებრალებინა.
საბოლოოდ, 19 აგვისტოს, ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე მოსალოდნელი ინციდენტი არ მომხდარა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მზადაა თავად უხელმძღვანელოს მისიას, რომელიც ზაპოროჟიეში ჩავა და იქ შექმნილ სიტუაციას შეისწავლის.
უკრაინის ხელისუფლების თქმით, რუსმა სამხედროებმა ატომური ელექტროსადგური დანაღმეს და მუდმივი საარტილერიო დარტყმებით საფრთხეს უქმნიან მას.
დასავლური მედიის ცნობით, რუსებმა ატომური სადგურის ტერიტორიაზე მძიმე შეიარაღება და ტექნიკა განალაგეს და სადგურს სამხედრო ბაზად იყენებენ.
რუსეთის თავდაცვამ ეს ინფორმაცია უარყო. უწყების თქმით, რუს სამხედროებს ტერიტორიაზე არ აქვთ მძიმე შეიარაღება და მზად არიან ეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო სატელიტური ფოტოებით დაუმტკიცონ.
„ენერგოატომის“ განცხადებით, რუსებმა არაერთხელ გაუხსნეს სადგურს საარტილერიო ცეცხლი, რათა მისი ინფრასტრუქტურა დაეზიანებინათ და ელექტროსადგური უკრაინის საერთო ენერგოსისტემიდან გაეთიშათ.
მას შემდეგ, რაც 11 აგვისტოს რუსეთის არმიამ კიდევ ერთხელ გაუხსნა ცეცხლი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა სადგურის სრული დემილიტარიზაცია მოითხოვა.
ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის თქმით, ატომურ სადგურზე ავარიის შემთხვევაში, ზაპოროჟიესა და დნეპროპეტროვსკის ოლქებიდან დაახლოებით 400 000 ადამიანის ევაკუაცია გახდება საჭირო.
ექსპერტების გათვლებით, ავარია ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე გამანადგურებელ შედეგებს მოიტანს და ევროპის რამდენიმე ქვეყანას დააზარალებს.
რუსმა სამხედროებმა ევროპის უმსხვილესი ატომური ელექტროსადგური ჯერ კიდევომის დასაწყისში, 4 მარტს, დაიკავეს.
მთავარ ფოტოზე: დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული სატელიტური ფოტო, რომელზეც მონიშნულია რუსული ჯავშანტექნიკის ადგილმდებარეობა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 25 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 45 850 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
ტანკი – 1 929 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 4 245 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 1037 ერთეული [+1]
MLRS – 272 ერთეული [+6]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 148 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 234 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 202 ერთეული [+3]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 828 ერთეული [+9]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 196 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 160 ერთეული [+0]
სპეცტექნიკა – 99 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით კი, 24 თებერვლიდან 25 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
273 თვითმფრინავი
148 ვერტმფრენი
1 808 უპილოტო საფრენი აპარატი
369 საზენიტო სარაკეტო სისტემა
4 384 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
819 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 340 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
5 048 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად და ზოგადადაც, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ საჩვენებელი სასამართლოს გამართვა მართლმსაჯულების დაცინვა იქნება:
გუშინ, 24 აგვისტოს, რუსეთის შეჭრიდან ზუსტად ექვსი თვის თავზე, უკრაინამ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა. ნახეთ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა უკრაინელი ხალხისადმი:
ძაღლების თავშესაფრისა და იპოდრომის მოსაწყობად ბათუმის მერიის სამმართველოსა და შპს „საბა კონსტრაქშენს“ შორის გაფორმებული 12-მილიონიანი ხელშეკრულება შეწყდა. კომპანიას დეტალური პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება, ასევე, მშენებლობა ევალებოდა. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, „საბა კონსტრაქშენმა“ ვალდებულება არ შეასრულა და ხელშეკრულება შეუწყვიტეს, კომპანიამ კი, სასამართლოს მიმართა.
ხელშეკრულების შეწყვეტიდან სამი თვის შემდეგ მერიის სამმართველომ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ამჯერად მხოლოდ „სარეკრეაციო სივრცის, მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის და შენობების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე“.
პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადების შემდეგ კი, სამმართველო ტენდერს მშენებლობაზე ცალკე გამოაცხადებს.
პროექტის მომზადებაზე, 700 ათასი ლარით გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 18 სექტემბერს დაიწყება და 23 სექტემბერს დასრულდება. პროექტი და ხარჯთაღრიცხვა კი, გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვეში უნდა მოამზადოს.
„ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში Design-Build მეთოდით სარეკრეაციო სივრცის და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მოწყობა, შენობების დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე“ ხელშეკრულება მერიის სამმართველოსა და „საბა კონსტრაქშენს“ შორის 2021 წლის 16 ნოემბერს დაიდო, 12 788 480 ლარზე.
სამუშაოები, ხელშეკრულების მიხედვით, 2024 წლის 11 დეკემბრამდე მთლიანად უნდა დასრულებულიყო, თუმცა ეს ხელშეკრულება სამმართველომ ხუთ თვეში, 2022 წლის 3 მაისიდან შეწყვიტა.
[toggle title=”შეწყვეტილი ხელშეკრულების დეტალების სანახავად დააწკაპუნეთ აქ:“]
ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სამმართველოს დირექტორის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „დეტალურად იყო გაწერილი გასაწევი მომსახურების მოცულობა, ძირითადი მოთხოვნები, მომსახურების გაწევის ეტაპები და ვადები:
I ეტაპი – ტერიტორიის შესწავლა, საკადასტრო ინფორმაცია, ტოპოგრაფიული კვლევა, საინჟინრო გეოლოგიური კვლევა, პირველადი ინფორმაცია არსებულ საინჟინრო ქსელებთან დაკავშირებით, კონცეპტუალური დიზაინის დამუშავება (მინიმუმ 3 ვარიანტი) – განსაზღვრული იყო – 30 (ოცდაათი) დღე;
II ეტაპი – შერჩეული კონცეპტუალური დიზაინის საფუძველზე ესკიზური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება – 30 (ოცდაათი) დღე;
III ეტაპი – დეტალური პროექტის დამუშავება და საბოლოო საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა – 30 (ოცდაათი) დღე.
შპს „საბა კონსტრქშენმა“ 2021 წლის 01 დეკემბრის წერილით აღნიშნა, რომ დაწყებული იყო საპროექტო კვლევები და I ეტაპზე ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული საინჟინრო გეოლოგიური კვლევის განსახორციელებლად და კონცეპტუალური დიზაინის წარმოსადგენად წააწყდა წინააღმდეგობას, კერძოდ: საპროექტო ტერიტორიაზე გაედინება მდინარე, ტერიტორიის რელიეფი არის რთული და მოცულია ხე-ნარგავებით. აღნიშნული ხე-ნარგავების სიხშირიდან გამომდინარე ვერ ხერხდება ტერიტორიაზე საინჟინრო გეოლოგიური კვლევებისათვის ტექნიკის შეყვანა.
ტექნიკის შეყვანის მიზნით უნდა განხორციელდეს ხე-ნარგავების ტაქსაცია, ხოლო ტაქსაციის სათანადო დოკუმენტაციის მომზადების შემდგომ ხეების მოჭრის ან გადარგვის თხოვნით უნდა მიემართოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რაც დაკავშირებულია გარკვეულ დროსთან. მხოლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ნებართვის აღების შემდგომ შესაძლებელი გახდებოდა ტერიტორიის გასუფთავება, შესაბამისი ტექნიკის შეყვანა და საინჟინროო გეოლოგიური კვლევის ჩატარება.
სამმართველომ გაიზიარა წერილში მოყვანილი არგუმენტები და გააფორმა მხარეთა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც I ეტაპისთვის განსაზღვრული 30 კალენდარული დღე გაიზარდა 80 კალენდარულ დღემდე (03.02.2022წ.), ხოლო საბოლოო საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 კალენდარული დღე (04.04.2022 ).
2022 წლის 17 თებერვლის წერილით, შპს „საბა კონსტრქშენს“ ეცნობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეტაპის დარღვევაზე. პასუხად, შპს „საბა კონსტრქშენის“ მიერ წარმოდგენილი იქნა კონცეპტუალური დიზაინის 3 ვარიანტი შესათანხმებლად.
წარმოდგენილი ვარიანტები სამმართველომ დაახარვეზა, რის შესახებაც ეცნობათ 2022 წლის 9 მარტს. ამის შემდგომ კომპანიას არ წარმოუდგენია ხარვეზების გათვალისწინებით კორექტირებული ვარიანტები.
სამმართველოს 2022 წლის 14 აპრილის წერილით კომპანიას ეთხოვა 5 დღის ვადაში წარმოედგინა დეტალური პროექტის მომზადების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შენიშვნების გათვალისწინებით, წინააღმდეგ შემთხვევაში სამმართველო უფლებას იტოვებდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება.
2022 წლის 15 აპრილს შპს „საბა კონსტრქშენმა“ წარმოადგინა იგივე ხარვეზის მქონე დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტებზე ჩატარებული სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის მიხედვით წარდგენილი კონცეპტუალური გენგეგმით გათვალისწინებული პროექტი ცალკეულ შემთხვევებში ეწინააღმდეგება მოქმედ ნორმატიულ დოკუმენტებს, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში კი მნიშვნელოვნად ართულებს ან შეუძლებელს ხდის მის განხორციელებას.
აღნიშნული დასკვნა ვერ გამოდგება კომპანიის მიერ ვალდებულების შეუსრულოებლობის გასასამართლებლად, ვინაიდან დასკვნა გაკეთებულია კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე, რომელიც მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავდა, ხოლო სამმართველოს მიერ მიცემული დამატებითი ვადები კომპანიამ არ გამოიყენა მის გამოსასწორებლად.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ როგორც გეოლოგიურ ასევე სამხარაულის დასკვნაში მოყვანილი ძირითადი აღწერილობების შესახებ, კომპანისაათვის წინასწარ იყო ცნობილი ვინაიდან სატენდერო დოკუმენტაცია შეიცავდა მსგავს ინფორმაციებს.
საბოლოოდ, 2022 წლის 4 აპრილს გავიდა ხელშეკრულებითა და დამატებით სამმართველოს მიერ მიცემული სამი ეტაპის წარმოდგენის ვადა, ხოლო კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი არცერთი ეტაპი, რაც თვალსაჩინოს ხდის იმ ფაქტს, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს სხვა რაიმე სამართლებრივი გზა დარჩენილი გარდა იმისა, რომ განხორციელდეს ხელშეკრულების შეწყვეტა კომპანიის მიერ ვალდებულეების არ შესრულების გამო, ვინაიდან მიმწოდებლის მხრიდან არ ჩანს პროექტის განხორციელების ნება და ყველა მიმდინარე ვადების დარღვევას აქვს ადგილი, ნათლად იკვეთება პროექტის განუხორციელებლობის საფრთხე. შესაბამისად სამმართველომ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.“
[/toggle]
მერიის სამმართველოს დირექტორის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ
„კომპანიას დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის, ანუ, 639 424 ლარის ოდენობით.
სამმართველოს საფინანსო-ეკონომიკურმა სამსახურმა განახორციელოს შესაბამისი საბანკო გარანტიის ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებები.
შპს „საბა კონსტრაქშენზე“ დაკისრებული პირგასამტეხლოდან – 639 424 ლარიდან, 319 712 ლარის ანაზღაურება მოხდეს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის საფუძველზე, ხოლო დარჩენილი თანხა – 319 712 ლარი, აანაზღაუროს კომპანიამ.
დაევალოს სამმართველოს საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის შესყიდვების განყოფილებას გადააგზავნოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში შესამაბისი მოთხოვნა კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციისათვის.“
„ბათუმელებმა“ გადაამოწმა და შესყიდვების პორტალზე, 24 აგვისტოს მდგომარეობით, კომპანია არა „შავ სიაში“, არამედ „თეთრ სიაშია“.
„თეთრი სია“ შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრია, ხოლო „შავი სია“ – შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი.
„შავ სიაში“ რეგისტრირებულ მიმწოდებლებს/პრეტენდენტებს, ამ სიაში შეტანიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება [შესყიდვების პორტალის მიხედვით კი, „საბა კონსტრაქშენს“ 2022 წლის 1-ელ აგვისტოსაც აქვს ხელშეკრულება დადებული მუნიციპალური განვითარების ფონდთან“].
„ბათუმელები“ შეეცადა კომენტარი მიეღო „საბა კონსტრაქშენიდან“, თუმცა კომპანიაში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს [ეს კომპანია ბათუმში ჟიული შარტავს გამზირზე მდებარე ხეივნის რეკონსტრუქციაზეც მუშაობს, სადაც ერთ-ერთი საფეხმავლო ხიდიც უნდა ააშენოს, რომელიც რკინის თაღში გაივლის].
ხომ არ მიმართა კომპანიამ სასამართლოს? – ამ კითხვით მერიის სამმართველოს მივმართეთ. სამმართველოს ასევე ვკითხეთ, თუ გადაუხადეს რაიმე თანხა წინასწარ კომპანიას და ამოღებულია თუ არა პირგასამტეხლო.
„საბა კონსტრაქშენს“ საჩივარი აქვს შეტანილი სასამართლოში. რაც შეეხება საგარანტიოთი გათვალისწინებულ თანხას, გადაიხადეს. ხაზინის ანგარიშზე ჩარიცხულია 319 712 ლარი. ჩვენ შესყიდვების სააგანტოსაც მივმართეთ, რომ შეეყვანათ კომპანია შავ სიაში“ – მოგვწერეს საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან.
„ბათუმელები“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე კომპანიის სიაში შეტანისა, თუ სიიდან ამოღების საკითხს, ვერ განიხილავენ.
—
ჩაქვში ძაღლების თავშესაფრის [ძაღლთსაშენის], იპოდრომისა და სარეკრეაციო სივრცი მოსაწყობად თავდაპირველად ტენდერი სამმართველომ, 2021 წლის ივლისში, 9 723 999 ლარით გამოაცხადა, თუმცა, ეს ტენდერი არ შედგა.
ამის შემდეგ ხელახალი ტენდერი იმავე წლის ოქტომბერში გამოაცხადეს, თუმცა თანხა თითქმის 6 მილიონით იყო გაზრდილი და 15 985 599 ლარი იყო. ამ ტენდერში გამოავლინეს „საბა კონსტრაქშენი“ გამარჯვებულად.
ამ ტენდერისა და ტექნიკური დავალების შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:
კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში, ბაგრატიონის 117ბ-ში, საგანმანათლებლო კომპლექსს აშენებს.
ბათუმის მერიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით შენობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებითა და საცურაო აუზით, აშენდება სტუდენტური საერთო საცხოვრებელიც.
სამშენებლო ტერიტორია ერთ ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს.
უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროექტზე საპროექტო სტუდია „ქომ ჰაივმა“ იმუშავა, პროექტის უშუალო ავტორი კი კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის კურსდამთავრებული მარიტა ჭანჭალეიშვილია.
კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის მშენებლობას სამშენებლო კომპანია „დომსონი“ უზრუნველყოფს.
სანებართვო პირობების თანახმად, მშენებლობა 2023 წელს უნდა დასრულდეს.
2019 წელს აჭარის მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, ტერიტორიის განვითარების კონცეფცია უნდა მოიცავდეს სასწავლო დაწესებულებას, თუმცა არ შემოიფარგლებოდეს ამით. აქ უნდა მოეწყოს ასევე საჩოგბურთო კორტები, კალათბურთის მოედანი, სპორტული აქტივობებისათვის განკუთვნილი ეზო, დასასვენებელი და სამუშაო სივრცეები, თანამედროვედ აღჭურვილი სპორტული კომპლექსი და სკვერი.
თამაზ დარჩიძე ბათუმის აგრარულ ბაზარში ყველს ყიდის. 6 შვილი და 9 შვილიშვილი ჰყავს. გადაწყვიტა საპენსიო ასაკში შინ არ მჯდარიყო და ასე დაიწყო მუშაობა ბაზარში.
ყველი და რძის პროდუქტი ბათუმის აგრარულ ბაზარში საგრძნობლად გაძვირებულია. თამაზ დარჩიძე გვეუბნება, რომ ყველი ბოლო 20 დღის განმავლობაში გაძვირდა განსაკუთრებით:
„გლეხები ვეღარ ყიდულობენ კომბინირებულ საკვებს საქონლისთვის, დაკლეს და ხორცად გაყიდეს. რძე ამიტომ შემცირდა, ფასი მოიმატა.
12-ლარიანი იმერული ყველი 18 ლარი ღირს, 13-ლარიანი სულგუნის ფასი 18, 20 ლარია. ნადუღი 4 ლარი ღირდა და 6 გახდა.
17-ლარიანი ქარხნის ყველი 25 ლარი ღირს. 20 დღეში შეიცვალა ასე საგრძნობლად ფასები რძის პროდუქტზე“, – ამბობს თამაზ დარჩიძე.
მისი თქმით, ბათუმის აგრარულ ბაზარში ყველი აჭარის სოფლებიდან, დიდი რაოდენობით კი დიდაჭარიდან, ბახმაროდან, სამეგრელოდან, კახეთიდანაც შემოაქვთ.
„ბევრი მომხმარებელი, განსაკუთრებით პენსიონერები – შემოდიან, ათვალიერებენ პროდუქტს და უკან ხელცარიელი ბრუნდებიან. ვერ სწვდებიან ამ ფასებს. ძალიან ბევრია ასეთი.
თითქმის ვერცერთი აქ შემოსული პენსიონერი ყველს ვერ ყიდულობს“, – ამბობს ყველით მოვაჭრე.
ბაზარში მას გადასახადიც საკმაოდ მაღალი აქვს: ყველის მაცივარი, საერთო მაცივარი, ელექტროენერგია, ბაზარში ყოველდღე მანქანით შემოსვლის თანხა და ლაბორატორიის გადასახადი. ამ ყველაფერში, როგორც თამაზ დარჩიძემ გვითხრა, 700-მდე ლარს იხდის ყოველთვიურად.
„მეც მომხმარებელი ვარ და მიწევს ყოველდღიურად საკვები პროდუქტის ყიდვა. ზოგიერთი პური 100%-ით გაძვირდა, ადრე თუ ერთკილოგრამიან პურს ვყიდულობდი, ახლა ამ პურის წონა 600 გრამამდე შეამცირეს, თუმცა 50%-ით გააძვირეს.
ზეთი, მაკარონი, საკონდიტრო ნაწარმი – ყველაფერი გაძვირდა. პატარა შვილიშვილები მყავს. ერთკილოგრამიან არაჟანს ვყიდულობდი 8 ლარად, ახლა ეს არაჟანი 12 ლარი ღირს. 50%-ით გაძვირდა არაჟანი, ანუ ამ 2, 3 თვის განმავლობაში.
დოლარის ფასი რომ 3,70 ლარი გახდა, ამით ხსნიდნენ სიძვირეს, მაგრამ მერე დოლარის ფასი 2,60 ლარამდე დავიდა, თუმცა არაჟანი აღარ გაიაფებულა.
დოლარის კურსის დაცემით პროდუქტებს ფასი არასდროს დაჰკლებია“, – ამბობს თამაზ დარჩიძე.
ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში ფეისბუქზე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „პროვოკაციის გამო უსამართლოდ იქნა გაკიცხული“ საზოგადოებისაგან.
გუშინ, 23 აგვისტოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის მერის მოადგილემ, სოფო ხალვაშმა, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების გამართვაზე ორგანიზატორებს უარი უთხრა. ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ნიკა ქაშიბაძემ ამის დამადასტურებლად მისი და სოფო ხალვაშის მიმოწერა გამოაქვეყნა.
სოფო ხალვაშმა დღეს, 24 აგვისტოს, თავადაც გამოაქვეყნა იგივე მიმოწერა და დაწერა, რომ ნიკა ქაშიბაძის მიერ გამოქვეყნებული მიმოწერა კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი.
„კონტექსტიდან არის ამოვარდნილი და მხოლოდ ის ფრაზებია წარმოჩენილი, რომლებიც საზოგადოებას შეუქმნის ილუზიას, თითქოს მე წინააღმდეგი ვარ დავეხმარო უკრაინელი ხალხისთვის ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნაში.
ძალიან ცუდია, რომ ამ ცალმხრივად გავრცელებული დეზინფორმაციის გამო ჟურნალისტებმა და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ყოველგვარი ეთიკის უგულებელყოფით ხმამაღლა გამომაცხადეს ჩემი ქვეყნის მოღალატედ,“ – წერს სოფო ხალვაში ფეისბუქზე.
მიმოწერის სქრინები, რომლებიც ნიკა ქაშიბაძემ და სოფო ხალვაშმა გამოაქვეყნეს, იდენტურია.
მიმოწერაში ჩანს, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ორგანიზატორი ნიკა ქაშიბაძე სოფო ხალვაშს უგზავნის ვიდეოებს, რომლებიც სურთ, რომ დაგეგმილი ღონისძიების დროს ეკრანზე გაუშვან.
„ნიკა, აქ საუბარია დიდ სცენაზე და კონცერტზე, რაც დამოუკიდებლობის დღისთვის კეთდება. აქ შესაძლებელია რამდენიმე ვიდეომიმართვაა, მაგრამ არა სულ ვიდეოზე აწყობილი და მხოლოდ საუბარი. ამ შემთხვევაში, თუ ასეთი ფორმატი სჭირდებათ, მაშინ რა საჭიროა სცენა და კონცერტი. თუ კონცერტს ვაკეთებთ, მაშინ გავაკეთოთ კონცერტი, სხვა შემთხვევაში არ გამოდის,“ – წერს სოფო ხალვაში ნიკა ქაშიბაძეს.
სოფო ხალვაში ფეისბუქზე წერს, რომ არ აუკრძალავს ღონისძიების ორგანიზატორებისთვის სიტყვა „ომის“ გამოყენება.
„უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით წერილი მერიაში შემოვიდა 8 აგვისტოს, სადაც საუბარი იყო ჩვენი მხრიდან კონცერტის გაკეთებაზე, ანუ შემსრულებლები კონცერტს საწყის ეტაპზე არ ჰყავდა. ამის შემდეგ დამირეკა გიორგი კირთაძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მთხოვა შევხვედროდი ორგანიზატორებს. შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ მოიყვანდნენ 14 შემსრულებელს და ასევე გაუშვებდნენ 4-5 ვიდეომიმართვას, რაზეც ასევე შევთანხმდით.
მალე კვლავ შეიცვალა პირობები და აღმოჩნდა, რომ კონცერტის მსვლელობისას შემსრულებლებზე მეტი ოდენობის ვიდეომიმართვა იყო დაგეგმილი, მათ შორის არა მხოლოდ ომის თემატიკაზე. ამასთან დაკავშირებით იქვე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია, რომ კონცერტი, რა თქმა უნდა, ისე ვერ ჩაივლიდა, რომ ომი არ ხსენებულიყო.. რადგან ომია! და ეს მე ძალიან კარგად ვიცი!
შევთანხმდით ასევე ტექსტზე, რომელიც წამყვანებს უნდა გაეჟღერებინათ“, – წერს სოფო ხალვაში.
მიმართვა, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორებს სურდათ წაეკითხათ და რომელზეც სოფო ხალვაში წერს, რომ ამ მიმართვის ტექსტს დაეთანხმა
ბათუმის მერის მოადგილე წერს, რომ ის, როგორც რიგითი მოქალაქე, ყოველთვის უჭერდა მხარს უკრაინელებს.
„ჩემი პროფესიიდან გამომდინარე არაერთი კონცერტის ორგანიზებისთვის შემიწყვია ხელი, მათ შორის, სწორედ მე გახლდით სულ ახლახან სასტუმრო „მერიდიანში“ გამართული, უკრაინელი ხალხისთვის მიძღვნილი კონცერტის მხარდამჭერი, სადაც ქართველ შემსრულებლებთან ერთად, უკრაინელი შემსრულებელიც იღებდა მონაწილეობას. სამწუხაროა, რომ დღეს არ ხდება ინფორმაციის გადამოწმება და „სიტყვის თავისუფლება“ „ყველაფრის უფლებად“ არის აღქმული,“ – წერს სოფო ხალვაში.
მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის მერის მოადგილემ ფეისბუქზე საკმაოდ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, ამ მიმოწერაში არსად არაა განმარტებული, რატომ არ შეეძლოთ ღონისძიების ორგანიზატორებს კონცერტის პარალელურად ეკრანზე გაეშვათ ვიდეომიმართვები.
ასევე, ბათუმის მერის მოადგილეს არ განუმარტავს მიზეზი, თუ რატომ ცდილობდა ღონისძიების შინაარსში ჩარევას.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა The Washington Post-თან გაიხსენა ომის პირველი დღეები და ის შეთავაზებაც, რომელიც რუსეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელისგან, სერგეი შოიგუსგან მიიღო.
როგორც გამოცემა წერს, 22 თებერვალს რეზნიკოვი ელაპარაკებოდა ბელარუს კოლეგას, ვიქტორ ხრენინს, რომელიც ოფიცრის სიტყვას იძლეოდა და ჰპირდებოდა, რომ რუსეთის ჯარები უკრაინაში ბელარუსიდან არ შეიჭრებოდნენ.
„და მან იცრუა,“ – ამბობს რეზნიკოვი.
სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი დღის შემდეგ რეზნიკოვმა და ხრენინმა კიდევ ერთხელ ილაპარაკეს ტელეფონით.
ბელარუსის მინისტრმა უთხრა, რომ თავისი რუსი კოლეგის სერგეი შოიგუს გზავნილი ჰქონდა გადასაცემი: თუ უკრაინა კაპიტულაციის აქტს მოაწერდა ხელს, სამხედრო აგრესია შეწყდებოდა.
„მზად ვარ, მივიღო რუსული მხარის კაპიტულაცია,“ – უპასუხა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
ოლექსი რეზნიკოვმა ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის იმ ლიდერებს შორის იყო, ვისაც სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მოახლოების არ სჯეროდა.
როგორც The Washington Post-ი წერს, მსგავსი „შეთავაზებით“ დაურეკეს ომის პირველივე დღეს ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსს, ანდრეი ერმაკს. მასთან გზავნილი პუტინის უახლოესმა პირმა, დიმიტრი კოზაკმა მიიტანა.
კოზაკმა, რომელიც უკრაინაში დაიბადა და უკვე ორი ათწლეულია კრემლში მაღალ თანამდებობებს იკავებს, ერმაკს უთხრა, რომ დრო იყო, უკრაინა დანებებულიყო, რაზეც ერმაკმა შეიგინა და ტელეფონი გათიშა.
გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ გასულ კვირაში გამოაქვეყნა ვრცელი ექსკლუზიური მასალა, რომელშიც მოთხრობილია, რა გეგმები ჰქონდა პუტინს, როგორ აპირებდა ის სამ დღეში კიევის აღებას და პრეზიდენტ ზელენსკის მოკვლას, ასევე, რა მოვლენები უძღოდა წინ უკრაინაში ომის დაწყებას და როგორ ვერ შეძლო შეერთებულმა შტატებმა, დაერწმუნებინა უკრაინის ხელისუფლება და ევროპელი პარტნიორები, რომ ომის საფრთხე რეალური იყო.
24 აგვისტოს ექვსი თვე შესრულდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 24 თებერვალს კიევზე შეტევა სწორედ ბელარუსის ტერიტორიიდან დაიწყო.
დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ბათუმში უკრაინის მხარდამჭერი ღონისძიებაა დაგეგმილი. ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათ ბათუმის მერია ჯერ დაჰპირდა, შემდეგ კი უარი უთხრა სცენის დათმობაზე.
ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნიკა ქაშიბაძის თქმით, ბათუმის მერის მოადგილე, სოფო ხალვაში, აქციის ორგანიზატორებს სთხოვდა, ღონისძიებაზე არ ეჩვენებინათ ქართველი და უკრაინელი სამხედროების ვიდეოები, რომლებშიც ისინი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავდნენ უკრაინას.
ორგანიზატორების თქმით, ისინი მერის მოადგილის ამ პირობას არ დასთანხმდნენ და საკუთარი ძალებით სცადეს ღონისძიების გასამართად საჭირო აპარატურისა და ეკრანის მოძიება. მცირე სცენა საკუთარი ძალებით უკვე ააწყვეს.
სცენის აწყობის შემდეგ, დღეს, 24 აგვისტოს, ანბანის კოშკთან მუნიციპალური ინსპექცია მივიდა და მისი დაშლა სცადა. ორგანიზატორებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
ამ დროის [14:50] მონაცემებით, ბათუმის მერია ღონისძიების ორგანიზატორებს საკუთარ სცენას არ უთმობს, თუმცა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ „უკრაინის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ევროპის მოედნიდან ანბანის კოშკამდე მსვლელობა მოაწყონ“.
რა მოხდა
ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ნიკა ქაშიბაძე „ბათუმელებს“ უყვება ბათუმის მერიასთან გამართული მოლაპარაკების დეტალებს. მისი თქმით, როდესაც 24 აგვისტოს გასამართი ღონისძიების მზადება დაიწყეს, პირველად ბათუმის კულტურის ცენტრს დაუკავშირდნენ.
„კულტურის ცენტრში გვთხოვეს, არ გვეხსენებინა ომი და ღონისძიებიდან ამოგვეღო ომის თემატიკა. გვითხრეს, ომზე არ ვისაუბროთ, იმიტომ, რომ „გაღიზიანდებიან სტუმრები“. როცა ვკითხე, რომელ სტუმრებს გულისხმობდნენ, მითხრეს, რომ „შენ კარგად იცი, რომელ სტუმრებზეცაა საუბარი“. პროვოკაცია არ მოხდეს სცენასთან, ამიტომ ომზე არ ისაუბროთო.
ჩვენთვის ეს პირობა იყო მიუღებელი.
ამიტომ შევეცადეთ მოგვეძებნა ისეთი ადამიანი, ვისთანაც შეიძლებოდა საუბარი. გვირჩიეს, რომ სოფო ხალვაში იყო „საღად მოაზროვნე, პროევროპული ადამიანი და მასთან მივსულიყავით“. მას რომ შევხვდით, რამდენიმე საათში დამირეკა და მითხრა – ყველაფერი წესრიგშია, თქვენ გაქვთ უფლება, რომ გააკეთოთ ისეთი ღონისძიება, როგორსაც აკეთებდით. ერთადერთი თხოვნაა, რომ ცოტა დოზირებულად ვისაუბროთ ომზე და ძალიან დეტალებში არ შევიდეთ.
ამაზე დავთანხმდით. ჩავთვალეთ, რომ ყველაფერი მოგვარებული იყო და შევუდექით მუშაობას. მაგრამ გუშინ, ღონისძიების გამართვამდე ერთი დღით ადრე, სოფო ხალვაშმა წამოგვიყენა პირობა, რომ ამოგვეღო ვიდეოები, რომლებშიც ქართველი და უკრაინელი სამხედროები ულოცავდნენ დამოუკიდებლობის დღეს უკრაინას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სამხედროების ჩვენებაო.
ჩვენ ამაზე ვერ დავთანხმდებოდით. იძულებული გავხდით, ეს ამბავი გაგვესაჯაროებინა და გაეგო საზოგადოებას ბათუმის მერიის პოზიცია,“ – უყვება „ბათუმელებს“ ნიკა ქაშიბაძე.
ნიკა ქაშიბაძე
როგორ აღმოჩნდნენ პოლიტიკური პარტიები ღონისძიების ორგანიზატორებთან
ნიკა ქაშიბაძე ხაზგასმით ამბობს, რომ აქცია არ არის პოლიტიკური და მან ამის შესახებ სოფო ხალვაშსაც უთხრა. მას შემდეგ, რაც მერის მოადგილისგან დაპირება მიიღეს, 24 აგვისტოს ღონისძიების ორგანიზატორებს ენმ-ის წევრი ლევან ანთაძე და „ლელოს“ წევრი გენო თებიძე დაეხმარნენ.
ლევან ანთაძის თქმით, მან პირადი კავშირები გამოიყენა ბათუმის საკრებულოში, დაუკავშირდა საკრებულოს თავმჯდომარეს, რამაზ ჯინჭარაძესა და მის მოადგილეს, თენგიზ აფხაზავას. საკრებულოში მიუტანეს ვიდეომიმართვები, რომელთა გაშვებაც იყო დაგეგმილი.
„რამაზ ჯინჭარაძე და თენგო აფხაზავა რომ გაეცნენ ამ მიმართვებს, გვითხრეს: არაფერი აქ ისეთი არაა, შევალთ მერთან და აუცილებლად დადებითად გადაწყდება ეს საკითხიო. ეს გუშინ, 23 აგვისტოს, ხდებოდა.
დაახლოებით 4 საათზე მოვიდა პასუხი, რომ მერი კატეგორიულად წინააღმდეგია. არ ჩატარდება ეს ღონისძიებაო. გენო თებიძეს დაურეკა რამაზ ჯინჭარაძემ. ამ გადაწყვეტილებით, საბოლოოდ ნიღაბი ჩამოიხსნეს. ამიტომ დავიწყეთ ჩვენი ძალებით სცენის აწყობა. მეგობრებს ვთხოვეთ, ზოგმა უფასოდ გადმოგვცა აპარატურა, პოდიუმიც ავაწყვეთ. აპარატურაც ვნახეთ, ეკრანსაც ველოდებით, გზაშია,“ – უყვება ლევან ანთაძე „ბათუმელებს“.
მარცხნივ სცენა, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორებმა საკუთარი ძალებით ააწყვეს; მარჯვნივ ბათუმის მერიის სცენა, რომლის გამოყენებაზეც მერიამ ნებართვა არ მისცა
რას ამბობს ბათუმის მერი
ბათუმის მერიიდან ოფიციალური კომენტარი ამ საკითხზე მხოლოდ მერმა, არჩილ ჩიქოვანმა გააკეთა. ჩიქოვანმა ყველაფერში „ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა და თავის გამოსვლაში არ გასცა პასუხი იმ ბრალდებებს, რის შესახებაც აქციის ორგანიზატორებმა ისაუბრეს.
სპეციალურად ამ თემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე არჩილ ჩიქოვანმა თქვა:
„დღეს 24 აგვისტოა და მსურს უკრაინელ ხალხს მივულოცო ეროვნული დღესასწაული, დამოუკიდებლობის დღე და ბუნებრივია ვუსურვო მათ მშვიდობა და წარმატება. ამავდროულად გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სწორედ დღევანდელ დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა სატელიტმა ტელევიზიებმა შეეცადნენ მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი დღის საფარქვეშ კონკრეტული ღონისძიებების თითქოსდა მოფიქრებით კონკრეტული პროვოკაციების მოწყობას, რაც ამ ქალაქისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის არის სამწუხარო ფაქტი. საქმე ეხება და უნდა განვუმარტო საზოგადოებას, ვინაიდან ვალდებულად ჩავთვალეთ გაგვეკეთებინა განცხადება გუშინდელ ისტერიასთან დაკავშირებით, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ და მისმა რადიკალურმა ტელევიზიებმა მოაწყო. ეს არის ფაქტი, სცენასთან დაკავშირებით თითქოსდა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის საფარქვეშ მოწყობილი პროვოკაცია.
ჩვენს ინფორმაციას ადასტურებს ის კონკრეტული ისტერია, რაც წინასწარ იყო დაგეგმილი. რასთან დაკავშირებითაც, ბუნებრივია, კომუნიკაცია ჰქონდათ ბათუმის მერის სამსახურებთან.
მას შემდეგ, რაც ბათუმის მერის მოადგილისგან შესაბამისი სამსახურებისგან სცენის ტექნიკურ გაუმართაობასთან მიმართებაში მიიღეს ინფორმაცია… ისედაც დაგეგმილი იყო პროვოკაცია და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რომელიც უნდა გაჟღერებულიყო ამ კონკრეტულ ღონისძიებაზე, ეს ინფორმაცია ჩვენ გვქონდა, წამოწიეს წინა პლანზე.
მინდა ერთ კონკრეტულ ფაქტზე გავამახვილო ყურადღება, ეს არის პერსონალური მონაცემების ნაწილი და ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რაც გუშინ ვიხილეთ ჩვენ ტელევიზიებით. დარწმუნებული ვარ, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი გაითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამის რეაგირებას მოახდენს ამ ფაქტზე. ჩვენ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით ვაცხადებთ, რომ როგორც ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ნაწილში, ასევე ბუნებრივია სხვა იმ კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით ვიქნებით მზად იმ გამოწვევასთან მიმართებაში, რათა ჩვენს ქალაქში იყოს სიმშვიდე და არავის მიეცეს საშუალება აი, ამ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის განხორციელების. მოვუწოდებ ყველა მხარეს, მათ შორის, განსაკუთრებით ოპოზიციის წარმომადგენელს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ჩვენი ქალაქისათვის ისტერიისა და მსგავსი ტიპის ორგანიზებას ნუ შეეცდებიან და ნუ გამოიყენებენ ჩვენი მეგობარი ხალხის ასეთ მნიშვნელოვან თარიღს“.
მერის განცხადებას „ბათუმელები“ სტილის დაცვით აქვეყნებს.
ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განცხადება „ქართული ოცნების“ ოფისში გააკეთა
კითხვაზე, მისცემს თუ არა მერია უფლებას ორგანიზატორებს ჩაატარონ დაგეგმილი ღონისძიება, არჩილ ჩიქოვანმა უპასუხა:
„გუშინ გვიან საღამოთი შემოვიდა დაინტერესებულ პირთა მიერ კონკრეტული განაცხადი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, სადაც მოგვაწოდეს ინფორმაცია მსვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ერას მოედნიდან დაიწყება და გაგრძელდება საოცრებათა მოედანზე, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, ყველა სამსახური ინფორმირებულია. ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ მხარდაჭერას ჩვენი უკრაინელი თანამოქალაქეების მიმართ და ყველა ჩართულ მხარესა და პირს ვეუბნებით და ვაფრთხილებთ, რომ არ გამოიყენონ ეს პოლიტიკური სარჩულისათვის“.
კიდევ ერთ კითხვაზე, რატომ ცდილობდა ღონისძიების შინაარსში ჩარევას ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, არჩილ ჩიქოვანმა უპასუხა:
„კულტურული ღონისძიებების ნაწილში ბათუმის მერის მოადგილე არის უფლებამოსილი, კონკრეტული საორგანიზაციო საკითხები შეითანხმოს, მაგრამ ვინაიდან აღნიშნული ღონისძიება მიმართული იყო კონკრეტული დაინტერესებული პირების მიმართ და პროვოკაციისათვის, აქ უკვე თვალნათელი გახდა ის ორგანიზებული ქმედებები, რომლებიც ბუნებრივია და სამწუხაროა, იმ ტელევიზიებთან ერთად გამოიყენეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა. სინამდვილეში, ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე მოქმედებდა მისი უფლებამოსილების ფარგლებში“.
მიუხედავად არსებული წინააღმდეგობისა, ღონისძიება, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება, ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, საოცრებათა პარკში, მაინც გაიმართება. ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს ამინდთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 28 აგვისტომდე საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.
გარდა ამისა, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, გორი-სურამის მონაკვეთზე და მთიანი რეგიონების ზოგიერთ რაიონში, ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც კიდევ უფრო ზრდის ტყის ხანძრის გაჩენის რისკს.
ტყის ხანძრის პრევენციის და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს, ასევე, არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.
გაითვალისწინეთ, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს და ნუ შეუწყობთ ხელს ტყის ხანძრის გაჩენას.
დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს,“ – აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
რუსეთის არმიამ განზრახ შეანელა უკრაინაში სპეცოპერაციის ტემპი, რათა თავიდან აიცილოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი – ირწმუნება რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ.
მის კომენტარს რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
„ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში არ იყოს მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ეს ანელებს შეტევის ტემპს, მაგრამ ამას შეგნებულად ვაკეთებთ,“ – აცხადებს შოიგუ. მისივე თქმით, „სპეცოპერაცია უკრაინაში“ მიდის გეგმის მიხედვით. რუსეთი, სრულმასშტაბიანი ომის მიუხედავად, ამ დრომდე უკრაინაში მიმდინარე ომს „სპეცოპერაციას“ უწოდებს.
რუსეთის არმია 24 თებერვალს, გამთენიისას დაესხა თავს უკრაინის დამოუკიდებელ რესპუბლიკას.
ექვსი თვეა უკრაინაში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. რუსეთმა მიწასთან გაასწორა ქალაქი მარიუპოლი, სადაც დღემდე უცნობია დაღუპულთა რაოდენობა, ბომბავს მშვიდობიან მოსახლეობას ქალაქებსა და სოფლებში, რუსეთის არმიის სისასტიკეს უკრაინის ქალაქებში – ბუჩასა და ირპენში, საერთაშორისო ორგანიზაციებმა „ხოცვა-ჟლეტა“ უწოდეს, თუმცა რუსეთი ყველა ფაქტს უარყოფს და დღემდე აცხადებს, რომ რუსეთი „მშვიდობას“ ამყარებს უკრაინაში.
____________
ფოტოზე: პუტინი და შაიგუ. ფოტო: EPA-EFE/MIKHAIL METZEL
რუსეთის შეჭრიდან ზუსტად ექვსი თვის თავზე, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. “ბათუმელები” გთავაზობთ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას უკრაინელი ხალხისადმი.
______________________
დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი!
და ამით ყველაფერია ნათქვამი. სულ ოთხი სიტყვა, მაგრამ რამდენი რამ დგას ამ სიტყვების უკან. სრულმასშტაბიანი ომის 182-ე დღეს. რამდენი სიმბოლო და რამხელა აზრი, რამდენი გმირობა და დანაკარგი, სიხარული და ტკივილი. და მთავარი – რამხელა სიმართლეა მათში. ჩვენი სიმართლე. სიმართლე ჩვენს აწმყოზე, რომელზეც შეუძლებელია ვიკამათოთ, რადგან შეუძლებელია მისი არდანახვა და არაღიარება. ჩვენ დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი ვართ. ექვსი თვის შემდეგაც კი, რაც ჩვენს განადგურებას ცდილობენ, ჩვენ დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი ვართ. და ესაა სიმართლე ჩვენს მომავალზეც. დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი.
ნახევარი წლის წინ რუსეთმა ომი გამოგვიცხადა. 24 თებერვალს მთელმა უკრაინამ გაიგონა აფეთქებისა და სროლის ხმა. და 24 აგვისტოს ვერ უნდა მოესმინა სიტყვები „დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ“. 24 თებერვალს გვითხრეს: თქვენ შანსი არ გაქვთ. 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა!
ამ ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ შევცვალეთ ისტორია, შევცვალეთ მსოფლიო და თავადაც შევიცვალეთ. ახლა დანამდვილებით ვიცით, ვინაა ჩვენი ნამდვილი ძმა და მეგობარი და ვინ არაა შემთხვევითი ნაცნობიც კი. ვინ არ დაკარგა სახელი და რეპუტაცია და ვინ ღელავდა იმაზე, ტერორისტებს სახე არ დაეკარგათ. ვის არ ვჭირდებით სინამდვილეში და სად გაგვიღეს კარი. ჩვენ მივხვდით, ვინ ვინ არის. მთელმა მსოფლიომ შეიტყო, ვინ არიან უკრაინელები და რა არის უკრაინა. უკვე ვეღარავინ იტყვის: ეს სადღაც იქაა, რუსეთთან.
ჩვენ საკუთარი თავის პატივისცემა ვისწავლეთ. გავიაზრეთ, რომ ნებისმიერი დახმარებისა და მხარდაჭერის მიუხედავად, ჩვენ გარდა არავინ იბრძოლებს ჩვენი დამოუკიდებლობისთვის.
და ჩვენ გავერთიანდით.
ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა „ჰაიმარსები“, მაგრამ გვყავდა ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ, შიშველი ხელებით შეეჩერებინათ ტანკები. სხვები არ იყვნენ მზად, ჩვენი ცა დაეხურათ, მაგრამ ჩვენ გვყავდა ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ, საკუთარი სხეულებით გადაჰფარებოდნენ მშობლიურ მიწას.
უკრაინელმა ხალხმა და მისმა სიმამაცემ მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა. ჩვენ კაცობრიობას მივეცით ახალი იმედი, რომ სამართლიანობას ბოლომდე არ დაუტოვებია ეს ცინიკური სამყარო და მასში ჯერ კიდევ იმარჯვებს არა ძალა, არამედ სიმართლე. არა ფული, არამედ ღირებულებები. არა ნავთობი, არამედ ხალხი.
ჯერ კიდევ გუშინ მსოფლიო არ იყო ერთიანი. COVID 19-მა ნათლად დაგვანახა: ყველა საკუთარი თავისთვის. ექვსი თვის შემდეგ უკრაინამ ეს შეცვალა. მსოფლიო ისტორიის ყველა სახელმძღვანელოში გაჩნდება თავი – „დრო, როდესაც უკრაინამ მსოფლიო გააერთიანა“. როდესაც დემოკრატიას კვლავ ამოუვიდა კბილები. როდესაც ტირანიას იმ ენაზე პასუხობენ, რომელიც ესმის.
ვიღაც ამბობდა: ევროპა აღარაა მოთამაშე. სუსტი, დაყოფილი, პასიური, მიძინებული. უკრაინამ მთელი კონტინენტი გამოაცოცხლა. ევროპა მოედანზე გამოდის. ევროპა იღებს მკაცრ სანქციებს. ევროპა ერთხმად აღიარებს: უკრაინა – ევროკავშირის მომავალი წევრია.
მსხვილი ბიზნესი მიხვდა, რომ ფულს მაინც აქვს სუნი. ყარს სისხლით, ფერფლითა და სიკვდილით. კორპორაციები და ბრენდები გადიან რუსული ბაზრიდან და ადამიანები გახდნენ პოტენციურ ზარალზე მნიშვნელოვანი.
მანამდე, მსოფლიოში, საზოგადოებრივ აზრს არასდროს ჰქონია ამხელა გავლენა პოლიტიკოსებზე. დღეს ადამიანები კარნახობენ ხელისუფლებებს ტენდენციებსა და ქცევის წესებს. იყო გულგრილი, უმოქმედო, ნელი – სირცხვილია. იყო მერყევი და ზედმეტად ფრთხილი – სირცხვილია. ილაპარაკო ზლაზვნით, გაურკვევლად და ზედმეტად დიპლომატიურად – სირცხვილია. არ დაუჭირო მხარი უკრაინას – სირცხვილია. და სირცხვილია იმის თქმაც, რომ უკრაინამ დაგღალა. ეს ძალიან მოხერხებული პოზიციაა: დაღლა – ეს საფარველია, რომლის ქვეშაც თვალებს დახუჭავ. და დღეს ჩვენ მსოფლიოს ლიდერებისგანაც და ჩვეულებრივი მოქალაქეებისგანაც გვესმის: ჩვენ თქვენთან ვიქნებით ბოლომდე, გამარჯვებამდე.
ძვირფასო ხალხო!
ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებს, ამ დღეს მთავარ დღესასწაულად ვიხსენიებდით, ლურჯ-ყვითელ დროშას კი – წმინდათა წმინდად. ჰიმნის შესრულებისას გულზე ხელს ვიდებდით და ამაყად ვამბობდით – „დიდება უკრაინას!“ „დიდება გმირებს!“
24 თებერვალს ჩვენ მოგვიწია, სიტყვა საქმით დაგვემტკიცებინა.
ამ დღეს, ფაქტობრივად, შედგა სრულიად უკრაინის მეორე რეფერენდუმი. კვლავაც – მთავარი კითხვა. კვლავაც – გადამწყვეტი არჩევანი. თუმცა ამჯერად დამოუკიდებლობისთვის უნდა გვეთქვა „დიახ“ არა ბიულეტენში, არამედ ჩვენი სულისას და სინდისის წინაშე. უნდა წავსულიყავით არა საარჩევნო უბნებზე, არამედ სამხედრო კომისარიატებში, ტერიტორიული თავდაცვის ძალებში, მოხალისეთა მოძრაობებში, საინფორმაციო ჯარებში ან უბრალოდ მტკიცედ და კეთილსინდისიერად უნდა გვემუშავა ჩვენს ადგილას – მთელი ძალით, საერთო მიზნისთვის.
და ჩვენ ყველანი შევიცვალეთ. ვიღაც ხელმეორედ დაიბადა. როგორც ადამიანი, პიროვნება, მოქალაქე, პატრიოტი, უბრალოდ, როგორც უკრაინელი. და ეს, რა თქმა უნდა, კარგი ახალი ამბავია. ვიღაც გაქრა. არ დაღუპულა, არ მომკვდარა, მაგრამ გაქრა. როგორც ადამიანი, პიროვნება, მოქალაქე, როგორც უკრაინელი. და სინამდვილეში, არც ესაა ცუდი ახალი ამბავი. ჩვენ ერთმანეთს ხელს აღარ შევუშლით.
ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი. ვიღაცისთვის ეს – მარიუპოლია. ვიღაცისთვის – მონაკო. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომელი უფრო მრავალრიცხოვანია. და ჩვენ, როგორც იქნა, მართლაც გავერთიანდებით. ახალი ერი, რომელიც 24 თებერვლის დილის 4 საათზე მოევლინა ამ სამყაროს. კი არ გაჩნდა, ხელმეორედ დაიბადა. ერი, რომელსაც არ უტირია, არ უყვირია, არ შეშინებია. არ გაქცეულა. არ დანებებულა. და არ დაუვიწყებია.
ეს დროშა იქნება ყველგან, სადაც სამართლიანად უნდა იყოს. დონბასშიც. ყირიმშიც. მტერი ფიქრობდა, რომ ყვავილებითა და შამპანურით შევხვდებოდით. სანაცვლოდ, სამგლოვიარო გვირგვინები და მოლოტოვის კოქტეილები მიიღეს. ტაშის ხმას ელოდნენ და დარტყმის ხმა გაიგონეს.
ოკუპანტს სჯეროდა, რომ რამდენიმე დღეში ჩვენი დედაქალაქის ცენტრში აღლუმს გამართავდა. ამ „აღლუმს“დღეს კრეშჩატიკზე ნახავთ. მტკიცებულებას, რომ მტრის ტექნიკა კიევის ცენტრში მხოლოდ ასე შეიძლება გამოჩნდეს. დამწვარი, დამტვრეული, განადგურებული.
ჩვენთვის სულერთია, როგორი არმია გყავთ, ჩვენთვის მთავარია, როგორი მიწა გვაქვს ჩვენ. ჩვენ მისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.
ექვსი თვეა ვდგავართ. გვიჭირს, მაგრამ მუშტები შევკარით და ჩვენს ბედს ვჭედავთ. ყოველი ახალი დღე – ახალი მიზეზია, არ დავნებდეთ. რადგან უკვე ამდენი გამოვიარეთ და ახლა არ გვაქვს უფლება, არ მივიდეთ ბოლომდე. რა არის ჩვენთვის ომის ბოლო? ადრე ვამბობდით: მშვიდობა. ახლა ვამბობთ: გამარჯვება.
ჩვენ არ დავიწყებთ საერთო ენის ძებნას ტერორისტებთან, თუმცა კი გვესმის რუსული ენა, რომლის დასაცავადაც მოხვედით აქ და დახოცეთ ათასობით ადამიანი, რომელთა გასათავისუფლებლადაც მოდიოდით.
ჩვენთვის ბევრად გასაგები და ახლობელია ჯონსონი, რომელიც ინგლისურად ლაპარაკობს, ვიდრე მკვლელები, მოძალადეები და მაროდიორები, რომლებიც ამ ყველაფერს რუსულად აკეთებენ. და ჩვენ არ დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, შიშით, შუბლზე მიბჯენილი იარაღით. ჩვენთვის ყველაზე საშიში რკინა არა რაკეტები, არა თვითმფრინავები, არა ტანკები – არამედ ბორკილებია.
და ჩვენ ხელებს მაღლა მხოლოდ მაშინ ავწევთ, როდესაც ჩვენს გამარჯვებას ვიზეიმებთ. მთელ უკრაინაში. რადგან ჩვენ არ ვვაჭრობთ ჩვენი მიწით და ჩვენი ადამიანებით. ჩვენთვის უკრაინა – მთელი უკრაინაა. ოცდახუთივე რეგიონი, ყოველგვარი დათმობისა და კომპრომისის გარეშე. ჩვენ ეს სიტყვები არ ვიცით, ეს სიტყვები 24 თებერვალს რაკეტებმა გაანადგურა.
დონბასი – უკრაინაა. და ჩვენ მას დავიბრუნებთ, როგორიც უნდა იყოს ეს გზა. ყირიმი – უკრაინაა. და ჩვენ მას დავიბრუნებთ, როგორიც უნდა იყოს ეს გზა. არ გინდათ, რომ თქვენი ჯარისკაცები იხოცებოდნენ? გაათავისუფლეთ ჩვენი მიწები. არ გინდათ, რომ მათი დედები ტიროდნენ? გაათავისუფლეთ ჩვენი მიწები. ასეთი მარტივი და გასაგებია ჩვენი პირობები.
დამოუკიდებელი უკრაინის თავისუფალი ხალხი!
ჩვენ ამ დღეს სხვადასხვა ადგილას ვხვდებით. ვიღაც – სანგრებსა და თხრილებში, ტანკებსა და ჯავშანმანქანებში, ზღვაზე და ჰაერში, ფრონტის ხაზზე იბრძვის დამოუკიდებლობისთვის. ვიღაც – გზაში, ავტომობილებში, სატვირთოებსა და მატარებლებში იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, ფრონტის ხაზზე მყოფთათვის აუცილებელი მიაქვს. ვიღაც კი – სმარტფონშია ან კომპიუტერთან ზის და იბრძვის დამოუკიდებლობისთვის – აგროვებს ფულს, რომ გზაში მყოფთ ჰქონდეთ ის, რასაც ფრონტის ხაზზე მყოფთ წაუღებენ.
ჩვენ ამ დღეს ვხვდებით სხვადასხვა ვითარებაში, პირობებში და სხვადასხვა დროის სარტყელში, მაგრამ ერთი მიზნით – შევინარჩუნოთ უკრაინის დამოუკიდებლობა და გამარჯვება!
ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე, ,,აჭარაბეთ არენაზე“ მდებარე კომერციული დანიშნულების ფართების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით აუქციონი მიმდინარეობს.
300კვ/მ-დან 900 კვ/მ-მდე კომერციული ფართების, საპარკინგე სივრცეებისა და ლედ მონიტორის იჯარით გაცემა ამჯერად 40% ფასდაკლებით მოხდება. საპარკინგე სივრცე 19 375 კვ/მ მოიცავს და სტადიონის ირგვლივ 800-მდე ავტომანქანის განთავსების შესაძლებლობას იძლევა.
საპარკინგე სივრცე 19 375 კვ/მ მოიცავს და სტადიონის ირგვლივ 800-მდე ავტომანქანის განთავსების შესაძლებლობას იძლევა.
ლედმონიტორი აჭარაბეთ არენის გარე პერიმეტრზე სინემა პარკის მოსაწყობადაა განკუთვნილი.
გასული აუქციონების შედეგად სტადიონის პანორამული რესტორანი და რამდენიმე კომერციული ფართი უკვე გაიცა იჯარით.
ელექტრონული აუქციონები 6 სხვადასხვა კომერციულ ფართზეა გამოცხადებული. ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე: Eauction.ge. აუქციონებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
ოდესის VIII საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი წელს ბათუმში გაიმართება უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.
ფესტივალი ბათუმში 5 ოქტომბერს დაიწყება და 8 ოქტომბრამდე გასტანს.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი გავლენა მსოფლიოზე.
ბათუმი ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს, როგორც ოდესის პარტნიორი ქალაქი. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინელი, ქართველი, შვეიცარიელი, რუმინელი, პოლონელი, თურქი და სხვა უცხოელი მწერლები და ფესტივალის მონაწილეები.
ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ქართულ-უკრაინული პოეზიის ღონისძიებებს, საბავშვო ლიტერატურულ პროგრამას, ახალი წიგნების პრეზენტაციებს, დისკუსიებს და მთარგმნელობით სემინარებს.
ასევე, ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ღონისძიება ბათუმში მყოფი იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვებისთვის.
ფესტივალის პროგრამა განხორციელდება ჰიბრიდული ფორმატით; ზოგიერთი უკრაინელი მწერალი მხოლოდ ონლაინღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ყველა ღონისძიება, რომელიც ბათუმში გაიმართება, ხელმისაწვდომი იქნება YouTube და Facebook გვერდებზე.
„ამ ფესტივალით კიდევ ერთი, მეგობრობისა და სოლიდარობის ლიტერატურული ხიდი გაიდება შავი ზღვის ორ მხარეს შორის. ამავდროულად, სიმბოლურიცაა, რომ სწორედ ქალაქ ბათუმში, სანაპიროზე, ტარას შევჩენკოსა და ლესია უკრაინკას ძეგლებია,“ – აღნიშნულია ღონისძიების პრესრელიზში.
ფესტივალის ორგანიზატორები არიან: Peter Weiss Foundation for Art and Politics-ი (გერმანია), ქართული ლიტერატურული ინიციატივა და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“.
ფესტივალი ხორციელდება Konrad Adenauer Foundation-ის (გერმანია), Jan Michalski Foundation-ის (შვეიცარია), international literature festival berlin (ilb)-ის, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ბათუმის მერიის, Prohelvetia-ს (შვეიცარია) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.
ფესტივალი წელსაც განაგრძობს თანამშრომლობას Odesa Academic Ukrainian Music and Drama Theater named after V. Vasylko-სთან.
ფესტივალის ორგანიზატორები აგრძელებენ მოლაპარაკებებს სხვა დაინტერესებულ პარტნიორებთან და მხარდამჭერებთან.
ფესტივალის სრული პროგრამა გამოქვეყნდება უახლოეს მომავალში ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე.
ყველა ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.
ფესტივალის მედიამხარდამჭერები არიან: „ბათუმელები“, „ნეტგაზეთი“ და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
23 აგვისტოს რუსეთმა შესაძლოა დადგა საარტილერიო თავდასხმა თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელმძღვანელის, დენის პუშილინის ადმინისტრაციის შენობაზე. შეიძლება რუსეთმა ეს გამოიყენოს უკრაინის სამთავრობო შენობებზე თავდასხმის მიზეზად 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს – ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის, ISW-ის ანგარიშში.
„რუსულმა მედიამ შეტევა წარმოაჩინა, როგორც უკრაინის პირდაპირი დარტყმა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სამთავრობო შენობაზე, პოტენციურად იმ მიზნით, რომ შეიქმნას საინფორმაციო პირობები უკრაინის სამთავრობო შენობებზე დამოუკიდებლობის დღეს შესაბამისი დარტყმისთვის“, – ამბობენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.
ISW-ის მონაცემებით, შენობაზე თავდასხმის დროს დენის პუშილინი შენობაში არ იმყოფებოდა.
დონეცკში, ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ადმინისტრაციის შენობას გუშინ, 23 აგვისტოს, ესროლეს ჭურვები. რუსული მედიის ცნობით, შენობას 4-6 ჭურვი მოხვდა.
___________
ფოტოზე: ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორია აფეთქების შემდეგ
ლატვიის დედაქალაქში, რიგაში, პოლიციამ დააკავა საბჭოთა „განმათავისუფლებელი ჯარისკაცების“ ძეგლის დანგრევის მოწინააღმდეგეები.
აქცია რიგაში, გამარჯვების პარკში, წუხელ, 23 აგვისტოს გაიმართა. BBC-ის ცნობით, 50-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა ყვავილებითა და სანთლებით, რომლებიც ძეგლის დემონტაჟს აპროტესტებდნენ. აქცია არასანქცირებული იყო, პოლიციამ აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა მათ უარი განაცხადეს და პოლიციამ დაახლოებით ათი ადამიანი დააკავა.
ძეგლის დემონტაჟი რიგაში გუშინ დაიწყო. რიგის მერმა განაცხადა, რომ ძეგლი დემონტაჟის შემდეგ განადგურდება.
ლატვიის ხელისუფლებამ მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც ტოტალიტარული რეჟიმების განმადიდებელი ნებისმიერი ძეგლის დემონტაჟი 15 ნოემბრამდე უნდა მოხდეს ქვეყნის ტერიტორიაზე.
11 აგვისტოს ლატვიის სეიმმა რუსეთის ძალადობა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ტერორიზმად აღიარა, ხოლო რუსეთი – ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ. ჯერ კიდევ ივნისში ლატვიაში ყველა რუსული არხის – მათ შორის, გასართობის – მაუწყებლობა აკრძალეს.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ, რუსეთის არმია დაუძლურებულია, სამხედროების საბრძოლო განწყობა – დაბალი, რუსეთის დიპლომატიური ძალაუფლება – შესუსტებული, ხოლო მისი გრძელვადიანი ეკონომიკის პერსპექტივები – არასახარბიელო.
„დონბასის შეტევებში რუსეთის არმია მინიმალურ პროგრესს აღწევს და უკრაინელთა ძლიერ კონტრშეტევას ელოდება. ოპერაციულად, რუსეთი საბრძოლო მასალების, ტრანსპორტისა და პირადი შემადგენლობის ნაკლებობას განიცდის,“ – წერს უწყება 24 აგვისტოს რელიზში და მიუთითებს, რომ დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა 31-ედ აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს.
„2014 წლიდან პრეზიდენტი პუტინი ცდილობდა, ძალისა და იძულებითი დიპლომატიის გამოყენებით გაეზარდა და გაემყარებინა რუსეთის გავლენა უკრაინაში და მის სუვერენულ საქმეებში ჩარეულიყო. ექვსი თვის წინ კი უკრაინის ხელისუფლების დამხობისა და ქვეყნის დიდი ნაწილის დაპყრობის მიზნით რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
აპრილისთვის კრემლი მიხვდა, რომ გეგმა ჩაეშალა, უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უფრო მოკრძალებული ამოცანების შესრულებაზე გადაერთო,“ – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის შესახებ სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. გუშინდელი რელიზის ყურადღების ცენტრში ხერსონის ოლქი და ანტონოვსკის ხიდი იყო. უწყება წერდა, რომ რუსები დაზიანებული ანტონოვსკის ხიდის სიახლოვეს მცურავი ხიდის მოწყობას აპირებენ. შაბათ-კვირის განმავლობაში მათ მდინარე დნეპრზე ბარჟების პოზიციებზე გადაადგილება დაიწყეს.
___
ამავე თემაზე:
აქ წაიკითხეთ ბრიტანელი ჟურნალისტის ანალიზი პუტინის გეგმებსა და მისწრაფებებზე უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 45 700 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +150]
ტანკი – 1 924 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 4 243 ერთეული [+5]
საარტილერიო სისტემა – 1036 ერთეული [+3]
MLRS – 266 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 147 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 234 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 199 ერთეული [+1]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 819 ერთეული [+2]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 196 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 3 160 ერთეული [+10]
სპეცტექნიკა – 99 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
268 თვითმფრინავი
148 ვერტმფრენი
1 803 უპილოტო საფრენი აპარატი
369 საზენიტო სარაკეტო სისტემა
4 382 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
819 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
3 339 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
5 034 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად და ზოგადადაც, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ბრიტანეთის დაზვერვა: „დონბასის შეტევებში რუსეთის არმია მინიმალურ პროგრესს აღწევს და უკრაინელთა ძლიერ კონტრშეტევას ელოდება. ოპერაციულად, რუსეთი საბრძოლო მასალების, ტრანსპორტისა და პირადი შემადგენლობის ნაკლებობას განიცდის“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მუშაობა შეაფასა.
შეკითხვა ვალერი ზალუჟნის შესახებ პრეზიდენტს ყირიმის პლატფორმის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს. კერძოდ, მას ზალუჟნის მუშაობის შეფასება სთხოვეს იმ ხმების გამო, რომლებიც მანამდე გავრცელდა, რომ თითქოს გენერალი პრეზიდენტს სხვა თანამდებობაზე გადაჰყვას.
„არსად არ ვაპირებ მთავარსარდალ ზალუჟნის გადაყვანას. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. მნიშვნელოვანია, რომ მეთაურები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ. თქვენ ყველას გვარი იცით. ეს არის ზალუჟნი, კოვალჩუკი, სირსკი… არ მინდა ყველას ჩამოთვლა. ვფიქრობ, რომ ჩვენი ხალხი კარგად იცნობს ჩვენს გმირებს. რაც ყველაზე მთავარია – ჩვენ ვდგავართ, ესე იგი შეფასებაც მაღალია,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
უმაღლესი შეფასება კი მისი თქმით მაშინ იქნება, როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს.
ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად პრეზიდენტმა 2021 წლის 27 ივლისს დანიშნა. ზალუჟნიმ ამ თანამდებობაზე რუსლან ხომჩაკი შეცვალა.
2022 წლის 4 მარტს პრეზიდენტმა ზალუჟნის გენერლის წოდება მიანიჭა.
„უკრაინასთან ფართომასშტაბიანი ომის მესამე თვეს რუსეთის არმიამ დეგრადაცია დაიწყო და ქვეყნის ეკონომიკა ვეღარ უზრუნველყოფს არმიის საჭიროებებს. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში კი საპირისპირო პროცესი დაიწყო“ – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვის პოლკოვნიკმა, სამხედრო ექსპერტმა ოლეგ ჟდანოვმა ისაუბრა ტელემარათონის ეთერში – FREEDOM.
მის კომენტარს უკრაინული გამოცემა „უნიანი“ აქვეყნებს.
„მოკლევადიანი ომის იმედი ჰქონდათ, საქართველოს სცენარით, მაგრამ ხანგრძლივ ომში აღმოჩნდნენ, მათი ძალები კი მხოლოდ სამთვიანი ომისთვის იყო საკმარისი. მაისში უკვე იგრძნობოდა, რომ შეტევების ტემპი ოკუპანტებმა შეანელეს. თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ახლა რუსეთის არმია უკრაინაში ერთსა და იმავე ადგილს ტკეპნის.
ერთი თვეა, რაც ფრონტის ხაზი თითქმის საერთოდ არ შეცვლილა. ყველაზე დიდი მიღწევა 35 დღე-ღამის განმავლობაში 10 კილომეტრზე გადაადგილებაა ბახმუტისკენ. განსაკუთრებით არმიის ქვეითთა ნაწილი განიცდის დეგრადირებას. რუსეთის არმიას ქვეითთა მომზადების დიდი პრობლემა აქვს.
რუსული სამხედრო ტექნიკა, რაც ახლა შემოდის უკრაინაში, დიდი ხნის საცავებიდანაა გამოყვანილი.
უნდა ვთქვათ სამხედრო მართვის სისტემაზეც: დიდი დანაკარგები აქვთ. უმცროსი მეთაურების, ოცმეთაურებისა და ასმეთაურების რგოლი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ამ შემადგენლობიდან თითქმის აღარავინ დარჩა.
ოცეულებისა და ასეულების მეთაურებად დანიშნეს მებრძოლებისგან ყველაზე გამოცდილები და საზრიანები,“ – ამბობს ექსპერტი.
ჟდანოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის არმიას ამ რესურსით არ შესწევს მეორე ფრონტის გახსნის ძალა, მიუხედავად იმისა, რომ რუსებს 15-ათასკაციანი სარეზერვო კორპუსი აქვთ შექმნილი, რომელიც ნიჟნი ნოვგოროდშია დაბანაკებული.
ომის ექსპერტის აზრით, ამდენი მეომრის გადასაყვანად და საჭირო ტექნიკის გადასატანად 30 სამხედრო მატარებელია საჭირო, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის ტრანსპორტირებისთვის ოკუპანტებს ერთი თვე დასჭირდებათ.
„დავუშვათ, რომ გადმოიყვანეს მეომრები და ჩამოიტანეს ტექნიკა – ეს ძალა რომელიმე ერთი მიმართულებით რაღაცას შეცვლის, დიახ, მაგრამ მეორე ფრონტს ეს ძალა ვერ გახსნის,“ – მიიჩნევს ჟდანოვი.
როდესაც მარიუპოლის მოვლენები დაიწყო და მისი მეგობრები „აზოვსტალში“ გამაგრდნენ, რუსლანი იქ არ იმყოფებოდა – ის უკვე ალყაშემორტყმულ მარიუპოლში ჩავიდა.
ევაკუაციის წინა დღეს დაიჭრა, სხვა მებრძოლებთან ერთად ჩაბარდა და თვე-ნახევარი ტყვეობაში გაატარა.
ახლა რეაბილიტაციას გადის, ძალებს იკრებს და პროთეზისთვის ემზადება – ფეხი დაკარგა, მაგრამ მისი მოსმენისას ნამდვილად ვერავის გაუჩნდება აზრი, რომ ის გადაწყვეტილებას წამით მაინც ნანობს.
„მე გმირი არ ვარ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მარიუპოლში ჩასვლა ჩემი ღირსების საქმე იყო,“ – ამბობს ის.
________
უკვე აპრილი იდგა. მარიუპოლი ალყაში იყო, ქალაქის ერთადერთ ციხესიმაგრედ კი „აზოვსტალი“ რჩებოდა, იქ გამაგრებული დამცველებითა და ქარხნის ბუნკერებს თავშეფარებული მოქალაქეებით.
ქარხანას გამუდმებით ბომბავდნენ. იმ დროს მარიუპოლში შესვლა და გამოსვლაც თითქმის შეუძლებელი იყო, თუმცა „აზოვსტალისკენ“ უკვე მეხუთედ მიფრინავდა უკრაინელების ვერტმფრენი, რომელსაც საბრძოლო მასალები, მედიკამენტები და საკვები უნდა ჩაეტანა და იქიდან დაჭრილები წამოეყვანა.
რუსლანი ამ მეხუთე რეისს გაჰყვა.
„მიზნად დავისახე, ნებისმიერი გზით ჩამეღწია მარიუპოლამდე. ვიცოდი, სადაც მივდიოდი. უკვე ალყაში მივფრინავდი, მივფრინავდი შიმშილში, ყულფში, ნამდვილ ჯოჯოხეთში და ვიცოდი, რომ 100% თუ არა, 70% მაინც არ მქონდა იქიდან ცოცხლად დაბრუნების შანსი, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო.
უდიდეს პატივს ვცემ „რედისს“, დენის პროკოპენკოს, მამაცთა შორის უმამაცეს ადამიანს და არ შემეძლო ვმჯდარიყავი სახლში, მეჭამა ტორტი და მეკითხა ჩემს ფოტოებზე მიწერილი კომენტარები, როდესაც იქ ჩემი თანამებრძოლები იხოცებოდნენ.“
რუსლანი იხსენებს, რომ ვერტმფრენის შესახებ შეატყობინა მეგობარმა, რომელიც იმ დროს მარიუპოლში იმყოფებოდა და ახლა უკვე დაღუპულია. რამდენიმე ადგილას დარეკა, უთხრეს, ზაპოროჟიეში ჩასულიყო და იქ დახვედროდა.
„ვიცოდი, რომ წინა რეისი ჩამოაგდეს რუსებმა, მაგრამ როცა მითხრეს, რომ წამიყვანდნენ, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ძალიან გამიხარდა. კიბორგივით ასხმული ჩავედი, მთელი ჩემი აღჭურვილობა თან მქონდა. სველი ხელსახოცები, სპირტი, ენერგეტიკული საკვები, ყველაფერი მოვიმარაგე, ბიჭებისთვისაც რაღაცები ვიყიდე.“
საცოლეს უთხრა, რომ მარიუპოლში მიდიოდა. „ნებართვა არ მითხოვია“, – იხსენებს რუსლანი. – „ვიცოდი, რომ ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებდა გადაწყვეტილებას“.
მეხუთე რეისი „აზოვსტალისკენ“ 5 აპრილს გაფრინდა. კითხვაზე, ნუთუ არ ღელავდა, პასუხობს, რომ „ვერტმფრენში ეძინა“.
მარიუპოლში ღამით ჩაფრინდნენ.
„ეგრევე ქაოსისა და ომის ატმოსფეროში აღმოვჩნდი. სულ 12 წუთი გვქონდა, რომ რაც ჩავიტანეთ, გადაგვეტვირთა და დაჭრილები ბორტზე აგვეყვანა. გიჟებივით ვყრიდით ყუთებს“.
ქარხანაში შესულმა უამრავი ნაცნობი სახე დაინახა. „ნახევარი მაინც ნაცნობი იყო“.
„ყველას გაუხარდა და მეც მიხაროდა, რადგან ძალიან მინდოდა, ჩემი წვლილი შემეტანა, დავხმარებოდი მათ და თუ საჭირო იქნებოდა, ყველაზე ძვირფასი რაც მაქვს, ჩემი სიცოცხლე, ამასაც დავდებდი, თავსაც დავდებდი „რედისისთვის“, ბიჭებისთვის. არა, თავი გმირი არ მგონია, ხალხი რომ წერს ინტერნეტში, ასე არ ვფიქრობ. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ეს ღირსების საკითხი იყო“.
ინტერვიუ/ფოტო: სქრინი ვიდეოდან
ღამით ბრძოლები არ მიდიოდა. ღამით ავიაცია და არტილერია მუშაობდა. კარგ გამოძინებად ითვლებოდა, 2-3 საათი თუ წაუძინებდნენ. დღე ტანკებისა და ჯავშანმანქანების ხმით იწყებოდა და ქუჩის ბრძოლებით გრძელდებოდა.
„ქუჩის ბრძოლები ეს ისეთი რამაა, სიკვდილი ყოველ ნაბიჯზე გელოდება. იქ არიან ქვეითები, ზემოდან – ავიაცია და არტილერია.
ხომ ყველა ასე ფიქრობს, რომ მას არაფერი დაემართება. ფიქრობ – შეიძლება დავიჭრა, მაგრამ მაინც გადავრჩები. იქაც კი არავინ არასდროს ფიქრობს, რომ მოკვდება, არადა, სიკვდილი მარიუპოლის ყველა კუთხეში იყო ჩასაფრებული. შეიძლებოდა გასულიყავი და ჭურვი მოფრენილიყო“.
რუსლანი იხსენებს „გრაფს“, მებრძოლს, რომელიც, სადარბაზოდან წამიერად გასული, ჭურვმა იმსხვერპლა. ცდილობს, ვის ამბავსაც ჰყვება, ყველას სახელი და გვარი თუ არა, საბრძოლო მეტსახელი მაინც თქვას, რომ მათი სახელები დარჩეს, ყველამ წაიკითხოს და გაიგოს გმირების შესახებ.
„გრაფს“ ნამსხვრევი არტერიაში მოხვდა. იქვე დაადეს ტურნიკეტი. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, სჯეროდათ, რომ გადაარჩინეს, თუმცა მეორე დღეს შეიტყვეს, რომ საოპერაციო მაგიდაზე დაიღუპა.
თვითონ 16 მაისის ღამით დაიჭრა, ევაკუაციის დღე რომ თენდებოდა.
„მანამდე „რიჟა“ მოკვდა. მხოლოდ ერთი დღე ვიცნობდი ამ კაცს, ტყვიამფრქვევზე მუშაობდა, მაგრამ ძალიან კეთილშობილი და საინტერესო ადამიანი იყო. ერთ დღეში დავმეგობრდით. ჭურვი ჩამოვარდა და ნამსხვრევებით დაიჭრა. თავშესაფარში შევათრიეთ, დახმარება დავიწყეთ, დამტვრეული ჰქონდა ხელები და ფეხები, ფიცრები დავუმაგრეთ ორივეზე. ზურგზე უზარმაზარი ჭრილობიდან სისხლი ასხამდა. როგორღაც შევაჩერეთ.
არც კი ვიცი, როგორ ეჭირა თავი, არც ტიროდა, არც ყვიროდა, უბრალოდ ვეფხვივით ღმუოდა. სციოდა და რაც ვიპოვეთ, ყველაფერი დავაფარეთ. საკაცეც, რაც ვიპოვეთ, იმით გავაკეთეთ, მაგრამ გარეთ ვერ გაგვყავდა. დრონი ეკიდა ჰაერში და გვესროდა. დაღამებას დაველოდეთ, რომ მოსულიყვნენ და მის გაყვანაში დაგვხმარებოდნენ.
„აზოვსტალში“ ამ დროს უკვე ყველაფერი დანგრეულია, აღარაფერია ისე, როგორც იყო. აღარც კიბეა. სადღაც უნდა აძვრე და გადაფოფხდე ამ საკაცით, ბუნკერამდე რომ მიაღწიო. ბუნკერში შესვლის წინ პულსი გავუსინჯე. ჯერ ისევ ცოცხალი იყო.“
ქირურგი, რომელიც მაშინ „რიჟას“ დახვდა, სამოქალაქო პირია. ისიც რუსლანთან ერთად ჩაფრინდა მარიუპოლში „აზოვსტალის“ დამცველების დასახმარებლად და ახლა რუსეთის ტყვეობაშია.
„რიჟაც“ საოპერაციო მაგიდაზე დაიღუპა. ოპერაციამდე.
მარიუპოლში შენობიდან დაჭრილი სამხედრო გაჰყავთ/ფოტო: სქრინი ვიდეოდან
რუსლანი პოზიციაზე დაბრუნდა, თუმცა ძალიან მალე უკვე ის შეიყვანეს საკაცით „აზოვსტალის“ ჰოსპიტალში.
იხსენებს, რომ პოზიციამდე ასე კილომეტრ-ნახევარი ჰქონდათ დარჩენილი, როდესაც ჯერ მანათობელი ჭურვების წვიმა წამოვიდა, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს.
„იმ თამაშში რომაა, მარიოში, ისე გავრბოდით და ჩვენ უკან ჭურვები ფეთქდებოდა და უცებ, დანით რომ ძეხვს ჩამოჭრიან, ისე ჩამომაჭრა რაკეტამ ფეხი. წამაცალა და სადღაც გაფრინდა. ვეძებე ჩემი ფეხი, ბათინკი მინდოდა დამეტოვებინა სამახსოვროდ, მაგრამ რაღას ვიპოვიდი“.
რუსლანთან ერთად კიდევ ერთი მისი თანამებრძოლი დაიჭრა. მასაც ფეხი მოკვეთეს. შემდეგ ტყვეობაშიც ერთად აღმოჩნდნენ.
„ვყვიროდი, მესროლეთ, მომკალით-მეთქი, მაგრამ ვიღაც მომვარდა, დღეს არაო, მითხრა და ტურნიკეტი დამადო. ძალიან ბევრი სისხლი დავკარგე. ოთხჯერ გავითიშე. ბოლოს უკვე ისე ვიყავი, სიკვდილი სასიამოვნოც კი ჩანდა, მერე ისევ ჩამოვეკიდე სიცოცხლეს და როგორღაც ავდექი.
„აზოვსტალში“ რომ მივედით, ზუსტად ამ დროს ჩამოვარდა ბომბი შესასვლელთან. არმატურა ზედ მოწყვეტილ ფეხზე დამეცა. ასეთი ტკივილი მგონი ცხოვრებაში არ განმიცდია. შადრევანივით ასხამდა სისხლი. ცოტა ხნის წინ თანამებრძოლი მივიყვანე ასე და რამდენიმე საათში უკვე მე მიმიყვანეს“.
ოპერაცია გამთენიისას, 3 საათზე გაუკეთეს. დილით უკვე ბრძანება მოვიდა და ევაკუაცია დაიწყო.
„არავინ არ დანებებულა. „რედისს“ საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს დანებება, ტყვედ ჩაბარება. მისთვის ეს შეუთავსებელი რამეებია, ჩვენთვისაც. მეც ხომ ვიცოდი, სადაც მივფრინავდი და ვიცოდი, რომ ბოლომდე ვიბრძოლებდი.
სიკვდილი პატივი იქნებოდა ჩემთვის. რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს ეს 21-ე საუკუნეში, ასე მჯერა, რომ იარაღით ხელში სიკვდილი ყველაზე ღირსეული სიკვდილია და ბედნიერი ვიქნებოდი, ასე რომ მოვმკვდარიყავი“.
რუსლანმა ტყვეობაში თვე-ნახევარი გაატარა, თუმცა იმ დღეებზე არ ლაპარაკობს, ეშინია, საფრთხე არ შეუქმნას იქ დარჩენილებს. იხსენებს, რომ გასაცვლელთა სიები მუდმივად იცვლებოდა, ხან ჩასვამდნენ სიაში, ხან ამოიღებდნენ, თუმცა საბოლოოდ გაცვლა შედგა.
ახლა სარეაბილიტაციო ცენტრშია. თერაპიას გადის და პროთეზირებისთვის ემზადება. ფიზიკური ტკივილი გაქრა, მაგრამ ფანტომური ტკივილი დღემდე არ ანებებს თავს.
მადლობელია „აზოვის“, პოლკის პატრონაჟის სამსახურის, ყოფილი და ახლანდელი მეთაურების და სჯერა, რომ სწორედ ასეთ ადამიანებზე დგას მშვიდობა და სჯერა, რომ დღეს, როდესაც „შენს ქვეყანაში ომია, არ შეიძლება გვერდზე დარჩე და რამე არ გააკეთო გამარჯვებისთვის“.
„სანამ ყველა შინ არ დაბრუნდება, ალბათ, მანამდე მშვიდად ვერ დავიძინებ. ეს ახლა ჩემი ყველაზე დიდი სურვილია.
თავისუფლება ასე, უბრალოდ, არ მოდის, თავისუფლებისთვის სისხლის ფასს ვიხდით – ზოგი იხდის სიცოცხლით, ზოგი ჯანმრთელობით, ზოგი საკუთარი კიდურებით და ზოგი – დანგრეული ცხოვრებით“.