ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიას რუსული კომპანია ავარიული კორპუსის გამაგრებას სთავაზობდა – ტენდერი შეწყდა

25.08.2022 • 1235
ბათუმის მერიას რუსული კომპანია ავარიული კორპუსის გამაგრებას სთავაზობდა – ტენდერი შეწყდა

ბათუმში, ჯავახიშვილის 47-ში მდებარე ავარიული კორპუსის გამაგრებას, რუსული კომპანია „ელვას“ ფილიალი ქალაქის მერიას 311 ათას 592 ლარად სთავაზობდა, თუმცა მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზე შეწყვიტა.

კორპუსის გასამაგრებლად ტენდერი 322 ათას 122 ლარით იყო გამოცხადებული. სამმართველოს სატენდერო კომისიამ 2022 წლის 5 აგვისტოს დაადგინა, რომ შპს „ელვას“ ფილიალი ქ. თბილისში [საქართველო]-ს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად არ შეესაბამებოდა ტენდერის მოთხოვნებს და კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება მოსთხოვა.

კომპანიამ დამატებით დოკუმენტაცია 9 აგვისტოს წარადგინა, თუმცა სამმართველოს სატენდერო კომისიამ 12 აგვისტოს ტენდერი შეწყვიტა.

ტენდერის შეწყვეტის ოქმში აღნიშნულია, რომ გამოიკვეთა ახალი გარემოებები, საჭირო იყო საპროექტო დოკუმენტაციაში კორექტირების შეტანა, რაც გაზრდიდა პროექტის ღირებულებას. ამიტომ, ვინაიდან ტენდერი იყო შერჩევა-შეფასების ეტაპზე, პროექტში ცვლილებები ვერ განხორციელდებოდა. ამ საფუძვლით კომისიამ ტენდერი შეწყვიტა.

ტენდერის შეწყვეტის ოქმიდან

შპს„ელვას“ ფილიალი ქ. თბილისში (საქართველო) – რეესტრის მიხედვით, 2019 წელსაა რეგისტრირებული და მისი იურიდიული მისამართი ბორჯომია. დამფუძნებელი კი არის, რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული შპს „ელვა“. ფილიალის დირექტორია თორნიკე წილოსანი.

მერიის სამმართველომ ქ. ბათუმში, ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაციის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩა №47-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრება-რეაბილიტაციაზე ხელახალი ტენდერი უკვე გამოაცხადა.

სატენდერო თანხა, შეწყვეტილ ტენდერთან შედარებით, 7 ათას 445 ლარით არის გაზრდილი და 329 ათას 567 ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 9 სექტემბერს დაიწყება და 14 სექტემბრამდე დასრულდება. პირობის მიხედვით, ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები 2022 წლის 9 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

შეწყვეტილი ტენდერის შესახებ ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ჯავახიშვილის ქუჩაზე ავარიული კორპუსის გასამაგრებლად 322 ათასი ლარი დაიხარჯება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: